არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ამოირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო“

„ამოირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო“

„ამოირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო“

„სიცოცხლე და სიკვდილი, კურთხევა და წყევლა დაგიდევი წინაშე. ამოირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო“ (მეორე რჯული 30:19).

1, 2. რა მხრივ იყო ადამიანი ღვთის ხატად შექმნილი?

„შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად“. ღვთის ეს განაცხადი ბიბლიის პირველ თავშია ჩაწერილი. დაბადების 1:26, 27–ში ნათქვამია: „შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად — ღვთის ხატად შექმნა იგი“. ამგვარად, პირველი ადამიანი დედამიწაზე მცხოვრები ყველა სხვა ქმნილებისგან განსხვავდებოდა. ის თავის შემოქმედს ჰგავდა და მის თვისებებს ირეკლავდა — ჰქონდა მსჯელობის უნარი და ახასიათებდა სიყვარული, სამართლიანობა, სიბრძნე და ძალა. მას ჰქონდა სინდისი, რომელიც ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებოდა, რაც მისთვის სასარგებლო და მისი ზეციერი მამისთვის სასიამოვნო იყო (რომაელები 2:15). მოკლედ რომ ვთქვათ, ადამს ნების თავისუფლება ჰქონდა. თავისი ხელის ნაყოფის, მიწიერი ძის, შემხედვარე იეჰოვამ განაცხადა, რომ ის „ძალზე კარგი იყო“ (დაბადება 1:31; ფსალმუნები 94:6).

2 ჩვენც, ადამის შთამომავლები, ღვთის მსგავსნი ვართ. მაგრამ, ნამდვილად გვაქვს არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა? თუმცა იეჰოვას შეუძლია წინასწარ იცოდეს, რა მოხდება მომავალში, ის წინასწარ არ განსაზღვრავს თითოეული ჩვენგანის მოქმედებებსა და ბედს. ის არასოდეს დაუშვებს, რომ მისი მიწიერი შვილები ბედისწერამ მართოს. იმისათვის, რომ ჩავწვდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ნების თავისუფლების სწორად გამოყენება, პირველ რიგში ვნახოთ, რის სწავლა შეგვიძლია ძველი ისრაელის მაგალითზე (რომაელები 15:4).

ისრაელებს ჰქონდათ ნების თავისუფლება

3. რომელი იყო ათიდან პირველი მცნება და როგორ არჩიეს ერთგულმა ისრაელებმა ამ მცნების შესრულება?

3 „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან“, — უთხრა იეჰოვამ ისრაელებს (მეორე რჯული 5:6). ძვ. წ. 1513 წელს ღმერთმა ისრაელები ეგვიპტის მონობიდან სასწაულებრივად გაათავისუფლა; ამიტომ მათ არ ჰქონდათ არავითარი საფუძველი, ეჭვი შეეტანათ ღვთის ამ სიტყვებში. ათიდან პირველ მცნებაში იეჰოვამ მოსეს მეშვეობით განაცხადა: „არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა“ (გამოსვლა 20:1, 3). მაშინ ისრაელებმა ღვთისადმი მორჩილება არჩიეს. ისინი მზადყოფნით ავლენდნენ იეჰოვასადმი განსაკუთრებულ ერთგულებას (გამოსვლა 20:5; რიცხვნი 25:11).

4. ა) რა არჩევნის შესახებ გაუცხადა მოსემ ისრაელს? ბ) რა არჩევანი გვაქვს დღეს ჩვენ?

4 დაახლოებით 40 წლის შემდეგ მოსემ ისრაელების სხვა თაობას შეახსენა იმ არჩევნის შესახებ, რომელიც მათ უნდა გაეკეთებინათ. მან განაცხადა: „მოწმედ მოვუწოდებ დღეს თქვენს წინაშე ცასა და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი, კურთხევა და წყევლა დაგიდევი წინაშე. ამოირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო შენ და შენმა შთამომავლობამ“ (მეორე რჯული 30:19). მსგავსად ჩვენც შეგვიძლია არჩევნის გაკეთება. დიახ, შეგვიძლია ავირჩიოთ იეჰოვასადმი ერთგულად მსახურება, რაც მარადიულ სიცოცხლეს მოგვიტანს, ან დაუმორჩილებლობა, და შესაბამისი შედეგები მოვიმკათ. განვიხილოთ იმ ხალხის ორი მაგალითი, რომლებმაც ურთიერთსაპირისპირო არჩევანი გააკეთეს.

5, 6. რა არჩევანი გააკეთა იესო ნავეს ძემ და რა შედეგი მოჰყვა ამას?

5 ძველი წელთაღრიცხვით 1473 წელს იესო ნავეს ძემ ისრაელები აღთქმულ მიწაზე შეიყვანა. სიკვდილის წინ იესო ნავეს ძემ მთელ ისრაელს მოუწოდა: „თუ ავად მიგაჩნიათ თქვენს თვალში უფლის მსახურება, აირჩიეთ დღეს, ვის ემსახუროთ: ღმერთებს, ვისაც თქვენი მამები ემსახურებოდნენ მდინარის გაღმა, თუ ამორეველთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც თქვენ ცხოვრობთ“. შემდეგ კი თავისი ოჯახის შესახებ თქვა: „მე და ჩემი სახლი კი უფალს ვემსახურებით“ (იესო ნავეს ძე 24:15).

6 ადრე იეჰოვამ იესო ნავეს ძეს მოუწოდა, გამაგრებულიყო და განმტკიცებულიყო და დაარიგა, არ გადაეხვია ღვთის კანონიდან. ღვთის კანონის დღედაღამ ხმადაბლა კითხვით იესო ნავეს ძე შეძლებდა, წარმატებული ყოფილიყო (იესო ნავეს ძე 1:7, 8). და ეს ასეც იყო. გაკეთებულმა არჩევანმა იესო ნავეს ძეს კურთხევები მოუტანა. მან თქვა: „არ გაცუდებულა არც ერთი სიტყვა ყველა კეთილი სიტყვიდან, რომელიც ისრაელის სახლს უთხრა უფალმა. ყოველივე ახდა“ (იესო ნავეს ძე 21:45).

7. რა არჩევანი გააკეთეს ესაიას დღეებში ისრაელებმა და რა შედეგები მოჰყვა ამას?

7 ამის საპირისპიროდ, განვიხილოთ, რა მოხდა ისრაელში დაახლოებით 700 წლის შემდეგ. იმ დროისათვის მრავალი ისრაელი წარმართულ წეს–ჩვეულებებს იცავდა. მაგალითად, წლის ბოლო დღეს ხალხი იკრიბებოდა მაგიდასთან, რომელიც სავსე იყო ნაირ–ნაირი ნუგბარი საჭმელებითა და ღვინოთი. ეს არ იყო, უბრალოდ, მთელი ოჯახის ერთად შეკრება. ეს იყო რელიგიური ცერემონიალი, რომელიც პატივს მიაგებდა ორ წარმართულ ღვთაებას. წინასწარმეტყველმა ესაიამ ამ ორგულების შესახებ ღვთის თვალსაზრისი შემდეგი სიტყვებით გამოხატა: «თქვენ კი, უფლის მიმტოვებელნო, დამვიწყებელნო ჩემი წმიდა მთისა, გამამზადებელნო გადისთვის [„იღბლიანობის ღმერთისთვის“, აქ] სუფრისა და შემავსებელნო მენისთვის [„ბედისწერის ღმერთისთვის“, აქ] სასმელებისა». იმ ისრაელებს სწამდათ, რომ წლის მოსავალი დამოკიდებული იყო არა იეჰოვას კურთხევაზე, არამედ „იღბლიანობის ღმერთისა“ და „ბედისწერის ღმერთის“ კეთილგანწყობაზე. მაგრამ, ფაქტობრივად, მათმა ურჩობამ და არჩევანმა განსაზღვრა ის სავალალო შედეგები, რომლებიც მოიმკეს. „მე გადაგცემთ თქვენ მახვილს, — განაცხადა იეჰოვამ, — და ყველანი დასაკლავად იქნებით მუხლმოყრილნი, რადგან მე ვხმობდი და არ გამომეხმიანეთ, მე ვლაპარაკობდი და თქვენ არ ისმინეთ, და ბოროტს სჩადიოდით ჩემს თვალში და, რაც არ მსურდა, ის აირჩიეთ“ (ესაია 65:11, 12). უგუნურმა არჩევანმა მათ უბედურება დაატეხა თავს და იღბლიანობისა და ბედისწერის ღმერთებმა ვერ იხსნეს ისინი.

სწორი არჩევნის გაკეთება

8. მეორე რჯულის 30:20–ის თანახმად, რა შედის სწორი არჩევნის გაკეთებაში?

8 როდესაც მოსემ ისრაელებს მოუწოდა, აერჩიათ სიცოცხლე, მან აღნიშნა, რომელი სამი ნაბიჯის გადადგმა იყო საჭირო ამისათვის: „გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, რათა ისმინო მისი ხმა და მიეწებო მას“ (მეორე რჯული 30:20). მოდი გამოვიკვლიოთ თითოეული მათგანი, რათა სწორი არჩევნის გაკეთება შევძლოთ.

9. როგორ შეგვიძლია იეჰოვასადმი სიყვარულის გამოვლენა?

9 გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი: ჩვენ იეჰოვასადმი მსახურებას იმიტომ ვირჩევთ, რომ გვიყვარს ის. თუ გავითვალისწინებთ ისრაელების მაგალითს, წინ აღვუდგებით უზნეობის ჩადენის ნებისმიერ ცდუნებას და მოვერიდებით ისეთი ცხოვრების წესს, რომელიც ამ ქვეყნიერებაში არსებული მატერიალიზმის მახეში გაგვაბამდა (1 კორინთელები 10:11; 1 ტიმოთე 6:6—10). ჩვენ ‘ვეწებებით’ იეჰოვას და ვიცავთ მის ‘წესებს’ (იესო ნავეს ძე 23:8; ფსალმუნები 118:5, 8). აღთქმულ მიწაზე შესვლის წინ მოსემ ისრაელებს მოუწოდა: „შეხედეთ, გასწავლეთ თქვენ წესები და სამართალნი, როგორც მიბრძანა მე უფალმა, ჩემმა ღმერთმა, აღსასრულებლად იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ მიდიხართ დასამკვიდრებლად. დაიცავით და აღასრულეთ, რადგან ესაა თქვენი სიბრძნე და თქვენი გონიერება, სხვადასხვა ხალხების თვალწინ, რომელნიც ყურს მოკრავენ ამ წესებს“ (მეორე რჯული 4:5, 6). ახლა დროა, იეჰოვასადმი სიყვარული იმით გამოვავლინოთ, რომ მისი ნება ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენოთ. თუ ამგვარად მოქმედებას ავირჩევთ, ნამდვილად მივიღებთ კურთხევებს (მათე 6:33).

10—12. რას ვსწავლობთ ნოეს დღეებში მომხდარი მოვლენებიდან?

10 ისმინე ღვთის ხმა: ნოე „სიმართლის მქადაგებელი“ იყო (2 პეტრე 2:5). წარღვნის წინა პერიოდში თითქმის არავის „ანაღვლებდა“ ნოეს გაფრთხილებები. რა მოჰყვა ამას შედეგად? „წარღვნა . . . მოვიდა და ყველა . . . წალეკა“. იესომ გაგვაფრთხილა, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა მაშინაც, როდესაც „კაცის ძე მოსული“ იქნებოდა. ნოეს დღეებში მომხდარი მოვლენები კარგი გაფრთხილებაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს უგულებელყოფენ ღვთის ცნობას (მათე 24:39).

11 დღეს ღვთის მსახურების მიერ გადაცემული გაფრთხილებების დამცინავებმა უნდა გააცნობიერონ, თუ რას მოუტანთ ამ გაფრთხილებების უგულებელყოფა. ამ დამცინავების შესახებ პეტრე მოციქულმა თქვა: „მათ, თავიანთი ნებისამებრ, მხედველობიდან რჩებათ, რომ ძველთაგანვე იყო ცა და მიწა, რომელიც ღვთის სიტყვით წყლიდან მყარ მასად იყო ამოწეული და წყლებს შუა მოთავსებული. მათი საშუალებით განადგურდა იმდროინდელი ქვეყნიერება, როცა წყლით წაილეკა. ახლანდელი ცა და დედამიწა კი იმავე სიტყვით ცეცხლისთვის არის გამზადებული და შემონახული უღმერთო ადამიანთა გასამართლებისა და დაღუპვის დღისთვის“ (2 პეტრე 3:3—7).

12 ამ ადამიანთაგან სრულიად განსხვავებული არჩევანი გააკეთეს ნოემ და მისმა ოჯახმა. „რწმენით ნოემ, როდესაც ღმერთმა გააფრთხილა იმის შესახებ, რაც ჯერ არ იყო ხილული, ღვთისადმი შიში გამოავლინა და . . . კიდობანი ააგო“. ნოემ ყურად იღო გაფრთხილება, რითაც მთელი თავისი ოჯახი გადაარჩინა (ებრაელები 11:7). დაე ჩვენც სწრაფნი ვიყოთ ღვთის ცნობის მოსმენაში, შემდეგ კი მორჩილად შევასრულოთ იეჰოვას სიტყვები (იაკობი 1:19, 22—25).

13, 14. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი, ‘მივეწებოთ’ იეჰოვას? ბ) როგორ უნდა მივცეთ იეჰოვას, ჩვენს ‘შემქმნელს’, ჩვენი გამოძერწვის საშუალება?

13 ‘მიეწებე’ იეჰოვას: ‘სიცოცხლე რომ ავირჩიოთ და ვიცოცხლოთ’, საჭიროა არა მარტო გვიყვარდეს იეჰოვა და მოვუსმინოთ მას, არამედ ‘მივეწებოთ’ კიდეც მას — დაჟინებით განვაგრძოთ მისი ნების შესრულება. „მოთმინებით მოიპოვებთ თქვენს სულებს“, — თქვა იესომ (ლუკა 21:19). ამ საკითხში გაკეთებული ჩვენი არჩევანი ცხადყოფს, თუ როგორი გული გვაქვს. „ნეტარია ადამიანი, რომელსაც მუდამ ეშინია, ხოლო გულის გამქვავებელი უბედურებაში ჩავარდება“, — აღნიშნავს იგავების 28:14. ეს დაემართა ძველი ეგვიპტის ფარაონს. ათი სასჯელიდან თითოეულის შემდეგ ფარაონი ‘გულს იქვავებდა’ ნაცვლად იმისა, რომ ღვთისადმი შიში გამოევლინა. იეჰოვამ ძალით არ გაუქვავა გული ფარაონს, არამედ ამ ქედმაღალ მმართველს არჩევნის გაკეთების საშუალება მისცა. ნებისმიერ შემთხვევაში, იეჰოვას ნება შესრულდა, როგორც ამას ფარაონთან დაკავშირებით იეჰოვას თვალსაზრისის გამოხატვისას პავლე მოციქული აღნიშნავს: „იმისთვის დაგტოვე, რომ შენზე ვაჩვენო ჩემი ძალა და ჩემი სახელი მთელ დედამიწას ეუწყოს“ (რომაელები 9:17).

14 საუკუნეები იყო გასული მას შემდეგ, რაც ფარაონის ხელიდან ისრაელები გათავისუფლდნენ, როდესაც წინასწარმეტყველმა ესაიამ განაცხადა: „უფალო, ჩვენი მამა ხარ შენ, ჩვენ თიხა ვართ, შენ კი ჩვენი შემქმნელი; შენი ხელის ნაკეთები ვართ ჩვენ ყველანი“ (ესაია 64:8). ჩვენ თანდათანობით ახალ პიროვნებად ვიმოსებით, როდესაც ღვთის სიტყვის პირადი შესწავლითა და ნასწავლის გამოყენებით იეჰოვას ჩვენი გამოძერწვის საშუალებას ვაძლევთ. ამგვარად, უფრო თვინიერი და რბილი ვხდებით; ეს კი გვეხმარება, მივეწებოთ იეჰოვას და მისადმი ერთგულება შევინარჩუნოთ, რადგან გულწრფელად გვსურს, მას ვასიამოვნოთ (ეფესოელები 4:23, 24; კოლოსელები 3:8—10).

„აცოდინე შენს ძეთ“

15. მეორე რჯულის 4:9–ის თანახმად, რა ორი პასუხისმგებლობის შესახებ შეახსენა მოსემ ისრაელებს?

15 აღთქმულ მიწაზე შესასვლელად შეკრებილ ისრაელებს მოსემ უთხრა: „მხოლოდ გაფრთხილდი და გულისყურით დაიცავი თავი, ნუ დაივიწყებ იმ საქმეებს, რომელნიც შენმა თვალებმა იხილეს; და გულიდან ნუ ამოგივარდება სიცოცხლის განმავლობაში. და აცოდინე შენს ძეთ და შენს ძეთა ძეებს“ (მეორე რჯული 4:9). ღვთის კურთხევა რომ ჰქონოდათ და წარმატებული ყოფილიყვნენ ქვეყანაში, რომელშიც ის–ის იყო შედიოდნენ, ხალხს იეჰოვას წინაშე ორი რამ უნდა შეესრულებინა. ისრაელებს არ უნდა დაევიწყებინათ ის სასწაულები, რომლებიც იეჰოვამ მათ თვალწინ მოიმოქმედა და ამის შესახებ მომავალი თაობებისთვის მოეთხროთ. დღეს ჩვენც, ღვთის ხალხმაც, იგივე უნდა გავაკეთოთ, თუ გვსურს, რომ ‘ავირჩიოთ სიცოცხლე და ვიცოცხლოთ’. იეჰოვას მიერ ჩვენ სასარგებლოდ გაკეთებული რომელი საქმეების თვითმხილველნი ვართ?

16, 17. ა) რა მიღწევები აქვთ სამქადაგებლო საქმიანობაში სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებულ მისიონერებს? ბ) გაუნელებელი ენთუზიაზმის რომელი მაგალითები იცით პირადად თქვენ?

16 ძალიან გვიხარია, როდესაც ვხედავთ, თუ როგორ აკურთხებს იეჰოვა ჩვენს სამქადაგებლო და მოწაფეების მომზადების საქმიანობას. 1943 წელს „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ დაფუძნების შემდეგ მისიონერებმა მრავალ ქვეყანაში მოწაფეების მომზადება დაიწყეს. ამ სკოლის პირველი კლასების კურსდამთავრებულები იმ დროიდან მოყოლებული ენთუზიაზმით განაგრძობენ სამეფოს შესახებ ქადაგებას, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ასაკში არიან და ზოგს ფიზიკური უძლურებაც უშლის ხელს. ერთ-ერთი მათგანია მერი ოლსონი, რომელმაც სკოლა „გალაადი“ 1944 წელს დაამთავრა. ის თავიდან მისიონერად ურუგვაიში, შემდეგ კოლუმბიაში მსახურობდა, ახლა კი პუერტო–რიკოში მსახურობს. და ოლსონს ასაკთან დაკავშირებული ფიზიკური პრობლემები აწუხებს, მაგრამ მას არ დაუკარგავს ქადაგებაში გულმოდგინება. ის იყენებს ესპანური ენის ცოდნას და გეგმავს, ადგილობრივ მაუწყებლებთან ერთად ყოველკვირა მიიღოს სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობა.

17 ნენსი პორტერი, რომელმაც სკოლა „გალაადი“ 1947 წელს დაამთავრა და ამჟამად ქვრივია, დღემდე მსახურობს ბაჰამის კუნძულებზე. ის კიდევ ერთი მისიონერია, რომელიც განაგრძობს სამქადაგებლო საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობას. „სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლება განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს, — აღნიშნავს და პორტერი თავის ბიოგრაფიაში *. — იგი საშუალებას მაძლევს, ვიყო სულიერზე კონცენტრირებული, რაც ჩემს ცხოვრებას ორგანიზებულსა და სტაბილურს ხდის“. როდესაც და პორტერი და სხვა ერთგული მსახურები თავიანთ წარსულზე ფიქრობენ, არასოდეს ავიწყდებათ ის, რაც იეჰოვამ გააკეთა. რა შეიძლება ითქვას ჩვენზე? ვართ მადლიერნი იმისათვის, რომ იეჰოვამ აკურთხა სამეფოს საქმიანობა ჩვენს ტერიტორიაზე? (ფსალმუნები 67:12).

18. რის სწავლა შეგვიძლია მისიონერთა ბიოგრაფიებიდან?

18 ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის წარმატებები, რომელთაც ამ დიდი ხნის მსახურებმა მიაღწიეს და აღწევენ. მათი ბიოგრაფიების კითხვა ძალიან გვამხნევებს, რადგან, როდესაც ვხედავთ, რა გააკეთა იეჰოვამ ამ ერთგული მსახურებისთვის, ამით უფრო გვიმტკიცდება გადაწყვეტილება, ვემსახუროთ იეჰოვას. კითხულობთ რეგულარულად მსგავს სტატიებს, რომლებიც „საგუშაგო კოშკში“ იბეჭდება, და ფიქრობთ წაკითხულზე?

19. როგორ შეუძლიათ მშობლებს გამოიყენონ „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი ბიოგრაფიები?

19 მოსემ ისრაელებს შეახსენა, არ დაევიწყებინათ ყოველივე, რაც იეჰოვამ მათთვის გააკეთა და ‘გულიდან არ ამოვარდნოდათ’ ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. შემდეგ კი დასძინა: „აცოდინე [ეს] შენს ძეთ და შენს ძეთა ძეებს“ (მეორე რჯული 4:9). ცხოვრებისეული შემთხვევები განსაკუთრებით მიმზიდველია. ახალგაზრდებს კარგი მაგალითი სჭირდებათ. მარტოხელა დებს შეუძლიათ ისწავლონ იმ უფროსი დების მაგალითებიდან, რომელთა ბიოგრაფიებიც „საგუშაგო კოშკში“ იბეჭდება. თავიანთ ქვეყანაში უცხოენოვან ტერიტორიებზე ქადაგება ძმებსა თუ დებს სასიხარულო ცნობის ქადაგებაში მონაწილეობის მეტ შესაძლებლობას აძლევს. ქრისტიანო მშობლებო, გამოიყენეთ იმ ერთგულ მისიონერთა და სხვათა მაგალითები, რათა შვილები სრული დროით მსახურებისკენ აღძრათ!

20. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ‘სიცოცხლე ავირჩიოთ’?

20 მაშ, როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს, ‘აირჩიოს სიცოცხლე’? იმით, რომ ნების თავისუფლებას იეჰოვასადმი სიყვარულის გამოსავლენად გამოვიყენებთ და მისადმი მსახურებას მთელ ძალებს მოვახმართ მანამ, სანამ იეჰოვა ამის შესაძლებლობას გვაძლევს. „რადგან, — როგორც მოსე აღნიშნავს, — იგია [იეჰოვაა] შენი სიცოცხლე და შენი დღეგრძელობა“ (მეორე რჯული 30:19, 20).

[სქოლიოები]

^ აბზ. 17 იხილეთ 2001 წლის 1 ივნისის „საგუშაგო კოშკში“ სტატია „გულსატკენი დანაკარგის მიუხედავად ბედნიერი და მადლიერი“, გვერდები 23—27.

შეგიძლიათ გაიხსენოთ?

• რა ვისწავლეთ იმ ხალხის მაგალითიდან, რომლებმაც ორი ურთიერთსაპირისპირო არჩევანი გააკეთეს?

• რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისათვის, რომ ‘სიცოცხლე ავირჩიოთ’?

• რა ორი რამის შესრულებისკენ მოგვიწოდებენ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 26 გვერდზე]

„სიცოცხლე და სიკვდილი . . . დაგიდევი წინაშე“.

[სურათი 29 გვერდზე]

ღვთის სიტყვის მოსმენამ გადაარჩინა ნოე და მისი ოჯახი.

[სურათი 30 გვერდზე]

მერი ოლსონი

[სურათი 30 გვერდზე]

ნენსი პორტერი