არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხელმძღვანელობის გაწევისას მიჰბაძეთ ქრისტეს

ხელმძღვანელობის გაწევისას მიჰბაძეთ ქრისტეს

ხელმძღვანელობის გაწევისას მიჰბაძეთ ქრისტეს

რამდენიმე წლის წინ ადამიანების ქცევასთან დაკავშირებით ჩატარებულმა ერთმა ექსპერიმენტმა საინტერესო რამ ცხადყო. ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანები ორ ჯგუფად დაყვეს. ერთი ჯგუფის წევრები მცველებად დანიშნეს და მათ მიანდეს მეთვალყურეობა მეორე ჯგუფზე, რომლებიც პატიმრებად გაამწესეს. როგორ განვითარდა მოვლენები?

როგორც აღინიშნა, „რამდენიმე დღეში [მცველთა] უმრავლესობა უხეშად ეპყრობოდა და ემუქრებოდა პატიმრებს, ხშირად სჯიდა მათ, ხოლო პატიმრები შეშინებულები და დათრგუნულები გახდნენ“. მკვლევარები შემდეგ დასკვნამდე მივიდნენ: თითქმის ყველა ადამიანი შეიძლება გაებას ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მახეში.

ძალაუფლების მართებულად და ბოროტად გამოყენება

ძალაუფლების მართებულად გამოყენებას, ცხადია, კარგი შედეგები მოაქვს. კარგი ხელმძღვანელი სწორ მიმართულებას აძლევს მის დაქვემდებარებაში მყოფთ, რაც მათ ფიზიკურ, ემოციურ და სულიერ კეთილდღეობას ემსახურება (იგავები 1:5; ესაია 48:17, 18). მაგრამ ზემოთ მოხსენიებული ექსპერიმენტი ცხადყოფს, რომ არსებობს ძალაუფლების არაგონივრულად გამოყენების საშიშროება. ბიბლია აღნიშნავს ამ საშიშროების არსებობის შესახებ და ამბობს: „უკეთურთა ბატონობისას კვნესის ხალხი“ (იგავები 29:2; ეკლესიასტე 8:9).

ძალაუფლების ბოროტად გამოყენება საზიანოა მაშინაც კი, თუ ეს კარგი აღძვრებით ხდება. მაგალითად, არც ისე დიდი ხნის წინ ირლანდიის ერთ-ერთმა რელიგიურმა სასწავლო ორდენმა სახალხოდ მოიბოდიშა იმის გამო, რომ ზოგი მასწავლებელი მოსწავლეებზე თავის ძალაუფლებას ბოროტად იყენებდა. ეჭვგარეშეა, ამ მასწავლებელთაგან მრავალს კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდა, მაგრამ ზოგიერთის მიერ ამ მიზნის მისაღწევად გამოყენებული მეთოდები ძალიან საზიანო აღმოჩნდა. ერთი გაზეთი იუწყებოდა, რომ „მრავალ ბავშვზე ამა თუ იმ სახით უარყოფითად იმოქმედა ზოგიერთი მასწავლებლის მხრიდან უკიდურესი ძალადობისა და სიუხეშის გამოვლენამ“ (The Irish Times). მაშ, როგორ შეგიძლიათ ძალაუფლების ისე გამოყენება, რომ ამან საუკეთესო ნაყოფი გამოიღოს და სიტყვითა თუ საქმით სხვები არ ჩამოიშოროთ ან არ გაანაწყენოთ? (იგავები 12:18).

„მთელი ძალაუფლება“ იესო ქრისტეს მიეცა

განვიხილოთ იესო ქრისტეს მაგალითი. ზეცაში ასვლამდე მან თავის მოწაფეებს უთხრა: „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული“ (მათე 28:18). შეშინდნენ ამ სიტყვების მოსმენაზე იესოს მოწაფეები? იფიქრეს, რომ იესო მათ რომის კეისართა მსგავსად მოექცეოდა, რომლებიც ნებისმიერ უკმაყოფილებასა თუ პროტესტს ძალის გამოყენებით ახშობდნენ?

ამ კითხვებზე ბიბლიის პასუხი უარყოფითია! იესო ძალაუფლებას თავისი მამის მსგავსად იყენებს. იეჰოვა სამყაროს უზენაესი ყოვლისშემძლე შემოქმედია, მაგრამ მას სურს, რომ სხვები ხალისით, გულით ემორჩილებოდნენ და არა მექანიკურად, მონურად ან შიშით (მათე 22:37). იეჰოვა ბოროტად არასოდეს იყენებს თავის ძალაუფლებას. ამას ცხადყოფს წინასწარმეტყველ ეზეკიელის ხილვა.

ამ ხილვაში ეზეკიელმა ნახა ოთხი ქმნილება, რომლებიც იეჰოვას უზენაესობას უჭერდნენ მხარს. თითოეულ ქმნილებას ოთხი სახე აქვს. ეზეკიელი წერს: „შესახედაობა მათი სახისა: სახე ადამიანისა და სახე ლომისა ოთხივეს ჰქონდათ მარჯვნივ და სახე ხარისა — ოთხივეს მარცხნივ, და სახე არწივისა ჰქონდა ოთხივეს“ (ეზეკიელი 1:10). ამ ოთხი სახით წარმოდგენილია ღვთის ოთხი ძირითადი თვისება, რომლებიც სრულყოფილად არის გაწონასწორებული. ბიბლიიდან ვხედავთ, რომ ეს თვისებებია: სიყვარული, რომელიც ადამიანის სახით არის წარმოდგენილი; სამართლიანობა, რომელიც ლომის სახით არის წარმოდგენილი და სიბრძნე, რომელიც არწივის სახით არის წარმოდგენილი. ეს სამი თვისება მოქმედებს მეოთხესთან — ძალასთან — ერთად, რომელიც ხარის სახით არის წარმოდგენილი. რას ნიშნავს ყოველივე ეს? ხილვა ცხადყოფს, რომ იეჰოვა არასოდეს ავლენს თავის უსაზღვრო ძალასა და ძალაუფლებას სხვა ძირითადი თვისებების გარეშე.

იესო ქრისტე ჰბაძავს თავის მამას და ძალაუფლებას ყოველთვის სამართლიანად, სიყვარულითა და სიბრძნით იყენებს. მოწაფეებისთვის გამომაცოცხლებელი იყო იესოს ხელმძღვანელობით მსახურება (მათე 11:28—30). იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტესთვის დამახასიათებელი გამორჩეული თვისება არის სიყვარული და არა ძალა ან ძალაუფლება (1 კორინთელები 13:13; 1 იოანე 4:8).

თქვენ როგორ ავლენთ ძალაუფლებას?

რის თქმა შეიძლება თქვენზე ამ საკითხთან დაკავშირებით? მაგალითად, ოჯახში ძალაუფლებას იმისათვის ხომ არ იყენებთ, რომ ოჯახის წევრებს თავს მოახვიოთ ის, რასაც თქვენ ანიჭებთ უპირატესობას? ოჯახის წევრები თქვენს გადაწყვეტილებებს თქვენდამი შიშის გამო უჭერენ მხარს თუ სიყვარულის გამო? მეტი ძალაუფლება რომ გაქვთ, იმიტომ ხომ არ გემორჩილებიან? კარგია, თუ ოჯახისთავი დაფიქრდება ამ კითხვებზე. ეს მას ოჯახის ღვთისმოსაწონად გაძღოლაში დაეხმარება (1 კორინთელები 11:3).

რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაზე, თუ ქრისტიანულ კრებაში გაქვთ გარკვეული ძალაუფლება? იმისათვის, რომ განსაზღვროთ, მართებულად ართმევთ თუ არა თავს ამ მოვალეობას, თქვენი მოქმედება შეადარეთ იეჰოვა ღმერთის მიერ შთაგონებულ ქვემოთ მოყვანილ პრინციპებს და იესო ქრისტეს მიერ დატოვებულ მაგალითს.

„უფლის მონა . . . ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს . . . თავშეკავებული იყოს, როცა ბოროტებას ხვდება; რბილად მიუდგეს უარყოფითად განწყობილებს“ (2 ტიმოთე 2:24, 25).

პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში ზოგს დიდი ძალაუფლება ჰქონდა მიცემული. მაგალითად, ტიმოთეს შეეძლო ‘ებრძანა’ კიდეც ‘ზოგიერთისთვის, რომ განსხვავებული არაფერი ესწავლებინათ’ (1 ტიმოთე 1:3). თუმცა ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ტიმოთე ყველაფერში ღვთისმოსაწონ თვისებებს ავლენდა, რადგან მოქმედებდა პავლეს რჩევის თანახმად, რბილად დაერიგებინა ყველა და კრებაში, რომლის ზედამხედველადაც იყო დანიშნული, ‘ყველასთან თავაზიანი ყოფილიყო’. ტიმოთე შედარებით ახალგაზრდა იყო, ამიტომ ის პატივისმცემელი შვილივით უნდა მოპყრობოდა უფროსებს და მზრუნველ ძმასავით — უმცროსებს (1 ტიმოთე 5:1, 2). ქრისტიანული კრება, რომელსაც ასეთი მზრუნველი ხელმძღვანელები ჰყავს, ჰგავს მოსიყვარულე ოჯახს, რომელშიც სითბო და სიმყუდროვეა დასადგურებული და განსხვავდება სავაჭრო–სამრეწველო გაერთიანებისგან, რომელშიც ცივი ატმოსფეროა გამეფებული (1 კორინთელები 4:14; 1 თესალონიკელები 2:7, 8).

„ხალხთა მმართველნი ბატონობენ მათზე და დიდებულთა ძალაუფლებაში არიან ისინი. თქვენ შორის კი ასე არ უნდა იყოს. პირიქით, ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის დიდი იყოს, თქვენი მსახური იყოს“ (მათე 20:25, 26).

ქვეყნიერებაში ტირანები „ბატონობენ“, რათა სხვები თავიანთი ნებისამებრ ატარონ და მოითხოვენ, რომ ყველაფერი მათი სურვილის მიხედვით აკეთონ, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი დასჯით იმუქრებიან. მაგრამ იესო ქრისტემ ხაზი გაუსვა სხვებისთვის მომსახურებას და არა მათზე ზეწოლის მოხდენას (მათე 20:27, 28). ის თავისი მოწაფეებისთვის ყოველთვის მოსიყვარულე და მზრუნველი მოძღვარი იყო. თუ იესოს მაგალითს მიჰბაძავთ, სხვებისთვის ბევრად ადვილი იქნება თქვენთან თანამშრომლობა (ებრაელები 13:7, 17). თქვენი მხრიდან ამგვარად მოქმედება სხვებს იმასაც გაუადვილებს, რომ, თუ შეუძლიათ, ‘ორ კილომეტრზეც გაგყვნენ’ (მათე 5:41).

„მწყემსეთ თქვენთვის მობარებული ღვთის სამწყსო, ოღონდ . . . ნუ იბატონებთ მათზე, ვინც ღვთის საკუთრებაა, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსთვის“ (1 პეტრე 5:2, 3).

ზედამხედველებს ესმით, რომ ღვთის წინაშე ვალდებულნი არიან, იზრუნონ კრების თითოეული წევრის სულიერ კეთილდღეობაზე. ისინი ამ პასუხისმგებლობას სერიოზულად ეკიდებიან. ზედამხედველები ცდილობენ, რომ ღვთის სამწყსო ხალისით, მთელი გულით და სიყვარულით მწყემსონ. მოციქულ პავლეს მსგავსად, ისინი ძალ–ღონეს არ იშურებენ სამწყსოს რწმენის აღსაშენებლად და განსამტკიცებლად და ამ დროს მათ რწმენაზე არ ბატონობენ (2 კორინთელები 1:24).

როდესაც სათანადო რჩევის მიცემაა საჭირო, უხუცესები თანაქრისტიანს, რომელმაც მცდარი ნაბიჯი გადადგა, რბილად უდგებიან და ეხმარებიან გამოსწორებაში ან სულიერი წინსვლის გაკეთებაში. ამ დროს მათ ახსოვთ პავლე მოციქულის შეხსენება: „ძმებო, თუ კაცი შეუგნებლად მცდარ ნაბიჯს გადადგამს, თქვენ, ვინც სულიერად გამოცდილები ხართ, შეეცადეთ, მას რბილად მიუდგეთ და გამოასწოროთ. ამავე დროს, საკუთარ თავსაც დაუკვირდით, რათა თავადაც არ ცდუნდეთ“ (გალატელები 6:1; ებრაელები 6:1, 9—12).

„მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს . . . შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლოსელები 3:13, 14).

როგორ ეპყრობით მათ, ვინც სრულყოფილად ვერ იქცევა ქრისტიანული ნორმების შესაბამისად? იღებთ მხედველობაში ადამიანთა არასრულყოფილებას, როგორც ამას იეჰოვა და იესო ქრისტე აკეთებენ? (ესაია 42:2—4). თუ ნებისმიერ შემთხვევაში მკაცრად ითხოვთ ყველა წვრილმანის შესრულებას? (ფსალმუნები 129:3). გახსოვდეთ, რომ სადაც შესაძლებელია, მართებულია რბილი ხასიათის გამოვლენა, სიმტკიცის კი — მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია. სიყვარულით მოქმედება დაგეხმარებათ თქვენსა და იმ ადამიანებს შორის ურთიერთნდობის განმტკიცებაში, რომლებსაც ხელმძღვანელობას უწევთ.

თუ რაიმე ძალაუფლება გაქვთ მიცემული, ძალ-ღონეს ნუ დაიშურებთ, რომ მისი გამოყენებისას იეჰოვა ღმერთსა და იესო ქრისტეს მიჰბაძოთ. გაიხსენეთ, რა ლამაზად აღწერდა ფსალმუნმომღერალი იმას, თუ როგორ ხელმძღვანელობს იეჰოვა თავის ხალხს. დავითი მღეროდა: „უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკლდება. ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება მე. სულს დამიწყნარებს, სიმართლის კვალზე დამაყენებს თავისი სახელის გულისთვის“. მსგავს სიტყვებს ვკითხულობთ იესოს შესახებაც: „მე კარგი მწყემსი ვარ. მე ვიცნობ ჩემს ცხვარს, ჩემი ცხვარი კი მიცნობს მე, როგორც მამა მიცნობს მე და მე ვიცნობ მამას; მე ჩემს სულს ვწირავ ცხვრისთვის“. ხელმძღვანელობის სიყვარულით გამოვლენის რა შესანიშნავი მაგალითებია! (ფსალმუნები 22:1—3; იოანე 10:14, 15).

[ჩანართი 18 გვერდზე]

იეჰოვა ძალას ყოველთვის სამართლიანად, სიბრძნითა და სიყვარულით იყენებს.

[სურათი 18 გვერდზე]

ზოგჯერ უხუცესებმა სიყვარულით უნდა მისცენ რჩევა თანაქრისტიანს, რომელმაც მცდარი ნაბიჯი გადადგა.

[სურათი 19 გვერდზე]

პავლემ ტიმოთეს ურჩია, პატივისმცემელი შვილივით და მზრუნველ ძმასავით მოქცეულიყო.

[სურათი 20 გვერდზე]

იესო ქრისტე ძალაუფლებას გონივრულად, სამართლიანად და სიყვარულით ავლენს.