„იეჰოვასია ბრძოლა“
„ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს, და არა ადამიანებს“
„იეჰოვასია ბრძოლა“
ორი მოწინააღმდეგე მხარე ერთმანეთის პირისპირ დგას. გოლიათი, ფილისტიმელთა უძლეველი მეომარი, უკვე 40 დღეა, რაც შეურაცხმყოფელი სიტყვებით აშინებს ისრაელ მეომრებს (1 მეფეთა 17:1—4, 16).
გოლიათი აბუჩად იგდებს ისრაელებს და ეუბნება: „გამოარჩიეთ თქვენში კაცი და ჩამოვიდეს ჩემთან. თუ გამიმკლავდება და დამამარცხებს, თქვენი მსახურები გავხდებით. თუ მე გავუმკლავდი და დავამარცხე, თქვენ გაგვიხდით მსახურებად და გვემსახურეთ . . . სირცხვილს ვაჭმევ დღეს ისრაელის რაზმებს. გამომიყვანეთ კაცი ვინმე, რომ პირისპირ შევებათ ერთმანეთს!“ (1 მეფეთა 17:8—10).
ძველ დროში მიღებული იყო, რომ მოწინააღმდეგე მხარეთაგან თითო მეომარი გამოსულიყო, რათა პირისპირ შებმოდნენ ერთმანეთს. გამარჯვებას მოიპოვებდა მხარე, რომლის მეომარიც მოწინააღმდეგეს სძლევდა. მაგრამ ის, ვინც ისრაელს დასცინის, ჩვეულებრივი მეომარი არ არის. იგი არის უზარმაზარი გოლიათი — ისრაელის საშინელი და დაუძინებელი მტერი. იეჰოვას ხალხის დაცინვით გოლიათს თავად გამოაქვს განაჩენი საკუთარი თავისთვის.
ეს ჩვეულებრივი ბრძოლა არ არის. ეს არის დაპირისპირება, რომელიც დაკავშირებულია იეჰოვა ღმერთთან და ფილისტიმელთა ღვთაებებთან. ნაცვლად იმისა, რომ გაბედულად გაუძღვეს თავის ჯარს ღვთის მტრების წინააღმდეგ, ისრაელის მეფე საული შეშინებული და თავზარდაცემულია (1 მეფეთა 17:11).
ერთი ახალგაზრდა იეჰოვაზე ამყარებს იმედს
ამასობაში ერთი ახალგაზრდა, რომელიც ისრაელის მომავალ მეფედ არის ცხებული, მიდის თავის ძმებთან, საულის ჯარის მეომრებთან. მას დავითი ჰქვია. გოლიათის სიტყვების გაგონების შემდეგ ის ამბობს: „ვინ არის ეგ წინადაუცვეთელი ფილისტიმელი, ასეთ სირცხვილში რომ აგდებს დღეს ცოცხალი ღვთის რაზმებს?“ (1 მეფეთა 17:26). გოლიათთან დაპირისპირება დავითისთვის ფილისტიმელებთან და მათ ღვთაებებთან დაპირისპირებას ნიშნავს. დავითი სამართლიანად არის აღშფოთებული და სურს, შეებას წარმართ გოლიათს და იმოქმედოს იეჰოვას სახელისა და ისრაელის დასაცავად. მაგრამ მეფე საული მას ეუბნება: „ვერ გახვალ საბრძოლველად მაგ ფილისტიმელთან, რადგან შენ ყმაწვილი ხარ, ის კი მებრძოლია სიყრმიდანვე“ (1 მეფეთა 17:33).
რაოდენ დიდი სხვაობაა საულისა და დავითის განწყობას შორის! საული დავითში ხედავს მხოლოდ პატარა მწყემსს, რომელსაც ძლიერ მეომართან შერკინების სურვილი აქვს. დავითი კი გოლიათში ხედავს ადამიანს, რომელიც არაფრად აგდებს უზენაეს უფალს, იეჰოვას. დავითის სიმამაცის მიზეზი არის რწმენა იმისა, რომ ღმერთი დაუსჯელს არ დატოვებს მათ, ვინც მას და მის ხალხს დასცინის. გოლიათი თავისი სიძლიერით იკვეხნის, ხოლო დავითი იეჰოვაზე ამყარებს იმედს და სიტუაციას ღვთის თვალსაზრისით აფასებს.
„ღმერთის სახელით გამოვდივარ“
დავითს ნამდვილად აქვს რწმენის საფუძველი. დავითს ახსოვს, როგორ დაეხმარა ღმერთი მას დათვისა და ლომისგან ცხვრის დახსნაში. ის დარწმუნებულია, რომ იეჰოვა ახლაც დაეხმარება საშიში ფილისტიმელი მოწინააღმდეგის დამარცხებაში (1 მეფეთა 17:34—37). დავითი უბრალო შურდულითა და ხუთი სიპი ქვით გოლიათთან საბრძოლველად გადის.
იეჰოვას ძალაზე დაიმედებული ახალგაზრდა დავითი, საკუთარ თავზე იღებს იმის გაკეთებას, რაც ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანს. ის გაბედულად ეუბნება ფილისტიმელს: «შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით გამოვდივარ, რომელიც შენ შეურაცხყავი. დღეს ჩაგაგდებს უფალი ჩემს ხელში . . . შეიტყობს მთელი ქვეყანა, რომ ჰყავს ისრაელს ღმერთი. და შეიტყობს მთელი ქვეყანა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, რომ უფლის ნებაზეა ომი [„იეჰოვასია ბრძოლა“, აქ]» (რით მთავრდება ყოველივე? ბიბლიაში ვკითხულობთ: „სძლია დავითმა ფილისტიმელს შურდულითა და ქვით. დაამარცხა ფილისტიმელი და მოკლა იგი. და მახვილი არ სჭერია დავითს ხელში“ (1 მეფეთა 17:50). დიახ, დავითს არ სჭერია ხელში მახვილი, მაგრამ მას ჰქონდა ძლიერი მხარდაჭერა იეჰოვა ღმერთისგან *.
იეჰოვასადმი დავითის ნდობა დაჯილდოვდა! ჩვენ ყოველთვის იეჰოვას მხსნელ ძალაზე ვართ დაიმედებულნი და არ ვეძლევით ადამიანთა შიშს. ჩვენი არჩევანი აშკარაა: „ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს, და არა ადამიანებს“ (საქმეები 5:29). როცა სირთულეებს იეჰოვა ღმერთის თვალით ვუყურებთ, შიშისმომგვრელი პრობლემების წინაშეც კი გაწონასწორებულ თვალსაზრისს ვინარჩუნებთ.
[სქოლიოები]
^ აბზ. 13 იხილეთ „იეჰოვას მოწმეების 2006 წლის კალენდარი“ (მაისი/ივნისი).
[ჩარჩო 9 გვერდზე]
რამხელა იყო გოლიათი?
1 მეფეთა 17:4—7-ის თანახმად, გოლიათის სიმაღლე ექვს წყრთაზე მეტი ანუ დაახლოებით სამი მეტრი იყო. გოლიათის ზომასა და ძალაზე მისი სპილენძის ჯავშანი მეტყველებს — ჯავშანი 57 კილოგრამს იწონიდა! გოლიათის შუბის ტარი საქსოვი ლილვის სისხო იყო. შუბის რკინის პირი 7 კილოგრამს იწონიდა. როგორც ჩანს, გოლიათის აღჭურვილობა უფრო მეტს იწონიდა, ვიდრე დავითი!