არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიკვდილის დამარცხების ერთადერთი საშუალება

სიკვდილის დამარცხების ერთადერთი საშუალება

სიკვდილის დამარცხების ერთადერთი საშუალება

ლაზარე და მისი დები, მართა და მარიამი, იერუსალიმიდან დაახლოებით სამ კილომეტრში მდებარე პატარა ქალაქ ბეთანიაში ცხოვრობენ. ერთ დღეს, როდესაც მათი მეგობარი იესო იქ არ არის, ლაზარე სერიოზულად ხდება ავად. დები ძალიან ნერვიულობენ. ამის შესახებ ისინი იესოს ატყობინებენ. ამ ამბის გაგებიდან გარკვეული ხნის შემდეგ იესო ლაზარეს სანახავად მიემართება. გზაში ის თავის მოწაფეებს ეუბნება, რომ ლაზარეს გასაღვიძებლად მიდის. მოწაფეები თავიდან არასწორად იგებენ მის ნათქვამს, მაგრამ იესო შემდეგ პირდაპირ ეუბნება მათ: „ლაზარე მოკვდა“ (იოანე 11:1—14).

ლაზარეს სამარხთან მისვლისას იესო გარშემომყოფთ ეუბნება, რომ ლოდი მოაშორონ შესასვლელს. ხმამაღლა ლოცვის შემდეგ ის ამბობს: „ლაზარე, გამოდი!“ და ლაზარეც გამოდის. მკვდრეთით აღდგენამდე ის ოთხი დღე მკვდარი იყო (იოანე 11:38—44).

ლაზარეს შესახებ ცნობა ცხადყოფს, რომ სიკვდილის დამარცხება მკვდრეთით აღდგომის საშუალებით არის შესაძლებელი. მაგრამ ნამდვილად აღდგა ლაზარე? ბიბლია ამას ფაქტად წარმოგვიდგენს. წაიკითხეთ იოანეს 11:1—44 და თავად დაინახავთ, თუ რა დაწვრილებით არის ყველაფერი აღწერილი. შეგიძლიათ უარყოთ ეს? ამის ეჭვქვეშ დაყენება საეჭვოს გახდიდა ბიბლიაში ჩაწერილ ყველა სასწაულს და, მათ შორის, თავად იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასაც. ბიბლიაში ნათქვამია: „თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია თქვენი რწმენა“ (1 კორინთელები 15:17). მკვდრეთით აღდგომა ბიბლიის ერთ-ერთი ძირითადი სწავლებაა (ებრაელები 6:1, 2). რას ნიშნავს ფრაზა „მკვდრეთით აღდგომა“?

რას ნიშნავს „მკვდრეთით აღდგომა“?

ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში სიტყვა „აღდგომა“ 40-ზე მეტჯერ არის მოხსენიებული. ის ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან, რომელიც სიტყვასიტყვით „ისევ წამოდგომას“ ნიშნავს. შესაბამისი ებრაული გამოთქმა კი ნიშნავს „გაცოცხლებას“. რა აღდგება ადამიანის სიკვდილის შემდეგ? ეს შეუძლებელია იყოს ის სხეული, რომელიც იხრწნება და მიწას უბრუნდება. მკვდრეთით აღდგება არა იგივე სხეული, არამედ იგივე პიროვნება. ამგვარად, მკვდრეთით აღდგენაში შედის გარდაცვლილი ადამიანის ცხოვრებისეული გამოცდილებისა და ხასიათის ნებისმიერი თავისებურების აღდგენა.

იეჰოვა ღმერთისთვის, რომელსაც სრულყოფილი მეხსიერება აქვს, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, ახსოვდეს გარდაცვლილისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი დეტალი (ესაია 40:26). ვინაიდან ის არის სიცოცხლის წყარო, იეჰოვას ადვილად შეუძლია გააცოცხლოს იგივე ადამიანი, რომელსაც ახალი სხეული ექნება (ფსალმუნები 35:10). გარდა ამისა, ბიბლია ამბობს, რომ იეჰოვა ღმერთს ‘ენატრება’ გარდაცვლილი ადამიანი ანუ ძალიან დიდი სურვილი აქვს, მკვდრეთით აღადგინოს ის (იობი 14:14, 15). რა სასიამოვნოა, რომ იეჰოვას არა მარტო შეუძლია ადამიანის გაცოცხლება, არამედ სურს კიდეც ამის გაკეთება!

იესო ქრისტეც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მკვდრების აღდგენაში. მსახურების დაწყებიდან ერთ წელზე ოდნავ მეტი ხნის შემდეგ იესომ თქვა: „როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და აცოცხლებს, ასევე ძეც, ვინც უნდა, იმას აცოცხლებს“ (იოანე 5:21). განა ლაზარეს შემთხვევა არ ცხადყოფს, რომ იესო ქრისტეს აქვს მკვდრების აღდგენის ძალაც და სურვილიც?

რა შეიძლება ითქვას იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც სუბსტანცია სიკვდილის შემდეგ განაგრძობს სიცოცხლეს? სწავლება მკვდრეთით აღდგომაზე და იდეა ადამიანის სულის უკვდავების შესახებ სრულიად შეუთავსებელია. რა საჭირო იქნებოდა მკვდრეთით აღდგომა, თუ რაღაც სუბსტანცია სიკვდილს გადაურჩებოდა? ლაზარეს დას, მართას, არ სწამდა, რომ მისი ძმა მხოლოდ ფიზიკურად მოკვდა და სულიერ სამყაროში განაგრძობდა არსებობას. მას სწამდა მკვდრეთით აღდგომა. როდესაც იესომ უთხრა: „აღდგება შენი ძმა“, მართამ უპასუხა: „ვიცი, რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“ (იოანე 11:23, 24). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარეს არ მოუყოლია, თუ რა გადახდა თავს სიკვდილის შემდეგ. ის მკვდარი იყო. ბიბლიაში კი ნათქვამია: „მკვდრებმა არაფერი იციან . . . არ არის საქმე და ჩანაფიქრი და ცოდნა და სიბრძნე შავეთში [კაცობრიობის საერთო სამარეში], სადაც შენ მიდიხარ“ (ეკლესიასტე 9:5, 10).

ასე რომ, ბიბლიის თანახმად, სიკვდილის დამარცხება მხოლოდ მკვდრეთით აღდგომის საშუალებით არის შესაძლებელი. მაგრამ ვინ აღდგება უამრავ გარდაცვლილთაგან და სად?

ვინ აღდგება?

«მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში [„სამახსოვრო სამარხებში“, სქოლიო] არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ», — თქვა იესომ (იოანე 5:28, 29). ამ დანაპირების თანახმად, აღდგებიან სამახსოვრო სამარხებში მყოფნი — ყველა, ვინც იეჰოვას მეხსიერებაშია. მაშინ იბადება კითხვა: მათგან, ვინც გარდაიცვალა, ვინ არის იეჰოვას მეხსიერებაში?

ბიბლიის წიგნ „ებრაელების“ მე-11 თავში ჩამოთვლილია იმ მამაკაცებისა თუ ქალების სახელები, რომლებიც ერთგულად ემსახურებოდნენ ღმერთს. ისინი და ღვთის სხვა ერთგული მსახურები, რომლებიც თანამედროვე დროს ცხოვრობდნენ, აღდგებიან. რა შეიძლება ითქვას მათ შესახებ, რომლებიც, შესაძლოა, ცოდნის უკმარისობის გამო, ღვთის სამართლიანი ნორმების შესაბამისად არ ცხოვრობდნენ? არიან ისინიც ღვთის მეხსიერებაში? დიახ, ბევრი არის, რადგან ბიბლია გვპირდება: „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15).

მაგრამ აღდგება არა ყველა, ვინც კი ოდესმე ცხოვრობდა. ბიბლიაში ნათქვამია: „თუ ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდეგ კვლავ შეგნებულად ვცოდავთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისთვის, არამედ სასამართლოს შიშის მომგვრელი მოლოდინი“ (ებრაელები 10:26, 27). ზოგმა მიუტევებელი ცოდვა ჩაიდინა. ისინი არ არიან ჰადესში (კაცობრიობის საერთო სამარეში), არამედ გეენაში, რომელიც მარადიული განადგურების სიმბოლოა (მათე 23:33). მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ და თავად არ განვსაჯოთ, აღდგება თუ არა რომელიმე კონკრეტული პიროვნება. ამის განმსჯელი იეჰოვაა. მან იცის, ვინ არის ჰადესში და ვინ — გეენაში. ჩვენი მხრიდან კარგია, თუ ღვთის ნების შესაბამისად ვცხოვრობთ.

ვინ იქნება აღდგენილი ზეცაში საცხოვრებლად?

ყველაზე ღირსშესანიშნავი აღდგომა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა იყო. ის „მოკლულ იქნა ხორცში, მაგრამ გაცოცხლდა სულში“ (1 პეტრე 3:18). მანამდე არც ერთი ადამიანი არ ყოფილა მსგავსად აღდგენილი. თავად იესომ თქვა: „ზეცაში არავინ ასულა ზეციდან ჩამოსული კაცის ძის გარდა“ (იოანე 3:13). მართლაც, კაცის ძე პირველი უნდა აღმდგარიყო სულიერ ქმნილებად (საქმეები 26:23). მის შემდეგ კი სხვები. წმინდა წერილებში ნათქვამია: „თითოეული თავისი წესისა და რიგის მიხედვით: ჯერ ქრისტე, პირველი ნაყოფი, შემდეგ კი ქრისტესნი — როცა ის მოსული იქნება“ (1 კორინთელები 15:23).

ადამიანთა მცირე ჯგუფი, „ქრისტესნი“ კონკრეტული მიზნისთვის უნდა იყვნენ ზეცაში მკვდრეთით აღდგენილნი (რომაელები 6:5). ისინი იმეფებენ ქრისტესთან ერთად და „დედამიწის მმართველები“ იქნებიან (გამოცხადება 5:9, 10). გარდა ამისა, ისინი იმსახურებენ მღვდლებად იმ გაგებით, რომ მათი დახმარებით კაცობრიობა გათავისუფლდება პირველი კაცისგან, ადამისგან, მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის შედეგებისგან (რომაელები 5:12). მათი რიცხვი, რომლებიც ქრისტესთან ერთად მეფეებად და მღვდლებად იმსახურებენ, 144 000-ია (გამოცხადება 14:1, 3). როგორ სხეულს იღებენ ისინი მკვდრეთით აღდგომისას? „სულიერ სხეულს“, — ნათქვამია ბიბლიაში. ეს მათ ზეცაში ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს (1 კორინთელები 15:35, 38, 42—45).

როდის ხდება ზეცაში საცხოვრებლად მკვდრეთით აღდგომა? „როცა ის [ქრისტე] მოსული იქნება“, — გვპასუხობს 1 კორინთელების 15:23. მსოფლიო მოვლენები 1914 წლიდან ცხადყოფს, რომ ქრისტე მოსულია და ამ წელს დაიწყო „ამ სისტემის“ ბოლო დღეები (მათე 24:3—7). ამგვარად, არსებობს საფუძველი დასკვნისთვის, რომ ზეცაში ერთგულ ქრისტიანთა მკვდრეთით აღდგენა უკვე დაწყებულია, თუმცა ადამიანის თვალისთვის ეს უხილავია. ეს იმას ნიშნავს, რომ მოციქულები და პირველი საუკუნის ქრისტიანები უკვე ზეცაში არიან აღდგენილნი. რა შეიძლება ითქვას ჩვენს დროში მცხოვრებ ქრისტიანებზე, რომლებსაც ქრისტესთან ერთად მეფობის ღვთისგან მიცემული უტყუარი იმედი აქვთ? ისინი „თვალის დახამხამებაში“ ანუ სიკვდილისთანავე აღდგებიან (1 კორინთელები 15:52). ვინაიდან 144 000-ისგან შემდგარი ამ მცირე ჯგუფის მკვდრეთით აღდგომა წინ უსწრებს იმ უამრავი ადამიანის აღდგენას, რომლებიც დედამიწაზე იცხოვრებენ, მას „პირველი აღდგომა“ ეწოდება (ფილიპელები 3:11; გამოცხადება 20:6).

ვინ იქნება აღდგენილი დედამიწაზე საცხოვრებლად?

წმინდა წერილების თანახმად, გარდაცვლილთა დიდი უმრავლესობა დედამიწაზე საცხოვრებლად აღდგება (ფსალმუნები 36:29; მათე 6:10). მკვდრეთით აღდგენასთან დაკავშირებული საოცარი ხილვის აღწერისას მოციქულმა იოანემ დაწერა: „ზღვამ მისცა მასში მყოფი მკვდრები, სიკვდილმა და ჰადესმაც მისცეს მათში მყოფი მკვდრები და თითოეული თავისი საქმეებისამებრ გასამართლდა. სიკვდილი და ჰადესი ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში; ცეცხლის ტბა მეორე სიკვდილს ნიშნავს“ (გამოცხადება 20:11—14). ჰადესში ანუ შეოლში — კაცობრიობის საერთო სამარეში — მყოფნი ღვთის მეხსიერებაში არიან. თითოეული მათგანი გათავისუფლდება სიკვდილის მარწუხებისგან (ფსალმუნები 15:10; საქმეები 2:31). ისინი განისჯებიან იმ საქმეთა მიხედვით, რომლებსაც მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გააკეთებენ. რა დაემართება სიკვდილსა და ჰადესს? სიკვდილი და ჰადესი „ცეცხლის ტბაში“ იქნება ჩაგდებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანებზე ძალა აღარ ექნება ადამისგან მემკვიდრეობით მიღებულ სიკვდილს.

წარმოიდგინეთ, რა ბედნიერების მომტანია მკვდრეთით აღდგომის შესახებ დანაპირები იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საყვარელი ადამიანი ჰყავთ გარდაცვლილი! რა დიდ სიხარულს განიცდიდა, ალბათ, ნაინელი ქვრივი, რომელსაც იესომ ერთადერთი ვაჟი გაუცოცხლა (ლუკა 7:11—17). იმ 12 წლის გოგონას მშობლების შესახებ კი, რომელიც იესომ გააცოცხლა, ბიბლიაში ნათქვამია, რომ მათ „აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა“ (მარკოზი 5:21—24, 35—42; ლუკა 8:40—42, 49—56). მართლაც, ახალ ქვეყნიერებაში ძალიან სასიამოვნო იქნება საყვარელ ადამიანებთან კვლავ შეხვედრა.

რა გავლენა შეიძლება იქონიოს ჩვენზე მკვდრეთით აღდგომის შესახებ ჭეშმარიტების ცოდნამ? „ადამიანთა უმეტესობას ეშინია სიკვდილის და ცდილობს, არ იფიქროს ამაზე“, — ნათქვამია ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“. რატომ? იმიტომ რომ, მრავლისთვის სიკვდილი იდუმალებით არის მოცული; იგი მათთვის უცნობი და საშიში რამ არის. მკვდრების მდგომარეობის შესახებ სიმართლის ცოდნასა და მკვდრეთით აღდგომის იმედს შეუძლია გაგვაძლიეროს, თუ „უკანასკნელ მტერთან“, სიკვდილთან მოგვიწევს პირისპირ შეხვედრა (1 კორინთელები 15:26). ეს ცოდნა აგრეთვე შეგვიმსუბუქებს ტკივილს, რომელსაც ახლო მეგობრის ან ნათესავის დაკარგვა გვაყენებს.

როდის დაიწყება დედამიწაზე მკვდრეთით აღდგომა? დღეს მსოფლიოში გავრცელებულია ძალადობა, კონკურენცია, სისხლისღვრა და გახრწნილება. თუ მკვდრები ასეთ გარემოში აღდგებოდნენ, მათი ბედნიერება ხანმოკლე იქნებოდა. მაგრამ შემოქმედმა აღგვითქვა, რომ ის მალე მოსპობს თანამედროვე მსოფლიოს, რომელსაც სატანა მართავს (იგავები 2:21, 22; დანიელი 2:44; 1 იოანე 5:19). დედამიწის მიმართ ღვთის განზრახვა მალე შესრულდება. შემდეგ კი ღვთის ახალ მშვიდობიან ქვეყნიერებაში მილიარდობით გარდაცვლილი გაახელს თვალებს.

[სურათი 7 გვერდზე]

გარდაცვლილთა უმეტესობა დედამიწაზე საცხოვრებლად აღდგება.