არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხანდაზმულები — მიტოვებულნი და შეურაცხყოფილნი

ხანდაზმულები — მიტოვებულნი და შეურაცხყოფილნი

ხანდაზმულები — მიტოვებულნი და შეურაცხყოფილნი

მორიგი შემოვლისას ღამის დარაჯი შემზარავი სანახაობის მოწმე გახდა. ერთი მდიდრული სახლის წინ ორი ხანდაზმული ადამიანის გვამი ეგდო. ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ, რომლებიც მერვე სართულიდან გადმოხტნენ. არანაკლებ შემაძრწუნებელი იყო თვითმკვლელობის მიზეზი. მამაკაცის ჯიბეში ბარათი იპოვეს, სადაც ეწერა: „შვილისა და რძლის მხრიდან გაუთავებელი შეურაცხყოფის გამო გადავწყვიტეთ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დავასრულოთ“.

შესაძლოა ეს შემთხვევა უჩვეულო მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს მწარე სინამდვილეა. ხანდაზმულების მიმართ ცუდი დამოკიდებულება თითქმის მთელ მსოფლიოში შეინიშნება. განვიხილოთ სტატისტიკური მონაცემები.

• ერთი გამოკვლევის თანახმად, კანადელი ხანდაზმულების 4 პროცენტს ოჯახის წევრები შეურაცხყოფენ ან ჩაგრავენ. თუმცა ბევრ ხანდაზმულს ერიდება ან ეშინია პრობლემის სააშკარაოზე გამოტანა. აქედან გამომდინარე, სპეციალისტების აზრით, შეურაცხყოფილი ხანდაზმულების რიცხვი შეიძლება უფრო მეტს, 10 პროცენტს აღწევდეს.

• „ინდოეთში, სადაც ოჯახები, ერთი შეხედვით, მყარია, იზრდება იმ ხანდაზმულების რიცხვი, რომლებსაც შვილები უგულებელყოფენ“, — იუწყება ჟურნალი „ინდია ტუდეი“.

• „ამერიკაში დაახლოებით 1–დან 2 მილიონამდე 65 წლის ხანდაზმულს სხვადასხვაგვარად შეურაცხყოფენ ისინი, რომლებსაც მათზე ზრუნვა ევალებათ“, — აცხადებს „ხანდაზმულთა დაცვის ეროვნული ცენტრი“. ხანდაზმულთა შეურაცხყოფას სან–დიეგოში (კალიფორნია) გენერალური პროკურორის მოადგილე უწოდებს „ერთ–ერთ სერიოზულ პრობლემას, რომელიც სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გადაჭრან“. ის დასძენს: „ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში ეს პრობლემა სერიოზულ ხასიათს მიიღებს“.

• კენტერბერიში (ახალი ზელანდია) შემაშფოთებელია ის, რომ ხანდაზმულები განსაკუთრებით ოჯახის იმ წევრების სამიზნეები ხდებიან, რომლებიც ნარკოტიკებს, ალკოჰოლსა და აზარტულ თამაშებს ეძალებიან. ამ ქალაქში საგრძნობლად იზრდება ასეთი შემთხვევების რიცხვი. მაგალითად, 2002 წელს 65 შემთხვევა დაფიქსირდა, 2003 წელს კი ამ რიცხვმა 107–ს მიაღწია. ერთ–ერთი სააგენტოს ხელმძღვანელმა, რომელმაც ამ პრობლემის გადასაჭრელად გარკვეული ზომები მიიღო, აღნიშნა, რომ ზემოთ მოხსენიებული რიცხვი ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში ხდება.

• იაპონიის ადვოკატთა ასოციაცია ხაზგასმით ამბობს, რომ „ხანდაზმულთა შეურაცხყოფა გაცილებით სერიოზული პრობლემაა, ვიდრე ბავშვების ან ოჯახის სხვა წევრების შეურაცხყოფა; ამიტომ, ხანდაზმულთა პრობლემის გადაჭრა უფრო სერიოზული ზომების მიღებას საჭიროებს“, — იუწყება „ჯაპან ტაიმსი“. რატომ? როგორც ეს გაზეთი აღნიშნავს, ერთ–ერთი მიზეზი ის არის, რომ „ბავშვებისა და მეუღლეებისგან განსხვავებით, ხანდაზმულებს უფრო დიდხანს უწევთ შეურაცხყოფის ატანა. გარკვეულწილად, ამას ის განაპირობებს, რომ მათ უჭირთ შვილების წინააღმდეგ საჩივრის შეტანა, როცა მათ მიმართ ძალადობას ავლენენ. გარდა ამისა, ჯერჯერობით ხელისუფლებაც ვერ პოულობს ამ პრობლემის გადაჭრის პრაქტიკულ საშუალებას“.

ეს შემთხვევები ერთ კითხვას წამოჭრის: რატომ არის ბევრი ხანდაზმული მიტოვებული და შეურაცხყოფილი? შეიცვლება მათ სასიკეთოდ მდგომარეობა? რა ნუგეში არსებობს ხანდაზმულებისთვის?