არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

‘ასეთ დასასრულს ვერც კი წარმოვიდგენდი’

‘ასეთ დასასრულს ვერც კი წარმოვიდგენდი’

‘ასეთ დასასრულს ვერც კი წარმოვიდგენდი’

ესპანეთის ერთ–ერთი საშუალო სკოლის მასწავლებელმა დაწერა: „უკვე ას წელზე მეტია, რაც იეჰოვას მოწმეები ერთმანეთს ნამდვილ მხარდაჭერას უწევენ, უზადო პატიოსნებასა და, რაც ყველაზე მთავარია, მტკიცე რწმენას ავლენენ“. რამ აღძრა ეს მასწავლებელი, რომელიც, როგორც თავად აღნიშნავს, ათეისტია, ასეთი განაცხადი გაეკეთებინა?

ყოველივე მაშინ დაიწყო, როცა ნოემის, რომელიც იეჰოვას მოწმეა, სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე თემის დაწერა დაავალეს. ნოემიმ გადაწყვიტა, დაეწერა თემა: „იისფერი სამკუთხედები ნაცისტური რეჟიმის დროს“.

რატომ აირჩია ნოემიმ ეს თემა? ის გვიხსნის: „რადგან მასწავლებელი შეამოწმებდა ჩემს ნამუშევარს, ვიფიქრე, უნდა გამომეყენებინა შესაძლებლობა და მისთვის დამემოწმებინა. ნაცისტური გერმანიის დროს იეჰოვას მოწმეების მიერ გამოვლენილმა ერთგულებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს სხვებზეც მოახდენდა შთაბეჭდილებას“.

ნოემი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მის თემას ასე ბევრი ადამიანი წაიკითხავდა. 2002 წლის 5 ოქტომბერს მისმა თემამ გაიმარჯვა ეროვნულ კონკურსში, რომელიც ადამიანის ბუნების კვლევას ეხებოდა. ჟიური, რომელიც შეფასებას აძლევდა კონკურსში მონაწილეებს, შედგებოდა ესპანეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში მოღვაწე 20 აკადემიკოსისგან.

ნოემის ჯილდო ესპანეთის განათლების მინისტრმა პილარ დელ კასტილიომ გადასცა. ნოემიმ ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა და მინისტრს მისცა ვიდეოკასეტა სახელწოდებით „იეჰოვას მოწმეების სიმტკიცე ნაცისტური თავდასხმის პირისპირ“. განათლების მინისტრმა სიამოვნებით აიღო საჩუქარი.

მანრესაში, ნოემის მშობლიურ ქალაქში, გამომავალი გაზეთი ნოემის აკადემიური მიღწევის შესახებ იუწყებოდა; ამავე გაზეთში ნოემის დაწერილი თემის მოკლე შინაარსი იყო მოყვანილი. მანამდე კი, სკოლის დირექტორმა ნოემის ნაშრომის ასლი ითხოვა, რათა სკოლის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებულ პროგრამაში ჩაერთო.

„სკოლაში სწავლის ასეთ კარგ დასასრულს ვერც კი წარმოვიდგენდი, — ამბობს ნოემი. — სიხარულისგან ცას ვეწიე, როცა ჩემი მასწავლებლის მისტერ ხორხე ტომას კალოტის სიტყვები წავიკითხე, რომელიც ჩემს ნაშრომს ჰქონდა წამძღვარებული“.

ის წერდა: „მე ათეისტი ვარ, მაგრამ მინდა დარწმუნებული ვიყო იმ უზენაესი პიროვნების არსებობაში, რომელიც თავის თაყვანისმცემლებს შთააგონებს უდიდეს ჭეშმარიტებას — უყვარდეთ მოყვასი“.