არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

● რას გულისხმობდა მოციქული პავლე, როცა თქვა: „ქალები კრებებში ჩუმად იყვნენ“?

კორინთის კრებას პავლემ მისწერა: „როგორც წმინდათა ყველა კრებაშია, ქალები კრებებში ჩუმად იყვნენ, რადგან მათ ლაპარაკის უფლება არა აქვთ“ (1 კორინთელები 14:33, 34). ამ სიტყვების სწორად გაგებაში დაგვეხმარება კონტექსტის განხილვა.

1 კორინთელების მე-14 თავში პავლე ქრისტიანული კრების შეხვედრებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. ის იძლევა რჩევებს იმის შესახებ, თუ რას უნდა განიხილავდნენ და როგორ უნდა იქცეოდნენ ასეთ შეხვედრებზე (1 კორინთელები 14:1—6, 26—34). ის აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ქრისტიანული შეხვედრების მიზანი ‘კრების აღშენებაა’ (1 კორინთელები 14:4, 5, 12, 26).

1 კორინთელების მე-14 თავში პავლე სამჯერ იძლევა მითითებას ‘ჩუმად ყოფნასთან’ დაკავშირებით. თითოეულ შემთხვევაში ის მიმართავდა კრების სხვადასხვა წევრებს. თუმცა სამივე შემთხვევაში ამ მითითებებს ერთი მიზანი ჰქონდა — კერძოდ კი ის, რომ „ყველაფერი წესიერად და ორგანიზებულად“ მომხდარიყო (1 კორინთელები 14:40).

პირველ შემთხვევაში პავლემ თქვა: „თუ ვინმე უცხო ენაზე ლაპარაკობს, ილაპარაკოს ორმა ან დიდი-დიდი სამმა, თანაც რიგ-რიგობით, სხვამ კი თარგმნოს, ხოლო თუ მთარგმნელი არ არის, ჩუმად იყოს კრებაში და საკუთარ თავსა და ღმერთს ელაპარაკოს“ (1 კორინთელები 14:27, 28). ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ასეთ ადამიანს არასდროს არ უნდა ელაპარაკა შეხვედრებზე. ის ჩუმად კონკრეტულ შემთხვევებში უნდა ყოფილიყო. შეხვედრების მიზანი — ერთმანეთის გამხნევება — არ იქნებოდა მიღწეული, თუ ის გაუგებარ ენაზე ილაპარაკებდა.

მეორე შემთხვევაში პავლემ თქვა: „ილაპარაკოს ორმა ან სამმა წინასწარმეტყველმა, სხვები კი მნიშვნელობას ჩასწვდნენ, მაგრამ თუ იქ მჯდომთაგან ვინმეს გამოცხადება აქვს, პირველი გაჩუმდეს“. ეს არ ნიშნავდა, რომ პირველ წინასწარმეტყველს არ უნდა ელაპარაკა შეხვედრებზე. ის ზოგჯერ უნდა გაჩუმებულიყო. კრებისთვის უნდა მიემართა მას, ვისაც ზებუნებრივი გამოცხადება ჰქონდა. ამგვარად, ‘ყველა გამხნევდებოდა’ და მიღწეული იქნებოდა კრების შეხვედრების მიზანი (1 კორინთელები 14:26, 29—31).

მესამე შემთხვევაში პავლე მხოლოდ ქრისტიან ქალებს მიმართავს და ამბობს: „ქალები კრებებში ჩუმად იყვნენ, რადგან მათ ლაპარაკის უფლება არა აქვთ. ამიტომ, იყვნენ მორჩილად“ (1 კორინთელები 14:34). რატომ მისცა პავლემ ეს მითითება დებს? იმიტომ რომ კრებაში წესრიგი შენარჩუნებულიყო. მან თქვა: „თუ რამის სწავლა უნდათ, თავიანთ ქმრებს ჰკითხონ სახლში, რადგან სამარცხვინოა ქალისთვის კრებაში ლაპარაკი“ (1 კორინთელები 14:35).

შესაძლოა, ზოგიერთი და საკამათოს ხდიდა იმას, რასაც კრებაში ამბობდნენ. პავლეს რჩევა დაეხმარებოდა მათ, მორიდებოდნენ ასეთ უწესრიგობის გამომწვევ სულს და თავმდაბლურად ეღიარებინათ თავიანთი მდგომარეობა მეთაურობის პრინციპთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი ქმრებთან მიმართებაში (1 კორინთელები 11:3). გარდა ამისა, გაჩუმებით დები ცხადყოფდნენ, რომ არ ისწრაფოდნენ კრებაში მასწავლებლობისკენ. ტიმოთეს მიმართ მიწერილ წერილში პავლემ დაგვანახვა, რომ ქალისთვის შეუფერებელი იქნებოდა, თუ კრებაში მასწავლებლის როლს შეასრულებდა: „ქალს არ ვაძლევ სწავლების ან კაცზე ბატონობის უფლებას, ჩუმად უნდა იყოს“ (1 ტიმოთე 2:12).

ნიშნავს ეს იმას, რომ ქრისტიანმა ქალმა არასდროს არ უნდა ილაპარაკოს კრების შეხვედრებზე? არა. პირველ საუკუნეში იყო შემთხვევები, როცა ქრისტიანი ქალები, როგორც ჩანს წმინდა სულით აღძრულნი, კრებაში ლოცულობდნენ ან წინასწარმეტყველებდნენ. ასეთი შემთხვევების დროს ისინი თავზე იფარებდნენ, რითაც აღიარებდნენ თავიანთ მდგომარეობას * (1 კორინთელები 11:5). ამასთანავე, როგორც პავლეს დროს იყო, დღეს მცხოვრებ ქრისტიანებსაც — ძმებსაც და დებსაც — ბიბლია მოუწოდებს, სახალხოდ აღიარონ თავიანთი იმედი (ებრაელები 10:23—25). სამქადაგებლო მსახურებაში იმედის სახალხოდ აღიარების გარდა, დები კრების შეხვედრებზე ამხნევებენ სხვებს იმით, რომ გააზრებულ კომენტარებს ამბობენ, მონაწილეობენ ინსცენირებებში და ამზადებენ დავალებებს თეოკრატიული სამსახურის სკოლაში.

ამგვარად, ქრისტიანი ქალები ‘ჩუმად არიან’ იმ გაგებით, რომ საკუთარ თავზე არ იღებენ მამაკაცის მოვალეობებს და არ ცდილობენ კრების სწავლებას. ისინი საკამათოს არ ხდიან მათ უფლებამოსილებას, ვისაც კრების სწავლება აკისრია. კრებაში თავიანთი როლის შესრულებით ქრისტიან დებს დიდი წვლილი შეაქვთ იმაში, რომ კრებაში მშვიდობა შენარჩუნდეს და შეხვედრების დროს „ყველაფერი აღსაშენებლად ხდებოდეს“ (1 კორინთელები 14:26, 33).

[სქოლიოები]

^ აბზ. 10 თანამედროვე დროში მოწიფული დები მიჰყვებიან ამ მაგალითს, როდესაც მდგომარეობიდან გამომდინარე, კრებაში ისეთი დავალებების შესრულება უწევთ, რომლებიც მონათლული ძმების მოვალეობაში შედის (იხილეთ 2002 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 26).

● რა პასუხისმგებლობა ეკისრება ქრისტიანულ კრებას, თუ ქრისტიანს შეემთხვა ავარია, რასაც სხვების სიკვდილი მოჰყვა? რა შეიძლება ითქვას, თუ მძღოლმა დაარღვია „კეისრის“ კანონი სიჩქარესთან ან საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით, ან მანქანას უყურადღებოდ მართავდა?

იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება ავარია, რის შედეგადაც ერთი ან რამდენიმე ადამიანი იღუპება, საჭიროა კრების უხუცესებმა განიხილონ საკითხი, თუ რა ზომით არის მძღოლი დამნაშავე სისხლისღვრაში. მაშინაც კი, როდესაც სასამართლო წყვეტს, რომ უბედური შემთხვევა მძღოლის ბრალი არ არის, მართებული იქნება, თუ უხუცესები გამოიკვლევენ ამ საქმეს და ეცდებიან იმის დადგენას, სინამდვილეში, მიუძღვის თუ არა ბრალი მძღოლს სისხლისღვრაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კრებას არ სურს, მასზე იყოს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა უბედური შემთხვევის გამო, რომელიც ქრისტიანის მიერ მანქანის უყურადღებოდ მართვას ან „კეისრის“ კანონის დარღვევას მოჰყვა.

მძღოლი ვალდებულია, არ გადააჭარბოს მოძრაობის სიჩქარეს, რომელიც „კეისრის“ მიერ არის დადგენილი. თუ ღვთისადმი მიძღვნილი ქრისტიანი აჭარბებს სიჩქარეს, ის არა მარტო ‘არ აძლევს კეისარს კეისრისას’, არამედ ზრდის უბედური შემთხვევის მოხდენის ალბათობას, რამაც შეიძლება ადამიანთა სიცოცხლე შეიწიროს (მათე 22:21).

უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა, მძღოლმა ყურადღება არ მოადუნოს. მაშინაც კი, თუ რკინიგზის გადასასვლელზე არავითარი შუქნიშანი, ზარი ან შლაგბაუმი არ იყო, მძღოლს სიფრთხილე უნდა გამოევლინა და მის გადაკვეთამდე ყურადღებით მიმოეხედა, რათა დაედგინა, საიდანმე რაიმე საფრთხე ხომ არ იქმნებოდა. თუ სალონში მწერი დაფრინავდა და მძღოლს მოსვენებას არ აძლევდა, მას მანქანა უნდა გაეჩერებინა და ისე გადაეჭრა ეს პრობლემა. იმ შემთხვევაში, თუ უკანა სავარძელზე მჯდომი მგზავრი მძღოლს ელაპარაკებოდა, მძღოლს მზერა გზისკენ უნდა ჰქონოდა მიმართული და არა ამ მგზავრისკენ. თუ მგზავრობისთვის არახელსაყრელი ამინდი იყო, მძღოლს მეტი სიფრთხილის გამოვლენა მართებდა. იმ შემთხვევაში კი, თუ მძღოლს ძილი ერეოდა, საჭე სხვისთვის უნდა გადაეცა ან მანქანა გაეჩერებინა, ცოტა დაესვენა, მდგომარეობიდან გამოსულიყო და შემდეგ გაეგრძელებინა გზა.

ადამიანი შეიძლება სისხლისღვრაში იყოს დამნაშავე, თუ სიკვდილის მიზეზი მისი უყურადღებობა, მოძრაობის წესების ან უსაფრთხოების დაცვის მიზნით „კეისრის“ მიერ დადგენილი სხვა წესების დარღვევაა. უნდა გვახსოვდეს, რომ ძველ ისრაელში, თუ ადამიანი ვინმეს ბოროტი განზრახვის გარეშე, შემთხვევით მოკლავდა და თავშესაფარ ქალაქში გაიქცეოდა, მას მხოლოდ ქალაქის უფროს მამაკაცთა კრებულის წინაშე წარდგომის შემდეგ დართავდნენ ამ ქალაქში დარჩენის უფლებას, რათა სისხლის ამღებს იგი არ მოეკლა (რიცხვნი 35:6—25).

თუ ავარიის შედეგად ადამიანის სიკვდილში იეჰოვას მოწმეა დამნაშავე, უხუცესთა საბჭომ უნდა დანიშნოს ორი უხუცესი, რომლებიც გამოიკვლევენ ამ საქმეს და დაადგენენ, თუ რა ზომით მიუძღვის ბრალი მძღოლს უბედური შემთხვევის გამოწვევაში (გალატელები 6:5, 7). თუ მძღოლს არანაირად არ შეეძლო უბედური შემთხვევის აცილება, მას არავითარი დანაშაული არ დაეკისრება და მისი რეპუტაცია შეუბღალავი დარჩება. მაგრამ, თუ მძღოლი მანქანას უყურადღებოდ მართავდა ან სათანადო სიფრთხილეს არ იჩენდა, უხუცესები ამ საქმის განსახილველად სამართლებრივ კომიტეტს დანიშნავენ.

კრებაში პასუხისმგებლობის მქონე ძმები მანქანის მართვაშიც სამაგალითონი უნდა იყვნენ. რა მაგალითს მისცემს სამწყსოს ზედამხედველი, რომელიც უყურადღებოდ ეკიდება „კეისრის“ მიერ დადგენილ საგზაო წესებს? (1 პეტრე 5:3). რა გავლენას მოახდენს კრების ახალგაზრდებზე იმის დანახვა, რომ უხუცესს მანქანა იმაზე სწრაფად დაჰყავს, ვიდრე ნებადართულია? (ტიტე 2:6, 7). ქრისტიანმა მშობლებმა მხედველობაში უნდა მიიღონ, თუ რამდენად სერიოზულია მანქანის მართვა და მოზარდ შვილებს მანქანის მართვის ნება მანამ არ უნდა მისცენ, სანამ არ შეამოწმებენ, რომ მათ ტარება კარგად იციან; აგრეთვე ისინი სათანადოდ უნდა დაარიგონ. რჩევის მიცემისას განსაკუთრებით ყურადღება უნდა გაუმახვილონ „კეისრისა“ და ღვთის წინაშე პასუხისმგებლობაზე; აგრეთვე უნდა ურჩიონ, რომ არ მიბაძონ ქვეყნიურ ახალგაზრდებს, რომლებიც მძაფრი შეგრძნებების მოყვარულები არიან და ხშირად ხვდებიან ავარიაში, რაც ტრაგიკულად მთავრდება; ამ ავარიათა მიზეზი კი, ჩვეულებრივ, სიჩქარის გადაჭარბებაა. გარდა ამისა, კრების თუ სხვა საქმეებთან დაკავშირებით ქრისტიანმა არ უნდა მოსთხოვოს სხვას, იყოს გარკვეულ ადგილზე განსაზღვრულ დროს, ისე რომ სიჩქარესთან დაკავშირებით „კეისრის“ კანონის დარღვევა მოუწიოს. ადამიანს უნდა ჰქონდეს საკმაო დრო, რათა სათანადო ადგილას მისვლა ისე შეძლოს, რომ სიჩქარესთან დაკავშირებით კანონი არ დაარღვიოს. ამგვარად, როდესაც ვინმე ჭეშმარიტი ქრისტიანისგან ითხოვს, გარკვეულ ადგილას განსაზღვრულ დროს იყოს, ისე რომ ამისათვის მას სიჩქარესთან დაკავშირებით „კეისრის“ კანონის დარღვევა მოუწევს, მაშინ ქრისტიანი ირჩევს, დაემორჩილოს „კეისრის“ კანონს, რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს ასეთი მორჩილების გამოვლენას. შესაძლებელია, რომ ქრისტიანმა, მაგალითად, თავის უფროსს (რომელიც ღვთის მსახური არ არის) წინასწარ აუხსნას, რომ სინდისი ნებას არ დართავს, დაარღვიოს საგზაო მოძრაობის წესები.

უმეტესწილად, მგზავრობისთვის სათანადო დროის გამოყოფა დამოკიდებულია თავად მძღოლზე — დროულად გამოვიდა თუ არა ის საქმეზე ან დაგეგმა თუ არა საქმეები ისე, რომ მგზავრობისთვის საკმარისი დრო ჰქონოდა. თუ ქრისტიანი სათანადოდ მოაგვარებს ამ საკითხებს, მაშინ არ მოექცევა ზეწოლის ქვეშ ან არ დადგება ცდუნების წინაშე, დაშვებულზე მეტი სიჩქარით იაროს. „უმაღლეს ხელისუფალთა“ მიერ დადგენილი საგზაო მოძრაობის წესების დაცვა არა მარტო უბედური შემთხვევისა და სისხლისღვრაში დამნაშავეობისგან დაიცავს მძღოლს, არამედ დაეხმარება სუფთა სინდისის შენარჩუნებაშიც, რაც ასე მნიშვნელოვანია მარადიული ხსნის მისაღებად (რომაელები 13:1, 5; 1 პეტრე 3:16).