არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბედნიერების პოვნა შესაძლებელია

ბედნიერების პოვნა შესაძლებელია

ბედნიერების პოვნა შესაძლებელია

ნამდვილი ბედნიერების პოვნა, რომელიც უსასრულოდ გრძელდება, რთულია. უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ადამიანთა უმრავლესობა ბედნიერების გასაღებს იქ არ ეძებს, სადაც საჭიროა. ალბათ, ასეთი ადამიანები ისურვებდნენ სანდო და გამოცდილი მეგობრის ყოლას, რომელიც სწორ მიმართულებას მისცემდა მათ.

ბიბლია სწორედ ასეთ ხელმძღვანელობას გვიწევს. განვიხილოთ ბიბლიის ერთ–ერთი წიგნი „ფსალმუნები“. ეს წიგნი 150 ფსალმუნისგან შედგება, რომელიც იეჰოვასადმია მიძღვნილი. მათგან დაახლოებით ნახევარი ძველი ისრაელის მეფის, დავითის, დაწერილია. ფსალმუნების დამწერებმა იცოდნენ, რომ ამ წიგნის ავტორი, ადამიანების საუკეთესო მეგობარი, იეჰოვაა. ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ფსალმუნების საშუალებით იეჰოვა საუკეთესოდ გვხელმძღვანელობს და, ამგვარად ბედნიერების გასაღებს გვთავაზობს.

ფსალმუნების დამწერები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბედნიერება იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის შედეგად მიიღწევა. „ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა“, — დაწერა ფსალმუნმომღერალმა (ფსალმუნები 111:1). ადამიანებს შორის ურთიერთობებს, სიმდიდრესა თუ პირად მიღწევებს არ მოაქვს ნამდვილი ბედნიერება. ბედნიერები ისინი არიან, რომელთა „ღმერთიც უფალია [იეჰოვაა]!“ (ფსალმუნები 143:15). ღვთის თანამედროვე მსახურთა ცხოვრება ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ადასტურებს.

მაგალითად, სუზანი *, რომელიც 40 წლისაა, ამბობს: „დღეს ბევრი წევრიანდება ამა თუ იმ გაერთიანებაში, რათა საერთო მიზნებს მიაღწიონ. თუმცა, იქ ისინი იშვიათად ანვითარებენ მეგობრულ ურთიერთობებს. იეჰოვას მოწმეებს შორის კი სულ სხვაგვარად არის საქმე. იეჰოვასადმი სიყვარული აღგვძრავს, ერთმანეთის მიმართ სიყვარული გამოვავლინოთ. იეჰოვას ხალხს შორის, სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, თავს კარგად ვგრძნობთ. ასეთი ერთიანობა ამდიდრებს ჩვენს ცხოვრებას. ძნელად თუ მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა სოციალური ფენისა და ეროვნების მეგობარი ჰყავთ. სრული დამაჯერებლობით შემიძლია ვთქვა, რომ იეჰოვას ხალხს შორის ყოფნას ბედნიერება მოაქვს“.

მარიმ, რომელიც შოტლანდიაში დაიბადა, იცის, რომ ნამდვილი ბედნიერება იეჰოვასთან ურთიერთობას მოაქვს. „ვიდრე ბიბლიას გავეცნობოდი, — გვიყვება მარი, — მიყვარდა საშინელებათა ფილმების ყურება. ამის გამო მიჭირდა დაძინება. ამიტომ მთელი ღამე ჯვარი მეჭირა ხელში, რათა აჩრდილებისა და ვამპირებისგან ვყოფილიყავი დაცული. როდესაც ჭეშმარიტება გავიგე, შევწყვიტე ასეთი ფილმების ყურება. იეჰოვასთან ურთიერთობის შედეგად შიშის გრძნობა გადავლახე და ახლა მშვიდად მძინავს. ბედნიერი ვარ, რომ ვემსახურები ღმერთს, რომელიც დემონებზე გაცილებით ძლიერია“.

იეჰოვაზე მინდობა ბედნიერების საწინდარია

ჩვენ გვაქვს საფუძველი, გვჯეროდეს, რომ იეჰოვა უსაზღვრო ძალასა და სიბრძნეს ფლობს. დავითმა საკუთარი გამოცდილებიდან იცოდა, რომ შეეძლო სრულად მინდობოდა იეჰოვას და მასთან ეპოვა თავშესაფარი. მან დაწერა: „ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს“ (ფსალმუნები 39:5).

მარია ამბობს: „მართალია არასრულყოფილება არასწორისკენ მიბიძგებს, მაგრამ, როცა იეჰოვას ნების თანახმად ვცხოვრობ, ყოველთვის საუკეთესო შედეგებს ვიმკი. ამას ნამდვილი ბედნიერება მოაქვს, რადგან იეჰოვას გზით სიარულს არაფერი შეედრება“.

ანდრეასი უხუცესია. ის ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მსახურობდა. მან პირადი გამოცდილებიდან იცის, რომ იეჰოვა იმედს არ უცრუებს იმ ადამიანებს, რომლებიც მასზე არიან მინდობილნი. ის ამბობს: „უფროსი ძმა, რომელიც ჩემს რწმენას არ იზიარებს, ძლიერ გავლენას ახდენდა ჩემზე ახალგაზრდობაში; მას სურდა, კარიერა შემექმნა. ის ძალიან განაწყენდა, როდესაც სრული დროით მსახურება დავიწყე. არაფრის ნაკლებობას არ განვიცდი. ისეთ კურთხევებს ვიღებ, რაზეც სხვები ოცნებობენ“.

ფელიქსს 1993 წელს ზელტერსში (გერმანია) იეჰოვას მოწმეთა ფილიალის გაფართოებაში მონაწილეობის მიღება სთხოვეს. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ის ბეთელის ოჯახში მიიწვიეს. როგორ შეხვდა ფელიქსი სიახლეს? „უყოყმანოდ დავთანხმდი ძმებს. უკვე თითქმის ათი წელია, რაც ბეთელში ვმსახურობ. დავრწმუნდი, რომ იეჰოვა ისმენს ჩემს ლოცვებს. მან იცის, რა არის ჩემთვის უკეთესი. ბოლომდე ვენდობი იეჰოვას და საშუალებას ვაძლევ, მიხელმძღვანელოს და დამანახოს, თუ რას მოელის ჩემგან“.

ზემოთ მოხსენიებულ სუზანს სურდა, სრული დროით ემსახურა, მაგრამ ნახევარ განაკვეთზე სამუშაოს ვერ შოულობდა. ასე ერთი წელი გრძელდებოდა. ამიტომ გადაწყვიტა, იეჰოვას მინდობოდა. სუზანი გვიყვება: „სრული დროით მსახურების დასაწყებად ბლანკი შევავსე. მანამდე იმდენი თანხის მოგროვება შევძელი, რომ ერთი თვის მანძილზე თავი გამეტანა. ეს თვე ძალიან გამამხნევებელი აღმოჩნდა! ერთადერთ სიხარულს მსახურება მანიჭებდა. სადაც კი სამსახურის დაწყების მიზნით გასაუბრებას გავდიოდი, ყველგან უარით მისტუმრებდნენ. მაგრამ, როგორც იეჰოვა გვპირდება, ის ასეთ დროს არ გვტოვებს. თვის ბოლო დღეს სამუშაოს თაობაზე კონტრაქტი გავაფორმე. ახლა ვიცი, რომ ყოველთვის შეიძლება იეჰოვას მიენდო. თავად განვიცადე, თუ რა კურთხევები და სიხარული მოაქვს სრული დროით მსახურებას“.

ღვთის რჩევების გათვალისწინება

მეფე დავითმა სერიოზული შეცდომები დაუშვა. ამიტომ მას გონივრული რჩევები სჭირდებოდა. დავითის მსგავსად, სიხარულით ვიღებთ რჩევებსა და მითითებებს?

აიდამ, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, აღიარა, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვა. ის ჰყვება: „ჩემი ერთადერთი საფიქრალი ის იყო, იეჰოვასთან ურთიერთობა აღმედგინა“. მან დახმარებისთვის უხუცესებს მიმართა. აიდა უკვე 14 წელზე მეტია, რაც სრული დროით მსახურობს. ის ამბობს: „მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ მან დაივიწყა ჩემი შეცდომა“.

თუ ღრმად ვწვდებით ღვთის რჩევებს, თავიდან ავიცდენთ შეცდომებს. ჯუდი ამბობს: „20 წლის ვიყავი, როცა ერთი გერმანელი ბიზმენსმენით მოვიხიბლე. ის ჩემი თანამშრომელი იყო და ყველანაირად ცდილობდა, ჩემზე შთაბეჭდილება მოეხდინა. მას პერსპექტიული კარიერა ჰქონდა და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ამავდროულად დაოჯახებული იყო. მე არჩევნის წინაშე ვიდექი — იეჰოვას კანონის მორჩილი უნდა ვყოფილიყავი, ან მისთვის ზურგი უნდა მექცია. ჩემი პრობლემა მშობლებს გავანდე. მამამ ნათლად დამანახა, თუ რას ელოდა იეჰოვა ჩემგან. ის გულწრფელად მესაუბრა, რაც ძალიან დამეხმარა. იმ წუთებში თავის გასამართლებელ მიზეზებს ვეძებდი გულში. დედა კვირების მანძილზე ყოველ საღამოს მესაუბრებოდა იმის შესახებ, რომ ღვთის კანონის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. რა მადლიერი ვარ, რომ ჩემი გული თანდათანობით იეჰოვასკენ გადაიხარა! დღეს ბედნიერი ვარ, რომ მამაჩემის რჩევა-დარიგებები გავითვალისწინე. უკვე წლებია, რაც სრული დროით ვემსახურები იეჰოვას, და მყავს მოსიყვარულე მეუღლე, რომელსაც მთელი გულით უყვარს იეჰოვა“.

ასეთი შემთხვევები ფსალმუნმომღერალი დავითის სიტყვების ჭეშმარიტებას ადასტურებს: „ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვები დაიფარა. ნეტარია კაცი, ვისაც უფალი ცოდვას არ ჩაუთვლის“ (ფსალმუნები 31:1, 2).

სხვების მიმართ ყურადღების გამოვლენა

დავითი წერს: „ნეტარ არს, ვინც ფიქრობს ღატაკზე; უბედურების დღეს გადაარჩენს მას უფალი. უფალი დაიცავს მას და აცოცხლებს; და ბედნიერი იქნება“ (ფსალმუნები 40:1, 2). დავითი ყურადღებას ავლენდა თავისი ძვირფასი მეგობრის, იონათანის, შვილის მეფიბოშეთის მიმართ, რომელიც კოჭლი იყო. ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს გასაჭირში მყოფთა მიმართ (2 მეფეთა 9:1—13).

მარლი, რომელიც 47 წლის მანძილზე მისიონერად მსახურობს, ისეთ ხალხს შორის ქადაგებს, რომლებსაც აფრიკის, აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის საშიში ზონებიდან მოუწიათ გაქცევა. ის ამბობს: „ეს ადამიანები სხვადასხვა პრობლემას აწყდებიან. ისინი საზოგადოებისგან გარიყულად გრძნობენ თავს, რადგან მათი უფლებები შეზღუდულია. ასეთი ადამიანების დახმარებას ყოველთვის სიხარული მოაქვს“.

მარინა, რომელიც 40 წლისაა, წერს: „მართალია მეუღლე არ მყავს, მაგრამ ნუგეშს მგვრის ის, რომ მხარში ნამდვილი მეგობრები მიდგანან. მათი მაგალითი მეხმარება, მეც გავამხნევო სხვები სატელეფონო ზარითა თუ წერილებით. ამის გამო ბევრი მემადლიერება. სხვების დახმარება სიხარულს მანიჭებს“.

დიმიტი, რომელიც 20 წლისაა, ამბობს: „უმამოდ გავიზარდე. როდესაც მოზარდი ვიყავი, წიგნის შესწავლის ზედამხედველს ყოველკვირა მსახურებაში დავყავდი. ძალიან მადლიერი ვარ მის მიერ გამოვლენილი მოთმინებისთვის, რადგან ყოველთვის ადვილი არ იყო ჩემი დაყოლიება“. მადლიერების გრძნობით გამსჭვალული დიმიტი ახლა სხვებს ეხმარება. ის ამბობს: „ვცდილობ, სულ მცირე თვეში ერთხელ მაინც წავიყვანო მსახურებაში რომელიმე მოზარდი ან ხანდაზმული“.

ბედნიერების მისაღწევად „ფსალმუნებში“ კიდევ ერთ აუცილებელ პირობას ესმება ხაზი. საკუთარ ძალებზე დაიმედების ნაცვლად, მნიშვნელოვანია იეჰოვას ძალაზე ვიყოთ დანდობილნი: „ნეტარ არს კაცი, რომლის ძლიერებაც შენშია [იეჰოვაშია]“ (ფსალმუნები 83:6).

კორინა ამ სიტყვების ჭეშმარიტებას თავისი მაგალითით ადასტურებს. ის იმ ქვეყანაში გადავიდა, სადაც ქადაგების დიდი საჭიროება იყო. „მე უნდა მესწავლა ახალი ენა, შევგუებოდი ახალ კულტურასა და მენტალიტეტს. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს სხვა პლანეტაზე ვიმყოფებოდი. მიჭირდა უცხო გარემოში ქადაგება, რასაც ძალიან განვიცდიდი. იეჰოვას ვთხოვდი დახმარებას, და მისი ძალით ვახერხებდი მთელი დღით ქადაგებას. დროთა განმავლობაში ამ მოშორებულ ტერიტორიაზე მსახურება ჩემთვის ბუნებრივი გახდა. ბევრთან დავიწყე ბიბლიის შესწავლა. ყოველივე ამის გახსენება დღესაც სიხარულს მანიჭებს. დავინახე, რომ იეჰოვას დახმარებით შეგვიძლია გადავლახოთ ნებისმიერი, ერთი შეხედვით, გადაულახავი დაბრკოლებაც კი“.

როგორც დავინახეთ, ბედნიერებას ხელს უწყობს ღმერთთან და მის ხალხთან ახლო ურთიერთობის განვითარება, იეჰოვაზე ბოლომდე მინდობა, მისი რჩევების გათვალისწინება და სხვების მიმართ ყურადღების გამოვლენა. თუ იეჰოვას გზით ვივლით და მის კანონებს დავემორჩილებით, მისი კეთილგანწყობილებით ვისარგებლებთ. ეს კი ბედნიერებას მოგვიტანს (ფსალმუნები 88:16; 105:3; 111:1; 127:1, 2).

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 ზოგი სახელი შეცვლილია.

[სურათი 12 გვერდზე]

მარია

[სურათი 13 გვერდზე]

მარი

[სურათი 13 გვერდზე]

სუზანი და ანდრეასი

[სურათი 15 გვერდზე]

კორინა

[სურათი 15 გვერდზე]

დიმიტი