თავგამოდებული ბრძოლა ბიბლიისთვის
თავგამოდებული ბრძოლა ბიბლიისთვის
მან პატივაყრილმა და სახელგატეხილმა დალია სული აღმოსავლეთ ციმბირის გაყინულ სტეპში. ცოტას თუ ახსოვდა, რომ მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამოძმე ბერძენთა სულიერი განათლების საქმეში. ამ უარყოფილი კაცის სახელი სერაფიმი იყო. მისი ასეთი სიკვდილის მიზეზი ბიბლიისთვის თავგამოდებული ბრძოლა გახდა.
სერაფიმი იმ დროს ცხოვრობდა, როდესაც საბერძნეთი ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო. საბერძნეთის მართლმადიდებელი რელიგიის პროფესორის გიორგი მეტალინოსის სიტყვების თანახმად, იმ პერიოდში „ცოტა თუ იყო ნორმალური სკოლა“ და „ხალხის უმრავლესობა ნაკლებად განათლებული იყო“; განათლების დონე სასულიერო პირთა შორისაც კი დაბალი იყო.
არსებობდა უზარმაზარი განსხვავება კოინესა (საერთო) და იმდროინდელ ბერძნულს შორის, რომელსაც მრავალი დიალექტი ჰქონდა. ამ ენებს შორის არსებული უფსკრული იმდენად გაიზარდა, რომ კოინე, რომელზეც ქრისტიანულ-ბერძნული წერილები არსებობდა, უკვე გაუგებარი იყო უსწავლელი ადამიანებისთვის. ამ საკითხის განხილვის დროს ეკლესიამ არჩია, გაუგებარი კოინე ბერძნულისთვის დაეჭირა მხარი.
ასეთ გარემოში, 1670 წელს, კუნძულ ლესბოსზე (საბერძნეთი) კარგად ცნობილ ოჯახში დაიბადა სტეფანოს იოანის პოგონატოსი. კუნძულზე სიღარიბე და გაუნათლებლობა იყო გამეფებული. სკოლების სიმწირის გამო სტეფანოსმა დაწყებითი განათლება ადგილობრივ მონასტერში მიიღო. ის ბავშვობაშივე დანიშნეს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დიაკვნად და სახელად სერაფიმი უწოდეს.
დაახლოებით 1693 წელს ცოდნის წყურვილმა სერაფიმი კონსტანტინოპოლში (დღევანდელი სტამბოლი, თურქეთი) ჩაიყვანა. დროთა განმავლობაში თავისი უნარით მან გამოჩენილ ბერძენთა პატივისცემა მოიპოვა. მალე საბერძნეთის საიდუმლო ეროვნულმა მოძრაობამ ის თავის წარმომადგენლად გაგზავნა რუსეთში მეფე პეტრე პირველთან. მოსკოვში მოგზაურობისას სერაფიმს გზად ევროპის დიდი ნაწილის გავლა მოუწია, სადაც რელიგიური და საგანმანათლებლო რეფორმების მოწმე გახდა. 1698 წელს სერაფიმი ინგლისში გაემგზავრა, სადაც ლონდონსა და ოქსფორდში გავლენიანი ხალხი გაიცნო. ის წარადგინეს კენტერბერის არქიეპისკოპოსის, ანგლიკანური ეკლესიის წინამძღოლის წინაშე; ეს ნაცნობობა მალე მას ძალიან გამოადგა.
ბიბლიის გამოცემა
ინგლისში ყოფნისას სერაფიმი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბერძნებისთვის უკიდურესად აუცილებელი იყო ახალი აღთქმის (ქრისტიანულ-ბერძნული წერილების) ახალი, ადვილად გასაგები თარგმანი. სერაფიმმა მუშაობა დაიწყო ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ ბერ მაქსიმეს მიერ გაკეთებულ თარგმანზე, რათა ახალი, უშეცდომო და ადვილად გასაგები თარგმანი გამოეცა. ის დიდი ენთუზიაზმით შეუდგა მუშაობას, მაგრამ მალე სახსრები გამოელია. საქმეს იმან უშველა, რომ კენტერბერის არქიეპისკოპოსი მას ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა. ასეთი მხარდაჭერით გამხნევებულმა სერაფიმმა საბეჭდი ქაღალდი შეიძინა და სტამბის მუშაკებს მოელაპარაკა.
მაგრამ ეს საქმე შუა გზაზე შეჩერდა — დაიბეჭდა მხოლოდ მათესა და მარკოზის მთლიანი და ლუკას სახარების ნახევარი. შემდეგ ინგლისში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებების გამო, კენტერბერის არქიეპისკოპოსმა შეწყვიტა ამ საქმიანობის დაფინანსება. სერაფიმი არ შეუშინდა ამ დაბრკოლებას და მდიდარი სპონსორები გამონახა, შედეგად კი 1703 წელს თავისი გადამუშავებული თარგმანი გამოსცა. ხარჯების ნაწილი დაფარა საზღვარგარეთ სახარების გავრცელების საზოგადოებამ.
მაქსიმეს მიერ გამოცემულ ადრინდელ ორტომიან თარგმანში ბერძნული ტექსტების დედნებიც შედიოდა. ის დიდი და მძიმე იყო. სერაფიმის გადამუშავებული თარგმანი შედარებით პატარა ასოებით იყო დაბეჭდილი და მხოლოდ თანამედროვე ბერძნულ თარგმანს შეიცავდა, რის გამოც იგი უფრო თხელი და იაფი იყო.
დაპირისპირების გამწვავება
„ამ ახალმა გამოცემამ ნამდვილად დააკმაყოფილა ადამიანთა მოთხოვნილებები, — აღნიშნავს პროფესორი გიორგი მეტალინოსი. — მაგრამ სერაფიმმა ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, იერიში მიეტანა სამღვდელოების იმ ნაწილზე, რომელიც ეწინააღმდეგებოდა [ბიბლიის] თარგმანების გაკეთებას“. სამღვდელოება განარისხა სერაფიმის სიტყვებმა, რომელიც მან თავის თარგმანს წაუმძღვარა. წინასიტყვაობაში მან აღნიშნა, რომ ‘ეს თარგმანი განსაკუთრებით გამოსცა ზოგი მღვდლისა და პრესვიტერისთვის, რომლებსაც არ ესმოდათ [კოინე] ბერძნული, რათა მათ უწმინდესი სულის დახმარებით შეძლებოდათ, დედნიდან წაეკითხათ და გაეგოთ აზრები იმ მიზნით, რომ მრევლისთვის გადაეცათ იგი’ (The Translation of the Bible Into Modern Greek — During the 19th Century). სერაფიმი ამგვარად ჩაეფლო ბიბლიის თარგმნასთან დაკავშირებულ კამათში, რომელიც ბერძნულ მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო გაჩაღებული.
მოკამათეთა ერთ მხარეს წარმოადგენდნენ ის ადამიანები, რომელთაც ესმოდათ, რომ ხალხის სულიერი და ზნეობრივი განვითარება ბიბლიის გაგებაზე იყო დამოკიდებული. მათ აგრეთვე ესმოდათ, რომ სამღვდელოებას სჭირდებოდა წმინდა წერილების ცოდნის გაუმჯობესება. გარდა ამისა, ბიბლიის თარგმანების გაკეთების მომხრეთა ღრმა რწმენით ბიბლიური ჭეშმარიტება ყველა ენაზე უნდა ყოფილიყო გადმოცემული (გამოცხადება 7:9).
მოწინააღმდეგეები კი ამბობდნენ, რომ ბიბლიის ნებისმიერი თარგმანი დაამახინჯებდა მის შინაარსს და ძირს გამოუთხრიდა ეკლესიის ავტორიტეტს, ჩამოეყალიბებინა საკუთარი განმარტებები და დოგმები. მაგრამ, სინამდვილეში მათ ეშინოდათ, რომ პროტესტანტები გამოიყენებდნენ ბიბლიის თარგმანს, რათა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტი შეერყიათ. მრავალი სასულიერო პირის აზრით, ისინი ვალდებულნი იყვნენ, შეწინააღმდეგებოდნენ ყველაფერს — მათ შორის ბიბლიის უბრალო ხალხისთვის თარგმნის მცდელობასაც — რაც პროტესტანტების წისქვილზე დაასხამდა წყალს. ამგვარად, ბიბლიის თარგმანი პროტესტანტებსა და მართლმადიდებლებს შორის განხეთქილების უმთავრესი მიზეზი გახდა.
თუმცა სერაფიმი არ აპირებდა მართლმადიდებელი ეკლესიის დატოვებას, მან გაბედულად ამხილა მოწინააღმდეგე სასულიერო პირთა უცოდინარობა და ფანატიზმი. „ახალი აღთქმის“ წინასიტყვაობაში ის წერდა: „ნებისმიერმა ღვთისმოშიშმა ქრისტიანმა უნდა იკითხოს წმინდა ბიბლია“, რათა „ქრისტეს მიბაძოს და [მისი] სწავლების თანახმად იცხოვროს“. სერაფიმის განცხადებით, წმინდა წერილების შესწავლის აკრძალვა ეშმაკისგან მომდინარეობდა.
დევნის ტალღა
სერაფიმის თარგმანის საბერძნეთში ჩატანას მართლმადიდებელი ეკლესიის რისხვა მოჰყვა. ეს ახალი თარგმანი აიკრძალა. ბიბლიის აღნიშნული თარგმანები დაწვეს და ყველას, ვისაც ექნებოდა ის ან წაიკითხავდა მას, ანათემით ემუქრებოდნენ. პატრიარქმა გაბრიელ III–მ აკრძალა სერაფიმის თარგმანი და მას ზედმეტი და უსარგებლო უწოდა.
სერაფიმს იმედი არ დაუკარგავს, მაგრამ მაინც ფრთხილობდა. ეკლესიისგან ოფიციალური აკრძალვის მიუხედავად, რამდენიმე სასულიერო და საერო პირმა სცნო მისი თარგმანი. მან წარმატებით გაავრცელა თავისი თარგმანი, მაგრამ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირება მხოლოდ ახლა იწყებოდა.
დასასრულის დასაწყისი
ბიბლიის გავრცელების გარდა, სერაფიმი რევოლუციურ და ეროვნულ მოძრაობებშიც იღებდა მონაწილეობას. ამ მიზნით 1704 წლის ზაფხულში ის მოსკოვში დაბრუნდა. მან პეტრე პირველის ნდობა მოიპოვა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სლავურ-ლათინური აკადემიის პროფესორი იყო. მაგრამ თავისი თარგმანის ბედით დაინტერესებული სერაფიმი 1705 წელს კონსტანტინოპოლში დაბრუნდა.
იმავე წელს სერაფიმმა კვლავ დაბეჭდა თავისი თარგმანი, რომელსაც ძველისგან განსხვავებით კრიტიკული წინასიტყვაობა აღარ ჰქონდა. მან ამ თარგმანს უბრალო შესავალი წაუმძღვარა, რომელშიც ყველას ბიბლიის კითხვისკენ მოუწოდებდა. ეს გამოცემა ფართოდ გავრცელდა და არავითარი ცნობა არ არსებობს იმის შესახებ, რომ მასზე სასულიერო პირებს უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ.
და მაინც, 1714 წელს დამანგრეველი კრიტიკა წამოვიდა ალექსანდრე ელადიოსისგან, რომელიც ბერძენი მოგზაური და ბიბლიის თარგმანის მოწინააღმდეგე იყო. თავის წიგნში „საბერძნეთის ეკლესიის თანამედროვე სტატუსი“ მან სასტიკი იერიში მიიტანა ბიბლიის მთარგმნელებსა და თარგმანებზე. ელადიოსმა სერაფიმს ამ წიგნში მთელი თავი მიუძღვნა და ქურდი, თაღლითი, გაუნათლებელი და უზნეო მატყუარა უწოდა. იყო რაიმე სიმართლე მის ბრალდებებში? სტილიან ბაირაკტარისმა გამოთქვა ამ საქმის მცოდნე მრავალი სწავლულის შეხედულება და სერაფიმს ‘შრომისმოყვარე და განმანათლებელი’ უწოდა, რომელსაც იმიტომ ესხმოდნენ თავს, რომ თავის დროებას გაუსწრო. მაგრამ ელადიოსის წიგნმა თავისი როლი შეასრულა სერაფიმის სავალალო აღსასრულში.
ეჭვმიტანილი
1731 წელს, როდესაც სერაფიმი რუსეთში დაბრუნდა, პეტრე პირველი უკვე გარდაცვლილი იყო. ამიტომ ბერძენი დიაკვანი ოფიციალური მფარველობის გარეშე დარჩა. მაშინ სახელმწიფოს მართავდა იმპერატრიცა ანა ივანოვნა, რომელიც დიდ სიფრთხილეს ავლენდა სამეფოში არასტაბილურობის გამომწვევი ნებისმიერი ქმედების მიმართ. 1732 წლის იანვარში მას აცნობეს, რომ სანკტ–პეტერბურგში ვიღაც ბერძენი ჯაშუში იმპერიის წინააღმდეგ მოქმედებდა. ეჭვმიტანილი სერაფიმი იყო. ის დააპატიმრეს და დასაკითხად ნევის მონასტერში გაგზავნეს. მონასტერში ჰქონდათ ელადიოსის წიგნი, რომელშიც სერაფიმს სხვადასხვა დანაშაულში ედებოდა ბრალი. სერაფიმმა სამი დოკუმენტი დაწერა, სადაც ცდილობდა, გაებათილებინა მისთვის წაყენებული ბრალდებები. დაკითხვები დაახლოებით ხუთი თვე გაგრძელდა და სერაფიმის მდგომარეობა უფრო გაუარესდა.
ვინაიდან სერაფიმის წინააღმდეგ არავითარი რეალური სამხილი არ ჰქონდათ, ის სიკვდილით დასჯას გადაურჩა. მაგრამ ელადიოსის ბრალდებების გამო, ხელისუფლებას არ სურდა სერაფიმის გათავისუფლება. ამ ბერძენ დიაკვანს ციმბირში სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს. ვერდიქტში აღნიშნული იყო, რომ გამოტანილი განაჩენი ეფუძნებოდა იმ ბრალდებებს, რომლებიც „ბერძენი ელადიოსის ნაშრომში“ იყო მოცემული. 1732 წლის ივლისში სერაფიმი აღმოსავლეთ ციმბირში ბორკილებდადებული ჩაიყვანეს და „ოხოტსკის“ ციხეში ჩასვეს.
დაახლოებით სამი წლის შემდეგ, ყველასგან მიტოვებული და დავიწყებული, სერაფიმი გარდაიცვალა. ზოგჯერ მისი მსჯელობა და მეთოდები არასწორი და არაგონივრული იყო, მაგრამ მისი თარგმანი თანამედროვე ბერძნულ ენაზე არსებულ მრავალ თარგმანთაგან ერთ–ერთია *. მათ შორის არის ადვილად გასაგები „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. ეს თარგმანი სხვა მრავალ ენაზეც არის ხელმისაწვდომი. რა მადლიერები ვართ იეჰოვა ღმერთის, რომ შემოგვინახა თავისი სიტყვა, რათა ყველანაირ ადამიანს შეძლებოდა ‘საფუძვლიანი ცოდნის მიღება’ (1 ტიმოთე 2:3, 4).
[სქოლიოები]
^ აბზ. 26 იხილეთ 2002 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „თანამედროვე ბერძნულ ენაზე ბიბლიის გამოსაცემად გაწეული ბრძოლა“, გვერდები 26—29.
[სურათი 12 გვერდზე]
პეტრე პირველი.
[საავტორო უფლებები დაცულია 10 გვერდზე]
Photos: Courtesy American Bible Society