არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მოხედე ამ ვაზს“!

„მოხედე ამ ვაზს“!

„მოხედე ამ ვაზს“!

თორმეტმა მზვერავმა აღთქმული მიწა დაათვალიერა. მოსემ მათ დაავალა, ენახათ იქ მცხოვრებლები და მოეტანათ იმ მიწის ნაყოფი. განსაკუთრებით რომელმა ნაყოფმა მიიპყრო მზვერავების ყურადღება? ხებრონიდან არცთუ ისე შორს მათ ნახეს ვენახი. ვაზს იმდენად დიდი მტევნები ესხა, რომ ერთი მტევნის წამოღებას ორი მზვერავი დასჭირდა. ნანახმა იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა მზვერავებზე, რომ ამ ნაყოფიერ ადგილს „ეშქოლის ხევი“ ან „ყურძნის მტევანი“ უწოდეს (რიცხვნი 13:21—24).

მე–19 საუკუნეში პალესტინაში ჩასულმა ერთმა სტუმარმა აღნიშნა: „ეშქოლის, ანუ ყურძნის, ხევი . . . დღესაც ვენახით არის დაფარული და იქაური ყურძენი მთელ პალესტინაში საუკეთესო და ყველაზე დიდია“. თუმცა ეშქოლის ყურძენი საუკეთესო იყო, ბიბლიურ დროში პალესტინის ბევრ ნაწილში მოჰყავდათ კარგი ყურძენი. ეგვიპტური ხელნაწერების თანახმად, ფარაონებს ქანაანიდან შემოჰქონდათ ღვინო.

„[პალესტინის] მთაგორიან და ქვაღორღიან ადგილებს მზე კარგად უდგება; ზამთრის წვიმის წყლით ნიადაგის უხვად მომარაგებისა და ზაფხულის თაკარა მზის წყალობით ეს ადგილები მევენახეობისთვის საუკეთესო იყო“, — ნათქვამია ერთ–ერთ წიგნში (The Natural History of the Bible). ესაია აღნიშნავდა, რომ ზოგ ადგილას ათასი ვაზი ხარობდა (ესაია 7:23).

‘ვაზის ქვეყანა’

მოსემ ისრაელებს უთხრა, რომ დაიმკვიდრებდნენ „ვაზის, ლეღვისა და ბროწეულის“ ქვეყანას (მეორე რჯული 8:8). „ბიბლიაში მოხსენიებული მცენარეების ბეიკერის ენციკლოპედიის“ თანახმად, „ძველ პალესტინაში ვაზი ისე იყო გავრცელებული, რომ არქეოლოგიური გათხრების შედეგად ყურძნის თესლები თითქმის ყველგან იპოვეს“. აღთქმულ ქვეყანაში ვაზი იმდენად ნაყოფიერი იყო, რომ ძვ. წ. 607 წელს ნაბუქოდონოსორის ჯარის მიერ იუდას განადგურების შემდეგაც კი იქ დარჩენილებმა „შეაგროვეს ძალზე ბევრი ღვინო და ზაფხულის ნაყოფი“ (იერემია 40:12; 52:16).

ღვინო უხვად რომ ჰქონოდა, ისრაელ მევენახეს ვაზისთვის კარგად უნდა მოევლო. ესაიას წიგნში აღწერილია, თუ რას აკეთებდა მევენახე — ის მიწას ამუშავებდა, დიდ ქვებს აშორებდა და შემდეგ რგავდა „რჩეულ ვაზს“. ამ ნაკვეთიდან ამოღებული ქვებით კი ვენახს ქვის ზღუდეს ავლებდა. ეს კედელი ვენახს მსხვილფეხა რქოსანი საქონლის გათელვისგან იცავდა; აგრეთვე, გარკვეულწილად, იცავდა მელიებისგან, გარეული ღორებისა და ქურდებისგან. მევენახე, აგრეთვე, აკეთებდა საწნახელს და დგამდა პატარა კოშკს, სადაც შეეძლო თავი შეეფარებინა რთვლის დროს, როცა ვენახს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებოდა. ამ სამუშაოების შესრულების შემდეგ მევენახეს შეეძლო კარგი მოსავლის იმედი ჰქონოდა (ესაია 5:1, 2) *.

კარგი მოსავლის მისაღებად მევენახე რეგულარულად სხლავდა ვაზს და ძირებს უთოხნიდა, რათა სარეველა ბალახი, ასკილი თუ ნარ–ეკალი მოეშორებინა. თუ გაზაფხულზე საკმარისი წვიმა არ მოვიდოდა, ზაფხულში მევენახეს ვენახის მორწყვა უწევდა (ესაია 5:6; 18:5; 27:2—4).

ზაფხულის ბოლოს ისრაელებისთვის რთველს დიდი სიხარული მოჰქონდა (ესაია 16:10). სამი ფსალმუნის შესავალში გვხვდება ფრაზა „გათითის ხმაზე“ (ფსალმუნები 8, 80 და 83). ეს უცნობი მუსიკალური ტერმინი სეპტუაგინტაში ითარგმნება, როგორც „საწნახელი“ და შეიძლება იმაზე მიუთითებს, რომ ისრაელები ამ ფსალმუნებს მღეროდნენ რთვლის დროს. თუმცა ყურძნისგან, ძირითადად, ღვინოს აყენებდნენ, ისრაელები ყურძენსაც სიამოვნებით მიირთმევდნენ ან მისგან ქიშმიშს აკეთებდნენ, რასაც ნამცხვრებში იყენებდნენ (2 მეფეთა 6:19; 1 ნეშტთა 16:3).

ისრაელი — ვაზი

ბიბლიაში ღვთის ხალხი რამდენჯერმე არის მოხსენიებული ვაზად, რაც მართებული მეტაფორაა, თუ მხედველობაში მივიღებთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ისრაელებისთვის ვაზი. 79–ე ფსალმუნში ასაფმა ისრაელი ერი შეადარა ვაზს, რომელიც იეჰოვამ ქანაანში დარგო. ქვეყანა გაიწმინდა, რათა ვაზს, ისრაელს, ფესვები გაედგა და ძლიერი ყოფილიყო. მაგრამ გავიდა წლები და მისი დამცავი კედლები დაინგრა. ერი აღარ იყო იეჰოვაზე მინდობილი და ღმერთიც აღარ იცავდა მათ. როგორც გარეული ღორები ნთქავენ ვენახს, ისე მტრები ნთქავდნენ ისრაელის ქონებას. ასაფი ლოცვაში იეჰოვას ისრაელისთვის დახმარებას სთხოვდა, რათა ერს ყოფილი დიდება დაბრუნებოდა. „მოხედე ამ ვაზს“, — ევედრებოდა ის იეჰოვას (ფსალმუნები 79:9—16).

ესაიამ „ისრაელის სახლი“ შეადარა ვაზს, რომელმაც დროთა განმავლობაში „ველური ნაყოფი“, ანუ უვარგისი მარცვლები, გამოიღო (ესაია 5:2, 7). ველური ნაყოფი კულტივირებულზე ბევრად პატარაა; მას რბილობიც თითქმის არა აქვს და, შეიძლება ითქვას, რომ მთელ მარცვალს თესლი იკავებს. ველური ნაყოფი არც ღვინისთვის ვარგა და არც საჭმელად, რაც მართებული სიმბოლოა განდგომილი ისრაელის, რომელმაც სიმართლის ნაცვლად, უკანონობა გამოიღო. მევენახის ბრალი არ იყო, რომ ვაზმა უვარგისი ნაყოფი გამოიღო. იეჰოვამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ერი ნაყოფიერი ყოფილიყო. „რა უნდა გამეკეთებინა მეტი ჩემი ვენახისათვის და არ გავუკეთე მას?“ — იკითხა იეჰოვამ (ესაია 5:4).

ვინაიდან ვაზი, ისრაელი, უნაყოფო აღმოჩნდა, იეჰოვამ გააფრთხილა, რომ დაუნგრევდა დამცავ ზღუდეს, რომელიც მას გარს შემოავლო. ის აღარ გასხლავდა სიმბოლურ ვაზს და აღარ გათოხნიდა მას. გაზაფხულის წვიმები, რომელზეც მოსავალი იყო დამოკიდებული, აღარ მოვიდოდა და ვენახს სარეველა ბალახი და ნარ–ეკალი მოედებოდა (ესაია 5:5, 6).

მოსემ იწინასწარმეტყველა, რომ ისრაელებს ორგულობის გამო, პირდაპირი გაგებით, ვაზიც გაუხმებოდათ: „გააშენებ ვენახებსა და დაამუშავებ, და ღვინოს ვერ შესვამ, და ვერ მოკრეფ, რადგან მას ჭია შეჭამს“ (მეორე რჯული 28:39). ვაზი შეიძლება ორ დღეში გახმეს, თუ ჭია მთავარ ღეროში შევა და შიგნიდან გამოჭამს მას (ესაია 24:7).

„ჭეშმარიტი ვაზი“

როგორც იეჰოვამ შეადარა პირდაპირი გაგებით ისრაელი ვაზს, ისე იესომაც მსგავსი მეტაფორა გამოიყენა. იმ საღამოს, რომელიც ბევრისთვის „საიდუმლო სერობის“ სახელით არის ცნობილი, იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „მე ჭეშმარიტი ვაზი ვარ, მამაჩემი კი მევენახეა“ (იოანე 15:1). იესომ თავისი მოწაფეები ვაზის ლერწებს შეადარა. როგორც ვაზის ლერწები საზრდოობს ძირითადი ღეროდან, ისე ქრისტეს მოწაფეები უნდა დარჩნენ მასთან ერთობაში. „უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ“, — თქვა იესომ (იოანე 15:5). ვაზი მევენახეს ნაყოფის მისაღებად მოჰყავს, იეჰოვა კი თავისი ხალხისგან სულიერი ნაყოფის გამოღებას მოელის. ამას კმაყოფილება და დიდება მოაქვს ღვთისთვის, მევენახისთვის (იოანე 15:8).

პირდაპირი გაგებით ვაზის ნაყოფიერება გასხვლასა და გასუფთავებაზეა დამოკიდებული და იესომ ორივე მოიხსენია. მევენახეს შეიძლება წელიწადში ორჯერ გაესხლა ვაზი, რათა კარგი მოსავალი მიეღო. ზამთარში ვაზს შეიძლება თითქმის ყველა ტოტი დააჭრან. მევენახე წინა წელს გაზრდილი ტოტებიდან უმეტესობას ჭრის. ის სამ ან ოთხ მთავარ ტოტს ტოვებს, რომელთაგან თითოეულზე ერთი ან ორი კვირტია. ამ კვირტებიდან ვითარდება ყლორტები, რომლებიც ზაფხულში ნაყოფის მომცემ ტოტებად იქცევა. ბოლოს, გასხვლის შემდეგ, მევენახე წალამს წვავს.

იესო ამ პროცესს ასე აღწერს: „თუ ვინმე არ რჩება ჩემთან ერთობაში, მას ლერწის მსგავსად აგდებენ და ხმება. წალამს აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და წვავენ“ (იოანე 15:6). თუმცა ამ დროს ვაზი ტოტებშემოძარცვულია, გაზაფხულზე კიდევ ერთხელ სხლავენ მას.

„ის მოაშორებს ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში“, — თქვა იესომ (იოანე 15:2). აქ შეიძლება ლაპარაკია იმ ლერწების მოშორებაზე, რომელთაც მას შემდეგ აცლიან, რაც ვაზს უკვე საკმაოდ წამოზრდილი აქვს ტოტები და ყურძნის პატარა მტევნებიც აშკარად შესამჩნევია. მევენახე ყურადღებით ათვალიერებს თითოეულ ტოტს, რათა განსაზღვროს, რომელი მათგანია მსხმოიარე და რომელი — უნაყოფო. თუ ვაზზე უნაყოფო ტოტებს დატოვებდნენ, ამ ტოტებსაც დასჭირდებოდა საკვები ნივთიერებები და წყალი. ამიტომ მევენახე აცლის ამ უნაყოფო ტოტებს, რათა საკვები ნივთიერებები მხოლოდ მსხმოიარე ტოტებს მიეწოდოს.

ბოლოს, იესო ლაპარაკობს გასუფთავების პროცესზე. „ყოველ ნაყოფიერს კი გაასუფთავებს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს“, — აღნიშნავს ის (იოანე 15:2). უნაყოფო ტოტების გასხვლის შემდეგ მევენახე ყურადღებით ათვალიერებს ყოველ ნაყოფიერ ტოტს. თითოეული მსხმოიარე ტოტის ძირში ის ყოველთვის პოულობს პატარა ყლორტებს, რომლებიც აგრეთვე მოშორებულ უნდა იქნეს. თუ მათ დატოვებენ, ისინი ვაზს წაართმევენ წყლის გარკვეულ რაოდენობას, რომელიც მას შეეძლო მტევნებისთვის მიეწოდებინა. ვაზს აცლიან ზოგ დიდ ფოთოლსაც, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ მტევნებს მზე უკეთესად მიუდგეს. ყოველივე ეს მსხმოიარე ტოტებს ეხმარება, უხვად გამოიღოს ნაყოფი.

‘ბევრი ნაყოფი გამოიღეთ’

„ჭეშმარიტი ვაზის“ სიმბოლური ტოტებით ცხებული ქრისტიანები არიან წარმოდგენილნი. მაგრამ „სხვა ცხვრებიც“ უნდა იყვნენ ქრისტეს „ნაყოფიერი“ მოწაფეები (იოანე 10:16). მათაც შეუძლიათ „ბევრი ნაყოფის“ გამოღება და თავიანთი ზეციერი მამისთვის დიდების მოტანა (იოანე 15:5, 8). იესოს მიერ ჭეშმარიტ ვაზზე მოყვანილი თვალსაჩინო მაგალითი შეგვახსენებს, რომ ხსნა დამოკიდებულია იმაზე, დავრჩებით თუ არა ქრისტესთან ერთობაში და გამოვიღებთ თუ არა კარგ სულიერ ნაყოფს. იესომ თქვა: „თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, დარჩებით ჩემს სიყვარულში, როგორც მე ვიცავ მამის მცნებებს და ვრჩები მის სიყვარულში“ (იოანე 15:10).

ზაქარიას დღეებში იმ ისრაელებს, რომლებმაც ერთგულება შეინარჩუნეს, ღმერთი დაჰპირდა, რომ ქვეყანაში ისევ იქნებოდა „მშვიდობის თესლი“ და ‘ვაზი გამოიღებდა თავის ნაყოფს, მიწა მოიტანდა თავის მოსავალს’ (ზაქარია 8:12). ვაზი გამოიყენება აგრეთვე იმ მშვიდობის აღსაწერად, რომელიც ღვთის ხალხს შორის იქნება ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს. მიქა წინასწარმეტყველებდა: „ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი, რადგან ცაბაოთ უფლის ბაგე ლაპარაკობს ამას“ (მიქა 4:4).

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 „იუდაური ენციკლოპედიის“ თანახმად, ისრაელი მევენახე უპირატესობას ანიჭებდა ვაზს, რომელიც მუქ წითელ ნაყოფს იძლეოდა; ამ ჯიშის ვაზს სორეკი ერქვა; როგორც ჩანს, ვაზის ეს ჯიშია მოხსენიებული ესაიას 5:2–ში (აქ). ამ ყურძნისგან ტკბილ წითელ ღვინოს აყენებდნენ.

[სურათი 18 გვერდზე]

გამხმარი ვაზი.

[სურათი 18 გვერდზე]

გასხლული ვაზი ზამთარში.

[სურათი 18 გვერდზე]

წალმის დაწვა.