არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იყავით კმაყოფილნი ბიბლიური პრინციპების გამოყენებისას

იყავით კმაყოფილნი ბიბლიური პრინციპების გამოყენებისას

იყავით კმაყოფილნი ბიბლიური პრინციპების გამოყენებისას

უეჭველია გინახავთ კატა, რომელიც ნებივრობს და კმაყოფილებისგან კრუტუნებს. ნამდვილად შესანიშნავი იქნებოდა ასეთი კმაყოფილების განცდა! მაგრამ ბევრისთვის კმაყოფილება მხოლოდ დროებითი განცდაა და მისი მიღწევა არც ისე იოლია. რა არის ამის მიზეზი?

ერთ–ერთი მიზეზი ის არის, რომ არასრულყოფილები ვართ და ხშირად გვიწევს საკუთარი თუ სხვების შეცდომების ატანა. გარდა ამისა, ჩვენ ვცხოვრობთ დროში, რომელსაც ბიბლია „ძნელად ასატან“ „ბოლო დღეებს“ უწოდებს (2 ტიმოთე 3:1—5). იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვობასთან კმაყოფილების მომგვრელი მოგონებები გვაკავშირებს, დღეს უმრავლესობა ამ „ძნელად ასატანი დროის“ სიმძიმეს განვიცდით. შესაძლებელია დღეს კმაყოფილების პოვნა?

ყურადღება მიაქციეთ, რომ ბიბლიის თანახმად, ბოლო დღეებში ცხოვრება ძნელად ასატანი იქნებოდა და არა შეუძლებელი. ბოლო დღეების ატანაში ბიბლიური პრინციპების გამოყენება დაგვეხმარება. პრობლემები შეიძლება ყოველთვის ვერ გადავჭრათ, მაგრამ ბიბლიური პრინციპების გამოყენებით ყოველთვის შევძლებთ კმაყოფილების ამა თუ იმ ზომით პოვნას. განვიხილოთ სამი ბიბლიური პრინციპი.

რეალურად შეაფასეთ სიტუაცია

კმაყოფილების მისაღწევად რეალურად უნდა ვაფასებდეთ როგორც საკუთარ, ისე სხვების შესაძლებლობებს. რომაელებისადმი მიწერილ წერილში მოციქულმა პავლემ აღნიშნა: „ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელები 3:23). იეჰოვას დიდების ბევრი მხარე აღემატება ჩვენს გაგებას. ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რაც დაბადების 1:31–ში წერია: „იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და ძალზე კარგი იყო“. თავისი გაკეთებული საქმეების შესახებ იეჰოვას ყოველთვის შეუძლია თქვას: „ძალზე კარგი იყო“. ადამიანებს კი ყოველთვის არ შეუძლიათ ამის თქმა. საკუთარი შესაძლებლობების საზღვრების გაცნობიერება პირველი ნაბიჯია კმაყოფილების მისაღწევად. თუმცა უფრო მეტია საჭირო. აუცილებელია გვესმოდეს, თუ როგორ უყურებს იეჰოვა ამა თუ იმ საკითხს და მის თვალსაზრისს ვირეკლავდეთ.

„ცოდვად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვის ფუძე ნიშნავს „მიზნის აცდენას“ (რომაელები 3:9). მაგალითისთვის: წარმოიდგინეთ მშვილდოსანი, რომელსაც ჯილდოს მოპოვების იმედი აქვს. მას მხოლოდ სამი ისარი აქვს. პირველ ისარს ის ერთი მეტრით აცილებს მიზანს. მეორეს უკეთესად უმიზნებს, მაგრამ 30 სანტიმეტრით აცილებს. ის მაქსიმალურ კონცენტრირებას ახდენს ბოლო ისრის გასროლისას და სულ რაღაც 2 სანტიმეტრით აცილებს. მშვილდოსანი ასე ახლოს იყო მიზანთან, მაგრამ უშედეგოდ.

ჩვენ რაღაცით ამ იმედგაცრუებულ მშვილდოსანს ვგავართ. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ დიდი მანძილით ვცდებით მიზანს. ხანდახან კი ძალიან ვუახლოვდებით, მაგრამ მიზანში მაინც ვერ ვახვედრებთ. ძალიან გული გვწყდება, რადგან დიდი მცდელობის მიუხედავად ისე არ გამოგვივიდა, როგორც გვინდოდა. დავუბრუნდეთ მშვილდოსნის მაგალითს.

მშვილდოსანი გაწბილებული ტოვებს მოედანს, რადგან ძალიან სურდა პრიზის აღება. მოულოდნელად მას ჟიურის წარმომადგენელი ეძახის, პრიზს აძლევს და ეუბნება: „მე მინდა ეს პრიზი შენ გადმოგცე, რადგან დავინახე, როგორ ცდილობდი მიზანში მოხვედრას“. მშვილდოსანი ძალიან გახარებულია!

დიახ, მშვილდოსანი გახარებულია! უდიდეს სიხარულს იგრძნობს ყველა, ვინც ღვთისგან ძღვნად მარადიულ სიცოცხლეს მიიღებს (რომაელები 6:23). ამის შემდეგ, ყველაფერი, რასაც ეს ადამიანები გააკეთებენ, სრულყოფილი იქნება; ისინი მიზანს აღარასოდეს ააცილებენ და აბსოლუტურ კმაყოფილებას ჰპოვებენ. მანამდე კი, ამის ცოდნა და გათვალისწინება დაგვეხმარება, უფრო კმაყოფილნი ვიყოთ როგორც საკუთარი თავით, ისე სხვებთან ურთიერთობით.

გახსოვდეთ, რომ ყველაფერს დრო სჭირდება

ცხადია, ყველაფერს დრო სჭირდება. და მაინც, ალბათ ამჩნევთ, რამდენად რთულია კმაყოფილების შენარჩუნება, როცა ის, რასაც ელით, ისე სწრაფად არ სრულდება, როგორც ფიქრობდით; ან როდესაც არასახარბიელო სიტუაცია იმაზე დიდხანს გრძელდება, ვიდრე თქვენ გეგონათ. მიუხედავად ამისა, ასეთ სიტუაციებშიც შესაძლებელია კმაყოფილების შენარჩუნება. განვიხილოთ იესოს მაგალითი.

დედამიწაზე მოსვლამდე იესო ზეცაში მორჩილების შესანიშნავ მაგალითს იძლეოდა. მიუხედავად ამისა, მან დედამიწაზე ‘ისწავლა მორჩილება’. როგორ? „იმით, რაც გადაიტანა“. მანამდე ის ზეციდან უყურებდა ხალხის ტანჯვას, თუმცა თავად არასოდეს ჰქონდა გამოცდილი. დედამიწაზე ყოფნისას კი, განსაკუთრებით მდინარე იორდანეში მონათვლიდან გოლგოთაზე სიკვდილამდე, ის არაერთხელ აღმოჩნდა ურთულესი სიტუაციის პირისპირ. ჩვენ არ ვიცით ყველა დეტალი, თუ ამ მხრივ ის როგორ ‘გახდა სრულყოფილი’, მაგრამ ვიცით, რომ ამ პროცესს დრო დასჭირდა (ებრაელები 5:8, 9).

იესოს წარმატების გასაღები ის იყო, რომ იგი ფიქრობდა „სიხარულზე, რომელიც მოელოდა“ — ჯილდოზე, რომელსაც ერთგულებისთვის მიიღებდა (ებრაელები 12:2). და მაინც, დროდადრო ის ‘ძლიერი ღაღადითა და ცრემლებით სწირავდა ვედრებასა და თხოვნას’ ღმერთს (ებრაელები 5:7). ზოგჯერ შეიძლება ჩვენც მსგავსად მივმართავთ იეჰოვას ლოცვით. როგორ უყურებს იეჰოვა ამას? იმავე მუხლიდან ვხედავთ, რომ იეჰოვამ ‘შეისმინა’ იესოს ლოცვა. ის ჩვენს ლოცვებსაც შეისმენს. რატომ?

იმიტომ რომ იეჰოვამ იცის ჩვენი შესაძლებლობების საზღვრები და ის მზად არის, დაგვეხმაროს. ყველა ადამიანის შემთხვევაში არსებობს გარკვეული ზღვარი, რომლის იქითაც მას სირთულეების ატანა აღარ შეუძლია. ბენინელებს (აფრიკა) აქვთ ასეთი ანდაზა: „ბევრი წყალი ბაყაყებსაც კი დაახრჩობს“. იეჰოვამ ჩვენზე უკეთ იცის, როდის ვუახლოვდებით ჩვენი ამტანობის ზღვარს. ის ‘გულმოწყალებითა და წყალობით ზრუნავს ჩვენს დროულ დახმარებაზე’ (ებრაელები 4:16). ეს ასე იყო როგორც იესოს, ისე ღვთის სხვა მრავალი მსახურის შემთხვევაში. განვიხილოთ მონიკას მაგალითი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა იეჰოვას დახმარება.

მონიკა მხიარული და სიცოცხლით სავსე იყო, რადგან უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა. მაგრამ 1968 წელს, დაახლოებით 20 წლის ასაკში, მას თავზარი დაეცა, როცა ექიმებმა გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. ეს დაავადება იწვევს ადამიანის ნაწილობრივ პარალიზებას. ამან სრულად შეცვალა მისი ცხოვრება. მას დიდი ცვლილებები უნდა მოეხდინა, რადგან სრული დროით მსახურობდა. მონიკას ესმოდა, რომ პროგრესიული დაავადება ჰქონდა. თექვსმეტი წლის შემდეგ ის ამბობს: „ჩემი დაავადება განუკურნავია და, როგორც ჩანს, ღვთის ახალ ქვეყნიერებამდე ეს ასე იქნება“. მონიკა ამბობს, რომ ამ დაავადებასთან გამკლავება ადვილი არ არის: „მართალია მეუბნებიან, რომ უწინდელივით მხიარული და ოპტიმისტი ვარ, მაგრამ ჩემმა ახლობლებმა იციან, რომ ზოგჯერ ცხარე ცრემლებით ვტირივარ“.

მიუხედავად ამისა, მონიკა აღნიშნავს: „ვსწავლობ მოთმინებას და ვცდილობ, უკეთესობის ნებისმიერი სიმპტომი სიხარულის მიზეზად ვაქციო. იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის განვითარებაში მეხმარება იმის გაცნობიერება, რომ ადამიანი უმწეოა დაავადებასთან ბრძოლაში. მხოლოდ იეჰოვას შეუძლია ჩემი ბოლომდე განკურნება“. იეჰოვას დახმარებით მონიკა ინარჩუნებს კმაყოფილებას და 40 წელზე მეტია, რაც სრული დროით მსახურობს.

მონიკას მსგავს მდგომარეობაში ყოფნა მართლაც არ არის ადვილი. მაგრამ თქვენ ნამდვილად ჰპოვებთ კმაყოფილებას, თუ გესმით, რომ ზოგ რამეს უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ელით. მონიკას მსგავსად, შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ თქვენც მიიღებთ იეჰოვასგან „დროულ დახმარებას“.

საკუთარ თავს სხვებს ნუ შეადარებთ — დაისახეთ გონივრული მიზნები

ყველა პიროვნება ინდივიდუალურია. ზუსტად თქვენი მსგავსი ადამიანი არ არსებობს. ერთ–ერთ აფრიკულ ენაში არის ასეთი გამონათქვამი: „ყველა თითი სხვადასხვა სიგრძისაა“. არაგონივრული იქნებოდა ერთი თითის მეორესთან შედარება. ალბათ, არ ისურვებდით, თუ იეჰოვა სხვა პიროვნებასთან შეგადარებდათ, და ის არც გააკეთებს ამას. მაგრამ, ჩვეულებრივ, ადამიანებს სჩვევიათ, საკუთარი თავი სხვას შეადარონ. ამან შეიძლება ადამიანს კმაყოფილების გრძნობა დაუკარგოს. ყურადღება მიაქციეთ, რა შესანიშნავად აღწერა ეს იესომ მათეს 20:1—16–ში.

იესომ მოიხსენია „ვენახის პატრონი“, რომელსაც ვენახში სამუშაოდ მუშები უნდა დაექირავებინა. ზოგი მუშა მან „დილაადრიან“, დაახლოებით ექვს საათზე დაიქირავა. ისინი დათანხმდნენ ჩვეულებრივ დღიურ გასამრჯელოზე — ერთ დინარზე 12–საათიანი სამუშაო დღისთვის. ეს მუშები, უეჭველია, გახარებული იქნებოდნენ, რომ იშოვეს სამუშაო, რომლისთვისაც დღიურ გასამრჯელოს მიიღებდნენ. მოგვიანებით ვენახის პატრონმა დაიქირავა სხვა მუშებიც — 9, 12, 15 და, დღის ბოლოს, 17 საათზე. ამათგან არავის მოუწევდა მთელი დღის განმავლობაში მუშაობა. ვენახის პატრონი მათ დაჰპირდა, რომ ‘რაც ერგებოდათ, მისცემდა’, და მუშებიც დათანხმდნენ.

დღის ბოლოს ვენახის პატრონმა თავისი ქონების მეთვალყურეს უბრძანა, მუშებისთვის გასამრჯელო მიეცა. მან უთხრა, რომ თავიდან იმ მუშებისთვის გადაეხადა გასამრჯელო, ვინც ყველაზე ბოლოს დაიქირავა. ამ მუშებმა მხოლოდ ერთი საათი იმუშავეს, მაგრამ მთელი დღის გასამრჯელო მიიღეს. წარმოიდგინეთ, რა გაკვირვებულები იქნებოდნენ ისინი. მათ, ვინც სრული 12 საათი იმუშავა, იფიქრეს, რომ შესაბამისად უფრო მეტს გადაუხდიდნენ. მაგრამ მათაც იმავე ოდენობის გასამრჯელო მიიღეს.

როგორი იყო მათი რეაქცია? მათ «ბუზღუნი დაუწყეს სახლის პატრონს: „ბოლოს მოსულებმა სულ ერთი საათი წაიმუშავეს, შენ კი ისინი ჩვენ გაგვიტოლე, რომლებმაც დღის სიმძიმე და პაპანაქება გადავიტანეთ!“»

თუმცა ვენახის პატრონი სიტუაციას ასე არ აფასებდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ ზუსტად იმდენი მიიღეს, რამდენზეც თავად დათანხმდნენ. სხვებთან დაკავშირებით კი ვენახის პატრონმა გადაწყვიტა, მთელი დღის გასამრჯელო მიეცა — იმაზე მეტი, ვიდრე ისინი მოელოდნენ. არავის მიუღია იმაზე ნაკლები, ვიდრე მოლაპარაკებით იყო გათვალისწინებული. ფაქტობრივად, ბევრმა იმაზე მეტიც მიიღო, ვიდრე ეკუთვნოდა. ბოლოს ვენახის პატრონმა თქვა: „განა იმის უფლება არა მაქვს, ჩემი ქონება როგორც მინდა, ისე მოვიხმარო?“

ახლა წარმოიდგინეთ, რომ ქონების მეთვალყურემ გასამრჯელო ჯერ თავდაპირველად დაქირავებულ მუშებს გადაუხადა, რის შემდეგაც ისინი სახლში წავიდნენ. ასეთ შემთხვევაში, ეს მუშები ნამდვილად კმაყოფილნი იქნებოდნენ. მათ უკმაყოფილება მას შემდეგ გამოხატეს, რაც დაინახეს, რომ ნაკლები სამუშაოსთვის სხვებმაც იგივე გასამრჯელო მიიღეს. გაბრაზებულებმა, ბუზღუნიც კი დაუწყეს ვენახის პატრონს, თუმცა მისი მადლიერნი იქნებოდნენ მაშინ, როცა ისინი დაიქირავა.

ეს მაგალითი კარგად ასახავს იმას, თუ რა ხდება, როდესაც საკუთარ თავს სხვებს ვადარებთ. თუ იფიქრებთ იეჰოვასთან თქვენს პირად ურთიერთობაზე და დააფასებთ მისგან მიღებულ კურთხევებს, კმაყოფილნი იქნებით. ნუ შეადარებთ თქვენს მდგომარეობას სხვებისას. თუ თქვენი აზრით, იეჰოვა სხვებისთვის უფრო მეტს აკეთებს, გაიზიარეთ მათი ბედნიერება და იხარეთ მათთან ერთად.

იეჰოვა მოელის, რომ თქვენც გადადგამთ ნაბიჯებს. გალატელების 6:4–ში ნათქვამია: „თითოეულმა თავისი საქმე გამოსცადოს და მხოლოდ მაშინ ექნება დიდი სიხარულის მიზეზი თავისით“. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაისახეთ გონივრული მიზნები. თქვენი მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგინეთ რეალური გეგმა და შემდეგ მიჰყევით მას. თუ თქვენ მიერ დასახული მიზანი გონივრულია და შეძლებთ მის მიღწევას, გექნებათ „დიდი სიხარულის მიზეზი“ და კმაყოფილების გრძნობა.

თქვენი ძალისხმევა დაჯილდოვდება

ჩვენ მიერ განხილული სამი პრინციპი ცხადყოფს, რომ ბოლო დღეების სირთულეებისა და ჩვენი არასრულყოფილების მიუხედავადაც კი ბიბლიური პირინციპების გამოყენებას ნამდვილად მოაქვს კმაყოფილება. ბიბლიის ყოველდღიური კითხვისას ეძებეთ მსგავსი პრინციპები, რომლებიც ზოგჯერ პირდაპირაა მოცემული, ზოგჯერ კი მონათხრობებში ან მაგალითებშია ჩადებული.

თუ ხედავთ, რომ, რაც დრო გადის, უფრო ნაკლებ კმაყოფილებას განიცდით, ეცადეთ, განსაზღვროთ ამის ძირითადი მიზეზი. შემდეგ მოძებნეთ პრინციპები, რომელთა გამოყენებითაც შეძლებთ მდგომარეობის გამოსწორებას. მაგალითად, შეგიძლიათ გადახედოთ ბროშურას „მთელი წმინდა წერილი სარწმუნო და სასარგებლოა“ (2 ნეშტთა — ესაია) *, სადაც განხილულია წიგნი „იგავები“. 24—35 აბზაცებში ნახავთ მრავალ სასარგებლო პრინციპსა და რჩევას. «„საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციების საძიებელი» * და „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიოთეკა კომპაქტ-დისკზე * უამრავ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს. ამ საშუალებების ხშირად გამოყენება დაგახელოვნებთ საჭირო პრინციპების მოძებნაში.

ახლოვდება დრო, როდესაც იეჰოვა ღირსეულებს მარადიული სიცოცხლით დააჯილდოებს. ისინი დედამიწაზე სამოთხისებურ, სრულყოფილ პირობებში იცხოვრებენ და ყოველმხრივ კმაყოფილნი იქნებიან.

[სქოლიოები]

^ აბზ. 30 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ მრავალ ენაზე.

^ აბზ. 30 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ მრავალ ენაზე.

^ აბზ. 30 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ მრავალ ენაზე.

[ჩანართი 12 გვერდზე]

„ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელები 3:23).

[ჩანართი 13 გვერდზე]

იესომ „მორჩილება ისწავლა იმით, რაც გადაიტანა“ (ებრაელები 5:8, 9).

[ჩანართი 15 გვერდზე]

„მაშინ ექნება დიდი სიხარულის მიზეზი თავისით და არა საკუთარი თავის სხვასთან შედარებით“ (გალატელები 6:4).