არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სულიერი ზრდა უგანდაში

სულიერი ზრდა უგანდაში

სულიერი ზრდა უგანდაში

უგანდა აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში, რიფტ–ველის ოლქში, მდებარეობს. მას ეკვატორი კვეთს. უგანდა საოცრად ლამაზი ქვეყანაა, რომელიც მრავალფეროვანი მცენარეებითა და მდიდარი ცხოველთა სამყაროთი გამოირჩევა. რადგან უგანდა აფრიკის მაღალ პლატოზე მდებარეობს, აქ ჰავა ზომიერია. ასობით კილომეტრზე გადაჭიმული მთებიდან თვალწარმტაცი ხედები იშლება.

ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ქვეყანა, სადაც თოვლით დაფარულ ადგილებს მწვანით მოსილი ულამაზესი ხედები ენაცვლება. უგანდას დასავლეთით აკრავს რუვენზორის — მთვარის მთების — დათოვლილი მასივები, აღმოსავლეთით კი — ნახევრად უდაბნო. უგანდას ტრამალებზე თვალს მოჰკრავთ სპილოებს, ბიზონებსა და ლომებს. ქვეყნის მთიან რეგიონებსა და ხშირ ტყეებში ბინადრობს გორილა, შიმპანზე და 1 000–ზე მეტი სახეობის ფრინველი. აფრიკის კონტინენტის დიდი ნაწილი გვალვიანია, რასაც უგანდაზე ვერ ვიტყვით, რადგან აქ უხვად არის მდინარეები და ტბები. მაგალითად, ტბა ვიქტორიას მსოფლიოში სიდიდით მეორე ადგილი უკავია. ეს ტბა მდინარე ნილოსში ჩაედინება, რომელიც მას ჩრდილოეთით ესაზღვრება. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ უინსტონ ჩერჩილმა ამ ქვეყანას „აფრიკის მარგალიტი“ უწოდა.

„მარგალიტი“, რომელიც დღეს ელვარებს

უგანდას მთავარი სიმდიდრე მისი ხალხია. ისინი ძალიან მეგობრულები არიან და სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან. ამ „ქრისტიანულ“ ქვეყანაში სხვადასხვა კულტურისა და ეთნიკური წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს. დღესაც კი ადვილად განასხვავებთ ერთმანეთისგან სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს თავისი ტრადიციებითა და ჩაცმულობით.

ბოლო დროს უგანდაში იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ბიბლიის სასიხარულო ცნობას ეხმაურებიან; ამ ცნობის თანახმად, მთელ დედამიწაზე სამუდამოდ დაისადგურებს მშვიდობა (ფსალმუნები 36:11; გამოცხადება 21:4). უგანდაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის სიდიდისაა, ადვილი არ არის სასიხარულო ცნობის ყველა ადამიანამდე მიტანა.

აქ პირველი ნათლობა 1955 წელს შედგა. მაშინ ტბა ვიქტორიაში იეჰოვასადმი თავის მიძღვნის ნიშნად მხოლოდ ერთი ადგილობრივი მოსახლე მოინათლა. 1992 წლისთვის კი „მცირე ათასად“ გადაიქცა. ზრდა კვლავ გრძელდება, რაც ღვთის სიტყვების უტყუარობას ადასტურებს: „მე, უფალი, თავის დროზე დავაჩქარებ ამას!“ (ესაია 60:22).

ენობრივი ბარიერის გადალახვა

უგანდას ოფიციალური ენა ინგლისურია. განათლებას, ძირითადად, ამ ენაზე იღებენ. თუმცა უგანდელების უმეტესობისთვის ინგლისური არ არის მშობლიური ენა. ამდენად, კეთილმა ცნობამ ყველა ადამიანამდე რომ მიაღწიოს, იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, უგანდაში სხვა ფართოდ გავრცელებულ ენებზეც იქადაგონ. ამის აუცილებლობა მართლაც არსებობს, რადგან უგანდას 25 მილიონიანი მოსახლეობის 80 პროცენტი სოფლებსა და პატარა ქალაქებში ცხოვრობს. აქ ხალხი, ძირითადად, მშობლიურ ენაზე საუბრობს. ამ ენებზე მოლაპარაკე ადამიანებამდე სასიხარულო ცნობის მიტანას და მათი სულიერი საჭიროებების დაკმაყოფილებას დიდი ძალისხმევა სჭირდება.

ყველაფრის მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები ძალ–ღონეს არ ზოგავენ, რომ უგანდაში მცხოვრებ ხალხს მათ მშობლიურ ენაზე უქადაგონ და, შესაბამისად, ბიბლიური ლიტერატურაც სხვადასხვა ენაზე გამოსცენ. უგანდას იეჰოვას მოწმეთა ფილიალში, რომელიც დედაქალაქ კამპალაშია, მთარგმნელობითი ჯგუფი ბიბლიურ ლიტერატურას ოთხ ენაზე თარგმნის. ეს ენებია აჩოლი, ლუკონზო, განდა და რუნიანკოური. ქრისტიანული კონგრესებიც სხვადასხვა ენაზე ტარდება. ამ კონგრესებს უამრავი ადამიანი ესწრება. მათი რიცხვი იეჰოვას მოწმეებთან შედარებით ორჯერ მეტია. ეს იმას ცხადყოფს, რომ მოწმეთა ძალისხმევა უშედეგო არ არის — მათი შრომა სწრაფ სულიერ ზრდას უწყობს ხელს.

პიონერები ხელს უწყობენ საქმის წინსვლას

უგანდაში კრებები სიხარულით მონაწილეობენ ყოველწლიურ კამპანიებში, რომლებიც სამი თვე გრძელდება (საქმეები 16:9). ამაში სულ უფრო მეტი სრული დროით მსახური იღებს მონაწილეობას. ისინი იმ დაშორებულ ტერიტორიებზე მიდიან საქადაგებლად, სადაც არავის სმენია სასიხარულო ცნობა.

ორი მოწმე სპეციალურ პიონერებად დანიშნეს სამი თვით უგანდას დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქ ბუშენიში, სადაც ერთადერთი იეჰოვას მოწმე იყო. ისინი ერთობლივი ძალებით შეუდგნენ ქადაგებას და ქრისტიანული შეხვედრების ორგანიზებას. სულ რაღაც ერთ თვეში ამ ორმა სპეციალურმა პიონერმა 40 ადამიანთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა, მათგან 17 ესწრებოდა კრების შეხვედრებს. ეს პიონერები ჰყვებიან: «ერთხელ ადგილობრივ მცხოვრებლებს ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ * დავუტოვეთ. რამდენიმე დღეში ზოგმა სახლში მოგვაკითხა. მათ ბროშურაში მოცემულ კითხვებზე პასუხები ფურცლებზე ჰქონდათ დაწერილი და სურდათ, გაეგოთ, რამდენად სწორად ესმოდათ ეს საკითხები». დღეს ამ ქალაქში უკვე კრებაა და მათ საკუთარი სამეფო დარბაზიც კი აქვთ.

უგანდას დასავლეთ ნაწილში, სადაც არავის ჰქონდა სასიხარულო ცნობა მოსმენილი, ორი პიონერი საქადაგებლად გაემგზავრა. მათ დაწერეს: „ხალხი მოწყურებულია ბიბლიურ ჭეშმარიტებას. სულ რაღაც სამ თვეში 86 ადამიანთან დავიწყეთ ბიბლიის შესწავლა“. მალე ამ ტერიტორიაზე იეჰოვას მოწმეთა ჯგუფი ჩამოყალიბდა.

ღვთის სხვა გულმოდგინე მსახურები

პიონერების გარდა, არიან ისეთი გულმოდგინე მაუწყებლები, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას. პატრიკი, სანამ იეჰოვას მოწმე გახდებოდა, უგანდაში იდი ამინის მმართველობის დროს, საჰაერო ფლოტის ორკესტრში კლარნეტზე უკრავდა. 1983 წელს პატრიკი მოინათლა და ექვს თვეში სრული დროით მსახურება დაიწყო. დღეს ის მიმომსვლელი ზედამხედველია და კრებებს ამხნევებს.

მარგარეტი 1962 წელს მოინათლა. ის ახლა 70 წლისაა. მარგარეტს უჭირს სიარული, მაგრამ თვეში 70 საათს უთმობს სხვებისთვის ბიბლიური იმედის გაზიარებას. მარგარეტი სახლის წინ, სკამზე აწყობს სხვადასხვა ლიტერატურას და გამვლელებს სასიხარულო ცნობის შესახებ ესაუბრება.

საიმონი აღმოსავლეთ უგანდაში ცხოვრობს და ფერმერობას მისდევს. ის 16 წლის მანძილზე ეძებდა ჭეშმარიტებას. 1995 წელს მას იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა შემთხვევით ჩაუვარდა ხელში. საიმონი დააინტერესა წაკითხულმა და სურვილი გაუჩნდა, უფრო მეტი გაეგო ღვთის სამეფოსა და დედამიწასთან დაკავშირებული იეჰოვას შესანიშნავი განზრახვის შესახებ. კამულიში, სადაც ის ცხოვრობდა, არც ერთი მოწმე არ იყო. ამიტომ საიმონმა დაახლოებით 140 კილომეტრი გაირა, რათა კამპალაში ჩასულიყო და იეჰოვას მოწმეები მოეძებნა. დღეს სოფელში, სადაც ის ცხოვრობს, კრება ტარდება.

მოწმეები აქ დამკვიდრდნენ

როგორც უგანდაში, ისე აფრიკის სხვა ქვეყნებში თაყვანისცემის ადგილების დიდი საჭიროებაა. მაგრამ პრობლემას ის ქმნის, რომ ზოგ კრებას არ გააჩნია საკმარისი სახსრები სამეფო დარბაზების ასაგებად. ძმების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა 1999 წელს მსოფლიოს მასშტაბით სამეფო დარბაზების სწრაფი მეთოდით მშენებლობის პროგრამა დაინერგა. მომდევნო ხუთი წლის მანძილზე უგანდაში 40 ახალი სამეფო დარბაზი აშენდა. დღეს თითქმის ყველა კრებას მოკრძალებული სამეფო დარბაზი აქვს. ასეთი მშენებლობის წყალობით ადგილობრივი მოსახლეობა ხედავს, რომ მოწმეები დამკვიდრდნენ ამ ქვეყანაში. სამეფო დარბაზების მშენებლობა ხელს უწყობს სულიერ ზრდას.

ჩრდილოეთ უგანდაში ერთი პატარა კრება მანგოს ხეების ჩრდილქვეშ ატარებდა შეხვედრებს. როდესაც იქ დარბაზის ასაშენებლად მიწის ნაკვეთი იყიდეს, მშენებლობა დაჩქარდა. სამშენებლო ბრიგადაში გაერთიანებულმა ძმებმა ადგილობრივ მოწმეებთან ერთად სამეფო დარბაზის აშენება დაიწყეს. მათმა საქმიანობამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ერთ ყოფილ პოლიტიკურ მოღვაწეზე. მან ძმებს შესთავაზა, სანამ სამეფო დარბაზს დაასრულებდნენ, შეხვედრები მის გარაჟში ჩაეტარებინათ. ის ასევე ერთ–ერთ მოხალისეს ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა. ახლა ყოფილი პოლიტიკური მოღვაწე მონათლული ძმაა და გულმოდგინედ მსახურობს. ის ბედნიერია, რომ შესაძლებლობა აქვს, იეჰოვას თაყვანი სცეს მშვენიერ, ახალ სამეფო დარბაზში!

ადგილობრივ მასონზე დადებითად იმოქმედა ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე მშენებლობის დროს მოხალისეებს შორის არსებულმა სიყვარულმა, მეგობრულმა ურთიერთობამ და თანამშრომლობის სულმა. პროექტის დასასრულს ამ მამაკაცმა მთელი ღამე იმუშავა მოწმეებთან ერთად, რათა დილით დარბაზი მიძღვნისთვის მზად ყოფილიყო. ის ასეთ კომენტარს აკეთებს: „თქვენ მართლაც გიყვართ ერთმანეთი და ამას მხოლოდ სიტყვებით არ ცხადყოფთ“.

ზრდა სირთულეების მიუხედავად

რადგან უგანდაში ქადაგება დაუმუშავებელ ტერიტორიებზე მიმდინარეობს, გამუდმებით იზრდება მოწმეთა რიცხვი და ბევრი დაინტერესებული იეჰოვას მოწმეთა კრებებზე იწყებს სიარულს. გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ ლტოლვილები, რომელთა რიცხვი უგანდაში სულ უფრო იზრდება. მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე სამოქალაქო ომმა იეჰოვას ხალხსაც დიდი ზიანი მიაყენა. ლტოლვილთა ბანაკებში მცხოვრები მოწმეები მთელი გულით არიან იეჰოვაზე მინდობილნი. მეზობელ ქვეყანაში მცხოვრები ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც აკრძალვის დროს თავად დევნიდა მოწმეებს, უწინ შეძლებული იყო. ის ერთ–ერთ ლტოლვილს ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა, მოგვიანებით კი მოწმე გახდა. ეს მამაკაცი წარსულს იხსენებს და ამბობს: „ამ ქვეყნიერებაში არანაირი ფასი არა აქვს სიმდიდრესა და მაღალ მდგომარეობას. თუმცა, ამჟამად ღარიბი ვარ და ჯანმრთელობაც შერყეული მაქვს, ჩემი ცხოვრება უწინდელთან შედარებით გაცილებით აზრიანია. დღეს მე ვიცნობ იეჰოვას და მადლიერი ვარ, რომ შემიძლია ნებისმიერ დროს მივმართო მას ლოცვით. გარდა ამისა, მომავლის მტკიცე იმედი მაქვს და ვიცი, რატომ გვიწევს სირთულეების ატანა. დღეს მე შინაგან სიმშვიდეს ვგრძობ, რაც უწინ არასდროს მქონია“.

როგორც უგანდელები ამბობენ, იქ მიწა იმდენად ნაყოფიერია, ჯოხიც რომ ჩაარჭო, მეორე დილით ფესვებს გაიდგამს. სულიერი ზრდა ადასტურებს, რომ ამ ქვეყანაში „სულიერი მიწაც“ ძალიან ნაყოფიერია. ჩვენ მადლიერები ვართ იეჰოვასი, რომ უგანდაში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გაგების საშუალება მისცა. იესომ სამეფო შეადარა „ძვირფას მარგალიტს“, რომელსაც უგანდაში უფრო და უფრო მეტი ადამიანი იძენს (მათე 13:45, 46).

[სქოლიოები]

^ აბზ. 13 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[რუკები 8 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

სუდანი

უგანდა

მდინარე ნილოსი

კამული

ტორორო

კამპალა

ბუშენი

ტბა ვიქტორია

კენია

ტანზანია

რუანდა

[სურათი 9 გვერდზე]

სამი გულმოდგინე სრული დროით მსახური.

[სურათი 10 გვერდზე]

პატრიკი

[სურათი 10 გვერდზე]

მარგარეტი

[სურათი 10 გვერდზე]

საიმონი

[სურათი 10 გვერდზე]

საოლქო კონგრესი ტოროროში.

[სურათის საავტორო უფლება 8 გვერდზე]

Background: © Uganda Tourist Board