არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მოსეს კანონის თანახმად, რატომ ხდიდა ადამიანს „უწმიდურად“ სასქესო ორგანოების გარკვეული ფუნქციები?

ღმერთმა ადამიანებს სქესობრივი ურთიერთობის უნარი მისცა როგორც გასამრავლებლად, ისე ცოლ-ქმრისთვის სიამოვნების მისანიჭებლად (დაბადება 1:28; იგავები 5:15—18). მაგრამ ლევიანების მე–12 და მე–15 თავებში მოყვანილია კანონები გაუწმინდურების შესახებ, რომლებიც თესლის დენას, მენსტრუაციას და მშობიარობას ეხება (ლევიანები 12:1—6; 15:16—24). ძველი ისრაელისთვის მიცემული ასეთი კანონები ხელს უწყობდა ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებას, მხარს უჭერდა მაღალ ზნეობრივ ფასეულობებს, ხაზს უსვამდა სისხლის სიწმინდეს და ცოდვათა მისატევებლად გამოსასყიდის საჭიროებას.

მოსეს კანონის მოთხოვნები სქესობრივი ორგანოების ფუნქციებთან დაკავშირებით, სხვა სარგებლობასთან ერთად, ხელს უწყობდა ისრაელი ერის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. წიგნში „ბიბლია და თანამედროვე მედიცინა“ ნათქვამია: „მენსტრუაციის დროს სქესობრივი ურთიერთობისგან თავის შეკავება ხელს უწყობს სასქესო ორგანოების გარკვეული დაავადებების არიდებას . . . და აგრეთვე ხელს უშლის საშვილოსნოს ყელის კიბოს წარმოქმნასა და განვითარებას“. ასეთი კანონები ღვთის ხალხს იცავდა დაავადებებისგან, რომელთა შესახებაც იმ დროს არაფერი იცოდნენ ან თავადაც კი არ იცოდნენ, რომ ეს დაავადება სჭირდათ. სქესობრივი ჰიგიენის დაცვის შედეგად მრავალრიცხოვანი გახდა ისრაელი ერი, რომელსაც ღმერთი გამრავლებასა და კეთილდღეობას დაჰპირდა (დაბადება 15:5; 22:17). ეს კანონები სასარგებლო იყო ღვთის ხალხის ემოციური ჯანმრთელობისთვისაც. აგრეთვე ამ კანონების დაცვა ცოლ-ქმარს სქესობრივი ლტოლვის გაკონტროლებას ასწავლიდა.

მაგრამ სასქესო ორგანოებთან დაკავშირებული ამ ტიპის უწმინდურებების შესახებ კანონები ძირითადად სისხლის დაღვრას ანუ დაკარგვას ეხებოდა. იეჰოვას კანონები, რომლებიც სისხლთან იყო დაკავშირებული, ისრაელთა გონებაში ბეჭდავდა არა მარტო სისხლის სიწმინდის მნიშვნელოვნებას, არამედ იმასაც, თუ რა განსაკუთრებული ადგილი ეკავა იეჰოვას თაყვანისცემაში სისხლს, კერძოდ კი, მსხვერპლის შეწირვისა და ცოდვათა გამოსყიდვისას (ლევიანები 17:11; მეორე რჯული 12:23, 24, 27).

ამ საკითხთან დაკავშირებით მოსეს კანონში მოცემული მოთხოვნები მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის არასრულყოფილებასთან. ისრაელებმა იცოდნენ, რომ შეცოდების შემდეგ ადამსა და ევას არ შეეძლოთ სრულყოფილი შვილების გაჩენა. ყველა მათ შთამომავალზე იქონიებდა გავლენას მემკვიდრეობით მიღებული ცოდვა — არასრულყოფილება და სიკვდილი (რომაელები 5:12). ამის გამო მშობლებს შვილებისთვის მხოლოდ არასრულყოფილებისა და ცოდვილი სიცოცხლის გადაცემა შეეძლოთ, თუმცა გამრავლების ორგანოები თავიდან იმისათვის იყო განკუთვნილი, რომ ცოლ-ქმარს შთამომავლობისთვის სრულყოფილი სიცოცხლე გადაეცა.

განწმენდასთან დაკავშირებული კანონის მოთხოვნები ისრაელებს შეახსენებდა არა მარტო იმას, რომ მემკვიდრეობით ცოდვილები იყვნენ, არამედ იმასაც, რომ ცოდვების დასაფარავად და სრულყოფილების აღსადგენად გამოსასყიდი სჭირდებოდათ. ცხადია, ცხოველური შესაწირავები ამ მიზანს ვერ მოემსახურებოდა (ებრაელები 10:3, 4). მოსეს კანონის დანიშნულება ის იყო, რომ ისრაელები ქრისტესთან მიეყვანა და მათ იმის გაგებაში დახმარებოდა, რომ მხოლოდ იესოს, სრულყოფილი ადამიანის მიერ გაღებული შესაწირავის საშუალებით იყო შესაძლებელი ჭეშმარიტი მიტევება და ერთგულთათვის მარადიული სიცოცხლის მიცემა (გალატელები 3:24; ებრაელები 9:13, 14).