არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ფსალმუნები“ (ნაწილი 2)

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ფსალმუნები“ (ნაწილი 2)

იეჰოვას სიტყვა ცოცხალია

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ფსალმუნები“ (ნაწილი 2)

იეჰოვას მსახურებმა ვიცით, რომ ქრისტიანული ცხოვრების გზაზე განსაცდელებსა და გამოცდებს შევხვდებით. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ყველა, ვისაც სურს ღვთისმოსაობით იცხოვროს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება“ (2 ტიმოთე 3:12). რა დაგვეხმარება განსაცდელებისა და დევნის ატანაში და, ამგვარად, ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნებაში?

ამ მხრივ დიდ დახმარებას გვიწევს „ფსალმუნების“ მეორე ნაწილი. როგორც 41—71–ე ფსალმუნებიდან ვიგებთ, თუ გვსურს განსაცდელებთან წარმატებით გამკლავება, ბოლომდე უნდა მივენდოთ იეჰოვას და მოთმინებით ველოდოთ ხსნას მისგან. ნამდვილად შესანიშნავი აზრია! „ფსალმუნების“ მეორე ნაწილი, ისევე როგორც მთელი ბიბლია, დღესაც ‘ცოცხალი და მოქმედია’ (ებრაელები 4:12).

იეჰოვაა ჩვენი „მფარველი და ძალა“

(ფსალმუნები 41:2—49:23)

ლევიანი მამაკაცი გადასახლებაშია. ის დამწუხრებულია იმის გამო, რომ არ შეუძლია იეჰოვას ტაძარში წასვლა თაყვანისსაცემად და თავს შემდეგი სიტყვებით ინუგეშებს: «რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე [„დაელოდე“, აქ] ღმერთს» (ფსალმუნები 41:6, 12; 42:5). სამჯერ გამეორებული ეს სიტყვები 41–ე და 42–ე ფსალმუნებს ერთ ლექსად აერთიანებს. 43–ე ფსალმუნში ფსალმუნმომღერალი ღმერთს მიმართავს იუდაელების დასახმარებლად, რომლებიც დიდ გაჭირვებაში არიან. ეს, როგორც ჩანს, გამოწვეულია ასურელთა შემოსევის გამო მეფე ეზეკიას (ხიზკიაჰუს) მეფობის პერიოდში.

44–ე ფსალმუნს, სიმღერას მეფის ქორწილის შესახებ, წინასწარმეტყველური ხასიათი აქვს და დაკავშირებულია მესიის მეფობასთან. მომდევნო სამი ფსალმუნი იეჰოვას წარმოგვიდგენს როგორც „მფარველსა და ძალას“, „მთელი დედამიწის დიდებულ მეფეს“ და „სიმაგრეს“ (ფსალმუნები 45:2; 46:3, აქ; 47:4). 48–ე ფსალმუნში მართებულად არის ნათქვამი, რომ ადამიანს ‘ძმის დახსნაც’ კი არ შეუძლია (ფსალმუნები 48:8). მეორე ნაწილის პირველი რვა ფსალმუნი კორახის ძეებს ეკუთვნის, მეცხრე კი, 49–ე ფსალმუნი, — ასაფს.

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

43:20. რა იყო „ტურების ადგილი“? ფსალმუნმომღერალს შესაძლოა მხედველობაში ჰქონდა ბრძოლის ველი, სადაც ბრძოლაში დახოცილთა გვამებს ტურები ჭამდნენ.

44:14, 15ა. ვინ არის „მეფის ასული“, რომელიც ‘მეფესთან მიჰყავთ’? ის არის „მარადიულობის მეფის“, იეჰოვა ღმერთის, ასული (გამოცხადება 15:3). იგი განასახიერებს განდიდებული 144 000 ქრისტიანისგან შემდგარ კრებას, რომელთაც იეჰოვა წმინდა სულით ცხებს და თავის შვილებად იღებს (რომაელები 8:16). იეჰოვას „ასული“, რომელიც „გამზადებულია, როგორც ქმრისთვის მორთული პატარძალი“, მიყვანილ იქნება ნეფესთან — მესიანური სამეფოს მეფესთან (გამოცხადება 21:2).

44:15ბ, 16. ვის განასახიერებენ „ქალწულები“? ისინი განასახიერებენ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისგან შემდგარ „უამრავ ხალხს“, რომლებიც უერთდებიან დედამიწაზე დარჩენილ ცხებულ ქრისტიანებს და მხარს უჭერენ მათ. ვინაიდან „უამრავი ხალხი“ „დიდი გასაჭირიდან მოსულები“ ანუ გადარჩენილები არიან, ისინი დედამიწაზე იქნებიან, როდესაც ზეცაში ღვთის სამეფოს მეფის ქორწილი შედგება (გამოცხადება 7:9, 13, 14). ამ მოვლენას ისინი „სიხარულითა და ლხინით“ შეხვდებიან.

44:17. რა გაგებით იქნებიან ძენი მეფის წინაპრების ადგილზე? როდესაც იესო დედამიწაზე დაიბადა, მას ჰყავდა მიწიერი წინაპრები. ისინი მეფის ძეები გახდებიან, როდესაც ის აღადგენს მათ ათასწლიანი მეფობის პერიოდში. ამ ძეთაგან ზოგიერთები დაინიშნებიან „მთავრებად მთელს ქვეყანაზე“.

49:2. რატომ ეწოდება იერუსალიმს „მშვენიერების სრულქმნილება“? ამის მიზეზი ქალაქის გარეგნული სახე არ ყოფილა. მიზეზი ის იყო, რომ იეჰოვა იყენებდა იერუსალიმს და ის დიდებით შეამკო — თავისი ტაძრის ადგილსამყოფელად და ცხებული მეფეების სატახტო ქალაქად აქცია.

რას ვსწავლობთ:

41:2—4. როგორც ხრიოკ ადგილზე მყოფი ირემი ილტვის წყლისკენ, ისე ილტვოდა ლევიანი იეჰოვასკენ. ვინაიდან არ შეეძლო იეჰოვას თაყვანისცემა მის ტაძარში, ის იმდენად იყო დამწუხრებული, რომ ჭამის სურვილიც არ ჰქონდა და ‘ცრემლები პურად ჰქონდა დღისით და ღამით’. განა ჩვენც ასე არ უნდა ვაფასებდეთ თანამორწმუნეებთან ერთად იეჰოვას თაყვანისმცემლობის შესაძლებლობას?

41:5, 6, 12; 42:3—5. თუ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დროებით მოწყვეტილნი ვართ კრებას, ძალებს შეგვმატებს იმ სიხარულზე ფიქრი, რომელსაც მანამდე განვიცდიდით კრებასთან ურთიერთობით. მოგონებებმა თავიდან შეიძლება უფრო მეტად დაგვამწუხროს, მაგრამ ეს შეგვახსენებს, რომ იეჰოვაა ჩვენი მფარველი და მოთმინებით უნდა ველოდოთ მისგან შვებას.

45:2—4. რა გაჭირვების გადატანაც არ უნდა მოგვიწიოს, ბოლომდე უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ „ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა“.

49:16—19. მას, ვინც მზაკვრულად ლაპარაკობს და ბოროტებას სჩადის, არა აქვს უფლება, ღვთის წარმომადგენლად იწოდებოდეს.

49:20. სხვებს შეცდომები უნდა ვაპატიოთ და ისინი არ უნდა გავახმაუროთ (კოლოსელები 3:13).

„ღმერთს ელოდება წყნარად ჩემი სული“

(ფსალმუნები 50:3—70:24)

ეს ფსალმუნები იწყება დავითის გულწრფელი ლოცვებით, რომლებიც მან წარმოთქვა ბათშებასთან (ბათ-შებაყთან) ჩადენილი ცოდვის შემდეგ. 51—56-ე ფსალმუნებიდან ვხედავთ, რომ იეჰოვა ეხმარება მათ, ვინც ანდობს მას თავის ტვირთს და ელოდება ხსნას. როგორც 57—63-ე ფსალმუნებში ჩანს, დავითისთვის იეჰოვა იყო მფარველი ნებისმიერი გასაჭირის დროს. ის მღერის: „მხოლოდ ღმერთს ელოდება წყნარად ჩემი სული; რადგან მისგან მოდის ჩემი იმედი“ (ფსალმუნები 61:6).

იეჰოვასთან, ჩვენს მხსნელთან, ახლო ურთიერთობამ უნდა აღგვძრას, ‘ვუგალობოთ მისი სახელის ღირსებას’ (ფსალმუნები 65:2). იეჰოვა განდიდებულია იმისათვის, რომ გულუხვია (64–ე ფსალმუნი), მოქმედებს თავის მსახურთა დასაცავად (66–ე და 67–ე ფსალმუნები) და ზრუნავს მათ დახსნაზე (69–ე და 70–ე ფსალმუნები).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

50:14. ვისი „მზადყოფნის სულით“ (აქ) ითხოვდა დავითი მხარდაჭერას? ამაში არ იგულისხმება ღვთის მზადყოფნა დავითის დასახმარებლად ან იეჰოვას წმინდა სული. დავითს მხედველობაში ჰქონდა თავისივე სული ანუ განწყობა. იგი ღმერთს სთხოვდა დახმარებას, რომ სწორად მოქმედების სურვილი ჰქონოდა.

52:2. რა გაგებით არის „უგუნური“ ის ადამიანი, რომელიც უარყოფს ღვთის არსებობას? ამ მუხლში უგუნურებაში არ იგულისხმება გონებრივი ჩამორჩენილობა. ეს სიტყვა ზნეობრიობასთან დაკავშირებით გამოიყენება. ამაზე მეტყველებს ფსალმუნების 52:2—5–ში აღწერილი ზნედაცემულობა.

57:4—6. რატომ არიან ბოროტი ადამიანები შედარებულნი გველთან? სიცრუე, რომელსაც ისინი სხვებს ეუბნებიან, გველის შხამივითაა. ისინი შხამავენ თავიანთ მსხვერპლთა კარგ რეპუტაციას. როგორც ‘კობრა იხშობს სმენას’ (აქ), ისე ბოროტები არ იღებენ ყურად მითითებებს და გამოსასწორებელ რჩევებს.

57:8. როგორ ‘ქრებიან ბოროტები დაღვრილი წყალივით’? დავითს შესაძლოა მხედველობაში ჰქონდა აღთქმული მიწის ხევები. მართალია უცბად მოვარდნილი წყალი მაღლა წევდა წყლის დონეს, მაგრამ ის მალევე შრებოდა ანუ ქრებოდა. დავითი ბოროტი ადამიანების სწრაფად ‘გაქრობაზე‘ ლოცულობდა.

67:14. რას ადარებს ფსალმუნმომღერალი „მტრედის ფრთებს ვერცხლით დაფარულს და მის ნაკრტენს მოოქროვილს“? ზოგიერთი მონაცრისფრო მტრედის ბუმბული სინათლეზე ელვარებს. მზის ოქროსფერი სხივების არეკვლისას ნაკრტენი ლითონივით ბზინავს. მტრედს, რომელსაც ძლიერი ფრთები და მოელვარე ბუმბული ჰქონდა, დავითი შესაძლოა გამარჯვებული ისრაელი მეომრების ბრძოლიდან დაბრუნებას ადარებდა. ზოგი ბიბლეისტის თქმით, ამ აღწერილობაში აგრეთვე შეიძლება იგულისხმებოდეს ბრძოლის დროს ხელში ჩაგდებული ხელოვნების ნიმუში. ნებისმიერ შემთხვევაში, დავითს მხედველობაში ჰქონდა გამარჯვებები, რომლებსაც ისრაელი იეჰოვას დახმარებით აღწევდა.

67:19. ვინ იგულისხმებოდა „ძღვენში ადამიანთა სახით“ (აქ)? ამაში იგულისხმებოდნენ მამაკაცები, რომლებიც დატყვევებულ იქნენ აღთქმული მიწის დაპყრობის დროს. მოგვიანებით ასეთი მამაკაცები ლევიანთა მსახურებად დაინიშნნენ (ეზრა 8:20).

67:31. რას ნიშნავს თხოვნა: „შერისხე მხეცი ლერწმოვანისა“? იეჰოვას ხალხის მტრებს დავითი გადატანითი მნიშვნელობით მხეცებს უწოდებს. იგი ღმერთს სთხოვს, შერისხოს ისინი ანუ აკონტროლოს მათი ძალა, რომელსაც ზიანის მიყენება შეუძლია.

68:24. რას ნიშნავს ფრაზა: „აუკანკალე მათ ბარძაყები“ (აქ)? ბარძაყის კუნთები აუცილებელია ისეთი საქმეების შესასრულებლად, რომლებიც დიდ ენერგიას მოითხოვს, მაგალითად, მძიმე ტვირთის ასაწევად და სატარებლად. მოდუნებული ბარძაყები ძალის გამოცლაზე მიუთითებს. დავითი ლოცულობდა, რომ მის მტრებს ძალა გამოცლოდათ.

რას ვსწავლობთ:

50:3—6, 19. ცოდვას თუ ჩავიდენთ, ეს მაინც და მაინც არ ნიშნავს იმას, რომ იეჰოვასთან ურთიერთობას დავკარგავთ. თუ მოვინანიებთ, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ის გულმოწყალებას გამოავლენს ჩვენდამი.

50:7, 9—12. ცოდვის ჩადენის შემთხვევაში შეგვიძლია იეჰოვას ვთხოვოთ პატიება იმის საფუძველზე, რომ მემკვიდრეობით ცოდვისკენ ვართ მიდრეკილნი. აგრეთვე უნდა ვილოცოთ, რომ ის დაგვეხმაროს განწმენდაში, სულიერ გამოჯანსაღებაში, არასწორი მიდრეკილებებისგან გათავისუფლებასა და სიმტკიცის გამოვლენაში.

50:20. დავითის მიერ ჩადენილი ცოდვები მთელი ერის კეთილდღეობას უქმნიდა საფრთხეს. ამიტომ ის ღმერთს სთხოვდა, სიკეთით მოპყრობოდა სიონს. სერიოზული ცოდვის ჩადენით ხშირად ჩირქს ვცხებთ იეჰოვას სახელსა და კრებას. ღმერთს უნდა ვთხოვდეთ, რომ იმოქმედოს იმ არასასურველი შედეგების გამოსასწორებლად, რომელთა მიზეზიც შესაძლოა ჩვენ გავხდით.

51:10. თუ დავემორჩილებით იეჰოვას და გავითვალისწინებთ მის მითითებებს, ახლო ურთიერთობა გვექნება მასთან და მსახურებაში ვიქნებით ნაყოფიერნი „ვითარცა ამწვანებული ზეთისხილის ხე ღმერთის სახლში“ (ებრაელები 12:5, 6).

54:5, 6, 13—15, 17—19. დავითს დიდი ემოციური ტკივილი მიაყენა საკუთარი შვილის, აბესალომის, შეთქმულებამ და სანდო მრჩევლის, ახითოფელის, ღალატმა. მაგრამ ამან ვერ შეურყია დავითს იეჰოვასადმი ნდობა. ემოციურ ტკივილს არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ შეგვისუსტოს იეჰოვასადმი ნდობა.

54:23. როგორ ვანდობთ იეჰოვას საზრუნავს? იმით, რომ 1) ვლოცულობთ იმ საკითხზე, რომელიც გვაღელვებს, 2) ხელმძღვანელობისა და დახმარებისთვის მივმართავთ მის სიტყვასა და ორგანიზაციას, 3) გონივრულად ვმოქმედებთ და ვიღებთ საჭირო ზომებს მდგომარეობის შესამსუბუქებლად (იგავები 3:5, 6; 11:14; 15:22; ფილიპელები 4:6, 7).

55:9. იეჰოვამ იცის, რა მდგომარეობაში ვართ და ისიც ესმის, თუ რა ემოციურ ტკივილს განვიცდით.

61:12. ღმერთი არაა დამოკიდებული გარეშე ძალაზე. ის თვითონ არის ძალის წყარო. „ღმერთისაა ძალა“.

62:4. ღვთის ‘წყალობა სიცოცხლეზე მეტია’, რადგან მის გარეშე ცხოვრება აზრს მოკლებულია. გონივრულად ვიქცევით, როცა იეჰოვასთან ახლო ურთიერთობას ვავითარებთ.

62:7. ღამის სიმშვიდე, როცა ხელს არაფერი გვიშლის, შეიძლება შესანიშნავი დრო იყოს ფიქრისთვის.

63:3—5. ჭორაობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს უდანაშაულო ადამიანის კარგ რეპუტაციას. ჭორებს არც უნდა ვუსმინოთ და არც უნდა გავავრცელოთ ისინი.

68:5. მშვიდობა რომ შევინარჩუნოთ, ზოგჯერ შეიძლება გონივრული იყოს, ‘დავაბრუნოთ ის, რაც არ წაგვირთმევია’ — ანუ ბოდიში მოვიხადოთ მაშინაც კი, თუ ვფიქრობთ, რომ დამნაშავე არა ვართ.

69:2—6. იეჰოვა ისმენს ჩვენს მხურვალე ლოცვებს (1 თესალონიკელები 5:17; იაკობი 1:13; 2 პეტრე 2:9). ღმერთმა შეიძლება დაუშვას, რომ განსაცდელი გაგრძელდეს, მაგრამ ის მოგვცემს სიბრძნეს სიტუაციასთან გასამკლავებლად და გაგვაძლიერებს მის ასატანად. ღმერთი არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომლის ატანაც ჩვენს შესაძლებლობას აღემატება (1 კორინთელები 10:13; ებრაელები 10:36; იაკობი 1:5—8).

70:5, 17. დავითს სიმამაცე და სიმტკიცე განუვითარა იმან, რომ იეჰოვას ენდობოდა ახალგაზრდობაში — მანამდეც კი, სანამ ფილისტიმელ გოლიათს შეებრძოლებოდა (1 მეფეთა 17:34—37). ახალგაზრდები ყველაფერში იეჰოვას უნდა ენდობოდნენ.

„აივსება მისი დიდებით ქვეყნიერება!“

„ფსალმუნების“ მეორე ნაწილი მთავრდება 71–ე ფსალმუნით, რომელიც ეხება სოლომონის მეფობას. ამით წინასწარმეტყველურად წარმოდგენილია ის პირობები, რომლებიც მესიის მმართველობის დროს იქნება. ამ ფსალმუნში აღწერილია მართლაც შესანიშნავი პირობები — საყოველთაო მშვიდობა, ძალადობისა და ჩაგვრისგან გათავისუფლება, დედამიწაზე მარცვლეულის სიუხვე! ვიქნებით მათ შორის, ვინც საკუთარ თავზე გამოსცდის ამ და სხვა კურთხევებს ღვთის სამეფოს მმართველობის დროს? ვიქნებით, თუ, ფსალმუნმომღერლის მსგავსად, იეჰოვაა ჩვენი მფარველი და ძალა, და მოთმინებით ველოდებით მისგან ხსნას.

„ლოცვანი დავითისა“ მთავრდება შემდეგი სიტყვებით: „კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, მარტოდ მოქმედი სასწაულისა! და კურთხეულ არს სახელი მისი დიდებისა უკუნისამდე, და აივსება მისი დიდებით ქვეყნიერება! ამინ, ამინ!“ (ფსალმუნები 71:18—20). დაე ჩვენც მთელი გულით განვადიდოთ იეჰოვა და მისი დიდებული სახელი.

[სურათი 9 გვერდზე]

იცით, ვის განასახიერებს „მეფის ასული“?

[სურათი 10, 11 გვერდებზე]

იცით, რატომ ეწოდება იერუსალიმს „მშვენიერების სრულქმნილება“?