არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არავითარი საერთო არ იქონიოთ ცრუ თაყვანისმცემლობასთან

არავითარი საერთო არ იქონიოთ ცრუ თაყვანისმცემლობასთან

არავითარი საერთო არ იქონიოთ ცრუ თაყვანისმცემლობასთან

„გამოდით მათგან და გამოეყავით, — ამბობს იეჰოვა, — უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“ (2 კორინთელები 6:17).

1. რა მდგომარეობაშია დღეს მრავალი გულწრფელი ადამიანი?

მრავალმა გულწრფელმა ადამიანმა არ იცის ჭეშმარიტება ღვთისა და კაცობრიობის მომავლის შესახებ. ისინი დაბნეულობასა და გაურკვევლობაში არიან იმის გამო, რომ არ შეუძლიათ ამ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით პასუხების მიღება. მილიონობით ადამიანი იეჰოვასთვის შეურაცხმყოფელ ცრურწმენას, რიტუალებსა და დღესასწაულებს ემონება. შესაძლოა თქვენს მეზობლებსა და ნათესავებსაც სჯერათ ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის, სამების, სულის უკვდავებისა და სხვა ცრუ სწავლებების.

2. როგორ მოქმედებენ რელიგიური წინამძღოლები და რა შედეგი მოაქვს ამას?

2 ვინ ავრცელებს დღეს სულიერ სიბნელეს? როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, რელიგია; კერძოდ კი, რელიგიური ორგანიზაციები და მათი წინამძღოლები. ისინი ამახინჯებენ ღვთისგან მომდინარე ჭეშმარიტებას (მარკოზი 7:7, 8). შედეგად, მრავალი ადამიანი შეცდომაში არის შეყვანილი, რადგან ჰგონიათ, რომ ჭეშმარიტ ღმერთს სცემენ თაყვანს, სინამდვილეში კი შეურაცხყოფას აყენებენ მას. ამაში ცრუ რელიგიას მიუძღვის ბრალი.

3. ვინ არის ცრუ რელიგიის სულისჩამდგმელი და როგორ აღწერს მას ბიბლია?

3 ცრუ რელიგიის უკან უხილავი პიროვნება დგას. პავლე მოციქული მის შესახებ ამბობს: „ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ სისტემის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათზე არ ებრწყინა ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობის სინათლეს, ქრისტესი, რომელიც უხილავი ღვთის მსგავსებაა“ (2 კორინთელები 4:4). „ამ სისტემის ღმერთი“ სხვა არავინაა, თუ არა სატანა ეშმაკი. ის არის ცრუ რელიგიის სულისჩამდგმელი. „თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს, — დაწერა პავლემ. — ამიტომ, რა დიდი ამბავია, თუ მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ, მაგრამ მათი აღსასრული მათივე საქმეებისამებრ იქნება“ (2 კორინთელები 11:14, 15). სატანა ცდილობს, ბოროტება სიკეთედ წარმოაჩინოს და ამგვარად ადამიანები შეცდომაში შეიყვანოს.

4. რა გაფრთხილებას აძლევდა ღვთის კანონი ისრაელს ცრუწინასწარმეტყველების შესახებ?

4 აქედან გამომდინარე, ნათელი ხდება, თუ რატომ გმობს ბიბლია ცრუ რელიგიას. მაგალითად, მოსეს კანონი კონკრეტულ გაფრთხილებას აძლევდა ღვთის რჩეულ ხალხს ცრუ წინასწარმეტყველების შესახებ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცრუ სწავლებების გავრცელებას უწყობდა ხელს, ხალხს იეჰოვასადმი ურჩობის გამოვლენისკენ უბიძგებდა და ამის გამო უნდა მოეკლათ. ისრაელებს ებრძანა, ‘აღმოეფხვრათ ბოროტება თავიანთი წიაღიდან’ (მეორე რჯული 13:1—5). დიახ, იეჰოვა ცრუ რელიგიას ბოროტებად მიიჩნევს (ეზეკიელი13:3).

5. რა გაფრთხილება უნდა ვიღოთ ყურად დღეს?

5 იესო ქრისტესა და მის მოციქულებს ისეთივე დამოკიდებულება ჰქონდათ ცრუ რელიგიის მიმართ, როგორიც იეჰოვას. იესო თავის მოწაფეებს აფრთხილებდა: „უფრთხილდით ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენთან ცხვრის სამოსლით მოდიან, შიგნით კი მტაცებელი მგლები არიან“ (მათე 7:15; მარკოზი 13:22, 23). პავლემ დაწერა, რომ „ზეციდან ღვთის რისხვა ცხადდება იმ ადამიანთა ყოველგვარი უღმერთობისა და უმართლობის წინააღმდეგ, რომლებიც უმართლოდ ჩქმალავენ ჭეშმარიტებას“ (რომაელები 1:18). რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა ყურად იღონ ეს გაფრთხილება და არავითარი საერთო არ იქონიონ მათთან, ვინც აფერხებს ჭეშმარიტების საჯაროდ გაცხადებას ან ხელს უწყობს ცრუ სწავლებების გავრცელებას! (1 იოანე 4:1).

ზურგი აქციეთ „დიდ ბაბილონს“

6. როგორ აღწერს ბიბლია „დიდ ბაბილონს“?

6 მოდი განვიხილოთ, როგორ არის ბიბლიის წიგნ „გამოცხადებაში“ აღწერილი ცრუ რელიგია. ის შედარებულია მთვრალ მეძავს, რომელსაც დედამიწის მეფეებსა და მის მცხოვრებლებზე აქვს ძალაუფლება. ეს „მეძავი“ დედამიწის მეფეებთან მეძაობს და ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების სისხლით არის დამთვრალი (გამოცხადება 17:1, 2, 6, 18). მას შუბლზე აწერია სახელი, რომელიც ზუსტად აღწერს მის ზნედაცემულობასა და ამაზრზენ საქციელს: „დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სისაძაგლეთა დედა“ (გამოცხადება 17:5).

7, 8. როგორ მეძაობს ცრუ რელიგია და რას იწვევს ეს?

7 ბიბლიაში აღწერილი „დიდი ბაბილონი“ მოიცავს მსოფლიოს ყველა ცრუ რელიგიას და ეს მართლაც შესაფერისი სიმბოლოა. დღეს არსებული ათასობით რელიგია ოფიციალურად არ არის ერთ მსოფლიო ორგანიზაციად გაერთიანებული, მაგრამ მათ მიზანი და საქმეები აერთიანებთ. წიგნში „გამოცხადება“ უზნეო ქალით წარმოდგენილ ცრუ რელიგიას უდიდესი გავლენა აქვს მთავრობებზე. ორგული ქალის მსგავსად, რომელიც თავის მეუღლეს ღალატობს, ცრუ რელიგიაც „მეძაობს“ — ხან ერთ პოლიტიკურ ძალასთან ამყარებს კავშირს და ხან მეორესთან. მოწაფე იაკობმა დაწერა: „მრუშებო, განა არ იცით, რომ ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა? ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება“ (იაკობი 4:4).

8 ცრუ რელიგიასა და პოლიტიკას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს უბედურებები მოაქვს ადამიანებისთვის. აფრიკელი პოლიტიკური მიმომხილველი ო. მანგუ აღნიშნავს: „კაცობრიობის ისტორიას რელიგიურ-პოლიტიკური კავშირით გამოწვეული არაერთი მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ახსოვს“. არც ისე დიდი ხნის წინ ერთი გაზეთი იუწყებოდა: „დღეს ყველაზე სისხლისმღვრელ და საშიშ კონფლიქტებში . . . მთავარი წვლილი რელიგიას მიუძღვის“. რელიგიის წაქეზებით გაჩაღებულ კონფლიქტებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. „დიდი ბაბილონი“ ღვთის ჭეშმარიტ მსახურებსაც დევნიდა და ხოცავდა, ასე ვთქვათ, თვრებოდა მათი სისხლით (გამოცხადება 18:24).

9. როგორ არის „გამოცხადებაში“ ნაჩვენები ცრუ თაყვანისმცემლობისადმი იეჰოვას დამოკიდებულება?

9 იეჰოვას სძულს ცრუ თაყვანისმცემლობა და ეს კარგად ჩანს იქიდან, თუ რა ელის მომავალში დიდ ბაბილონს. გამოცხადების 17:16-ში ნათქვამია: „ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი შეიძულებენ მეძავს, ააწიოკებენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ“. თავდაპირველად მხეცი სასიკვდილო ჭრილობას მიაყენებს მეძავს და მის ხორცს შეჭამს. შემდეგ კი, რაც მეძავისგან დარჩება, ცეცხლს მისცემს. მალე მსოფლიო მმართველები ზომებს მიიღებენ ცრუ რელიგიის წინააღმდეგ. მათ ღმერთი აღძრავს ამისკენ (გამოცხადება 17:17). დიდი ბაბილონი, ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერია, თავს ვერ დააღწევს განადგურებას. „ვეღარასოდეს იპოვიან მას“ (გამოცხადება 18:21).

10. რა პოზიცია უნდა დავიკავოთ ცრუ რელიგიასთან მიმართებაში?

10 რა პოზიცია უნდა დაიკავონ ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლებმა „დიდ ბაბილონთან“ მიმართებაში? ბიბლია პირდაპირ მოგვიწოდებს: „გამოდი მისგან, ჩემო ხალხო, თუ არ გინდათ, მისი ცოდვების თანამონაწილენი იყოთ და მისი წყლულები მიიღოთ“ (გამოცხადება 18:4). ყველა, ვისაც გადარჩენა სურს, სანამ გვიანი არ არის, უნდა გამოეყოს ცრუ რელიგიას. დედამიწაზე ყოფნისას იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა, რომ ბოლო დღეებში ბევრი თავს დადებდა მის მიმდევრობაზე (მათე 24:3—5). მაგრამ მათ შესახებ იესო ამბობს: „არასოდეს გიცნობდით თქვენ! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო“ (მათე 7:23). დღეს იესო ქრისტეს, რომელიც უკვე მეფობს ზეცაში, არაფერი აქვს საერთო ცრუ რელიგიასთან.

როგორ უნდა დავიჭიროთ თავი შორს ცრუ რელიგიისგან?

11. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შორს დავიჭიროთ თავი ცრუ თაყვანისმცემლობისგან?

11 ჭეშმარიტი ქრისტიანები შორს იჭერენ თავს ცრუ თაყვანისმცემლობისგან იმით, რომ უარყოფენ ცრუ რელიგიურ სწავლებებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვუსმენთ და ვუყურებთ ისეთ პროგრამებს, და არც ისეთ ლიტერატურას ვკითხულობთ, რაც ცრუ რელიგიებს ეხება და ღვთისა და მისი სიტყვის შესახებ სიცრუეს ავრცელებს (ფსალმუნები 118:37). აგრეთვე გონივრულად ვიქცევით, როცა თავს ვიკავებთ ისეთ საზოგადოებრივ და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობისგან, რომლებსაც აფინანსებს ცრუ რელიგიასთან კავშირში მყოფი ორგანიზაცია. გარდა ამისა, არანაირი სახით არ ვუჭერთ მხარს ცრუ თაყვანისმცემლობას (1 კორინთელები 10:21). ამგვარად თავს ვიცავთ იმისგან, რომ ვინმემ არ გაგვიტაცოს „ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, რომელიც ეთანხმება ადამიანთა ადათ-წესებსა და ქვეყნიერების პრინციპებს და არა ქრისტეს“ (კოლოსელები 2:8).

12. როგორ შეუძლია ადამიანს, ყოველგვარი კავშირი გაწყვიტოს ცრუ რელიგიასთან?

12 რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაზე, როდესაც ვინმეს სურს გახდეს იეჰოვას მოწმე, მაგრამ ცრუ რელიგიის წევრია? მან უნდა ცხადყოს, რომ აღარ სურს ეკუთვნოდეს ამ რელიგიას. ამისთვის შესაძლოა ზოგჯერ საჭირო იყოს განცხადების დაწერა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონკრეტული ზომების მიღება, რათა ადამიანი სრულიად გათავისუფლდეს ცრუ რელიგიის ნებისმიერი გავლენისგან. ის, ვისაც სურს, გახდეს იეჰოვას მოწმე, თავისი საქმეებით უნდა აჩვენებდეს ყოფილ თანამორწმუნეებსა და სხვებს, რომ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა ცრუ რელიგიასთან და აღარ წარმოადგენს მის წევრს.

13. რა რჩევას გვაძლევს ბიბლია ცრუ თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით?

13 «ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან, — დაწერა პავლე მოციქულმა. — რა კავშირი აქვს სიმართლეს უკანონობასთან? ან რა საერთო აქვს სინათლეს სიბნელესთან? რა თანხმობა აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან? . . „ამიტომ, გამოდით მათგან და გამოეყავით, — ამბობს იეჰოვა, — უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“» (2 კორინთელები 6:14—17). ჩვენ ვითვალისწინებთ ამ მოწოდებას და შორს გვიჭირავს თავი ცრუ თაყვანისმცემლობისგან. მაგრამ გულისხმობდა პავლე იმას, რომ ქრისტიანები საერთოდ უნდა მოერიდონ ურთიერთობას ცრუ თაყვანისმცემლებთან?

„ბრძნულად მოექეცით“

14. უნდა გავწყვიტოთ ყოველგვარი კავშირი მათთან, ვინც ცრუ თაყვანისმცემლობას მისდევს? ახსენით.

14 უნდა გაწყვიტონ თუ არა ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლებმა ყველანაირი კავშირი იმ ადამიანებთან, რომლებიც ცრუ თაყვანისმცემლობას მისდევენ? სრულიად უნდა ავარიდოთ მათ თავი, ვინც არ იზიარებს ჩვენს რწმენას? რასაკვირველია, არა. ერთ-ერთ უდიდეს მცნებაში ნათქვამია: „მოძმე საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მათე 22:39). უდავოა, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებით ჩვენ სიყვარულს ვავლენთ ადამიანების მიმართ. მათდამი ჩვენი სიყვარული მაშინაც ვლინდება, როცა ბიბლიას ვასწავლით და ვეხმარებით იმის დანახვაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცრუ რელიგიისგან გამოყოფა.

15. რას ნიშნავს, არ ვიყოთ „ქვეყნიერების ნაწილი“?

15 მართალია, ადამიანებთან სასიხარულო ცნობას ვქადაგებთ, მაგრამ, როგორც იესოს მიმდევრები, არა ვართ „ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 15:19). ამ მუხლში გამოყენებული სიტყვა „ქვეყნიერება“ ღვთისგან გაუცხოებულ ადამიანთა საზოგადოებას გულისხმობს (ეფესოელები 4:17—19; 1 იოანე 5:19). ჩვენ იმ გაგებით ვართ ქვეყნიერებისგან გამოყოფილნი, რომ თავს ვარიდებთ იეჰოვასთვის შეურაცხმყოფელ შეხედულებებს, საუბრებსა და საქციელს (1 იოანე 2:15—17). გარდა ამისა, იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“, ჩვენ ვერიდებით მათთან ახლო ურთიერთობას, ვინც არ ცხოვრობს ქრისტიანული ნორმებით (1 კორინთელები 15:33). არ ვიყოთ ქვეყნიერების ნაწილი, ნიშნავს „დაულაქავებლად დავიცვათ თავი ქვეყნიერებისგან“ (იაკობი 1:27). აქედან გამომდინარე, ქვეყნიერებისგან გამოყოფა არ გულისხმობს ყველანაირი კონტაქტის გაწყვეტას ადამიანებთან (იოანე 17:15, 16; 1 კორინთელები 5:9, 10).

16, 17. როგორ უნდა მოექცნენ ქრისტიანები მათ, ვინც არ იცნობს ბიბლიურ ჭეშმარიტებას?

16 როგორ უნდა მოვეპყროთ მათ, ვინც არ იცნობს ბიბლიურ ჭეშმარიტებას? კოლოსელთა კრებას პავლემ მისწერა: „გარეშეებს ბრძნულად მოექეცით და გამოისყიდეთ ხელსაყრელი დრო თქვენთვის. თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის როგორი პასუხი გასცეთ“ (კოლოსელები 4:5, 6). პეტრე მოციქული კი წერდა: „წმინდა იყოს ქრისტე თქვენს გულებში, როგორც უფალი, და ყოველთვის მზად იყავით, დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას გთხოვთ, ოღონდ ეს რბილად და ღრმა პატივისცემით აკეთეთ“ (1 პეტრე 3:15). პავლემ ქრისტიანებს ურჩია, ‘არავინ დაეძრახათ, არ ყოფილიყვნენ ჩხუბის ამტეხნი, არამედ კეთილგონიერნი, და ყველასთან რბილი ხასიათი გამოევლინათ’ (ტიტე 3:2).

17 ჩვენ, როგორც იეჰოვას მოწმეები, ვცდილობთ, უხეშად არ მოვეპყროთ სხვებს და ზემოდან არ ვუყუროთ მათ. აგრეთვე, შეურაცხმყოფელი სიტყვებით არ მოვიხსენიებთ სხვა რელიგიის წარმომადგენლებს. პირიქით, მაშინაც კი ვიჩენთ ტაქტს, როცა მობინადრე, მეზობელი ან თანამშრომელი უხეშად გვექცევა ან სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებს (კოლოსელები 4:6; 2 ტიმოთე 2:24).

ჩაეჭიდეთ ჯანსაღი სიტყვების ნიმუშს

18. სულიერი გაგებით, რა მდგომარეობაში არიან ისინი, რომლებიც უბრუნდებიან ცრუ რელიგიას?

18 რა სამწუხაროა, თუ ქრისტიანი ბიბლიური ჭეშმარიტების გაცნობის შემდეგ ისევ უბრუნდება ცრუ თაყვანისმცემლობას! ბიბლიაშია აღწერილია, რა შედეგები მოჰყვება ამგვარ მოქმედებას: «თუ უფლისა და მხსნელის იესო ქრისტეს შესახებ საფუძვლიანი ცოდნის წყალობით ქვეყნიერების სიბილწეს თავი დააღწიეს, შემდეგ კი ისევ ჩაეფლნენ მასში და მის მიერ არიან დაძლეული, ეს მდგომარეობა პირველზე უარესია . . . მათ ისე მოუვიდათ, როგორც მართალი ანდაზა ამბობს: „ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, დაბანილი ღორი კი ტალახში საგორაოდ მიდის“» (2 პეტრე 2:20—22).

19. რატომ უნდა ვუფრთხილდეთ ყველაფერს, რაც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სულიერობას?

19 ჩვენ უნდა ვუფრთხილდეთ ყველაფერს, რაც საფრთხეს შეუქმნიდა ჩვენს სულიერობას, რადგან დღეს ამის რეალური საშიშროება არსებობს. პავლე მოციქული გვაფრთხილებს: „შთაგონებით წარმოთქმული სიტყვები გარკვევით ამბობს, რომ გავა დრო და ზოგიერთები შთაგონებით წარმოთქმულ მაცდურ სიტყვებსა და დემონურ სწავლებებს დაუგდებენ ყურს და განუდგებიან რწმენას“ (1 ტიმოთე 4:1). ჩვენ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ. მათ, ვინც არ არის გამოყოფილი ცრუ რელიგიისგან, „აქანავებს სწავლების ყოველი ქარი, ადამიანთა მზაკვრობითა და ცბიერებით, გამიზნული სიცრუით“ (ეფესოელები 4:13, 14).

20. როგორ შეგვიძლია თავი დავიცვათ ცრუ რელიგიის საზიანო გავლენისგან?

20 როგორ შეგვიძლია თავი დავიცვათ ცრუ რელიგიის საზიანო გავლენისგან? მოდი დავფიქრდეთ, რით უზრუნველგვყოფს იეჰოვა. ჩვენ გვაქვს ღვთის სიტყვა, ბიბლია (2 ტიმოთე 3:16, 17). იეჰოვა აგრეთვე „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით უხვ სულიერ საზრდოს გვაწვდის (მათე 24:45). რაც მეტად ვიზრდებით სულიერად, მით უფრო უნდა შევიყვაროთ ‘მოწიფულთათვის განკუთვნილი მაგარი საჭმელი’ და ვისურვოთ კრების შეხვედრებზე სიარული, სადაც სულიერ ჭეშმარიტებებს ვეცნობით (ებრაელები 5:13, 14; ფსალმუნები 25:8). მოდი, მტკიცედ გადავწყვიტოთ, სრული სარგებლობა მივიღოთ იეჰოვას ღონისძიებებიდან, რათა ‘ჩავეჭიდოთ ჯანსაღი სიტყვები ნიმუშს’ (2 ტიმოთე 1:13). ამგვარად, არავითარი საერთო არ გვექნება ცრუ თაყვანისმცემლობასთან.

რა ისწავლეთ?

• რა არის წარმოდგენილი „დიდი ბაბილონით“?

• რა უნდა გავაკეთოთ, შორს რომ დავიჭიროთ თავი ცრუ რელიგიისგან?

• რა საშიშროებებს უნდა ავარიდოთ თავი ჩვენი სულიერობის შესანარჩუნებლად?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 28 გვერდზე]

იცით, რატომ აიგივებს ბიბლია „დიდ ბაბილონს“ მეძავ ქალთან?

[სურათი 29 გვერდზე]

„დიდი ბაბილონი“ თავს ვერ დააღწევს განადგურებას.

[სურათი 31 გვერდზე]

ჩვენ „რბილად და ღრმა პატივისცემით“ ვეპყრობით მათ, ვინც არ იზიარებს ჩვენს რწმენას.