არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა დაგეხმარებათ ბიბლიის გაგებაში?

რა დაგეხმარებათ ბიბლიის გაგებაში?

რა დაგეხმარებათ ბიბლიის გაგებაში?

„ბრძენებსა და ჭკვიანებს დაუფარე ეს ყოველივე და ჩვილებს გაუმჟღავნე“ (ლუკა 10:21). ეს სიტყვები, რომლებიც იესომ თავისი ზეციერი მამისადმი აღვლენილი ლოცვისას წარმოთქვა, ცხადყოფს, რომ ბიბლიის გასაგებად სწორი განწყობა გვესაჭიროება. იეჰოვას სიბრძნე იმაში ვლინდება, რომ მხოლოდ თავმდაბალ და სწავლას მოწყურებულ ადამიანებს შეუძლიათ იმ წიგნის გაგება, რომლითაც მან კაცობრიობა უზრუნველყო.

თავმდაბლობის გამოვლენა ადვილი არ არის. ჩვენ ყველანი ბუნებით სიამაყისკენ ვართ მიდრეკილნი. გარდა ამისა, ვცხოვრობთ „ბოლო დღეებში“ ისეთ ადამიანთა გარემოცვაში, რომლებიც „საკუთარი თავის მოყვარულები. . . თავნებები, გაყოყოჩებულები“ არიან (2 ტიმოთე 3:1—4). სწორედ ასეთი თვისებები უშლის ადამიანს ხელს ღვთის სიტყვის გაგებაში. სამწუხაროდ, მეტ-ნაკლებად ყველა ჩვენგანი ექცევა გარშემომყოფთა გავლენაში. მაშ, როგორ შეგვიძლია ბიბლიის გასაგებად საჭირო თვისებების განვითარება?

განაწყვეთ გული და გონება

ეზრამ, რომელიც ძველად ღვთის ხალხის წინამძღოლი იყო, „გული განაწყო იეჰოვას კანონში რჩევის საძებნელად“ (ეზრა 7:1—10, აქ). როგორ შეგვიძლია განვაწყოთ ჩვენი გული? ჩვენ სწორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს წმინდა წერილებზე. პავლე მოციქულმა თანაქრისტიანებს მისწერა: „თქვენამდე როცა მოაღწია ღვთის სიტყვამ, რომელიც ჩვენგან მოისმინეთ, მიიღეთ იგი არა როგორც ადამიანის სიტყვა, არამედ როგორც სინამდვილეშია — როგორც ღვთის სიტყვა“ (1 თესალონიკელები 2:13). მართალია, ღმერთმა წმინდა წერილების დასაწერად ადამიანები გამოიყენა, მაგრამ მასში ჩაწერილი აზრები იეჰოვას ეკუთვნის. ამ მნიშვნელოვანი ფაქტის აღიარება დაგვეხმარება, მეტი გულისყურით მოვეკიდოთ წაკითხულს (2 ტიმოთე 3:16).

გული განსაწყობად დიდ დახმარებას გაგვიწევს ლოცვა. რამდენადაც ბიბლია ღვთის წმინდა სულით არის დაწერილი, მასში მოცემული ცნობა ამავე სულის მეშვეობით ხდება ჩვენთვის გასაგები. ამიტომ ლოცვაში ღმერთს წმინდა სული უნდა ვთხოვოთ. ყურადღება მიაქციეთ, ღვთის სიტყვის გაგების რამდენად დიდი სურვილი ჰქონდა ფსალმუნმომღერალს: „გამაგებინე და დავიცავ შენს რჯულს და შევინახავ მთელი გულით“ (ფსალმუნები 118:34). ჩვენ მხოლოდ იმაზე კი არ უნდა ვილოცოთ, რომ გონებით ჩავწვდეთ დაწერილს, არამედ იმაზეც, რომ გულით განვეწყოთ ბიბლიური ცნობის მისაღებად. ბიბლია რომ გავიგოთ, გულისყურით უნდა მოვეკიდოთ ჭეშმარიტებას.

როდესაც ცდილობთ, სწორი თვალსაზრისის განვითარებას, დაფიქრდით, რა მხრივ შეიძლება დაგეხმაროთ ბიბლია. ჩვენ არაერთი მიზეზი გვაქვს იმისა, თუ რატომ უნდა ვიკითხოთ ღვთის სიტყვა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ის არის, რომ ბიბლია ღმერთთან დაახლოებაში გვეხმარება (იაკობი 4:8). როცა ვკითხულობთ, როგორ მოქმედებს იეჰოვა სხვადასხვა სიტუაციაში, როგორ აფასებს თავის მოყვარულთ და როგორ ეპყრობა მათ, ვინც მას ტოვებს, ვხედავთ მის პიროვნებას. ბიბლიის კითხვისას ჩვენი მთავარი მიზანი ღვთის უკეთ გაცნობა და ამგვარად მასთან დაახლოება უნდა იყოს.

ხელისშემშლელი ფაქტორები

რას შეუძლია ხელი შეგვიშალოს ღვთის სიტყვის გაგებაში? ერთ-ერთი მიზეზი უადგილო ერთგულებაა. მაგალითად, თქვენ შესაძლოა იმ ადამიანის მრწამსსა და შეხედულებებს იზიარებდეთ, რომელსაც ავტორიტეტად მიიჩნევთ. მაგრამ, რის თქმა შეიძლება, თუ ეს ადამიანი სინამდვილეში არ აფასებს ღვთის სიტყვას და არ მიჰყვება მასში მოცემულ ჭეშმარიტებას? ასეთ დროს შეიძლება რთული აღმოჩნდეს იმის გაგება, რასაც ბიბლია სინამდვილეში ასწავლის. ამიტომ, ბიბლია გვირჩევს, დიდი ყურადღებით შევამოწმოთ ის, რაც უკვე ნასწავლი გვაქვს (1 თესალონიკელები 5:21).

იესოს დედა, მარიამი, ასეთი სირთულის წინაშე აღმოჩნდა. ის იუდეველთა ტრადიციის თანახმად აღიზარდა. მარიამი საგულდაგულოდ იცავდა მოსეს კანონს და უეჭველია, რომ სინაგოგაშიც დადიოდა. მოგვიანებით მან გააცნობიერა, რომ ის, რაც ღვთის თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით მშობლებისგან ისწავლა, აღარ იყო ღვთისთვის მისაღები. ამიტომ, მარიამმა მიიღო იესოს სწავლებები და პირველი ქრისტიანული კრების წევრი გახდა (საქმეები 1:13, 14). ამით მარიამს უპატივცემულობა არ გამოუვლენია არც მშობლებისადმი და არც ტრადიციებისადმი; პირიქით, ასეთი მოქმედებით მან დაამტკიცა, რომ ღმერთი უყვარდა. თუ გვინდა, რომ ბიბლიური ჭეშმარიტება გავიგოთ, მარიამის მსგავსად ღვთისადმი ერთგულება ყველასა და ყველაფერზე წინ უნდა დავაყენოთ.

სამწუხაროდ, ბევრი არ აფასებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას. ზოგს აკმაყოფილებს ცრუ თაყვანისმცემლობაზე დაფუძნებული რელიგია და ტრადიციები. სხვები კი ცხოვრების წესითა და თავიანთი საუბრებით უგულებელყოფენ ჭეშმარიტებას. ეს კი აჩვენებს, რომ ბიბლიური ჭეშმარიტების მისაღებად მსხვერპლის გაღებაა საჭირო: შესაძლოა მეგობრებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებსა და ოჯახის წევრებთანაც კი დაგვეძაბოს ურთიერთობა (იოანე 17:14). ერთმა ბრძენმა მამაკაცმა დაწერა: „იყიდე ჭეშმარიტება და ნუ გაყიდი მას“ (იგავები 23:23, აქ). თუ ძალიან აფასებთ ჭეშმარიტებას, იეჰოვა დაგეხმარებათ ბიბლიის გაგებაში.

სხვა ხელისშემშლელი მიზეზი ბიბლიის მიმართ გულგრილი დამოკიდებულებაა. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „თქვენ ნება გაქვთ მოცემული, გაიგოთ ზეციერი სამეფოს წმინდა საიდუმლოები, მათ კი არა აქვთ ამის ნება. რადგან გაუუხეშდა ამ ხალხს გული, ყურებით ესმით, მაგრამ ამაოდ“ (მათე 13:11, 15). მათგან უმრავლესობა, ვისაც იესომ უქადაგა, გულგრილად ეკიდებოდა მის ნათქვამს, მათ არ სურდათ ცვლილებების მოხდენა. რამდენად განსხვავდებიან ასეთი ადამიანები იესოს იგავში მოხსენიებული დიდვაჭრისგან! ძვირფასი მარგალიტის პოვნისთანავე ამ ვაჭარმა ყველაფერი გაყიდა, რაც კი ებადა. ჩვენ მსგავსად უნდა ვაფასებდეთ ბიბლიური ჭეშმარიტების გაგების შესაძლებლობას (მათე 13:45, 46).

მნიშვნელოვანია სწავლის სურვილი

ბიბლიის გასაგებად მნიშვნელოვანია, გვქონდეს სწავლის სურვილი. ზოგისთვის შეიძლება რთული იყოს ჭეშმარიტების მიღება მათგან, ვინც დაბალ სოციალურ ფენას ეკუთვნის. მაგრამ იესოს მოციქულები „უსწავლელი და უბრალო ადამიანები“ იყვნენ (საქმეები 4:13). პავლე მოციქულმა ახსნა ამის მიზეზი: „თქვენ ხედავთ, ძმებო, ვინა ხართ მოწოდებულნი: ბევრი არა ხართ ხორციელად ბრძენნი, ბევრი არა ხართ ძლიერნი და ბევრი არა ხართ დიდგვაროვანნი. ღმერთმა ქვეყნიერების უგუნურები ამოირჩია ბრძენთა შესარცხვენად და ქვეყნიერების სუსტები ამოირჩია ძლიერთა შესარცხვენად“ (1 კორინთელები 1:26, 27). თუ გიჭირთ თავმდაბლობის გამოვლენა და ბიბლიური ჭეშმარიტების მოსმენა იმ ადამიანისგან, ვინც დაბალ სოციალურ ფენას ეკუთვნის, გახსოვდეთ, რომ მას ღმერთი იყენებს თქვენ განსასწავლად. არაფერი შეედრება იმას, რომ დიდებული მოძღვრის, იეჰოვას, მიერ განისწავლო! (ესაია 30:20; 54:13).

სირიის მხედართმთავარს, ნაყამანს, გაუჭირდა უბრალო ადამიანისგან მითითებების მიღება. კეთრისგან რომ განკურნებულიყო, მან იეჰოვას წინასწარმეტყველს, ელისეს, მიმართა. თუმცა ნაყამანმა ღვთის მითითებები მსახურის მეშვეობით მიიღო. ამის გამო თავდაპირველად ნაყამანს გაუჭირდა ამ მითითებების თავმდაბლურად მიღება და მორჩილების გამოვლენა. მოგვიანებით ნაყამანმა შეიცვალა აზროვნება და განიკურნა (4 მეფეთა 5:9—14). ჩვენც შეიძლება მსგავს სირთულეს შევხვდეთ ბიბლიის შესწავლისას. შესაძლოა სულიერი და ზნეობრივი განკურნებისთვის ცხოვრების წესის შეცვლის აუცილებლობა დავინახოთ. გამოვავლენთ თავმდაბლობას და მივცემთ სხვებს იმის საშუალებას, რომ გვასწავლონ? ბიბლიის გაგება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც მზადაა სწავლისთვის.

ამ მხრივ შესანიშნავი მაგალითი მოგვცა ერთმა უფლებამოსილმა მამაკაცმა, რომელიც კანკადეს, ეთიოპთა დედოფლის დიდებული იყო. როდესაც ეს მამაკაცი თავისი ეტლით აფრიკაში ბრუნდებოდა, იესოს მოწაფე ფილიპე მის ეტლს გაედევნა. ფილიპემ დაინახა, რომ მამაკაცი კითხულობდა, და ჰკითხა, თუ ესმოდა წაკითხული. მის პასუხში დიდი თავმდაბლობა გამოჩნდა: „როგორ გავიგებ, თუ არავინ მასწავლა?“ მას შემდეგ, რაც ღვთის სიტყვიდან ცოდნა მიიღო, ის მოინათლა და „გახარებულმა განაგრძო გზა“ (საქმეები 8:27—39).

იეჰოვას მოწმეები, ძირითადად, უბრალო ადამიანები არიან. ყოველ კვირას ისინი 6 მილიონზე მეტ ადამიანთან ატარებენ ბიბლიის შესწავლას. ბიბლია ადამიანებს ცხოვრების საუკეთესო გზას სთავაზობს, ნამდვილ იმედს აძლევს და ღვთის გაცნობაში ეხმარება. მილიონობით ადამიანმა აღმოაჩინა, რომ ბიბლიის სწავლას და მასში ჩაწერილი აზრების გაგებას უსაზღვრო კმაყოფილება მოაქვს. ასეთი კმაყოფილება თქვენც შეგიძლიათ განიცადოთ.

[სურათი 7 გვერდზე]

ნაყამანს გაუჭირდა უბრალო მსახურისგან მითითებების მიღება.

[სურათი 7 გვერდზე]

ბიბლიაში ჩაწერილი აზრების გაგებას კმაყოფილება მოაქვს.