არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რამდენად ბედნიერი ხართ?

რამდენად ბედნიერი ხართ?

რამდენად ბედნიერი ხართ?

შეიძლება საკუთარ თავს დაუსვათ კითხვა: „რამდენად ბედნიერი ვარ?“ სოციოლოგები დიდ ძალისხმევას ახმარენ იმის გაგებას, თუ რა პასუხს გასცემთ ამ კითხვას პირადად თქვენ ან სხვები. მაგრამ ამ საქმისთვის თავის გართმევა მათთვის ადვილი არ არის. ადამიანთა ბედნიერების გაზომვა შეიძლება შედარებულ იქნეს იმასთან, განისაზღვროს, თუ რამდენად უყვარს ქმარს ცოლი ან რამდენად არის დამწუხრებული ოჯახი ერთ–ერთი წევრის სიკვდილით. იმის განსაზღვრა თუ რამდენად ძლიერია გრძნობა, ადვილი არ არის. მაგრამ მეცნიერები აღიარებენ ერთ ძირითად ჭეშმარიტებას — ყველა ადამიანს აქვს ბედნიერების განცდის უნარი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში ჩადებულია ბედნიერების უნარი, სერიოზულმა პრობლემებმა ბევრი უბედურება მოუტანა ადამიანებს. მაგალითად, ზოგ ქალაქში შიდს-ით გარდაცვლილთა სიმრავლის გამო სასაფლაოებზე ადგილი აღარ არის. ადგილობრივი ხელისუფლება ნებას რთავს ხალხს, საფლავები ხელმეორედ გამოიყენონ ახალი მკვდრების დასამარხავად. აფრიკის მრავალ ნაწილში ხალხი, ძირითადად, კუბოების კეთებით არის დაკავებული. და სადაც უნდა ცხოვრობდეთ, იშვიათად თუ დაინახავთ ღიმილს იმ ადამიანთა სახეებზე, რომელთაც სერიოზული დაავადება სჭირთ ან ნათესავი თუ მეგობარი გარდაეცვალათ.

რის თქმა შეიძლება უფრო განვითარებულ ქვეყნებზე? მოვლენათა უეცარმა ცვლილებამ შეიძლება მოუმზადებელ ადამიანს მოულოდნელად ფინანსური უსაფრთხოება დააკარგვინოს. შეერთებულ შტატებში მრავალი პენსიონერი იძულებული გახდა, პენსიის დაკარგვის გამო ისევ დაეწყო მუშაობა. ხშირად სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფარვას მიაქვს ოჯახის მთელი დანაზოგი. „გული გიკვდება, როდესაც ხედავ, როგორ მოდიან შენთან ადამიანები, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, ხოლო მკურნალობა ძალიან ძვირი უჯდებათ, — ამბობს ერთი იურისტი. — ბევრჯერ იმის თქმა მიწევს, რომ ხარჯების დასაფარავად სახლი უნდა გაყიდონ“. მაგრამ რა შეიძლება ითქვას მათზე, რომლებსაც ფინანსური პრობლემები არა აქვთ? შეიძლება უბედურება მათაც შეეხოს?

ზოგი ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც ცნობილი კომპოზიტორი რიჩარდ როჯერზი იყო. მის შესახებ ამბობდნენ: „ცოტას თუ მიუნიჭებია ამდენი სიამოვნება ასე ბევრი ადამიანისთვის“. იმ დროს, როდესაც მისი სიმღერები სხვებს სიამოვნებას ანიჭებდა, თავად ის ქრონიკული დეპრესიით იტანჯებოდა. მან მიაღწია ორ მიზანს, რომლისკენაც მრავალი ისწრაფვის — მას ჰქონდა ფული და სახელი. მაგრამ იყო ბედნიერი? ერთმა ბიოგრაფმა აღნიშნა: „[როჯერზმა] თავის საქმეში საოცარ წარმატებას მიაღწია, მაღალ საზოგადოებაში ტრიალებდა და ორჯერ გახდა პულიტცერის პრემიის მფლობელი. ამავე დროს, ის უმეტესწილად უბედური და ემოციურად დათრგუნული იყო“.

როგორც, ალბათ, უკვე შენიშნეთ, ხშირად სიმდიდრეს არ მოაქვს ბედნიერება. ტორონტოში (კანადა) გამომავალი გაზეთის „გლოუბ ენდ მეილის“ კორესპონდენტმა აღნიშნა, რომ მრავალი მდიდარი ადამიანი „მარტოობას და შინაგან სიცარიელეს გრძნობს“. ფინანსურ საკითხებში ერთი კონსულტანტის სიტყვების თანახმად, როდესაც მდიდარი მშობლები შვილებს ფულსა და ფუფუნებას არ აკლებენ, ასეთი ბავშვები ზრდასრულ ასაკში ხშირად უბედურები არიან.

არსებობს ბედნიერებისთვის რაიმე მყარი საფუძველი?

ყვავილოვანმა მცენარემ კარგად რომ გაიხაროს, საჭიროა კარგი ნიადაგი, წყალი და სათანადო კლიმატური პირობები. მსგავსად ამისა, მეცნიერები ხედავენ, რომ გარკვეული ფაქტორები ხელს უწყობს ადამიანის ბედნიერებას. ამაში შედის კარგი ჯანმრთელობა, სამუშაო, საკვები, საცხოვრებელი ადგილი და ჩასაცმელი; აგრეთვე, შემოქმედებითი საქმიანობა და ნამდვილი მეგობრები.

ალბათ, თქვენც ეთანხმებით იმ აზრს, რომ ზემოხსენებული პირობები ადამიანს ბედნიერს ხდის. მაგრამ ბედნიერებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობს. ეს არის ცოდნა „ბედნიერი ღმერთის“ შესახებ, რომლის სახელია იეჰოვა (1 ტიმოთე 1:11). როგორ გვეხმარება ეს ცოდნა? იეჰოვა არის ჩვენი შემოქმედი და მან მოგვცა ბედნიერების განცდის უნარი. ლოგიკურია დავასკვნათ, რომ მან იცის, რა მოგვიტანს ნამდვილ ბედნიერებას. მომდევნო სტატია მოგვითხრობს, თუ როგორ ხელმძღვანელობს ღმერთი ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერ პირობებში მცხოვრებ ადამიანებს ისე, რომ მათ მარადიულად იცხოვრონ ბედნიერად.

[სურათი 4 გვერდზე]

ყვავილოვანი მცენარის მსგავსად, ბედნიერებასაც სათანადო გარემო სჭირდება.

[სურათის საავტორო უფლება 3 გვერდზე]

© Gideon Mendel/CORBIS