არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღმერთი ზრუნავს ხანდაზმულებზე

ღმერთი ზრუნავს ხანდაზმულებზე

ღმერთი ზრუნავს ხანდაზმულებზე

დღეს ხანდაზმულების შეურაცხყოფა ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. ეს არ არის გასაკვირი, რადგან დიდი ხნის წინ ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ უღვთო სისტემის „ბოლო დღეებში“ ადამიანები იქნებოდნენ „საკუთარი თავის მოყვარულები . . . თბილ გრძნობებს მოკლებულები“ (2 ტიმოთე 3:1—3). ბერძნული სიტყვა, რომელიც „თბილ გრძნობებად“ არის ნათარგმნი, ოჯახის წევრებს შორის არსებულ სიყვარულს გულისხმობს. ამ წინასწარმეტყველების თანახმად, დღეს ასეთი გრძნობების ნაკლებობა მართლაც შეიმჩნევა.

ამისგან განსხვავებით, იეჰოვა ძალიან აფასებს ხანდაზმულებს და ზრუნავს მათზე. ვნახოთ, თუ რას ამბობს ბიბლია ამის შესახებ.

„მსაჯული ქვრივთა“

ებრაული წერილები თვალნათლივ აჩვენებს, რომ იეჰოვა ღმერთი დაინტერესებულია ხანდაზმულებით. მაგალითად, ფსალმუნების 67:6–ში დავითი ღმერთს „ქვრივთა მსაჯულს“ უწოდებს. ამ მუხლში ქვრივები, ძირითადად, ხანდაზმულებს მოიაზრებს *. ბიბლიის სხვა თარგმანებში სიტყვა „მსაჯული“ ითარგმნება როგორც „დამცველი“, „მფარველი“ და „ქომაგი“. აქედან ჩანს, რომ იეჰოვა ზრუნავს ქვრივებზე. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ხანდაზმულების შეურაცხყოფა ღვთის რისხვას იწვევს (გამოსვლა 22:22—24). იეჰოვა და მისი მსახურები პატივს სცემენ ქვრივებსა და ხანდაზმულებს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან ღმერთს. ხანდაზმულებისადმი იეჰოვასა და მისი ხალხის დამოკიდებულება კარგად ჩანს იგავების 16:31–ში: „დიდების გვირგვინი ჭაღარაა, სიმართლის გზაზე იპოვება იგი“.

გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვას მიერ ისრაელისთვის მიცემული კანონი ხანდაზმულების პატივისცემას მოითხოვდა. იეჰოვამ ისრაელებს უბრძანა: „ჭაღარის წინაშე წამოდექი და პატივი ეცი მოხუცებულის სახეს, და გეშინოდეს შენი ღმერთისა. მე ვარ უფალი“ (ლევიანები 19:32). ამიტომ, ხანდაზმულებისადმი ისრაელების დამოკიდებულება იეჰოვასთან მათ ურთიერთობაზე იმოქმედებდა. მას, ვინც ცუდად ეპყრობოდა ხანდაზმულს, არ შეეძლო ეთქვა, რომ ღმერთი უყვარდა.

ქრისტიანები არ ექვემდებარებიან მოსეს კანონს, მაგრამ ისინი „ქრისტეს კანონს“ ემორჩილებიან. ეს კანონი ძლიერ გავლენას ახდენს მათ ქცევასა და თვალსაზრისზე, რაც მშობლებისა და ხანდაზმულების მიმართ სიყვარულისა და მზრუნველობის გამოვლენით გამოიხატება (გალატელები 6:2; ეფესოელები 6:1—3; 1 ტიმოთე 5:1—3). ქრისტიანები მხოლოდ ვალდებულების გამო კი არ ავლენენ სიყვარულს, არამედ გულით არიან ამისკენ აღძრულნი. „მთელი გულით გიყვარდეთ ერთმანეთი“, — მოგვიწოდებს მოციქული პეტრე (1 პეტრე 1:22).

მოციქული იაკობი კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს, თუ რატომ უნდა ვიზრუნოთ ხანდაზმულებზე. ის წერს: „ჩვენი ღვთისა და მამის თვალში წმინდა და წაუბილწველი თაყვანისცემა ის არის, რომ მივხედოთ ქვრივ-ობლებს გასაჭირში და დაულაქავებლად დავიცვათ თავი ქვეყნიერებისგან“ (იაკობი 1:27). იაკობის სიტყვები გულს წვდება და ნათელს ხდის, თუ რამდენად ძვირფასნი არიან იეჰოვასთვის ხანდაზმულები.

აქედან გამომდინარე, მხოლოდ ის არ არის საკმარისი, რომ არ შეურაცხვყოთ ხანდაზმულები. ჩვენ გულწრფელი ინტერესი უნდა გამოვავლინოთ მათ მიმართ, რაც კეთილი საქმეებით უნდა დავამტკიცოთ (იხილეთ ჩარჩო „საქმეებით გამოვლენილი სიყვარული“, გვერდები 6, 7). იაკობი წერს: „რწმენა მკვდარია საქმეების გარეშე“ (იაკობი 2:26).

ანუგეშეთ „გასაჭირში“

იაკობის სიტყვებიდან კიდევ ერთი აზრი იკვეთება. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ იაკობმა ქრისტიანებს უთხრა, „გასაჭირში“ მიეხედათ ქვრივებისთვის. ბერძნული სიტყვა „გასაჭირი“, ძირითადად, მოიაზრებს განსაცდელს, უბედურებას ან ტანჯვას, რაც სხვადასხვა ვითარებით არის გამოწვეული. უეჭველია, რომ მსგავს მდგომარეობაში ბევრი ხანდაზმული იმყოფება. ზოგი მარტოობით იტანჯება, სხვები დათრგუნულები არიან იმის გამო, რომ ასაკი ბევრ რამეში ზღუდავთ. იმ ხანდაზმულებსაც კი, რომლებიც აქტიურად მსახურობენ, შეიძლება იმედგაცრუება დაეუფლოთ. მაგალითად, ჯონი * ორმოც წელზე მეტია, რაც ერთგულად ქადაგებს ღვთის სამეფოს შესახებ. ის ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში სრული დროით მსახურობდა. ახლა ჯონი 80 წლისაა და დროდადრო გულგატეხილობას გრძნობს. ის ამბობს: „მახსენდება წარსულში დაშვებული უამრავი შეცდომა. მოსვენებას არ მაძლევს ის აზრი, რომ შემეძლო თავიდან ამეცილებინა ეს შეცდომები“.

ხანდაზმულებისთვის მანუგეშებელი იქნება იმის გაგება, რომ იეჰოვა, თუმცა თავად სრულყოფილია, ადამიანებისგან არ ელის სრულყოფილებას. რასაკვირველია, იეჰოვა ხედავს ჩვენს შეცდომებს, მაგრამ ბიბლიაში ვკითხულობთ: „თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება?“ (ფსალმუნები 129:3). დიახ, იეჰოვა შეცდომების გარდა ჩვენს გულებსაც ხედავს. საიდან ვიცით ეს?

მეფე დავითი არასრულყოფილი იყო და ბევრი შეცდომა დაუშვა. მან ღვთის შთაგონებით ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „უფალო, გამომცადე და მიცნობ მე. შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან. ჩემს სიარულს და ჩემს წოლას შენ განსაზღვრავ, და ყველა ჩემი გზა შენ გამოიკვლიე“ (ფსალმუნების 138:1—3). ებრაული სიტყვა, რომელიც ამ მუხლში ნათარგმნია როგორც „განსაზღვრა“, შეიძლება ითარგმნოს „დაკვირვებად“. ის სიტყვასიტყვით „გაცრას“ ნიშნავს. ღვთის სულით აღძრული დავითი გვარწმუნებს, რომ იეჰოვა, ასე ვთქვათ, „ცრის“ ჩვენს საქმეებს და მხოლოდ კარგს იმახსოვრებს.

ჩვენს გულმოწყალე ზეციერ მამას ახსოვს და აფასებს ჩვენს კარგ საქმეებს მანამ, სანამ მისადმი ერთგულებას ვინარჩუნებთ. ბიბლიის თანახმად, უსამართლობა იქნებოდა, იეჰოვას დაევიწყებინა ჩვენი შრომა და სიყვარული, რომელსაც მისი სახელისთვის ვავლენთ (ებრაელები 6:10).

„წინანდელი ყველაფერი მოისპო“

როგორც ბიბლიაშია ნაჩვენები, ღმერთს განზრახული არ ჰქონდა, რომ ადამიანი დაბერებულიყო. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა წინაპრებმა, პირველმა მამაკაცმა და ქალმა, შემოქმედის მიმართ დაუმორჩილებლობა გამოავლინეს. ამიტომ არავის შეუძლია სიბერის საზიანო შედეგებისგან თავის დაღწევა (დაბადება 3:17—19; რომაელები 5:12). მაგრამ სიბერე სამუდამოდ არ იარსებებს.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, დღეს არსებული სავალალო მდგომარეობა, რაც ხანდაზმულთა შეურაცხყოფასაც გულისხმობს, იმის დამადასტურებელია, რომ ჩვენ ამ სისტემის „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1). იეჰოვას განზრახვაა, ბოლო მოუღოს ცოდვის შედეგებს — სიბერესა და სიკვდილს, რასაც ტკივილი მოაქვს. ბიბლიაში ნათქვამია: „[ღმერთი] მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4).

ღვთის ახალ ქვეყნიერებაში სიბერით გამოწვეული ტკივილი და ასევე ხანდაზმულთა შეურაცხყოფა წარსულს ჩაჰბარდება (მიქა 4:4). გარდაცვლილი ადამიანებიც კი, რომლებიც ღვთის მეხსიერებაში არიან, მკვდრეთით აღდგებიან; მათაც ექნებათ დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა (იოანე 5:28, 29). იმ დროს, ისე როგორც არასდროს, ცხადი გახდება, რომ იეჰოვა ღმერთი ზრუნავს ყველა ერთგულ მსახურზე, მათ შორის ხანდაზმულებზე.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 რასაკვირველია, ყველა ქვრივი შეიძლება არ იყოს ხანდაზმული. ის, რომ ღმერთი ახალგაზრდა ქვრივებზეც ზრუნავს, ნაჩვენებია ლევიანების 22:13–ში.

^ აბზ. 11 სახელი შეცვლილია.

[ჩარჩო⁄სურათები 6, 7 გვერდებზე]

საქმეებით გამოვლენილი სიყვარული

იეჰოვას მოწმეთა კრებებში ხანდაზმულებზე ზრუნვას უხუცესები თაობენ. ისინი სერიოზულად ეკიდებიან პეტრე მოციქულის მოწოდებას: „მწყემსეთ თქვენთვის მობარებული ღვთის სამწყსო“ (1 პეტრე 5:2). ღვთის სამწყსოზე ზრუნვა ხანდაზმულებზე ზრუნვასაც გულისხმობს. რა შედის ამაში?

აუცილებელია მოვინახულოთ ხანდაზმულები, მეგობრულად ვესაუბროთ და მათდამი პირადი ინტერესი გამოვავლინოთ. შესაძლოა საჭირო გახდეს სხვადასხვა სახის დახმარება, მაგალითად საყიდლებზე სიარული, სახლის დალაგება, ქრისტიანულ შეხვედრებზე წაყვანა, ბიბლიისა და ქრისტიანული პუბლიკაციების წაკითხვა. თუ შესაძლებელია, ორგანიზება უნდა გაეწიოს ხანდაზმულებისთვის დახმარებას *.

რისი გაკეთება შეიძლება, თუ ხანდაზმული ძმა ან და კრიტიკულ მდგომარეობაშია, მაგალითად საჭიროებს მატერიალურ დახმარებას? თავდაპირველად კარგი იქნება, გაირკვეს, ჰყავს თუ არა მას შვილები ან ახლობლები, რომლებსაც შეუძლიათ დახმარების აღმოჩენა, რადგან 1 ტიმოთეს 5:4–ში ვკითხულობთ: „თუ ქვრივს შვილები ან შვილიშვილები ჰყავს, მათ ჯერ თავიანთ ოჯახში ისწავლონ ღვთისადმი ერთგულების გამოვლენა და მშობლებს, ბებიებსა და პაპებს საკადრისი მიაგონ, რადგან ეს მოსაწონია ღვთისთვის“.

შეიძლება კრებაში რომელიმე ხანდაზმულს იმის გარკვევა დასჭირდეს, აქვს თუ არა უფლება, მთავრობისგან დახმარება მოითხოვოს. შესაძლოა კრებაში ვინმე დაეხმაროს, მაგრამ, თუ ვერავინ შეძლებს, უხუცესებმა უნდა განსაზღვრონ, შეუძლია თუ არა კრებას აღმოუჩინოს მას დახმარება. ზოგ შემთხვევაში ასეთი პრინციპი მოქმედებდა პირველი საუკუნის კრებაში. მაგალითად, პავლე მოციქული თავის თანამშრომელ ტიმოთეს წერდა: „სიაში შეიტანეთ ქვრივი, რომელიც არანაკლებ სამოცი წლისაა, ერთი ქმარი ჰყავდა და რომელზეც მოწმობენ, რომ კარგი საქმეები გაუკეთებია: შვილები აღუზრდია, უცნობებს გამასპინძლებია, წმინდებისთვის ფეხები დაუბანია, გაჭირვებულებს დახმარებია და გულმოდგინედ უკეთებია ყოველი კარგი საქმე“ (1 ტიმოთე 5:9, 10).

[სქოლიოები]

^ აბზ. 25 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 2004 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკში“ მოცემული სტატია, სათაურით „ხანდაზმულებზე ზრუნვა ქრისტიანთა მოვალეობაა“.

[სურათი 5 გვერდზე]

ტაბითა ზრუნავდა ქვრივებზე (საქმეები 9:36—39).