ტელევიზორი „კარგი აღმზრდელი“?
ტელევიზორი „კარგი აღმზრდელი“?
ზოგჯერ, როდესაც სახლის საქმეებით ხართ დაკავებულნი და ბავშვებისთვის ვერ იცლით, შეიძლება ფიქრობთ, რომ უკეთესი იქნება, თუ ისინი ტელევიზორს მიუსხდებიან. მაგრამ, რა გავლენას ახდენს ეს ბავშვებზე?
„ეკრანზე ასახული ემოციები პატარა ბავშვებზეც კი ახდენს გავლენას“, — ნათქვამია გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმზში“. არც ისე დიდი ხნის წინ ჩაატარეს გამოკვლევა, რომლის დროსაც ერთი წლის ბავშვებს აჩვენებდნენ სატელევიზიო კლიპებს, სადაც მსახიობი თოჯინასთან თამაშისას სხვადასხვა გრძნობას ავლენდა. „ნიუ–იორკ ტაიმზში“ ვკითხულობთ: „როდესაც მსახიობი ისე იქცეოდა, თითქოს თოჯინის ეშინოდა, ბავშვებსაც აღარ უნდოდათ თოჯინასთან თამაში და ხშირ შემთხვევაში ისინი ხასიათს იცვლიდნენ, კოპებს იკრავდნენ ან ტიროდნენ. მაგრამ, როდესაც მსახიობი თოჯინასთან თამაშისას დადებით ემოციებს ავლენდა, პატარები უფრო ხალისით თამაშობდნენ“.
აშკარაა, რომ ტელევიზორი ახდენს გავლენას ბავშვებზე. რამდენად სერიოზულია გავლენა, როცა ბავშვები დიდი ხნის განმავლობაში უყურებენ ტელევიზორს? კურასიკის (იაპონია) სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი, პედიატრი ნაოკი კატაოკა აკვირდებოდა ბავშვებს, რომლებიც უჩვეულოდ წყნარები და უხალისოები იყვნენ. ეს ბავშვები დიდი ხნის განმავლობაში უყურებდნენ სატელევიზიო გადაცემებს ან ვიდეოფილმებს. ერთი ბავშვი, რომელიც ორი წლის ასაკის იყო, ვერ ლაპარაკობდა და მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იცოდა. ის ერთი წლის ასაკიდან ყოველდღე, დილიდან საღამომდე ტელევიზორის წინ იჯდა. ექიმმა ბავშვის დედას ურჩია, აღარ ეჩვენებინა მისთვის ვიდეოფილმები და გამოეყო დრო მასთან სათამაშოდ. ამ რჩევის გათვალისწინების შემდეგ ბავშვის სიტყვათა მარაგი თანდათანობით გაიზარდა. დიახ, აუცილებელია, რომ მშობლებს ჰქონდეთ ბავშვებთან ურთიერთობა.
ოჯახურ ცხოვრებას იეჰოვა ღმერთმა მისცა დასაბამი. მან თავის მსახურთა ყურადღება ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ გაამახვილა იმაზე, რომ ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბიბლიაში ნათქვამია: „ჩაუნერგე ისინი [ღვთის სიტყვები] შენს ძეთ და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, და გზაზე სიარულისას, დაწოლისას, და ადგომისას“ (მეორე რჯული 6:7). შვილების „სწორი გზით“ აღზრდას ტელევიზორი ვერ შეძლებს; ეს მხოლოდ მშობლებს შეუძლიათ მათთან ურთიერთობითა და პირადი მაგალითით (იგავები 22:6).