არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყურადსაღები ისტორია სიამაყესა და თავმდაბლობაზე

ყურადსაღები ისტორია სიამაყესა და თავმდაბლობაზე

ყურადსაღები ისტორია სიამაყესა და თავმდაბლობაზე

მეფე დავითის ცხოვრებაში მომხდარი ერთი შემთხვევიდან კარგად ჩანს თავმდაბლობასა და სიამაყეს შორის არსებული დიდი სხვაობა. დავითმა იერუსალიმი დაიპყრო და ის სატახტო ქალაქად აქცია. დავითი მიიჩნევდა, რომ ისრაელის მეფე, ფაქტობრივად, იეჰოვა იყო. ამიტომ მან გადაწყვიტა, იერუსალიმში გადაეტანა კიდობანი, რომელიც იმას ასიმბოლოებდა, რომ ღმერთი ისრაელებთან იყო. ეს მოვლენა დავითისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ იგი დაუფარავად გამოხატავდა სიხარულს, როდესაც მღვდლებს კიდობანი მიჰქონდათ. იერუსალიმის მცხოვრებლები ხედავდნენ თავიანთ მეფეს „მოხტუნავეს“, რომელიც „ცეკვავდა . . . რაც ძალი და ღონე ჰქონდა“ (1 ნეშტთა 15:15, 16, 29; 2 მეფეთა 6:11—16, აქ).

დავითის სიხარულს არ იზიარებდა მისი ცოლი, მიქალი. ის სარკმლიდან იხედებოდა და, ნაცვლად იმისა, რომ მოხიბლულიყო იმით, რასაც დავითი იეჰოვას განსადიდებლად აკეთებდა, „დასცინა მას თავის გულში“ (2 მეფეთა 6:16). რატომ ჰქონდა მიქალს ასეთი რეაქცია? როგორც ჩანს, ის ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იმ ფაქტს, რომ ისრაელის პირველი მეფის, საულის, ასული და ისრაელის მეორე მეფის ცოლი იყო. შესაძლოა ის თვლიდა, რომ ისრაელის მეფეს არ შეშვენოდა უბრალო ხალხივით მოქმედება და მათსავით ზეიმობა. მიქალის სიამაყე აშკარად ჩანს სიტყვებში, რომლებითაც სახლში დაბრუნებულ დავითს მიმართა. მან სარკასტულად უთხრა: „როგორ განდიდდა დღეს ისრაელის მეფე, რომ გაშიშვლდა დღეს თავის მსახურთა და მხევალთა თვალწინ, როგორც შიშვლდება ხოლმე ქარაფშუტა ვინმე“ (2 მეფეთა 6:20).

როგორ მოიქცა დავითი? მან უსაყვედურა მიქალს და უთხრა, რომ იეჰოვამ უარყო მამამისი, საული, და მის ნაცვლად იგი გაამეფა. შემდეგ დავითმა დასძინა: „რაც უფრო დავმცირდები და დავმდაბლდები ჩემს თვალში, მით უფრო დიდებული გამოვჩნდები მხევალთა წინაშე, მათ წინაშეც კი, შენ რომ ახსენე“ (2 მეფეთა 6:21, 22).

დიახ, დავითს სურდა, რომ თავისი მაღალი მდგომარეობის მიუხედავად, თავმდაბლურად ემსახურა იეჰოვასთვის. მისი ასეთი დამოკიდებულება გვეხმარება, გავიგოთ, თუ რატომ უწოდა იეჰოვამ დავითს „გულით სასურველი კაცი“ (საქმეები 13:22; 1 მეფეთა 13:14). დავითი ბაძავდა იეჰოვა ღმერთს, რომელიც თავად იძლევა თავმდაბლობის შესანიშნავ მაგალითს. აღსანიშნავია, რომ სიტყვა „დავმდაბლდები“, რომელიც დავითმა მიქალთან საუბრისას გამოიყენა, დაკავშირებულია ებრაულ ზმნასთან, რომლითაც აღწერილია ღვთის დამოკიდებულება კაცობრიობისადმი. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვაზე მაღლა არავინ დგას სამყაროში, ფსალმუნების 113:6, 7–ში (აქ [112:6, 7]) მის შესახებ ნათქვამია: „დაბლა იხრება [უტოლდება უფრო დაბალ საფეხურზე მდგომს] და დაჰყურებს ცასა და მიწას; საწყალს მტვრიდან აყენებს, ღარიბს სანაგვიდან ამაღლებს“.

რადგან იეჰოვა თავმდაბალია, გასაკვირი არ არის, რომ მას სძულს ამაყი ადამიანების „ამპარტავანი თვალები“ (იგავები 6:16, 17, სსგ). ამ უარყოფითი თვისებისა და ღვთის მიერ არჩეული მეფისადმი უპატივცემულობის გამო, მიქალს არ ხვდა წილად პატივი, დავითისთვის შვილი გაეჩინა. ის ისე მოკვდა, რომ შვილი არ ჰყოლია. ნამდვილად ყურადსაღები ისტორიაა! ყველამ, ვისაც სურს ღვთის კეთილგანწობილების მოპოვება, ყურად უნდა იღოს შემდეგი სიტყვები: „ყოველი თქვენგანი ერთმანეთის მიმართ თავმდაბლობით შემოისალტოს, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლების მიმართ კი წყალობას ავლენს“ (1 პეტრე 5:5).