არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაქვთ სიტყვაში სითამამე?

გაქვთ სიტყვაში სითამამე?

გაქვთ სიტყვაში სითამამე?

ორას ოცდათხუთმეტ ქვეყანაში 6 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს ის, რასაც ბიბლია სიტყვაში სითამამეს უწოდებს (ფილიპელები 1:20; 1 ტიმოთე 3:13; ებრაელები 3:6; 1 იოანე 3:21). რას ნიშნავს სიტყვაში სითამამე? რა გვეხმარება მის შეძენაში? როდის შეგვიძლია ამ თავისუფლების გამოყენება, რათა დაუბრკოლებლად ვთქვათ სათქმელი?

„ძველი და ახალი აღთქმის სიტყვების ვაინის განმარტებითი ლექსიკონის“ თანახმად, სიტყვაში სითამამედ ნათარგმნი ბერძნული გამოთქმა ნიშნავს „აზრის თავისუფლად გამოხატვას, დაუბრკოლებლად ლაპარაკს . . . უშიშრად საუბარს; გულდაჯერებულობას, მხნეობას, გაბედულებას ისე რომ, ეს გამოთქმა შეიძლება ყოველთვის არ უკავშირდებოდეს ლაპარაკს“. მაგრამ თავისუფლად ლაპარაკი არ უნდა ავურიოთ უზრდელად, დაუფიქრებლად ლაპარაკში. „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს“, — ნათქვამია ბიბლიაში (კოლოსელები 4:6). სიტყვაში სითამამე მოიცავს ტაქტიანობის შენარჩუნებას მაშინაც კი, როდესაც არასასიამოვნო მდგომარეობის ან ადამიანებისადმი შიშის გამო საუბარს არ ვწყვეტთ.

არის სიტყვაში სითამამე თანდაყოლილი თვისება? ვნახოთ, რას წერდა მოციქული პავლე ეფესოელ ქრისტიანებს: „ჩემ მიმართ, ყველა წმინდაზე უმცირესის მიმართ, იქნა ეს წყალობა გამოვლენილი, რათა უცხოტომელებისთვის სასიხარულო ცნობა მეუწყებინა ქრისტეს განუზომელი სიმდიდრის შესახებ“. პავლემ დასძინა, რომ იესო ქრისტეს მეშვეობით „გვაქვს ეს სითამამე სიტყვაში და ნდობით მისასვლელი მისდამი რწმენით“ (ეფესოელები 3:8—12). სიტყვაში სითამამე მომდინარეობს იეჰოვა ღმერთთან ურთიერთობიდან, რომელიც იესო ქრისტესადმი რწმენაზეა დაფუძნებული. ვნახოთ, რა დაგვეხმარება ამ სითამამის შეძენაში და როგორ შეგვიძლია მისი გამოვლენა ქადაგების, სწავლებისა და ლოცვის დროს.

რა გვეხმარება გაბედულად ქადაგებაში?

იესო ქრისტე არის სიტყვაში სითამამის უდიდესი მაგალითი. მას გულმოდგინება აღძრავდა, ქადაგების ნებისმიერი შესაძლებლობა გამოეყენებინა. დასვენებისას, ვინმეს სახლში სადილობისას თუ გზაზე სიარულისას ის არასოდეს უშვებდა ხელიდან ღვთის სამეფოს შესახებ ლაპარაკის შესაძლებლობას. იესოს არც დაცინვა და არც წინააღმდეგობა აჩუმებდა. პირიქით, ის გაბედულად ამხელდა ცრურელიგიურ წინამძღოლებს (მათე 23:13—36). იესო უშიშრად ლაპარაკობდა მაშინაც კი, როდესაც დააპატიმრეს და სასამართლოს წინაშე წარადგინეს (იოანე 18:6, 19, 20, 37).

იესოს მოციქულებმა იგივე სითამამე შეიძინეს. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრე თამამად ელაპარაკა 3 000–ზე მეტ ადამიანს. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე ის შეშინდა, როდესაც მოსამსახურე გოგომ იცნო (მარკოზი 14:66—71; საქმეები 2:14, 29, 41). შემდეგ, როდესაც პეტრე და იოანე რელიგიურ წინამძღოლებთან მიიყვანეს, ისინი არ შეშინებულან. ისინი უყოყმანოდ, გაბედულად ქადაგებდნენ მკვდრეთით აღდგენილი იესო ქრისტეს შესახებ. სწორედ სიტყვაში სითამამის შედეგად მიხვდნენ რელიგიური წინამძღოლები, რომ პეტრე და იოანე იესოს მიმდევრები იყვნენ (საქმეები 4:5—13). რამ შეაძლებინა მათ ასე გაბედულად ლაპარაკი?

იესომ თავის მოციქულებს აღუთქვა: „როცა გადაგცემენ, ნუ შეგაწუხებთ იმაზე ფიქრი, რა თქვათ ან როგორ თქვათ, რადგან მაშინ მოგეცემათ ის, რაც უნდა თქვათ. თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენი მეშვეობით“ (მათე 10:19, 20). პეტრესა და სხვებს წმინდა სული დაეხმარა ნებისმიერი გაუბედაობისა თუ შიშის დაძლევაში, რათა თავისუფლად ელაპარაკათ. ეს ძლიერი ძალა ჩვენც მსგავსად გვეხმარება.

იესომ თავის მიმდევრებს მოწაფეების მომზადება დაავალა. ეს მართებული იყო, რადგან იესოს მიეცა „მთელი ძალაუფლება ზეცაში თუ დედამიწაზე“; და ის მართლაც ‘მათთან არის’ (მათე 28:18—20). პირველი საუკუნის მოწაფეებმა იცოდნენ, რომ იესო უჭერდა მათ მხარს, რის შედეგადაც ისინი გულდაჯერებულნი იყვნენ ხელისუფალთა წინაშე წარდგომისას, რომელთაც მათი ქადაგებისთვის ხელის შეშლა ჰქონდათ გადაწყვეტილი (საქმეები 4:18—20; 5:28, 29). მსგავსად დაგვეხმარება ჩვენც იმის ცოდნა, რომ იესო მხარს გვიჭერს.

პავლე მიუთითებდა სიტყვაში სითამამის კიდევ ერთ მიზეზზე და ‘დიდი სითამამით ლაპარაკი’ იმედთან დააკავშირა (2 კორინთელები 3:12; ფილიპელები 1:20). იმედის შესახებ ცნობა იმდენად კარგი იყო, რომ ქრისტიანები ამას მხოლოდ თავისთვის ვერ დაიტოვებდნენ, არამედ სხვებისთვისაც უნდა გაეზიარებინათ. მართლაც, იმედი სიტყვაში სითამამის საფუძველს გვაძლევს (ებრაელები 3:6).

გაბედულად ქადაგება

როგორ შეგვიძლია გაბედულად ქადაგება მაშინაც კი, როდესაც მდგომარეობა საშიში ჩანს? განვიხილოთ პავლე მოციქულის მაგალითი. რომში პატიმრობაში მყოფმა პავლემ თანამორწმუნეებს სთხოვა, ელოცათ, რათა ‘მისცემოდა ლაპარაკის შესაძლებლობა, რომ თამამად გაეხსნა ბაგე და გაბედულად ელაპარაკა, როგორც მართებდა კიდეც’ (ეფესოელები 6:19, 20). უპასუხოდ დარჩა ეს ლოცვები? არა! პატიმრობაში მყოფი პავლე განაგრძობდა ‘ღვთის სამეფოზე ქადაგებას სიტყვაში უდიდესი სითამამით, შეუფერხებლად’ (საქმეები 28:30, 31).

სამსახურში, სკოლაში თუ მგზავრობისას ქადაგების შესაძლებლობის გამოყენება შეიძლება სიტყვაში ჩვენი სითამამის გამოცდა იყოს. მორცხვობამ, სხვების უარყოფითი რეაქციის შიშმა ან საკუთარ უნარში დაჯერებულობის ნაკლებობამ შეიძლება ლაპარაკისგან თავი შეგვაკავებინოს. მოციქულმა პავლემ ამაშიც კარგი მაგალითი მოგვცა. ის წერდა: „ჩვენი ღვთის დახმარებით გამბედაობა მოვიკრიბეთ, რომ გვეუწყებინა თქვენთვის ღვთის სასიხარულო ცნობა, რისთვისაც დიდი ბრძოლა დაგვჭირდა“ (1 თესალონიკელები 2:2). მხოლოდ იეჰოვაზე მინდობამ შეაძლებინა პავლეს იმის გაკეთება, რასაც საკუთარი ძალებით ვერ გააკეთებდა.

ლოცვა დაეხმარა შერის, გამბედაობა მოეკრიბა და არაფორმალური დამოწმების შესაძლებლობა გამოეყენებინა. ერთხელ, როდესაც ქმარს ელოდებოდა, შენიშნა, რომ მის გვერდით ვიღაც ქალიც იცდიდა. შერი ყვება: „სუნთქვაშეკრულმა იეჰოვას ლოცვით მივმართე და გამბედაობა ვთხოვე“. როდესაც შერი ქალთან მივიდა, ერთი ბაპტისტი პრესვიტერიც მიუახლოვდა მათ. შერი არ მოელოდა ამას. მაგრამ მან ისევ ილოცა და შეძლო ქადაგება. შერიმ ქალს პუბლიკაცია დაუტოვა და განმეორებით მონახულებაზეც შეუთანხმდა. როდესაც ქადაგების შესაძლებლობას ხელიდან არ ვუშვებთ, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვაზე მინდობა გაბედულად ლაპარაკში დაგვეხმარება.

სწავლებისას

სიტყვაში სითამამე მჭიდროდ არის დაკავშირებული სწავლებასთან. იმ მამაკაცებზე „ვინც კარგად მსახურობს“ კრებაში, ბიბლიაში ნათქვამია: ‘[ისინი] კარგ სახელს და სიტყვაში დიდ სითამამეს იძენენ რწმენაში, რომელიც ქრისტე იესოშია’ (1 ტიმოთე 3:13). ეს მამაკაცები სიტყვაში სითამამეს იმით იძენენ, რომ თავად იყენებენ იმას, რასაც სხვებს ასწავლიან. მათი ამგვარად მოქმედება კრებას იცავს და აძლიერებს.

როცა სიტყვაში ამგვარი სითამამე გვაქვს, ჩვენი რჩევაც უფრო ეფექტურია და სხვებიც მეტად ითვალისწინებენ მას. როდესაც მსმენელი ხედავს, რომ ვიყენებთ იმას, რასაც ვასწავლით, თავადაც აღძრულია, შესაბამისად მოიქცეს, ნაცვლად იმისა, რომ ცუდი მაგალითის გამო დაბნეულობაში ჩავარდეს. სიტყვაში ასეთი სითამამე სულიერად გამოცდილ ადამიანს საშუალებას აძლევს, ‘გამოასწოროს ძმა’ მანამ, სანამ პრობლემა უფრო დიდი გახდება (გალატელები 6:1). ის ადამიანი კი, რომელიც კარგ მაგალითს არ იძლევა, თავს იკავებს რჩევის მიცემისგან, რადგან გრძნობს, რომ ამის უფლება არა აქვს. ხოლო საჭირო რჩევის მიცემის დაყოვნებამ შეიძლება სავალალო შედეგები გამოიღოს.

სიტყვაში სითამამე იმას არ ნიშნავს, რომ კრიტიკულები, დოგმატურები ან მეტისმეტად თავდაჯერებულები ვიყოთ. პავლემ ფილიმონი ‘სიყვარულით შეაგონა’ (ფილიმონი 8, 9). როგორც ჩანს, მოციქულის სიტყვებმა სათანადო ნაყოფი გამოიღო. მართლაც, ნებისმიერი რჩევა, უხუცესმა სიყვარულით უნდა მისცეს თანაქრისტიანს!

სიტყვაში სითამამე ნამდვილად მნიშვნელოვანია რჩევის მიცემისას. ის მნიშვნელოვანია სხვა დროსაც. პავლემ კორინთის კრებას მისწერა: „თქვენთან დიდი სითამამით ვლაპარაკობ. ბევრს ვამაყობ თქვენით“ (2 კორინთელები 7:4). პავლე, როდესაც მართებული იყო, თავისუფლად აქებდა ძმებსა და დებს. სიყვარული აღძრავდა მას ყურადღება თანამორწმუნეთა დადებით თვისებებზე გაემახვილებინა, თუმცა მათი სისუსტეებიც იცოდა. დღეს ქრისტიანული კრებაც მსგავსად მხნევდება, როდესაც უხუცესები აქებენ და–ძმებს.

სწავლებაში ეფექტურები რომ ვიყოთ, თითოეულ ქრისტიანს გვჭირდება სიტყვაში სითამამე. ზემოთ მოხსენიებულ შერის სურდა, რომ წაეხალისებინა შვილები, სკოლაში ექადაგათ. „თუმცა ჭეშმარიტებაში გავიზარდე, — აღიარებს ის, — სკოლაში იშვიათად ვქადაგებდი. მე დღესაც იშვიათად ვქადაგებ არაფორმალურად. საკუთარ თავს დავუსვი კითხვა: რა მაგალითს ვაძლევ შვილებს?“ ამან შერი აღძრა, არაფორმალურად დამოწმებისთვის დიდი ძალისხმევა მოეხმარებინა.

სხვები ხედავენ ჩვენს საქციელს და ამჩნევენ, ვიყენებთ თუ არა ცხოვრებაში იმას, რასაც ვასწავლით. მოდი ვეცადოთ, რომ ჩვენი საქმეები ჩვენს სიტყვებს შეესაბამებოდეს და ამგვარად შევიძინოთ სიტყვაში სითამამე.

ლოცვაში

სიტყვაში სითამამე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ლოცვით მივმართავთ იეჰოვას. შეგვიძლია უყოყმანოდ გადავუშალოთ გული იეჰოვას და დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ის ისმენს ჩვენს ლოცვებს და გვპასუხობს მათზე. ამგვარად თბილი, ახლო ურთიერთობა გვექნება ჩვენს ზეციერ მამასთან. არასოდეს შევიკავოთ თავი იეჰოვასადმი ლოცვისგან იმიტომ, რომ საკუთარ თავს ძალიან უმნიშვნელოდ მივიჩნევთ. რა შეიძლება ითქვას, თუ რაიმე შეცდომის ან ცოდვის გამო დანაშაულის გრძნობა ხელს გვიშლის იეჰოვასთვის გულის გადაშლაში? შეგვიძლია მაინც თავისუფლად მივმართოთ ლოცვით სამყაროს უზენაესს?

იესოს განდიდებული მდგომარეობა, მღვდელმთავრობა, გვაძლევს დამატებით საფუძველს, რომ გულდაჯერებით ვილოცოთ. ებრაელების 4:15, 16–ში ვკითხულობთ: „ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს სისუსტეებში, არამედ ვინც ჩვენსავით გამოიცადა ყველაფერში, ოღონდ უცოდველი იყო. ამიტომ, სიტყვაში სითამამით მივუახლოვდეთ წყალობის ტახტს, რათა მივიღოთ გულმოწყალება და წყალობა ვპოვოთ დროული დახმარებისთვის“. აი, ამდენად ძვირფასია იესოს მიერ გაღებული მსხვერპლი და მისი მღვდელმთავრობა.

თუ მთელი გულით ვცდილობთ, დავემორჩილოთ იეჰოვას, საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, მოველოდეთ, რომ ის მოგვისმენს. მოციქული იოანე წერდა: „საყვარელნო, თუ ჩვენი გული არ გვდებს მსჯავრს, თამამად ვილაპარაკებთ ღვთის წინაშე და რასაც კი ვთხოვთ, ვიღებთ მისგან, რადგან ვიცავთ მის მცნებებს და ვაკეთებთ იმას, რაც მოსაწონია მის თვალში“ (1 იოანე 3:21, 22).

იეჰოვასთვის თავისუფლად მიმართვა ნიშნავს, რომ შეგვიძლია ყველაფერი ვუთხრათ მას. გვეშინია, ვღელავთ, ვწუხვართ თუ გვიჭირს, შეგვიძლია იეჰოვას მოვუთხროთ ამის შესახებ და დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ის ყურს არ აარიდებს ჩვენს გულწრფელ ლოცვებს. მაშინაც კი, როდესაც მძიმე ცოდვა გვაქვს ჩადენილი, თუ მთელი გულით ვინანიებთ, მაინც შეგვიძლია ღმერთს ლოცვით მივმართოთ.

დაუმსახურებელი ძღვენი — სიტყვაში სითამამე — ნამდვილად ძვირფასია. მისი საშუალებით შეგვიძლია განვადიდოთ ღმერთი ქადაგებისა თუ სწავლების დროს და უფრო და უფრო დავუახლოვდეთ მას ლოცვით. მოდი ‘ნუ შევწყვეტთ თამამად ლაპარაკს, რასაც დიდი ჯილდო’ — მარადიული სიცოცხლე — მოაქვს (ებრაელები 10:35).

[სურათი 13 გვერდზე]

მოციქული პავლე გაბედულად ლაპარაკობდა.

[სურათი 15 გვერდზე]

ეფექტურად სწავლებისთვის სიტყვაში სითამამეა საჭირო.

[სურათი 16 გვერდზე]

ლოცვისთვის სიტყვაში სითამამე მნიშვნელოვანია.