არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მტკიცედ გადავწყვიტეთ, იეჰოვასთვის გვემსახურა

მტკიცედ გადავწყვიტეთ, იეჰოვასთვის გვემსახურა

ბიოგრაფია

მტკიცედ გადავწყვიტეთ, იეჰოვასთვის გვემსახურა

მოგვითხრო რაიმო კუოკანენმა

1939 წელს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და საბჭოთა კავშირის ჯარები ჩემს სამშობლოს, ფინეთს, მოადგა. მამა საომრად წავიდა. მალე საბჭოთა თვითმფრინავებმა ჩვენი ქალაქის დაბომბვა დაიწყეს და დედამ უსაფრთხო ადგილას, ბებიასთან, გამგზავნა.

ათას ცხრაას სამოცდათერთმეტ წელს მისიონერად ვმსახურობდი უგანდაში, აღმოსავლეთ აფრიკაში. ერთ დღეს კარდაკარ მსახურებისას დავინახე, როგორ გარბოდნენ შეშინებული ადამიანები. სროლის ხმა გავიგე და სახლისკენ გავიქეცი. როცა ეს ხმა გაძლიერდა, გზის გასწვრივ მდებარე არხში გადავხტი. თავს ზემოთ ტყვიებს ზუზუნი გაჰქონდა; ხოხვა-ხოხვით სახლისკენ გავემართე.

ომის შედეგებისგან თავის დაღწევა ვერ შევძელი. მაგრამ, რატომ ჩავიგდეთ თავი საფრთხეში მე და ჩემმა მეუღლემ აღმოსავლეთ აფრიკის საომარ ზონაში ყოფნით? რადგან მტკიცედ გვქონდა გადაწყვეტილი, იეჰოვასთვის გვემსახურა.

ჭეშმარიტების მარცვალი ჩაითესა

დავიბადე 1934 წელს ჰელსინკიში (ფინეთი). მამაჩემი მღებავი იყო. ერთხელ მას იეჰოვას მოწმეთა ფილიალის შენობა უნდა შეეღება. მოწმეებმა ის თავიანთ შეხვედრებზე დაპატიჟეს. როდესაც სახლში დაბრუნდა, მამამ ამის შესახებ დედას უთხრა. თავიდან დედა შეხვედრებზე არ დადიოდა. მოგვიანებით კი ბიბლიურ თემებზე საუბრის სურვილი გამოთქვა თანამშრომელთან, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო. მალე დედამ ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება დაიწყო. ის 1940 წელს მოინათლა.

ცოტა ხნით ადრე, სანამ დედა მოინათლებოდა, ბებიამ მეორე მსოფლიო ომის დროს სოფელში წამიყვანა. დედა ბებიას და თავის უფროს დას წერილებს უგზავნიდა და იეჰოვას მოწმეთა მრწამსს უზიარებდა. ბებია და დეიდა დაინტერესდნენ; ბიბლიურ თემებზე ისინი მეც მესაუბრებოდნენ. ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე, რომელიც თანაქრისტიანების გასამხნევებლად პერიოდულად კრებებს ინახულებდა, ბებიას ესტუმრა. მან მსახურებისკენ წაგვახალისა. მაგრამ მე ჯერ კიდევ არ მქონდა გადაწყვეტილი, ღმერთისთვის მემსახურა.

თეოკრატიული განათლების მიღება

1945 წელს, როდესაც ომი დასრულდა, ჰელსინკიში დავბრუნდი. დედას იეჰოვას მოწმეების შეხვედრებზე დავყავდი. ზოგჯერ კრების ნაცვლად, კინოში მივდიოდი. დედა მიყვებოდა, რასაც შეხვედრებზე ისმენდა და ყოველთვის ერთ აზრზე მიმახვილებდა ყურადღებას, რომ არმაგედონი ძალიან ახლოს იყო. მე ვირწმუნე ეს და შეხვედრებს აღარ ვაცდენდი. რაც უფრო მეტს ვიგებდი ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ, მით მეტად მინდოდა კრების საქმიანობაში მონაწილეობა.

განსაკუთრებით სარაიონო და საოლქო კონგრესებზე დასწრება მიყვარდა. 1948 წელს, როცა ზაფხულის არდადეგებს ბებიასთან ვატარებდი, საოლქო კონგრესს დავესწარი, რომელიც მის სახლთან ახლოს ტარდებოდა. ამ კონგრესზე ჩემი მეგობარი აპირებდა მონათვლას. მან მირჩია, მეც იგივე გამეკეთებინა. მე წამოღებული არ მქონდა საცურაო კოსტიუმი. მან მითხრა, რომ მისი მონათვლის შემდეგ შემეძლო მისი საცურაო კოსტიუმი ჩამეცვა. მე დავთანხმდი და, იმ დღესვე, 1948 წლის 27 ივნისს, 13 წლის ასაკში მოვინათლე.

კონგრესის შემდეგ დედამ ჩემი ნათლობის შესახებ თავისი მეგობრებისგან შეიტყო. მან მკითხა, თუ რატომ მივიღე მისი ნებართვის გარეშე ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ავუხსენი, რომ უკვე მესმოდა ძირითადი ბიბლიური სწავლებები და ვათვითცნობიერებდი, რომ ჩემი საქციელისთვის თავად უნდა მეგო პასუხი იეჰოვას წინაშე.

ჩემი გადაწყვეტილება ძლიერდება

კრებაში ძმები დამეხმარნენ, მეტი გადაწყვეტილებით მემსახურა იეჰოვასთვის. მათ კარდაკარ მსახურებაში დავყავდი და თითქმის ყოველკვირა მაძლევდნენ კრებაში დავალებებს (საქმეები 20:20). 16 წლის ვიყავი, როდესაც პირველად წავიკითხე საჯარო მოხსენება. ამის შემდეგ, მალევე კრებაში ბიბლიის შესწავლების მსახურად დავინიშნე. ამ ყველაფერმა ჩემს სულიერ ზრდას შეუწყო ხელი, მაგრამ ადამიანების მიმართ ჯერ კიდევ შიში მქონდა.

იმისათვის, რომ ხალხი საოლქო კონგრესზე საჯარო მოხსენების მოსასმენად დაგვეპატიჟა, დიდ პლაკატებს ვიყენებდით. ერთი პლაკატი გულმკერდზე გვქონდა ჩამოკიდებული, მეორე კი ზურგზე. ეს ორი პლაკატი ერთმანეთზე თასმებით იყო მიმაგრებული. ამის გამო ხალხმა „სენდვიჩი“ შეგვარქვა.

ერთხელ ჩემი „სენდვიჩით“ წყნარი ქუჩის კუთხეში ვიდექი. ამ დროს კლასელები დავინახე, რომლებიც ჩემკენ მოდიოდნენ. როცა მომიახლოვდნენ და თვალი გამისწორეს, შიშმა შემიპყრო. ლოცვით იეჰოვას მივმართე, რომ გამბედაობა მოეცა. ადგილიდან არ გავნძრეულვარ. ადამიანების მიმართ შიშის გადალახვამ უფრო დიდი გამოცდისთვის მომამზადა, კერძოდ, ქრისტიანული ნეიტრალიტეტის დასაცავად.

მოგვიანებით მე და რამდენიმე ახალგაზრდა მოწმე სამხედრო სამსახურში გამოგვიძახეს. ჩვენ გამოვცხადდით სამხედრო ნაწილში, მაგრამ თავაზიანად ვთქვით უარი სამხედრო ფორმის ჩაცმაზე. შედეგად დაგვიჭირეს და ცოტა ხანში სასამართლომ ექვსი თვით პატიმრობა მოგვისაჯა. ამას დაემატა რვათვიანი (დრო, რომელიც ჯარში უნდა გვემსახურა) პატიმრობა. ასე რომ, ნეიტრალიტეტის დაცვის გამო მთლიანობაში წელიწადი და ორი თვე ვისხედით ციხეში.

ციხის ბარაკებში მოწმეები ყოველ დღე ვხვდებოდით ერთმანეთს და ბიბლიურ თემებზე ვსაუბრობდით. ამ თვეების განმავლობაში ბევრმა ჩვენგანმა მთლიანი ბიბლია ორჯერ წაიკითხა. როდესაც სასჯელი მოვიხადეთ და ციხიდან გამოვედით, უმრავლესობამ უფრო მტკიცე გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ იეჰოვასთვის გვემსახურა. დღემდე ბევრი ჩვენგანი იეჰოვას ერთგული მსახურია.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ მშობლებთან ვცხოვრობდი. ცოტა ხანში გავიცანი ახალმონათლული, გულმოდგინე მსახური — და ვერა. ჩვენ 1957 წელს დავქორწინდით.

ერთმა საღამომ ჩვენი ცხოვრება შეცვალა

ერთ საღამოს ფილიალში მომსახურე რამდენიმე პასუხისმგებელ ძმასთან გვქონდა შეხვედრა. ერთმა მათგანმა სარაიონო მსახურება შემოგვთავაზა. მთელი ღამე ლოცვაში გავატარეთ. მეორე დღეს ფილიალში დავრეკე და ძმებს დავთანხმდი. სრული დროით მსახურება რომ დაგვეწყო, მაღალანაზღაურებადი სამსახური უნდა მიმეტოვებინა. ჩვენ მტკიცედ გადავწყვიტეთ, სამეფოს საქმე ცხოვრებაში პირველ ადგილზე დაგვეყენებინა. სარაიონო მსახურება 1957 წლის დეკემბერში დავიწყეთ. მაშინ მე 23 წლის ვიყავი, ვერა კი 19-ის. სამი წლის განმავლობაში ფინეთში კრებების მონახულება და გამხნევება დიდ სიხარულს გვანიჭებდა.

1960 წლის ბოლოს ბრუკლინში (ნიუ-იორკი) არსებული „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადიდან“ მოწვევა მივიღე. ფინეთიდან სამი ძმა მიგვიწვიეს ფილიალის მუშაობასთან დაკავშირებულ სპეციალურ ათთვიან კურსებზე. ამ დროის განმავლობაში ჩვენი მეუღლეები ფინეთის ფილიალში მსახურობდნენ.

კურსის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე მითხრეს, რომ ნეითან ნორს ჩემთან საუბარი სურდა. იმ დროს ნორი მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა სამქადაგებლო საქმიანობას ხელმძღვანელობდა. ნორმა ჩემს მეუღლესთან ერთად მისიონერად მსახურება შემომთავაზა მალაგასის რესპუბლიკაში (დღევანდელი მადაგასკარი). ვერას წერილი მივწერე და ვკითხე, თუ რას ფიქრობდა ამის შესახებ. ის არც კი დაფიქრებულა, ისე დამთანხმდა. როცა ფინეთში დავბრუნდი, მადაგასკარში გასამგზავრებლად ჩვენ მაშინვე დავიწყეთ მზადება.

სიხარული და იმედგაცრუება

1962 წლის იანვარში დედაქალაქ ანტანანარივუში (მადაგასკარი) ჩავფრინდით. ბეწვის ქუდი გვეხურა და თბილი პალტო გვეცვა, რადგან ფინეთში ციოდა. მადაგასკარის ტროპიკული სიცხის გამო ტანსაცმლის გამოცვლა მოგვიწია. ჩვენი საცხოვრებელი ერთი ოთახისგან შედგებოდა. რადგან მეორე მისიონერი წყვილიც აქ ცხოვრობდა, მე და ვერას აივანზე გვეძინა.

ჩვენ ფრანგული ენის სწავლა დავიწყეთ, რომელიც მადაგასკარის ოფიციალურ ენად ითვლებოდა. ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ჩვენმა მასწავლებელმა, და კარბონომ, ფინური არ იცოდა. ის ინგლისურად გვასწავლიდა ფინურს, მაგრამ ვერამ ინგლისურიც არ იცოდა. ამიტომ მასწავლებლის ნათქვამს მას ფინურ ენაზე ვუხსნიდი. ვერა ტექნიკურ ტერმინებს უკეთესად იგებდა შვედურ ენაზე. ამიტომ მას ფრანგულ გრამატიკას შვედურ ენაზე ვუხსნიდი. მალე წარმატებებს მივაღწიეთ და ადგილობრივი ენის, მალაგასიურის, შესწავლაც დავიწყეთ.

მადაგასკარში პირველად ბიბლიის შესწავლა მამაკაცთან დავიწყე, რომელმაც მხოლოდ მალაგასიური ენა იცოდა. მალაგასიურ ბიბლიაში ფინური ბიბლიის დახმარებით ვეძებდით მუხლებს. რადგან ენა კარგად არ ვიცოდი, ვერ ვახერხებდი ბიბლიური მუხლების სათანადოდ განმარტებას. მიუხედავად ამისა, ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ მალე გაიდგა ფესვი მის გულში და მოინათლა.

1963 წელს მადაგასკარს ბრუკლინის მთავარი სამმართველოდან ძმა მილტონ ჰენშელი ესტუმრა. ცოტა ხნის შემდეგ აქ ფილიალი დაარსდა. გარდა იმისა, რომ სარაიონო და საოლქო ზედამხედველად ვმსახურობდი, ფილიალის კოორდინატორადაც დავინიშნე. მთელი ამ ხნის განმავლობაში იეჰოვამ უხვად გვაკურთხა. 1962 წლიდან 1970 წლამდე მადაგასკარში სამეფოს მაუწყებელთა რიცხვი 85-დან 469-მდე გაიზარდა.

1970 წლის ერთ დღეს, როცა მსახურებიდან დავბრუნდით, კართან უწყება დაგვხვდა; ყველა მისიონერს შინაგან საქმეთა სამინისტროში გვიბარებდნენ. იქ შევიტყვეთ, რომ მთავრობის ბრძანების თანახმად, დაუყოვნებლივ უნდა დაგვეტოვებინა მადაგასკარი. როდესაც ვიკითხე, განა ასეთი რა დავაშავე, დეპორტირებას რომ მიპირებდნენ, მითხრეს: „ბატონო კუოკანენ, თქვენ არაფერი დაგიშავებიათ!“

„უკვე რვა წელია, რაც აქ ვართ, — ვთქვი მე. — აქ არის ჩვენი სახლი. ასე უცბად ვერ დავტოვებთ აქაურობას“. ჩვენი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა; ყველა მისიონერს ქვეყანა ერთ კვირაში უნდა დაგვეტოვებინა. ფილიალი დაიხურა, სამქადაგებლო საქმიანობას კი ზედამხედველობას ერთი ადგილობრივი ძმა უწევდა. ვიდრე მადაგასკარში საყვარელ თანაქრისტიანებს დავშორდებოდით, ჩვენ უგანდაში დაგვნიშნეს.

კვლავ ახალი დავალება

მადაგასკარის დატოვებიდან რამდენიმე დღეში უგანდის დედაქალაქ კამპალაში ჩავედით. ჩვენ მალევე დავიწყეთ მათი ენის შესწავლა; ეს ლამაზი, მელოდიური ენა იყო, მაგრამ სასწავლად რთული. სხვა მისიონერების დახმარებით ვერამ ჯერ ინგლისური ისწავლა. შედეგად ნაყოფიერი მსახურება გვქონდა.

კამპალას ცხელი, ნესტიანი ჰავა ცუდად მოქმედებდა ვერას ჯანმრთელობაზე. ამიტომ ჩვენ უგანდის ერთ-ერთ ქალაქ მბარარაში დაგვნიშნეს, სადაც უფრო რბილი კლიმატია. ჩვენ იქ პირველი მოწმეები ვიყავით. მსახურების პირველივე დღე ნაყოფიერი იყო. როდესაც ერთ მამაკაცს ვესაუბრებოდი, სამზარეულოდან მისი ცოლი გამოვიდა, რომელსაც მარგარეტი ერქვა. მან მოგვისმინა. შედეგად ვერამ მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მარგარეტმა სულიერად წინ წაიწია, მოინათლა და სამეფოს გულმოდგინე მაუწყებელი გახდა.

სამოქალაქო ომი

უგანდაში 1971 წელს სამოქალაქო ომი დაიწყო. ერთ დღეს ბრძოლა მბარარაში ჩვენს სახლთან ახლოს გაიმართა. ეს ის შემთხვევა იყო, რომელიც დასაწყისში მოვიხსენიე.

ჯარისკაცებს რომ არ შევემჩიე, არხში დიდ ხანს მივხოხავდი, და როგორც იქნა სახლამდე მივაღწიე; ვერა უკვე სახლში იყო. ოთახის კუთხეში ლეიბებისა და ავეჯისგან „ციხე-სიმაგრე“ ავაგეთ. ერთი კვირა გარეთ არ გამოვსულვართ; ახალ ამბებს რადიოში ვუსმენდით. ზოგჯერ ტყვიები კედლებს ხვდებოდა, ჩვენ კი ამ დროს თავს „ციხე–სიმაგრეს“ ვაფარებდით. როცა ბნელდებოდა, შუქს არ ვანთებდით, ვითომ სახლში არავინ იყო. ერთხელ, ჯარისკაცები სახლს მოადგნენ და დაიყვირეს. ჩვენ ადგილიდან არ გავნძრეულვართ, იეჰოვას ჩუმად მივმართეთ ლოცვით. სროლა რომ შეწყდა, მეზობლები მოვიდნენ და მადლობა გადაგვიხადეს. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იეჰოვამ დაგვიცვა. ამაში არც ჩვენ გვეპარებოდა ეჭვი.

ერთ დილას რადიოში შევიტყვეთ, რომ უგანდის მთავრობამ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალა. დიქტორმა გამოაცხადა, რომ იეჰოვას ყველა მოწმე თავის ყოფილ რელიგიას უნდა დაბრუნებოდა. ვცდილობდი, მთავრობის წარმომადგენლებთან ამის მიზეზი გამერკვია, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ პრეზიდენტ იდი ამინის რეზიდენციაში მივედი და მასთან შეხვედრა მოვითხოვე. მდივანმა მითხრა, რომ პრეზიდენტი დაკავებული იყო. მე იქ ბევრჯერ მივედი, მაგრამ მასთან შეხვედრა ვერ შევძელი. საბოლოოდ, 1973 წლის ივლისში ჩვენ უგანდას დატოვება მოგვიწია.

ერთის ნაცვლად ათი წელი

უგანდელ ძმებთან განშორება ისეთივე რთული აღმოჩნდა, როგორც მადაგასკარელ ძმებთან. ჩვენ სენეგალში (აფრიკა) დაგვნიშნეს. იქ წასვლამდე ფინეთში გავემგზავრეთ, სადაც შევიტყვეთ, რომ სენეგალში წასვლის ნაცვლად ფინეთში უნდა დავრჩენილიყავით. ვფიქრობდით, რომ ჩვენი მისიონერული მსახურება დასრულდა. ფინეთში სპეციალურ პიონერებად ვმსახურობდით და შემდეგ კვლავ სარაიონო ზედამხედველად დამნიშნეს.

1990 წლისთვის მადაგასკარში წინააღმდეგობამ იკლო და, ჩვენდა გასაოცრად, იქ ერთი წლით მსახურება შემოგვთავაზეს. ჩვენ გვსურდა იქ წასვლა, მაგრამ ორი დიდი სირთულის წინაშე ვიდექით. ჩემს ხანში შესულ მამაზე უნდა გვეზრუნა, ვერას კი კვლავ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. 1990 წლის ნოემბერში მამა გარდაიცვალა, რამაც ძალიან დამამწუხრა. ჩვენ უკვე შეგვეძლო მისიონერად მსახურება, რადგან ვერაც უკეთესად გრძნობდა თავს. 1991 წლის სექტემბერში მადაგასკარში დავბრუნდით.

თუმცა მადაგასკარში ერთი წლით დაგვნიშნეს, იქ ათი წელი ვიმსახურეთ. ამ ხნის მანძილზე მაუწყებლების რიცხვი 4 000–დან 11 600–მდე გაიზარდა. მისიონერად მსახურება დიდ ბედნიერებას მანიჭებდა. თუმცა, ზოგჯერ გულგატეხილობა მეუფლებოდა, რადგან ვფიქრობდი, რომ ჩემი ძვირფასი მეუღლის ფიზიკურ და ემოციურ მოთხოვნილებებს სათანადოდ არ ვაკმაყოფილებდი. იეჰოვა ორივეს გვაძლევდა ძალებს, რომ მსახურება გაგვეგრძელებინა. 2001 წელს ფინეთის ფილიალში მიგვიწვიეს, სადაც დღემდე ვმსახურობთ. ჩვენ კვლავაც გულმოდგინედ ვუჭერთ მხარს სამეფოს ინტერესებს, აფრიკასთან კი თბილი მოგონებები გვაკავშირებს. მე და ვერას მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, სადაც არ უნდა დაგვნიშნონ, იეჰოვას ნება შევასრულოთ (ესაია 6:8).

[რუკა 12 გვერდზე]

(სრულად გაფორმებული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ფინეთი

ევროპა

[რუკა 14 გვერდზე]

(სრულად გაფორმებული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

აფრიკა

მადაგასკარი

[რუკა 15 გვერდზე]

(სრულად გაფორმებული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

აფრიკა

უგანდა

[სურათი 14 გვერდზე]

ქორწილის დღეს.

[სურათი 15 გვერდზე]

ფინეთში სარაიონო მსახურების დროს, 1960 წელი.

მადაგასკარში მისიონერული მსახურების დროს, 1962 წელი.

[სურათი 16 გვერდზე]

ვერასთან ერთად დღეს.