არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მიყვარს შენი შეხსენებები“

„მიყვარს შენი შეხსენებები“

„მიყვარს შენი შეხსენებები“

„ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა“ (რომაელები 15:4).

1. რა გზებით გვაძლევს იეჰოვა შეხსენებებს და რატომ ვსაჭიროებთ მათ?

იეჰოვა თავის მსახურებს შეხსენებებით უზრუნველყოფს, რათა მათ შეძლონ დღევანდელ სირთულეებთან გამკლავება. მაგალითად, შეხსენებებს ვიღებთ, როდესაც ვკითხულობთ ბიბლიას და ვესწრებით ქრისტიანულ შეხვედრებს, სადაც ვისმენთ წარმოდგენილ პროგრამას თუ გამამხნევებელ კომენტარებს. უმეტეს შემთხვევაში, რასაც ამ დროს ვკითხულობთ ან ვისმენთ, ჩვენთვის ახალი არ არის. ჩვეულებრივ, მსგავსი ინფორმაცია მანამდეც მოგვისმენია. მაგრამ ჩვენ განუწყვეტლივ გვჭირდება შეხსენებები იეჰოვას განზრახვებთან, კანონებთან და რჩევებთან დაკავშირებით, რადგან დროთა განმავლობაში ბევრი რამ გვავიწყდება. ჩვენ მადლიერნი უნდა ვიყოთ ღვთისგან მიღებული შეხსენებებისთვის. ისინი გვეხმარება ძალების განახლებაში და იმაში, რომ მთელი ყურადღება გადატანილი გვქონდეს მიზეზებზე, რომლებიც ღვთის ნების თანახმად ცხოვრებისკენ აღგვძრავს. ფსალმუნმომღერალი იეჰოვას მიმართავდა: „მიყვარს შენი შეხსენებები“ (ფსალმუნები 119:24, აქ [118:24]).

2, 3. ა) რატომ ჩაიწერა იეჰოვას ნებით ბიბლიაში მაგალითები ძველ დროში მცხოვრებ ადამიანთა შესახებ? ბ) რომელ ბიბლიურ მაგალითებს განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 მიუხედავად იმისა, რომ ღვთის სიტყვა საუკუნეების წინათ დაიწერა, მას დღესაც დიდი ძალა აქვს (ებრაელები 4:12). ბიბლიაში ვკითხულობთ ძველ დროში მცხოვრებ ადამიანთა ისტორიებს. მართალია, მას შემდეგ წეს–ჩვეულებები და შეხედულებები საკმაოდ შეიცვალა, მაგრამ პრობლემები, რომლებსაც დღეს ვხვდებით, ხშირ შემთხვევაში არ განსხვავდება ბიბლიურ დროში მცხოვრები ხალხის პრობლემებისგან. ბიბლია წარმოგვიდგენს ჩვენთვის სასარგებლო ბევრ მაგალითს იმ ადამიანთა შესახებ, რომელთაც უყვარდათ იეჰოვა და ერთგულად ემსახურებოდნენ მას განსაცდელების მიუხედავად. ის აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს ღვთისთვის მიუღებელ მოქმედებებზე. ეს დადებითი თუ უარყოფითი მაგალითები ბიბლიაში იეჰოვას ნებით ჩაიწერა, რათა ისინი ჩვენთვის „შეხსენებები“ ყოფილიყო. პავლე მოციქულმა დაწერა: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელები 15:4).

3 განვიხილოთ სამი მაგალითი ბიბლიიდან — დავითისა და საულის, ანანიასა და საფირას, იოსებისა და ფოტიფარის ცოლის შესახებ. მათ მაგალითებზე ბევრის სწავლა შეგვიძლია.

ვუერთგულოთ ღმერთს

4, 5. ა) რა მდგომარეობა იყო შექმნილი მეფე საულთან და დავითთან დაკავშირებით? ბ) როგორ პასუხობდა დავითი საულის მტრულ დამოკიდებულებას?

4 მეფე საულმა არ შეინარჩუნა იეჰოვასადმი ერთგულება. შედეგად, იგი აღარ იყო შესაფერისი იმისათვის, რომ ღვთის ხალხის მმართველი ყოფილიყო. ღმერთმა საული უარყო და წინასწარმეტყველი სამუელი დავითთან გაგზავნა, რათა ის ისრაელის მომავალ მეფედ ეცხო. მას შემდეგ, რაც დავითმა, როგორც მამაცმა მეომარმა, ხალხის მოწონება დაიმსახურა, საული მასში თავის მეტოქეს ხედავდა. საულმა არაერთხელ სცადა დავითის მოკვლა. დავითი მხოლოდ იმის წყალობით გადარჩა, რომ იეჰოვა იყო მასთან (1 მეფეთა 18:6—12, 25; 19:10, 11).

5 წლების მანძილზე დავითი იძულებული იყო, ერთი ადგილიდან მეორეზე გადასულიყო. როდესაც საულის მოკვლის შესაძლებლობა მიეცა, დავითს თავისი ხალხი ეუბნებოდა, რომ იეჰოვამ ჩაუგდო ხელში მტერი. მაგრამ დავითმა უარი თქვა საულის მოკვლაზე. მან არ გადადგა ასეთი ნაბიჯი, რადგან იეჰოვას ერთგული იყო და პატივს სცემდა საულს, როგორც ღვთის ხალხის ცხებულ მეფეს. ისრაელის მეფედ საული იეჰოვამ დანიშნა. ამიტომ მის გადაყენებაზე იეჰოვა იზრუნებდა, როცა თავად ჩათვლიდა საჭიროდ. დავითი თვლიდა, რომ მას არ ჰქონდა ამ საქმეში ჩარევის უფლება. თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საულს აღარ ჰქონოდა მისდამი მტრული დამოკიდებულება. დანარჩენი კი დავითმა იეჰოვას მიანდო: „თავად უფალი გაანადგურებს მას, ან მისი დღე მოაწევს და მოკვდება, ან ბრძოლაში წავა და დაიღუპება, უფალმა დამიფაროს, რომ უფლის ცხებულზე აღვმართო ხელი“ (1 მეფეთა 24:4—16; 26:7—20).

6. რატომ არის ჩვენთვის ყურადსაღები დავითისა და საულის შემთხვევა?

6 ეს მაგალითი ჩვენთვის ყურადსაღებია. ყოფილა შემთხვევა, როცა საკუთარი თავისთვის გიკითხავს, თუ რატომ არსებობს კრებაში ესა თუ ის პრობლემა? ასეთი კითხვა შეიძლება დაგებადოს მაშინ, როცა კრების რომელიმე წევრი არასწორად იქცევა. შესაძლოა სერიოზულ ცოდვას არ სჩადის, მაგრამ მისი მოქმედება გაღელვებს. როგორ მოიქცევი? ვინაიდან დაინტერესებული ხარ თანაქრისტიანის კეთილდღეობით და გსურს იეჰოვასადმი ერთგულების გამოვლენა, შეიძლება გადაწყვიტო, სიყვარულით დაელაპარაკო მას მდგომარეობის გამოსასწორებლად. როგორ უნდა მოიქცე, თუ პრობლემა არ გვარდება? მას შემდეგ, რაც შენი შესაძლებლობიდან გამომდინარე ყველაფერს გააკეთებ, ამ საკითხის გადაჭრა იეჰოვას მიანდე. დავითი სწორედ ასე მოიქცა.

7. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ დავითს, თუ უსამართლობას ვხვდებით?

7 შეიძლება პრობლემებს საზოგადოებაში არსებული უსამართლობის ან რელიგიური შუღლის გამო ხვდებით. მათ გადასაჭრელად შესაძლოა თითქმის ვერაფერი გააკეთოთ. მდგომარეობა შეიძლება ძალიან რთული ასატანი იყოს. ასეთ შემთხვევაში ჩვენთვის კარგი მაგალითი იქნება იმის შეხსენება, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა დავითს უსამართლობაზე. დავითის მიერ დაწერილი ფსალმუნები მხოლოდ საულისგან დაცვის მიზნით წარმოთქმული მხურვალე ლოცვები არ არის. დავითის ფსალმუნებში აგრეთვე ვხედავთ იმას, რომ იგი იეჰოვასადმი ერთგულებას ინარჩუნებდა და დაინტერესებული იყო მისი სახელის განდიდებით (ფსალმუნები 17:2—7, 26—28, 31—33, 49—51; 56:2—12). დავითს იეჰოვასადმი ერთგულება ვერ შეურყია იმან, რომ საული წლების მანძილზე ეპყრობოდა მას უსამართლოდ. ჩვენც უნდა ვუერთგულოთ იეჰოვას და მის ორგანიზაციას იმისდა მიუხედავად, თუ რა უსამართლობას ვხვდებით და როგორ იქცევიან სხვები. შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა ხედავს ჩვენს მდგომარეობას (ფსალმუნები 85:2).

8. როგორ იქცეოდნენ იეჰოვას მოწმეები მოზამბიკში, როცა ღვთისადმი მათი ერთგულება იცდებოდა?

8 მოზამბიკში მცხოვრები ქრისტიანების შემთხვევა თანამედროვე პერიოდის შესანიშნავი მაგალითია მათთვის, ვინც გამოცდების მიუხედავად ცდილობს იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნებას. 1984 წელს ამ მოზამბიკელი ქრისტიანების სოფლებს არაერთხელ დაესხნენ თავს ერთ–ერთი დაჯგუფების შეიარაღებული წევრები, რომლებიც მოსახლეობას ძარცვავდნენ, სახლებს უწვავდნენ და ხოცავდნენ. იეჰოვას მოწმეებს, ერთი შეხედვით, არაფრის გაკეთება შეეძლოთ თავის დასაცავად. მოსახლეობა დაჟინებით მოითხოვდა მათგან იარაღის აღებას ან სხვა სახით მხარდაჭერას. მაგრამ ისინი ამგვარ მოქმედებას ქრისტიანული ნეიტრალიტეტის დარღვევად მიიჩნევდნენ. მათი მხრიდან ასეთი პოზიცია ბრძოლის მსურველთა რისხვას იწვევდა. ამ არეულობების დროს 30–მდე იეჰოვას მოწმე მოკლეს. ღვთის ხალხს სიკვდილის პირისპირ დგომამაც კი ვერ შეურყია მისადმი ერთგულება *. დავითის მსგავსად, მათ უსამართლობის ატანა მოუწიათ, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც გაიმარჯვეს.

შეხსენება ჩვენ გასაფრთხილებლად

9, 10. ა) რა სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის ზოგ ბიბლიურ მაგალითს? ბ) რა იყო არასწორი ანანიასა და საფირას მოქმედებაში?

9 ზოგიერთი ბიბლიური პერსონაჟის საქციელიდან კარგად ჩანს, თუ როგორ მოქმედებებს უნდა მოვერიდოთ. ბიბლიაში მრავლადაა იმ ადამიანთა, მათ შორის ღვთის მსახურთა, მაგალითები, რომლებიც არასწორად იქცეოდნენ და შესაბამის შედეგებს იმკიდნენ (1 კორინთელები 10:11). ერთ–ერთი ისტორია ეხება ანანიასა და საფირას, ცოლ–ქმარს, რომლებიც პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების წევრები იყვნენ იერუსალიმში.

10 ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ მატერიალურ მხარდაჭერას საჭიროებდნენ ახალი მორწმუნეები, რომლებიც იერუსალიმში დარჩნენ, რათა მოციქულებთან ურთიერთობის საშუალება ჰქონოდათ. თანამორწმუნეების დასახმარებლად კრების ზოგიერთმა წევრმა გაყიდა თავისი ქონება (საქმეები 2:41—45). ანანიამ და საფირამ გაყიდეს თავიანთი მინდორი და აღებული თანხის მხოლოდ ნაწილი მიუტანეს მოციქულებს, თუმცა თქვეს, რომ მთლიანი თანხა გაიღეს. ანანიასა და საფირას შეეძლოთ იმდენი მიეტანათ, რამდენიც თავად სურდათ. მაგრამ მათ არასწორი მოტივები ამოძრავებდათ და უპატიოსნოდ მოიქცნენ. მათ სურდათ, სხვებზე შთაბეჭდილება მოეხდინათ — თითქოს იმაზე მეტი გააკეთეს, ვიდრე ეს სინამდვილეში იყო. მოციქულმა პეტრემ წმინდა სულის შთაგონებით გამოააშკარავა მათი უპატიოსნება და თვალთმაქცობა, რის შემდეგაც ისინი ‘დაეცნენ და მოკვდნენ’ (საქმეები 5:1—10).

11, 12. ა) რა შეხსენებებს ვხვდებით ბიბლიაში პატიოსნებასთან დაკავშირებით? ბ) რა კურთხევები მოჰყვება პატიოსნად ცხოვრებას?

11 თუ გვაქვს იმის ცდუნება, რომ სინამდვილის დამახინჯებით ვეცადოთ სხვების თვალში ამაღლებას, ანანიასა და საფირას შემთხვევა ჩვენთვის სერიოზული შეხსენება უნდა იყოს. ადამიანები შეიძლება მოვატყუოთ, მაგრამ იეჰოვას ვერაფერს გამოვაპარებთ (ებრაელები 4:13). ბიბლია არაერთხელ მოგვიწოდებს, რომ ერთმანეთთან ურთიერთობაში პატიოსნები ვიყოთ, რადგან მატყუარების ადგილი არ იქნება დედამიწაზე, როცა ის უსამართლობისგან გაიწმინდება (იგავები 14:2; გამოცხადება 21:8; 22:15). ამის მიზეზი ის არის, რომ ყოველგვარი სიცრუე სატანა ეშმაკისგან მომდინარეობს (იოანე 8:44).

12 პატიოსნად ცხოვრებას მრავალი კურთხევა მოაქვს. მაგალითად, სუფთა სინდისი და კმაყოფილების გრძნობა იმის გამო, რომ სხვები გვენდობიან. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც პატიოსნების გამო ქრისტიანებმა სამსახური იშოვეს ან შეინარჩუნეს. ყველაზე დიდი კურთხევა კი ის არის, რომ პატიოსნება ყოვლისშემძლე ღმერთთან მეგობრული ურთიერთობის საშუალებას გვაძლევს (ფსალმუნები 14:1, 2).

შევინარჩუნოთ სიწმინდე

13. რა სიტუაციაში აღმოჩნდა იოსები და როგორ მოიქცა ის?

13 პატრიარქ იაკობის ვაჟი, იოსები, მონად გაყიდეს 17 წლის ასაკში. შედეგად, ის აღმოჩნდა ფოტიფარის, ეგვიპტის სამეფო კარის წარმომადგენლის, სახლში, სადაც თავისი ბატონის ცოლის ყურადღება მიიპყრო. მას იოსებთან, სიმპათიურ ახალგაზრდა მამაკაცთან, სქესობრივი კავშირის დამყარების სურვილი ჰქონდა. ფოტიფარის ცოლი გამუდმებით ეუბნებოდა მას: „დაწექი ჩემთან“. იოსები თავისი ოჯახისგან შორს იყო, სადაც არავინ იცნობდა. მას შეეძლო ჰქონოდა ურთიერთობა ამ ქალთან, ისე რომ არავის გაეგო. მიუხედავად ამისა, როდესაც ფოტიფარის ცოლი იქამდე მივიდა, რომ ხელი სტაცა მის ტანსაცმელს, იოსები გაიქცა (დაბადება 37:2, 18—28; 39:1—12).

14, 15. ა) რატომ არის ჩვენთვის საყურადღებო იოსების მაგალითი? ბ) რატომ იყო ერთი ახალგაზრდა ქრისტიანი მადლიერი ღვთის შეხსენებებისთვის?

14 იოსებს, რომელიც ღვთისმოშიშ ოჯახში აღიზარდა, ესმოდა, რომ არასწორი იყო სქესობრივი ურთიერთობა მამაკაცსა და ქალს შორის, რომლებიც ცოლ–ქმარი არ იყვნენ. მან თქვა: „როგორ ვქნა ეს დიდი ბოროტება და ღმერთს შევცოდო?“ ასეთი თვალსაზრისი მას, როგორც ჩანს, იმის ცოდნის საფუძველზე ჰქონდა, რომ ედემის ბაღში იეჰოვას განაცხადის თანახმად, მამაკაცს ერთი ცოლი უნდა ჰყოლოდა (დაბადება 2:24). დღეს ღვთის მსახურებისთვის სასარგებლოა იმაზე ფიქრი, თუ როგორ მოიქცა იოსები აღნიშნულ სიტუაციაში. ზოგ ქვეყანაში სქესობრივი უზნეობა იმდენად გავრცელებულია, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც უარს ამბობენ ასეთ ურთიერთობაზე, თანატოლები დასცინიან. დაუქორწინებლებს შორის სქესობრივი ურთიერთობა ჩვეულებრივი რამ არის. ასე რომ, იოსების ისტორია დროული შეხსენებაა ჩვენთვის. ღვთის ნორმები არ შეცვლილა, და სიძვა და მრუშობა დღესაც ცოდვაა (ებრაელები 13:4). მრავალმა მათგანმა, ვინც აჰყვა ცდუნებას და უზნეობა ჩაიდინა, დაინახა, რომ ნამდვილად არ ღირდა ასე მოქცევა. ასეთ საქციელს თან სდევს ისეთი არასასურველი შედეგები, როგორიცაა სირცხვილის გრძნობა, სინდისის ქენჯნა, ეჭვიანობა, ფეხმძიმობა და ვენერიული დაავადებები. როგორც ბიბლია შეგვახსენებს, „ვინც მეძაობს, საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს“ (1 კორინთელები 5:9—12; 6:18; იგავები 6:23—29, 32).

15 ჯენი * იეჰოვას მოწმეა და ძალიან აფასებს ღვთის შეხსენებებს. ის გასათხოვარია. სამსახურში ერთი სიმპათიური მამაკაცი ცდილობდა მასთან დაახლოებას. როდესაც ჯენისგან საპასუხო რეაქცია ვერ დაინახა, მამაკაცი უფრო მეტად შეეცადა მისი ყურადღების მიპყრობას. ჯენი გულახდილად ამბობს: „სიწმინდის შესანარჩუნებლად საკუთარ თავთან ბრძოლა მიწევდა. ჩვეულებრივ, გსიამოვნებს, როცა საპირისპირო სქესის წარმომადგენელი შენ მიმართ ყურადღებას ავლენს“. მაგრამ მას ესმოდა, რომ ამ მამაკაცის მიზანი კიდევ ერთ ქალთან სქესობრივი კავშირის დამყარება იყო და მეტი არაფერი. როდესაც ჯენი ხედავდა, რომ უჭირდა წინააღმდეგობის გაწევა, მხურვალედ მიმართავდა ლოცვით იეჰოვას, რათა დახმარებოდა მისდამი ერთგულების შენარჩუნებაში. ჯენის სიფხიზლის შენარჩუნებაში ასევე ეხმარებოდა შეხსენებები, რომლებსაც ბიბლიისა და ქრისტიანული პუბლიკაციების შესწავლის დროს იღებდა. ერთ–ერთი ასეთი შეხსენება იყო იოსებისა და ფოტიფარის ცოლის შემთხვევა. ჯენი ამბობს: „საკუთარი თავისთვის იმის შეხსენება, თუ რა ძლიერ მიყვარს იეჰოვა, მეხმარება, არ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და არ შევცოდო ღმერთს“.

ყურად ვიღოთ ღვთის შეხსენებები!

16. რატომ იქნება ჩვენთვის სასარგებლო ბიბლიაში ჩაწერილი მაგალითების განხილვა და მათზე ფიქრი?

16 ჩვენ მით უფრო მეტად დავაფასებთ იეჰოვას ნორმებს, რაც მეტად ჩავწვდებით იმას, თუ რატომ ჩაიწერა ესა თუ ის შემთხვევა ბიბლიაში. რას ვსწავლობთ ამ შემთხვევებიდან? ბიბლიურ პერსონაჟთა რომელი თვისებები ან მისწრაფებებია ჩვენთვის სამაგალითო ან, პირიქით, უარსაყოფი? ბიბლიის ფურცლები ასობით ადამიანს გვაცნობს. ყველას, ვისაც გვიყვარს ღვთის მითითებები, სარგებლობას მოგვიტანს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სიბრძნისკენ სწრაფვა, რომლის შეძენაც იეჰოვას მიერ ბიბლიაში შემონახული მაგალითებიდან შეიძლება. ამ ჟურნალში ხშირად იბეჭდება სტატიები ბიბლიური პერსონაჟების შესახებ, რომელთა ცხოვრებიდანაც ბევრის სწავლა შეგვიძლია. გამოყავით დრო და გადახედეთ ასეთ სტატიებს.

17. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის იეჰოვას შეხსენებები და რა არის ამის მიზეზი?

17 ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ, რომ იეჰოვა სიყვარულით ეხმარება მათ, ვინც ცდილობს მისი ნების შესრულებას! ბიბლიური პერსონაჟების მსგავსად, არც ჩვენ ვართ სრულყოფილები. მაგრამ ჩვენთვის უდიდესი ღირებულება აქვს იმას, რასაც ბიბლია მათ შესახებ მოგვითხრობს. თუ ყურად ვიღებთ იეჰოვას შეხსენებებს, თავიდან ავიცილებთ სერიოზულ შეცდომებს და ვიმოქმედებთ მათ მსგავსად, ვინც სიმართლის გზებით დადიოდა. შედეგად, ჩვენც შევუერთდებით ფსალმუნმომღერალს, რომელიც მღეროდა: «ნეტარ არიან მის მცნებათა [„მისი შეხსენებების“, აქ] დამცველნი, მთელი გულით რომ ეძებენ მას. იცავდა ჩემი სული შენს მოწმობებს [„შეხსენებებს“, აქ] და მე ისინი მიყვარს ძალიან» (ფსალმუნები 118:2, 167).

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 იხილეთ იეჰოვას მოწმეთა 1996 წლის წელიწდეული, გვერდები 160—162 (რუს.).

^ აბზ. 15 სახელი შეცვლილია.

როგორ უპასუხებთ?

• რას ვსწავლობთ საულისადმი დავითის დამოკიდებულებიდან?

• რატომ არის ჩვენთვის ყურადსაღები ანანიასა და საფირას შემთხვევა?

• რატომ არის იოსების ისტორია დღეს განსაკუთრებით საყურადღებო?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 26 გვერდზე]

რატომ არ მისცა დავითმა საკუთარ თავს საულის მოკვლის უფლება?

[სურათი 27 გვერდზე]

რას ვსწავლობთ ანანიასა და საფირას შემთხვევიდან?

[სურათი 28 გვერდზე]

რა დაეხმარა იოსებს იმაში, რომ თავი შეეკავებინა უზნეობის ჩადენისგან?