რა ელის დედამიწას ღვთის განზრახვის თანახმად?
რა ელის დედამიწას ღვთის განზრახვის თანახმად?
რატომ გსიამოვნებთ სეირნობა პარკში ან ნაირფერი ყვავილებით მოფენილ მინდორში? რატომ გხიბლავთ ლამაზი ტბის ან ცადაზიდული მთებისა და ღრუბლებში გახვეული მათი მწვერვალების ცქერა? რატომ ჩერდებით ხის კენწეროებზე შესკუპებული ჩიტების ჭიკჭიკის გაგონებაზე? რატომ გიზიდავთ მორბენალი ირმის ან ფერდობზე შეფენილი ფარის ხილვა?
ყველა ამ კითხვას ერთი პასუხი აქვს: ჩვენ სამოთხეში ცხოვრებისთვის ვართ შექმნილნი! ჩვენი წინაპრები, ადამი და ევა, ერთ დროს სამოთხეში ცხოვრობდნენ. სწორედ მათ დაგვიტოვეს „მემკვიდრეობად“ სამოთხეში ცხოვრების სურვილი, რაც შემოქმედისგან, იეჰოვა ღმერთისგან ჰქონდათ მიღებული. ღმერთმა იცოდა, რომ ადამიანები სამოთხეში ცხოვრებით ბედნიერები იქნებოდნენ, რადგან ისეთი გრძნობებითა და თვისებებით შექმნა ისინი, რომ მსგავს გარემოს მათთვის სიამოვნება მიენიჭებინა.
რა მიზნით შექმნა იეჰოვა ღმერთმა დედამიწა? ადამიანთა დასასახლებლად (ესაია 45:18). მან ადამსა და ევას საცხოვრებლად ულამაზესი ედემის ბაღი მისცა (იერემია 10:12; დაბადება 2:7—9, 15, 21, 22). მათ ირგვლივ საუცხოო ყვავილები, ხეები და მდინარეები იყო. ადამსა და ევას შეეძლოთ დამტკბარიყვნენ ცხოველთა მრავალფეროვნებით და ცაში მოლივლივე ფრინველების ცქერით. მათ საფრთხე არც ერთი ცხოველისგან არ ემუქრებოდათ. ანკარა წყლებში თევზები და სხვა ქმნილებები ბინადრობდნენ. რაც მთავარია, ადამი და ევა ერთმანეთის გვერდით იყვნენ. მათ შეეძლოთ წარმოექმნათ შთამომავლობა და, ბედნიერი ოჯახის ზრდასთან ერთად, გაეფართოებინათ სამოთხის საზღვრები.
მართალია, დღეს დედამიწაზე სამოთხე აღარ არის, მაგრამ ის შეგვიძლია შევადაროთ ბედნიერი ოჯახის საცხოვრებლად საჭირო შესანიშნავ სახლს. ღვთისგან ბოძებულ ამ სახლში გვაქვს ყველაფერი, რაც გვჭირდება — სინათლე, სითბო, წყალი და საკვები. განა არ ვაფასებთ მზის სინათლესა და სითბოს ან თუნდაც ღამით მთვარის ნათებას? (დაბადება 1:14—18). დედამიწის წიაღში უხვად არის ჩვენს გასათბობად საჭირო ქვანახშირი თუ ნავთობი. წყლის წრებრუნვა, მდინარეები, ტბები და ზღვები ჩვენს წყლით უზრუნველყოფას ემსახურება. მწვანე საფარი კი ჩვენს „ლამაზ სახლში“, დედამიწაზე ნოხივით არის დაფენილი.
დადამიწაზე ასევე უხვად გვაქვს საკვების მარაგი — მარცვლეულით დაწყებული, ათასნაირი ხილით დამთავრებული. იეჰოვა ‘გვაძლევს მოსავლიან დროებს და სიხარულით გვივსებს გულებს’ (საქმეები 14:16, 17). თუ დედამიწა დღესვე ასეთი შესანიშნავი „სახლია“, ძნელი წარმოსადგენი არაა, როგორი იქნება მაშინ, როცა იეჰოვა, „ბედნიერი ღმერთი“, მას სამოთხედ გადააქცევს (1 ტიმოთე 1:11).
[საავტორო უფლებები დაცულია 2 გვერდზე]
COVER: Earth: NASA photo; Stars: NASA, ESA and AURA/Caltech