არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბედნიერების მომტანი საიმედო ხელმძღვანელობა

ბედნიერების მომტანი საიმედო ხელმძღვანელობა

ბედნიერების მომტანი საიმედო ხელმძღვანელობა

„ბედნიერებისკენ სწრაფვის“ უფლება ყველა ადამიანს აქვს. ეს სიტყვები ეკუთვნის ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამომცემს. მაგრამ ერთია ისწრაფვო ბედნიერებისკენ და მეორე — მიაღწიო მას. ბევრი ახალგაზრდა ისწრაფვის შოუ–ბიზნესსა და სპორტში კარიერის შექმნისკენ, მაგრამ რამდენმა მათგანმა მიაღწია ასე სასურველ წარმატებას? „ნაკლებად მოსალოდნელია, რომ წარმატებას მიაღწიოთ“, — ამბობს ერთი ცნობილი მომღერალი, რომელმაც იცის, თუ რა დიდი ბრძოლა სჭირდება პოპულარობის მოპოვებას.

თუ ბედნიერების ძიებაში თქვენც წარუმატებელი აღმოჩნდით, საფუძვლიანი მიზეზი გაქვთ, რომ გული არ გაიტეხოთ. თუ ბედნიერებას ისე ეძებთ, როგორც საჭიროა, იპოვით მას. რატომ შეიძლება ამის თქმა? წინა სტატიაში მოხსენიებული იყო „ბედნიერი ღმერთი“, იეჰოვა (1 ტიმოთე 1:11). ის ბიბლიის საშუალებით გვიწევს ხელმძღვანელობას, რის შედეგადაც ჩვენი სწრაფვა ბედნიერებისკენ ამაო არ არის. იეჰოვას შეუძლია დაგვეხმაროს მწუხარების მიზეზებთან გამკლავებაში. მაგალითად, განვიხილოთ, თუ როგორ გვანუგეშებს ბიბლია, როდესაც საყვარელი ადამიანი გვიკვდება.

როდესაც საყვარელი ადამიანი გვიკვდება

შეიძლება სიკვდილზე რაიმე კარგის თქმა? სიკვდილი აშორებს მშობლებს შვილებისგან და შვილებს მშობლებისგან. ის აშორებს ახლო მეგობრებს და დაუცველობის გრძნობას უჩენს ახლობლებს. სიკვდილი ბედნიერ ოჯახს მწუხარებას ატეხს თავს.

ცხადია, სიკვდილი ტრაგედიაა. მაგრამ ზოგი უარყოფს ამას და სიკვდილს კურთხევად მიიჩნევს. განვიხილოთ, თუ რა მოხდა მას შემდეგ, რაც 2005 წლის აგვისტოში, მექსიკის ყურეს ქარიშხალმა „კატრინამ“ გადაუარა. ამ ქარიშხლის დროს ერთ–ერთი დაღუპულის დაკრძალვაზე სასულიერო პირმა განაცხადა: «„კატრინას“ არ მოუკლავს იგი. ღმერთმა ის სახლში წაიყვანა». სხვა შემთხვევაში საავადმყოფოს ერთმა თანამშრომელმა, კარგი აღძვრებიდან გამომდინარე, ერთ ქალიშვილს უთხრა, რომ არ ენერვიულა, რადგან დედამისი ღმერთმა წაიყვანა ზეცაში. ქალიშვილმა ტირილით მიუგო: „რატომ, რატომ წამართვა ღმერთმა დედა?“

ცხადია, ასეთი არასწორი შეხედულებები ხშირად ვერ ანუგეშებს დამწუხრებულებს. რატომ? იმიტომ, რომ ეს არ არის სიკვდილის შესახებ სინამდვილე. უფრო მეტიც, ეს შეხედულებები ღმერთს ისეთ პიროვნებად წარმოაჩენს, რომელიც ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ხელიდან აცლის საყვარელ ადამიანებს და მათ საშინელ ტკივილს აყენებს. ნაცვლად იმისა, რომ ღმერთი ნუგეშის წყაროდ წარმოადგინონ, ასეთი შეხედულების მქონენი მას სიკვდილის გამომწვევ ბოროტ პიროვნებად სახავენ. მაგრამ ღვთის სიტყვა ჭეშმარიტებას გვეუბნება სიკვდილის შესახებ.

ბიბლია სიკვდილს მტერს უწოდებს. მასში სიკვდილი შედარებულია მეფესთან, რომელიც კაცობრიობაზე ბატონობს (რომაელები 5:17; 1 კორინთელები 15:26). სიკვდილი ისეთი ძლიერი მტერია, რომ არც ერთ ადამიანს არ ძალუძს მასზე გამარჯვება; და ნებისმიერი საყვარელი პიროვნების სიკვდილი ამ მტრის უთვალავ მსხვერპლთაგან კიდევ ერთია. ეს ბიბლიური ჭეშმარიტება კარგად აღწერს იმ მწუხარებასა და უმწეობის გრძნობას, რომელიც საყვარელი ადამიანის გარდაცვალებისას გვეუფლება. ბიბლია გვიჩვენებს, რომ ამ დროს ასეთი გრძნობების განცდა ნორმალურია. მაგრამ იყენებს ღმერთი მტერს — სიკვდილს — იმისათვის, რომ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები ზეცაში წაიყვანოს? მოდი ვნახოთ, რა პასუხს გვცემს ამ კითხვაზე ბიბლია.

ეკლესიასტეს 9:5, 10–ში ნათქვამია: „მკვდრებმა კი არაფერი იციან . . . არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ“. რა არის „შავეთად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა „შეოლი“? ეს არის კაცობრიობის საერთო სამარე, სადაც სიკვდილის შემდეგ ყველა ადამიანი მიდის. შავეთში ანუ სამარეში გარდაცვლილები სრულიად უმოქმედოდ არიან; ისინი არც მოძრაობენ, არც რამეს გრძნობენ და არც რამეზე ფიქრობენ. მათი მდგომარეობა შეიძლება ღრმა ძილში ყოფნას შევადაროთ *. ამგვარად, ბიბლია ცხადყოფს, რომ ღმერთს არ მიჰყავს ზეცაში ჩვენთვის საყვარელი ადამიანები. გარდაცვალების შემდეგ ისინი უსიცოცხლოდ წვანან სამარეში.

იესომ დაადასტურა ეს ჭეშმარიტება, როდესაც თავისი მეგობარი ლაზარე გარდაიცვალა. იესომ სიკვდილი ძილს შეადარა. ლაზარე რომ ზეცაში ყოვლისშემძლე ღმერთთან წასულიყო, იესოს მიერ მისი უკან, დედამიწაზე, დაბრუნება იმისათვის, რომ ის კვლავ მომკვდარიყო, სიკეთის გამოვლენა არ იქნებოდა. ღვთის შთაგონებით ჩაწერილ ცნობაში ნათქვამია, რომ სამარხთან მისულმა იესომ ხმამაღლა დაიძახა: „ლაზარე, გამოდი გარეთ!“ ბიბლია განაგრძობს: „გამოვიდა მკვდარი“. ლაზარე გაცოცხლდა. იესომ იცოდა, რომ ლაზარეს არასოდეს დაუტოვებია დედამიწა. მისი უსიცოცხლო გვამი სამარხში ესვენა (იოანე 11:11—14, 34, 38—44).

ბიბლიაში ჩაწერილი ეს შემთხვევა გვეხმარება, გავიგოთ, რომ სიკვდილი არ არის საშუალება, რომელსაც ღმერთი დედამიწიდან ზეცაში ადამიანის წასაყვანად იყენებს. ამიტომ შეგვიძლია დავუახლოვდეთ ღმერთს, რადგან ვიცით, რომ ის არ არის ჩვენი მწუხარების მიზეზი. აგრეთვე, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ღმერთს ბოლომდე ესმის ჩვენი მწუხარება და ის, თუ რა დიდ ზიანს გვაყენებს მტერი, სიკვდილი. მკვდრების მდგომარეობის შესახებ ბიბლიური ჭეშმარიტება გვიჩვენებს, რომ ისინი არ იტანჯებიან ჯოჯოხეთში ან განსაწმენდელში, არამედ უსიცოცხლოდ წვანან სამარეში. ამგვარად, საყვარელი ადამიანის სიკვდილმა არც ღმერთს უნდა ჩამოგვაშოროს და არც შიში უნდა გაგვიჩინოს იმის გამო, რომ არ ვიცით, სად არის გარდაცვლილი. უფრო მეტიც, ბიბლიის საშუალებით იეჰოვა სხვა მხრივაც გვანუგეშებს.

იმედს ბედნიერება მოაქვს

განხილული ბიბლიური მუხლები მიუთითებს იმედზე — ჭეშმარიტი ბედნიერების მნიშვნელოვან ნაწილზე. ბიბლიაში სიტყვა „იმედი“ კარგის მოლოდინზე მიუთითებს, რომლის შესრულებაშიც ადამიანს ეჭვი არ ეპარება. იმის დასანახავად, თუ როგორ შეიძლება იმედმა ბედნიერება მოუტანოს ადამიანს, მოდი ისევ დავუბრუნდეთ იესოს მიერ ლაზარეს აღდგენის შესახებ ცნობას.

არსებობს, სულ მცირე, ორი მიზეზი, თუ რატომ მოახდინა იესომ ეს სასწაული. ერთ–ერთი მიზეზი მართას, მარიამისა და მეგობრების მწუხარების გაქარწყლება იყო. მათ კვლავ მიეცათ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის შესაძლებლობა. მაგრამ იესომ მართას მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, მიზეზის შესახებ უთხრა: „განა არ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღვთის დიდებას იხილავ–მეთქი?“ (იოანე 11:40). „ახალი აღთქმა თანამედროვე ინგლისურ ენაზე“ (ფილიპსის თარგმანი) ამ მუხლის ბოლო ნაწილს შემდეგნაირად თარგმნის: „იხილავ სასწაულს, რომლის მოხდენაც ღმერთს შეუძლია“. ლაზარეს მკვდრეთით აღდგენით იესომ ყველას დაანახვა, თუ რის გაკეთება შეუძლია ღმერთს, და გააკეთებს კიდეც მომავალში. ქვემოთ მოცემულია, თუ რა შედის ‘სასწაულში, რომლის მოხდენაც ღმერთს შეუძლია’.

იოანეს 5:28, 29–ში იესომ თქვა: „ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ“. ეს იმას ნიშნავს, რომ „შეოლში“ მყოფი გარდაცვლილები, ყველანი, და მათ შორის ჩვენთვის საყვარელი ადამიანებიც, გაცოცხლდებიან. საქმეების 24:15 დამატებით ინფორმაციას გვაწვდის ამ დიდებული მოვლენის შესახებ: „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“. ასე რომ, „უმართლოებსაც“, რომლებიც არ იცნობდნენ და არ ემსახურებოდნენ ღმერთს, მიეცემათ ღვთის კეთილგანწყობის მიღების შესაძლებლობა.

სად მოხდება მკვდრეთით აღდგომა? ფსალმუნების 36:29–ში ნათქვამია: „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“. დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს სიტყვები. ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებიც სიკვდილმა დააშორა, კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს აქ, დედამიწაზე. იმაზე ფიქრი, რომ დავტკბებით ამ ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობით, გულს ბედნიერებით გვივსებს.

იეჰოვას სურს, ბედნიერი იყოთ

ჩვენ განვიხილეთ, პრობლემების მიუხედავად, რომელი ორი საშუალებით ხდის იეჰოვა ადამიანს უფრო ბედნიერს. პირველი, ბიბლიის საშუალებით ის გვაძლევს ცოდნას და გვიწევს ხელმძღვანელობას, რათა რთულ სიტუაციებში დაგვეხმაროს. სიკვდილით გამოწვეული ტკივილის დაამების გარდა, ბიბლიური რჩევები ეკონომიკურ და ჯანმრთელობის პრობლემებთან გამკლავებაში გვეხმარება. ბიბლია გვაძლიერებს, რათა გავუძლოთ სოციალურ უსამართლობასა და პოლიტიკურ არასტაბილურობას. და, თუ ბიბლიის ხელმძღვანელობას მივყვებით, ის სხვა პირად პრობლემებთან გამკლავებაშიც დაგვეხმარება.

მეორე, ბიბლიის შესწავლის საშუალებით, გაგიჩნდებათ იმედი, რომელსაც ვერც ერთი ადამიანური საზოგადოება ვერ მოგცემთ. მეგობრებისა და ოჯახის წევრების მკვდრეთით აღდგომა იმ იმედის ნაწილია, რომელსაც ბიბლია გვთავაზობს. გამოცხადების 21:3, 4 განავრცობს ამ თემას: „ღმერთი მათთან [ადამიანებთან] იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“. ეს იმას ნიშნავს, რომ მწუხარების ნებისმიერი მიზეზი მალე სამუდამოდ მოისპობა. ბიბლიური დანაპირები შესრულდება, და თქვენც შეგიძლიათ გაიხაროთ ამით. შვებას გვგვრის მხოლოდ იმის ცოდნაც კი, რომ წინ უკეთესი დრო გველის. ბედნიერების მიზეზს გვაძლევს ისიც, რომ სიკვდილის შემდეგ მარადიულად არ დავიტანჯებით.

დავფიქრდეთ შემდეგ მაგალითზე: მარიას რამდენიმე წლის წინ ქმარი კიბოთი დაეღუპა; სიკვდილამდე მას საშინელი ტკივილები ჰქონდა. ცოტა ხანში მარიას მწუხარებას ფინანსური პრობლემებიც დაემატა; ამ პრობლემების გამო ის და მისი სამი ქალიშვილი იძულებულნი გახდნენ, სახლი გაეყიდათ. ორი წლის შემდეგ მარიას თავადაც აღმოაჩნდა კიბო. მას ორი დიდი ოპერაციის გაკეთება მოუწია და ახლა ყოველდღიურად საშინელი ტკივილები აქვს. ამ პრობლემების მიუხედავად, მას იმდენად დადებითი აზროვნება აქვს, რომ თავად ამხნევებს სხვებს. როგორ ინარჩუნებს ის ბედნიერებას?

მარია ამბობს: „პრობლემების დროს ვცდილობ, ძალიან ბევრი არ ვიფიქრო პირად მდგომარეობაზე. ვერიდები, საკუთარ თავს დავუსვა კითხვები: რატომ მაინცდამაინც მე? რატომ უნდა ვიტანჯებოდე ასე? რატომ დამემართა ეს ავადმყოფობა? უარყოფითზე ფიქრი ძალების გამომცლელია. ამგვარად ფიქრის ნაცვლად, მთელ ძალებს იეჰოვას მსახურებასა და სხვების დახმარებას ვახმარ. ეს ბედნიერებას მანიჭებს“.

როგორ ეხმარება იმედი მარიას? ის იმედის თვალით შეჰყურებს მომავალს, როდესაც იეჰოვა მოსპობს ყოველგვარ ავადმყოფობასა და სხვა პრობლემებს. საავადმყოფოში მარია ბიბლიურ იმედს კიბოთი დაავადებულ იმ პაციენტებსაც უზიარებს, რომლებიც, შეიძლება, სასოწარკვეთილნი არიან. რამდენად მნიშვნელოვანია იმედი მარიასთვის? ის ამბობს: «ხშირად ვფიქრობ ბიბლიაში, ებრაელების 6:19–ში, ჩაწერილ სიტყვებზე, სადაც პავლე აღნიშნავს, რომ იმედი სულისთვის ღუზასავით არის. ამ ღუზის გარეშე ადამიანი შეიძლება შტორმის დროს ზღვაში გატაცებულ გემს დაემსგავსოს. მაგრამ, თუ მტკიცედ ვართ ჩაჭიდებული ამ ღუზას, პრობლემების „ქარიშხალი“ ვერაფერს დაგვაკლებს». ‘ღვთისგან დაპირებული მარადიული სიცოცხლის იმედი, ღვთისა, რომელმაც შეუძლებელია ტყუილი თქვას’, ეხმარება მარიას ბედნიერების შენარჩუნებაში. მსგავსად დაგეხმარებათ ეს იმედი თქვენც (ტიტე 1:2).

პრობლემების მიუხედავად, ბიბლიის შესწავლა დაგეხმარებათ, ნამდვილად ბედნიერი იყოთ. მაგრამ თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ ეჭვი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა პრაქტიკული ბიბლიის შესწავლა. იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით გიჩვენებენ ბიბლიიდან, თუ რის ცოდნაა საჭირო იმისათვის, რომ ნამდვილად ბედნიერი იყოთ. იეჰოვას მიერ მოცემული იმედის შესრულების მომლოდინენი მათ შორის იქნებიან, რომლებზეც ბიბლია ამბობს: „[ისინი] სიხარულს ეწევიან, დარდი და ოხვრა უკუიქცევა“ მათგან (ესაია 35:10).

[სქოლიოები]

^ აბზ. 9 ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ (2003) „შეოლს“ აღწერს როგორც „ადგილს, სადაც არც ტკივილი, არც სიამოვნება, არც სასჯელი და არც ჯილდო არ არსებობს“.

[სურათი 5 გვერდზე]

მხოლოდ ბიბლიურ ჭეშმარიტებას შეუძლია მწუხარების შემსუბუქება.

[სურათი 7 გვერდზე]

მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებული ბიბლიური იმედი ბედნიერს გვხდის.