არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რით არის განპირობებული ის, რომ „ხალხთა საუნჯე“ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის „სახლში“ მოდის? (ანგია 2:7, აქ).

იეჰოვამ ანგიას მეშვეობით იწინასწარმეტყველა: „შევძრავ ხალხებს და მოვა ხალხთა საუნჯე; დიდებით ავავსებ ამ სახლს“ (ანგია 2:7). ნუთუ „ხალხთა შეძვრა“ განაპირობებს იმას, რომ „ხალხთა საუნჯე“ — გულწრფელი ადამიანები — ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მიმდევრები ხდებიან? რასაკვირველია, არა.

მოდი განვიხილოთ, ამ მუხლში რა გაგებით არის გამოყენებული „შეძვრა“ ანუ შერყევა, ხალხები, და რა შედეგი მოაქვს ხალხთა „შეძვრას“. ბიბლიაში ნათქვამია: „ბობოქრობენ ხალხები, და ესწრაფიან ერები ამაოებას“ (ფსალმუნები 2:1). ამაოებისკენ სწრაფვა ანუ ამაოებაზე ფიქრი ნიშნავს იმას, რომ ერები საკუთარი მმართველობის განმტკიცებას ცდილობენ. არაფერი „არყევთ“ ერებს ისე ძლიერ, როგორც იმის გაგება, რომ მათ მმართველობას საფრთხე ემუქრება.

ღვთის მიერ უკვე დამყარებული სამეფოს შესახებ მსოფლიო მასშტაბით ქადაგება სწორედ ასეთ საფრთხეს უქმნის ხალხებს. ღვთის მესიანური სამეფო, რომელსაც სათავეში იესო ქრისტე უდგას, „შემუსრავს და დააქცევს ყველა [ადამიანურ] სამეფოს“ (დანიელი 2:44). სამქადაგებლო საქმიანობა, რომელიც იეჰოვას განაჩენის შესახებ გაცხადებასაც გულისხმობს, „არყევს“ ხალხებს (ესაია 61:2). რადგან ქადაგება უფრო მასშტაბური და ინტენსიური ხდება, „რყევა“ უფრო ძლიერდება. რისი მომასწავებელია ანგიას 2:7–ში ნაწინასწარმეტყველები „შეძვრა“?

ანგიას 2:6–ში (აქ) ვკითხულობთ: «აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ცოტაც და კიდევ ერთხელ შევძრავ ცასა და დედამიწას, ზღვასა და ხმელეთს“». პავლე მოციქულმა ამ მუხლის ციტირება გააკეთა და დაწერა: «„კიდევ ერთხელ შევძრავ არა მხოლოდ დედამიწას, არამედ ცასაც“. სიტყვები „კიდევ ერთხელ“ მიანიშნებს შერყეულის, როგორც შექმნილის მოშორებაზე, რათა დარჩეს ის, რაც შეურყეველია» (ებრაელები 12:26, 27). დიახ, თანამედროვე სისტემა „შეირყევა“ ანუ განადგურდება, რათა ღვთის ახალი ქვეყნიერება დამყარდეს.

დღეს გულწრფელ ადამიანებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა იზიდავს, მაგრამ ამას ხალხების „შერყევა“ არ განაპირობებს. იეჰოვასთან დაახლოებას და მისი თაყვანისმცემლობისკენ სწრაფვას იმავე მიზეზი განაპირობებს, რა მიზეზითაც ხალხების „შერყევა“ ხდება; ამის მიზეზი უკვე დამყარებული ღვთის სამეფოს შესახებ მსოფლიო მასშტაბით ქადაგებაა. „მარადიული სასიხარულო ცნობის“ შესახებ ქადაგება მარადიული სიცოცხლისთვის განწყობილ ადამიანებს ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლობისკენ იზიდავს (გამოცხადება 14:6, 7).

სამეფოს შესახებ ცნობა გვაუწყებს როგორც ღვთის განაჩენის, ისე ხსნის შესახებ (ესაია 61:1, 2). ქადაგება ორ მიზანს ემსახურება: ხალხები „ირყევიან“ და იეჰოვას განსადიდებლად „ხალხთა საუნჯე“ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის „სახლში“ მოდის.