არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უმწიკვლოდ სიარულს სიხარული მოაქვს

უმწიკვლოდ სიარულს სიხარული მოაქვს

უმწიკვლოდ სიარულს სიხარული მოაქვს

„უფლის კურთხევა ამდიდრებს და დარდი არ ემატება მას“ (იგავები 10:22).

1, 2. რატომ არ არის გონივრული, ძალიან ბევრი ვიფიქროთ მომავალზე?

„მომავალზე ფიქრს იმდენად ბევრი დრო მიაქვს, რომ მხედველობიდან გვრჩება ის, რასაც უკვე დღეს მოაქვს ჩვენთვის კმაყოფილება“, — აღნიშნა ერთმა ამერიკელმა ფილოსოფოსმა. ამის თქმა შეიძლება იმ ბავშვებზეც, რომლებიც იმდენად შთანთქმულნი არიან საკუთარ მომავალზე ფიქრით, რომ ავიწყდებათ, რაოდენ დიდი სიხარული და კმაყოფილება მოაქვს ბავშვობის წლებს მათთვის.

2 მსგავსი ფიქრები შეიძლება იეჰოვას თაყვანისმცემლებსაც მოეძალოთ. წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი. ჩვენ ვნატრობთ ღვთის დანაპირების შესრულებას — დედამიწის სამოთხედ გადაქცევას. მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა აღარ იარსებებს ავადმყოფობა, სიბერე, ტკივილი და ტანჯვა. სავსებით ბუნებრივია, მოუთმენლად ველოდეთ ასეთ მომავალს. მაგრამ, რა მოხდება, თუ მომავალ კურთხევებზე ფიქრი იმდენად გვშთანთქავს, რომ ვეღარ შევამჩნევთ დღეს არსებულ სულიერ კურთხევებს? რა სამწუხარო იქნება, თუ ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით! ჩვენ ადვილად შეიძლება გაგვიტყდეს გული და ‘ხანგრძლივი მოლოდინის შედეგად დავიქანცოთ’ (იგავები 13:12). ცხოვრებაში წამოჭრილი პრობლემების გამო შეიძლება სასოწარკვეთილებამ შეგვიპყროს ან საკუთარი თავის მიმართ სიბრალულის გრძნობა გაგვიჩნდეს. გამოსავლის პოვნის ნაცვლად, შეიძლება დრტვინვაც კი დავიწყოთ. ამ ყველაფერს თავიდან ავიცილებთ, თუ მადლიერებით დავფიქრდებით კურთხევებზე, რომლებიც უკვე დღეს გვაქვს.

3. რაზე გავამახვილებთ ამ სტატიაში ყურადღებას?

3 „უფლის კურთხევა ამდიდრებს და დარდი არ ემატება მას“, — ნათქვამია იგავების 10:22–ში. განა კურთხევა არ არის იეჰოვას თანამედროვე მსახურთა სულიერი კეთილდღეობა, რასაც სიხარული მოაქვს? მოდი განვიხილოთ სულიერი კეთილდღეობის ზოგიერთი მხარე და გავიგოთ, რას ნიშნავს ეს პირადად ჩვენთვის. იეჰოვა უხვად აჯილდოებს ‘უბიწობით მოსიარულე მართალს’. თუ ამაზე დასაფიქრებლად დროს გამოვყოფთ, უფრო მტკიცე გადაწყვეტილებას მივიღებთ, სიხარულით ვემსახუროთ ზეციერ მამას (იგავები 20:7).

კურთხევები, რომლებიც უკვე დღეს გვამდიდრებს

4, 5. განსაკუთრებით ბიბლიის რომელი სწავლებაა თქვენთვის ფასდაუდებელი და რატომ?

4 ბიბლიური სწავლებების საფუძვლიანი ცოდნა: ქრისტიანული სამყაროს რელიგიები აცხადებენ, რომ სწამთ ბიბლიის. მაგრამ ისინი არ ეთანხმებიან მის სწავლებებს. ხშირად ერთი და იმავე რელიგიის წევრებსაც კი განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ ბიბლიურ სწავლებებზე. როგორ განსხვავდებიან ეს ადამიანები იეჰოვას მსახურებისგან! ეროვნული, კულტურული თუ ეთნიკური სხვაობის მიუხედავად, ჩვენ თაყვანს ვცემთ ღმერთს, რომელსაც სახელით ვიცნობთ. ის არ არის საიდუმლოებით მოცული სამპიროვანი ღვთის, სამების, ნაწილი (მეორე რჯული 6:4; ფსალმუნები 83:18, აქ [82:19]; მარკოზი 12:29). ჩვენ ასევე ვიცით, რომ ღვთის უზენაესობასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი საკითხი მალე გადაიჭრება. თითოეული ჩვენგანი პირადად ვართ ამ საკითხში ჩაბმულნი და უმწიკვლობის შენარჩუნებით ღვთის უზენაესობას ვუჭერთ მხარს. ჩვენ ვიცით ჭეშმარიტება მკვდრების მდგომარეობის შესახებ და არ გვაქვს ავადმყოფური შიში ღვთის მიმართ, რომელიც, როგორც ბევრს სჯერა, ადამიანებს ჯოჯოხეთის ცეცხლში აწამებს ან განსაწმენდელში აგზავნის (ეკლესიასტე 9:5, 10).

5 უფრო მეტიც, რა სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ ჩვენ არა ვართ ბრმა შემთხვევითობის ნაყოფი, რასაც ევოლუცია ამტკიცებს! ამის საპირისპიროდ, ჩვენ ღმერთმა თავის ხატად შეგვქმნა (დაბადება 1:26; მალაქია 2:10). „გადიდებ, რადგან საოცრებით შემქმენი, — მიმართავს ფსალმუნმომღერალი ღმერთს. — საკვირველია საქმენი შენნი, და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით“ (ფსალმუნები 138:14).

6, 7. საკუთარ თავში როგორი ცვლილებების მოხდენას მოაქვს კურთხევები?

6 მავნე ჩვევებისა და საქმეებისგან გათავისუფლება: მასმედია არაერთ გაფრთხილებას იძლევა იმასთან დაკავშირებით, რომ თამბაქოს წევა, გადამეტებული სმა და სექსუალური აღვირახსნილობა საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს. ხშირ შემთხვევაში ასეთ გაფრთხილებებს უგულებელყოფენ. მაგრამ, რა ხდება, როცა გულწრფელი ადამიანი იგებს, რომ ჭეშმარიტი ღმერთი მსჯავრს დებს ასეთ საქმეებს და, ამავე დროს, წუხს, როცა ვინმე ამგვარად იქცევა? რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ადამიანი აღიძვრება, მიატოვოს ცხოვრების ასეთი წესი! (ესაია 63:10; 1 კორინთელები 6:9, 10; 2 კორინთელები 7:1; ეფესოელები 4:30). ის ამ ნაბიჯს პირველ რიგში იმ მიზნით დგამს, რომ იეჰოვა ღმერთს ასიამოვნოს, თუმცა თავადაც იღებს სარგებლობას; ჯანმრთელობა უუმჯობესდება და შინაგანი სიმშვიდის გრძნობა ეუფლება.

7 ბევრისთვის ძალიან რთულია მავნე ჩვევების მიტოვება. მიუხედავად ამისა, ყოველ წელს ათი ათასობით ადამიანი ტოვებს ასეთ ცხოვრებას. ისინი თავს უძღვნიან იეჰოვას და ინათლებიან. ამგვარად, ასეთი ადამიანები ყველას წინაშე აცხადებენ, რომ მიატოვეს მავნე ჩვევები, რათა ღმერთს ასიამოვნონ. რა გამამხნევებელია ეს ყველა ჩვენგანისთვის! ასეთი შემთხვევები სიმტკიცეს გვმატებს, გავთავისუფლდეთ ცოდვისა და მავნე ჩვევების მონობისგან.

8. რომელი ბიბლიური რჩევები უწყობს ხელს ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას?

8 ბედნიერი ოჯახური ცხოვრება: მრავალ ქვეყანაში მყარი ოჯახები იშვიათობას წარმოადგენს. დღეს ბევრი წყვილი ეყრება ერთმანეთს, რაც ხშირად ემოციურ ჭრილობას აყენებს ბავშვებს. ევროპის ზოგ ქვეყანაში ოჯახები, სადაც მარტოხელა მშობლები არიან, თითქმის 20 პროცენტამდე გაიზარდა. როგორ გვეხმარება იეჰოვა ამ მხრივ უმწიკვლობით სიარულში? წაიკითხეთ ეფესოელების 5:22—6:4 და ყურადღება მიაქციეთ, რა სასარგებლო რჩევებს აძლევს ღვთის სიტყვა ქმრებს, ცოლებსა და შვილებს. უდავოა, რომ ამ და სხვა მუხლებში მოცემული რჩევების გათვალისწინების შედეგად ძლიერდება ოჯახური კვანძები, მშობლებს შვილების სწორად აღზრდის შესაძლებლობა ეძლევათ და საფუძველი ეყრება ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას. განა კურთხევა არ არის ეს?

9, 10. ქვეყნიერებისგან განსხვავებით, როგორ ვუყურებთ მომავალს?

9 ჩვენ გვწამს, რომ მსოფლიოში არსებული პრობლემები მალე გადაიჭრება: მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში შეძენილი ცოდნისა თუ ზოგი მმართველის გულწრფელი მცდელობის მიუხედავად, სერიოზული პრობლემები დღემდე გადაუჭრელი რჩება. ახლახან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა კლაუს შვაბმა აღნიშნა, რომ „პრობლემების რიცხვი დღითიდღე იზრდება; ის დრო კი, რომელიც მათ გადასაჭრელად არის საჭირო, მცირდება“. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა იმას, თუ „რა საშიშროებას უქმნის ერებს ტერორიზმი, გარემო პირობების გაუარესება და ეკონომიკური არასტაბილურობა“. შვაბმა ასეთი დასკვნა გააკეთა: „ადამიანები ვერ გაექცევიან რეალობას. ამიტომ ახლა, ისე როგორც არასდროს, საჭიროა ერთობლივი ძალებით გადამწყვეტი ზომების მიღება, რათა მსოფლიოში არსებული პრობლემები გადაიჭრას“. დღეს, 21-ე საუკუნეში, კაცობრიობის მომავალი ისევ ბურუსით არის მოცული.

10 რა სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ იეჰოვამ ადამიანთა ხსნაზე იზრუნა! მან დაამყარა მესიანური სამეფო, რომლის მეშვეობითაც გადაჭრის დღევანდელ პრობლემებს. ჭეშმარიტი ღმერთი ამ სამეფოს საშუალებით „შეწყვეტს ომებს“ და ‘გაამრავლებს მშვიდობას’ (ფსალმუნები 45:10; 71:7). ცხებული მეფე იესო ქრისტე ‘დაიხსნის ღარიბს, დაჩაგრულს და საწყალს ჩაგვრისა და ძალადობისგან’ (ფსალმუნები 72:12—14, აქ [71:12—14]). ღვთის სამეფოს მმართველობის დროს აღარ იქნება საკვების უკმარისობა (ფსალმუნები 71:16). იეჰოვა „მოსწმენდს . . . ყოველ ცრემლს [ჩვენი] თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4). ღვთის სამეფო უკვე დამყარებულია ზეცაში; ის მალე გადამწყვეტ ზომებს მიიღებს დედამიწაზე არსებული ყველა პრობლემის გადასაჭრელად (დანიელი 2:44; გამოცხადება 11:15).

11, 12. ა) მოაქვს სიამოვნებისკენ სწრაფვას ხანგრძლივი ბედნიერება? ახსენით. ბ) რას მოაქვს ნამდვილი ბედნიერება?

11 ჩვენ ვიცით, თუ რას მოაქვს ნამდვილი ბედნიერება: რას მოაქვს ნამდვილი ბედნიერება? ერთმა ფსიქოლოგმა თქვა, რომ ბედნიერებას ხელს უწყობს სამი ასპექტი — სიამოვნება, ვალდებულება (რაც სამუშაოსა და ოჯახს გულისხმობს) და მიზანდასახულობა (სხვების სასარგებლოდ მოქმედება). ის ამ სამი ასპექტიდან ყველაზე მნიშვნელოვნად სიამოვნებას მიიჩნევს და აღნიშნავს: „ეს ბუნებრივია, რადგან დღეს უამრავი ადამიანი სწორედ სიამოვნებაზე აგებს საკუთარ ცხოვრებას“. რა თვალსაზრისი აქვს ამ საკითხზე ბიბლიას?

12 ძველი ისრაელის მეფე სოლომონმა თქვა: «ვუთხარი მე ჩემს თავს: „მოდი, გამოგცდი მხიარულებაში, რომ ვიპოვო, რა არის კარგი!“ და ესეც ამაოება იყო. სიცილზე ვთქვი: „სისულელეა!“ და მხიარულებაზე: „რის მაქნისია?“» (ეკლესიასტე 2:1, 2). როგორც ბიბლიაშია ნაჩვენები, სიამოვნებაზე აგებული ბედნიერება წარმავალია. მაშ რას მოაქვს ბედნიერება? ჩვენ ვეწევით აზრით აღსავსე საქმიანობას — ვქადაგებთ სამეფოს შესახებ და ვმონაწილეობთ მოწაფეების მომზადების საქმეში (მათე 24:14; 28:19, 20). ჩვენ ხალხს ბიბლიიდან ხსნის შესახებ ცნობას ვუზიარებთ; ამ საქმიანობაში მონაწილეობით საკუთარ თავსაც ვიხსნით და მათაც, რომლებიც გვისმენენ (1 ტიმოთე 4:16). ჩვენ, „ღვთის თანამშრომლებმა“, საკუთარი გამოცდილებით ვიცით, რომ „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (1 კორინთელები 3:9; საქმეები 20:35). ეს საქმიანობა აზრს ჰმატებს ჩვენს ცხოვრებას და შემოქმედს იმის საშუალებას აძლევს, რომ პასუხი გასცეს თავის მაგინებელს, სატანა ეშმაკს (იგავები 27:11). დიახ, იეჰოვა გვეხმარება იმის დანახვაში, რომ ნამდვილი და ხანგრძლივი ბედნიერება ღვთისადმი ერთგულებას მოაქვს (1 ტიმოთე 4:8).

13. ა) რამ მხრივ მოაქვს თეოკრატიული სამსახურის სკოლას კურთხევები? ბ) როგორ იღებთ სარგებლობას თეოკრატიული სამსახუროს სკოლიდან?

13 მნიშვნელოვანი და სასარგებლო სულიერი სწავლების პროგრამა: გერჰარდი იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთ კრებაში უხუცესად მსახურობს. ის იხსენებს: „ახალგაზრდობაში ენას ვუკიდებდი. განსაკუთრებით მაშინ მიჭირდა სიტყვების გარკვევით წარმოთქმა, როცა დაძაბული ვიყავი. შედეგად არასრულფასოვნების გრძნობა გამიჩნდა. მშობლებმა ლოგოპედთან მიმიყვანეს, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. მე უფრო ფსიქოლოგიური პრობლემა მქონდა, ვიდრე ფიზიკური. მიუხედავად ამისა, თეოკრატიული სამსახურის სკოლამ, რომელიც იეჰოვასგან ფასდაუდებელი საჩუქარია, დიდი დახმარება გამიწია. სკოლაში ჩავეწერე და ამან გაბედულება შემმატა. შეძლებისდაგვარად, ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ ნასწავლი პრაქტიკაში გამომეყენებინა. ჩემმა შრომამ ნაყოფი გამოიღო! დროთა განმავლობაში უფრო გარკვევით დავიწყე სიტყვების წარმოთქმა, დავძლიე არასრულფასოვნების გრძნობა და გაბედული გავხდი მსახურებაში. ამჟამად საჯარო მოხსენებებითაც გამოვდივარ. ძალიან მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ თეოკრატიული სამსახურის სკოლამ სრულებით შეცვალა ჩემი ცხოვრება“. განა სიხარული არ მოაქვს სულიერი სწავლების პროგრამას?

14, 15. რა დაგვეხმარება გასაჭირის დროს? მოიყვანეთ მაგალითი.

14 იეჰოვასთან პირადი ურთიერთობა და მსოფლიო საძმოს მხარდაჭერა: კატრინი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, ძალიან წუხდა, როცა შეიტყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შესახებ. სტიქიური უბედურების დროს მისი ქალიშვილი ტაილანდში იმყოფებოდა. 32 საათის განმავლობაში კატრინმა არ იცოდა, მისი შვილი ცოცხალი იყო თუ მკვდარი. დაღუპულთა რიცხვი ყოველ საათში იზრდებოდა. რამხელა შვება იგრძნო კატრინმა, როდესაც ტელეფონით შეიტყო, რომ მის ქალიშვილს საფრთხე არ ემუქრებოდა!

15 რა დაეხმარა კატრინს, როცა გაურკვევლობაში იმყოფებოდა? ის წერს: „თითქმის მთელი ამ დროის განმავლობაში იეჰოვას მივმართავდი ლოცვით. ვგრძნობდი, როგორ მაძლევდა იეჰოვა ძალას და სულის სიმშვიდეს. გარდა ამისა, მოსიყვარულე სულიერი და-ძმებიც მამხნევებდნენ“ (ფილიპელები 4:6, 7). რამდენად უფრო რთული ასატანი იქნებოდა კატრინისთვის ეს საათები, რომ არა ლოცვა და მოსიყვარულე საძმოს მხარდაჭერა! იეჰოვასა და მის ძესთან ახლო ურთიერთობა და ქრისტიანულ საძმოს ნაწილად ყოფნა, მართლაც, შეუდარებელი, ფასდაუდებელი ძღვენია, რაც დიდ პატივად უნდა მივიჩნიოთ.

16. მოიყვანეთ მაგალითი, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად ძვირფასია აღდგომის იმედი.

16 საყვარელი მიცვალებულების ნახვის იმედი (იოანე 5:28, 29): ახალგაზრდა მამაკაცი, მატიასი, იეჰოვას მოწმეთა ოჯახში გაიზარდა. მოზარდობის პერიოდში ის თანდათანობით ჩამოშორდა ქრისტიანულ კრებას, რადგან ვერ ხედავდა მსახურების შედეგად მიღებულ კურთხევებს. ახლა ის წერს: „მამასთან არასდროს მქონია სერიოზული საუბარი. წლების განმავლობაში ჩვენ ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდით ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, მამას ყოველთვის საუკეთესო სურდა ჩემთვის. მას ძალიან ვუყვარდი, რასაც იმ პერიოდში ვერ ვაცნობიერებდი. 1996 წელს მამა სერიოზულად დაავადდა. ერთხელ მამაჩემის საწოლთან ვიჯექი, მისი ხელი მეჭირა და გულამოსკვნით ვქვითინებდი. მას ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარდა და სინდისი მქენჯნიდა ჩემი საქციელის გამო. მაგრამ მამას არ ესმოდა ჩემი. ცოტა ხანში ის გარდაიცვალა. თუ აღდგომისას მამას კვლავ ვიხილავ, ყველაფერი გამოსწორდება. მას, უეჭველად, გაახარებს იმის გაგება, რომ მე ამჟამად უხუცესად ვმსახურობ და მეუღლესთან ერთად პიონერად მსახურების შესაძლებლობაც მაქვს“. მართლაც, რამხელა კურთხევაა აღდგომის იმედი!

„დარდი არ ემატება მას“

17. რაში გვეხმარება იეჰოვას კურთხევებზე დაფიქრება?

17 იესო ქრისტემ თავისი ზეციერი მამის შესახებ თქვა: „მას მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც“ (მათე 5:45). თუ იეჰოვა კურთხევებს უმართლოებსა და ბოროტებსაც აძლევს, განა უფრო უხვად არ დააჯილდოებს მათ, რომლებიც უმწიკვლოდ დადიან! იეჰოვა „სიკეთეს არ დაუჭერს უბიწოდ მოარულთ“, — ნათქვამია ფსალმუნების 83:12–ში. როდესაც ვფიქრობთ, თუ რა სათუთად ზრუნავს იეჰოვა თავის მოყვარულებზე, გული მადლიერებითა და სიხარულით გვევსება!

18. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვას კურთხევებს თან არ სდევს ტკივილი? ბ) რატომ იტანჯება ღვთის ბევრი ერთგული მსახური?

18 ღვთის ხალხის სულიერი კეთილდღეობა „უფლის კურთხევაა“. ბიბლია გვარწმუნებს, რომ ღვთის კურთხევას „დარდი არ ემატება“ (იგავები 10:22). მაშ რატომ ხვდება ღვთის ბევრი ერთგული მსახური განსაცდელებსა და სირთულეებს, რაც მათ დიდ ტკივილს აყენებს? განსაცდელებსა და სირთულეებს სამი ძირითადი მიზეზი იწვევს: 1) ცოდვილი მიდრეკილებები (დაბადება 6:5; 8:21; იაკობი 1:14, 15); 2) სატანა და მისი დემონები (ეფესოელები 6:11, 12); 3) ბოროტი ქვეყნიერება (იოანე 15:19). თუმცა იეჰოვა უშვებს განსაცდელებს, უშუალოდ ის არ იწვევს მათ. სინამდვილეში, „ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი ზემოდანაა, ციურ მნათობთა მამისგან მოდის“ (იაკობი 1:17). იეჰოვას კურთხევებს თან არ სდევს ტკივილი.

19. რა ელით მათ, რომლებიც უმწიკვლოდ განაგრძობენ სიარულს?

19 სულიერი კეთილდღეობისთვის იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის განვითარებაა აუცილებელი. როდესაც ვუახლოვდებით ღმერთს, ‘ვაგროვებთ განძს, რომელსაც საფრთხე არ ემუქრება — კარგ საძირკველს მომავლისთვის — რათა მტკიცედ ჩავეჭიდოთ ჭეშმარიტ სიცოცხლეს’ — მარადიულ სიცოცხლეს (1 ტიმოთე 6:12, 17—19). ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ჩვენი სულიერი სიმდიდრე გაორმაგდება, რადგან ამასთან ერთად სხვა კურთხევებიც გვექნება. ჭეშმარიტი სიცოცხლით დატკბება ყველა, ვინც ‘ისმენდა ღვთის ხმას’ (მეორე რჯული 28:2). მოდი უფრო მტკიცე გადაწყვეტილება მივიღოთ, რომ სიხარულით განვაგრძოთ ღვთის წინაშე უმწიკვლოდ სიარული!

გახსოვთ?

• რატომ არ არის გონივრული, ძალიან ბევრი ვიფიქროთ მომავალზე?

• რა კურთხევებს ვიღებთ დღეს?

• რატომ იტანჯებიან ღვთის ერთგული მსახურები?

[სასწავლო კითხვები]