მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
რას გულისხმობდა იესო ნიკოდემესთვის ნათქვამ სიტყვებში: „ზეცაში არავინ ასულა ზეციდან ჩამოსული კაცის ძის გარდა“? (იოანე 3:13).
ამ სიტყვების წარმოთქმისას იესო დედამიწაზე იმყოფებოდა და ჯერ არ იყო ზეცად ამაღლებული. იესოს სიტყვების გაგებაში დაგვეხმარება ის, რაც ვიცით მის შესახებ და ამ მუხლის კონტექსტი.
იესო „ზეციდან ჩამოსული“ იყო, რადგან დედამიწაზე მოსვლამდე მამასთან ერთად ცხოვრობდა სულიერ სფეროში. დანიშნულ დროს კი ღმერთმა თავისი ძის სიცოცხლე გადაიტანა მარიამის საშვილოსნოში, რის შედეგადაც იესო ადამიანად მოგვევლინა (ლუკა 1:30—35; გალატელები 4:4; ებრაელები 2:9, 14, 17). სიკვდილის შემდეგ იესო აღდგებოდა როგორც სულიერი ქმნილება და დაბრუნდებოდა იეჰოვასთან. სწორედ ამიტომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესო ლოცულობდა: „მამა, განმადიდე იმ დიდებით, რომელიც შენთან მქონდა ქვეყნიერების შექმნამდე“ (იოანე 17:5; რომაელები 6:4, 9; ებრაელები 9:24; 1 პეტრე 3:18).
მაგრამ იესო ჯერ არ იყო ზეცაში ასული მაშინ, როდესაც ელაპარაკებოდა ნიკოდემეს, ფარისეველსა და ისრაელის მოძღვარს. ცხადია, მანამდე ადამიანთაგან არავინ წასულა ზეცაში სიკვდილის შემდეგ. თავად იესომ თქვა, რომ იოანე ნათლისმცემელი უდიდესი წინასწარმეტყველი იყო, მაგრამ „ის, ვინც მცირეა ზეციერ სამეფოში, მასზე დიდია“ (მათე 11:11). მოციქულმა პეტრემ განმარტა, რომ თვით ერთგული მეფე დავითიც კი არ წასულა ზეცაში და ის თავის სამარხში იყო (საქმეები 2:29, 34). არსებობს მიზეზი, რის გამოც არ წასულან ზეცაში დავითი, იოანე ნათლისმცემელი და ღვთის სხვა ერთგული მსახურები, რომლებიც იესოს ზეცად ამაღლებამდე დაიხოცნენ. ისინი დაიხოცნენ მანამ, სანამ იესო შესაძლებელს გახდიდა იმას, რომ ადამიანები აღმდგარიყვნენ ზეციერი ცხოვრებისთვის. პავლე მოციქულმა დაწერა, რომ იესომ, როგორც წინამორბედმა, ‘გახსნა ახალი და ცოცხალი გზა’ ზეცაში (ებრაელები 6:19, 20; 9:24; 10:19, 20).
ვინაიდან იესო ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და არ იყო აღდგენილი, რას გულისხმობდა ნიკოდემესთვის ნათქვამ სიტყვებში: „ზეცაში არავინ ასულა ზეციდან ჩამოსული კაცის ძის გარდა“? (იოანე 3:13). განვიხილოთ, რის შესახებ ესაუბრებოდა იესო ნიკოდემეს.
იესომ მასთან ღამით მისულ ნიკოდემეს უთხრა: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: თუ კაცი ხელახლა არ დაიბადება, ვერ იხილავს ღვთის სამეფოს“ (იოანე 3:3). ნიკოდემემ იესოს ჰკითხა: ‘როგორ შეიძლება ეს მოხდეს? როგორ შეიძლება ადამიანი ხელახლა დაიბადოს?’ ის ვერ წვდებოდა ამ ღვთიურ სწავლებას, რომელიც ღვთის სამეფოსთან იყო დაკავშირებული. არსებობდა რაიმე გზა ამის გასაგებად? ადამიანისთვის ეს შეუძლებელი იყო; მას ვერც ერთი ადამიანი ვერ დაეხმარებოდა, რადგან არავინ ყოფილა ზეცაში და, ამგვარად, არავის შეეძლო აეხსნა მისთვის, თუ როგორ შეიძლებოდა ღვთის სამეფოში შესვლა. ამ მხრივ გამონაკლისი მხოლოდ იესო იყო. მას შეეძლო ესწავლებინა ნიკოდემესთვის და სხვებისთვის, რადგან ზეციდან იყო ჩამოსული და ადამიანებისთვის ასეთი საკითხების სასწავლებლად ჰქონდა სათანადო ცოდნა.
ამ მუხლთან დაკავშირებული კითხვიდან შეგვიძლია ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა გავაკეთოთ. არ უნდა დავბრკოლდეთ, თუ ესა თუ ის მუხლი ერთი შეხედვით რთული გასაგებია. ის, რასაც ბიბლია ერთ ადგილას ამბობს, უნდა განიხილებოდეს ბიბლიის სხვა მონაკვეთების გათვალისწინებით და უნდა შეესაბამებოდეს მათ. გარდა ამისა, თუ მხედველობაში მივიღებთ მუხლთან დაკავშირებულ გარემოებას და განსახილველ საკითხს, ხშირად ესეც დაგვეხმარება, დავინახოთ რთულად გასაგები მუხლის ლოგიკური მნიშვნელობა.