ახალგაზრდებო, აირჩიეთ იეჰოვას მსახურება!
ახალგაზრდებო, აირჩიეთ იეჰოვას მსახურება!
„აირჩიეთ დღეს, ვის ემსახუროთ“ (იესო ნავეს ძე 24:15).
1, 2. ნათლობასთან დაკავშირებით როგორმა მრწამსმა გაიდგა ფესვი ქრისტიანულ სამყაროში?
„მიეცით ბავშვებს საშუალება, გაიცნონ ქრისტე და შემდეგ გახდნენ ქრისტიანები“. ეს სიტყვები ღვთისმეტყველმა ტერტულიანემ ახ. წ. II საუკუნის ბოლოს დაწერა. ის პროტესტს აცხადებდა ახალშობილის ნათლობაზე. ამ რიტუალმა ფესვები ტერტულიანეს დღეებში გაიდგა მაშინ, როცა ქრისტიანები განდგომილების გზას დაადგნენ. ტერტულიანესგან განსხვავებით, ეკლესიის მამა ავგუსტინე ამტკიცებდა, რომ ნათლობა კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ჩადენილი პირველი ცოდვისგან წმენდს ადამიანს; ის ბავშვები კი, რომლებიც მოუნათლავები კვდებიან, ჯოჯოხეთში ხვდებიან. ნათლობაზე ასეთი შეხედულება სრულიად ეწინააღმდეგება ბიბლიას. ასეთმა მრწამსმა ის განაპირობა, რომ ბავშვებს დაბადებისთანავე ნათლავენ.
2 ქრისტიანული სამყაროს ბევრ ეკლესიაში ჩვილებს დღემდე ნათლავენ. ასევე ისტორია ნათელყოფს, რომ მმართველები და ეგრეთ წოდებული ქრისტიანული სამყაროს რელიგიური ლიდერები დაპყრობილ „წარმართებს“ მონათვლას აიძულებდნენ. მაგრამ ბიბლია მხარს არ უჭერს არც ჩვილების ნათლობას და არც იძულებით ნათლობას.
ნათლობა გააზრებულად
3, 4. რა დაეხმარებათ ბავშვებს, რომლებსაც ქრისტიანი მშობლები ჰყავთ, ნებაყოფლობით მიუძღვნან თავი იეჰოვას?
3 როგორც ბიბლიაშია ნაჩვენები, ღმერთი ბავშვს, რომლის თუნდაც ერთი მშობელი ღვთის ერთგული მსახურია, „წმინდად“ მიიჩნევს (1 კორინთელები 7:14). ნიშნავს ეს იმას, რომ ბავშვი ავტომატურად ხდება იეჰოვას მიძღვნილი მსახური? რასაკვირველია, არა. ბავშვები, რომლებსაც ქრისტიანი მშობლები ზრდიან, ისეთ რჩევა–დარიგებებს იღებენ, რომ შეიძლება აღიძრან, ნებაყოფლობით მიუძღვნან თავი იეჰოვას. ბრძენმა მეფე სოლომონმა დაწერა: «დაიცავი, შვილო ჩემო, მამაშენის მცნებანი და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ . . . სიარულისას წინ წარგიძღვება, დაწოლისას დაგიფარავს, გამოღვიძებისას საუბარს დაგიწყებს. რადგან მცნება სანთელია და მოძღვრება — სინათლე, ცხოვრების [„სიცოცხლის“, აქ] გზა კი — დამრიგებლური შეგონება» (იგავები 6:20—23).
4 თუ მოზარდები ხალისით მიჰყვებიან ქრისტიანი მშობლების რჩევა–დარიგებებს, დაცულნი იქნებიან. სოლომონი დასძენს: „ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვი შვილი კი დედამისის დარდია“; „ისმინე, შვილო, და დაბრძენდი და მიმართე შენი გული სარწმუნო გზაზე“ (იგავები 10:1; 23:19). მოზარდებო, თუ გსურთ, რომ სწორად აღიზარდოთ, სიხარულით მიიღეთ მშობლებისგან შეგონება და რჩევა–დარიგებები. არავინ არის დაბადებიდან ბრძენი. მაგრამ ყველას შეუძლია დაბრძენდეს და ნებაყოფლობით დაადგეს „სიცოცხლის გზას“.
რას ნიშნავს „დარიგება“?
5. რა რჩევა მისცა პავლემ მამებსა და შვილებს?
5 პავლე მოციქულმა დაწერა: «ბავშვებო, დაუჯერეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგან ეს არის მართალი საქციელი: „პატივი ეცი მამას და დედას, — ეს არის პირველი მცნება დანაპირებით, — რომ კარგად წაგივიდეს საქმე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე“. თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ იზრუნეთ მათზე — იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ» (ეფესოელები 6:1—4).
6, 7. რას ნიშნავს ბავშვების ‘იეჰოვას მოსაწონად დარიგება’ და რატომ არ უნდა ჩაითვალოს უმართებულოდ ის, თუ მშობლები გავლენას ახდენენ შვილებზე?
6 ნუთუ უმართებულოა, მშობლებმა გავლენა მოახდინონ შვილებზე და ‘იეჰოვას მოსაწონად აღზარდონ და დაარიგონ’? რასაკვირველია, არა. ვინ დაადანაშაულებს მშობლებს იმაში, თუ შვილებს ასწავლიან, რა არის ქრისტიანისთვის სწორი და ზნეობრივად მისაღები? ათეისტებს არ განსჯიან იმის გამო, რომ შვილებს ათეისტებად ზრდიან. კათოლიკეები თავს ვალდებულად თვლიან, შვილები კათოლიკური რწმენით აღზარდონ, რის გამოც იშვიათად ხვდებიან კრიტიკას. მსგავსად, იეჰოვას მოწმეები არ უნდა გახდნენ კრიტიკის სამიზნე, როდესაც ცდილობენ, ისე აღზარდონ შვილები, რომ ძირითადი ჭეშმარიტებისა და ზნეობრივი პრინციპების საფუძველზე მათი აზროვნება შეესაბამებოდეს იეჰოვას აზროვნებას.
7 „ახალი აღთქმის თეოლოგიური ლექსიკონის“ თანახმად, ეფესოელების 6:4–ში „დარიგებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ნიშნავს პროცესს, „ეცადო აზროვნების შეცვლას, შეცდომების გამოსწორებას და სულიერი ხედვის გაუმჯობესებას“. რისი თქმა შეიძლება, თუ მოზარდი ეწინააღმდეგება მშობლების დარიგებას, რადგან თანატოლების გავლენის ქვეშ არის და სურს, მათსავით მოიქცეს? ვინ ახდენს ამ შემთხვევაში ბავშვებზე უარყოფით გავლენას — მშობლები თუ თანატოლები? შეიძლება მოზარდს თანატოლი უბიძგებდეს, გამოიყენოს ნარკოტიკები, მიიღოს ზომაზე მეტი ალკოჰოლი ან უზნეო საქციელი ჩაიდინოს. განა უნდა განისაჯოს ამ დროს მშობელი, რომელიც ცდილობს, შვილს აზროვნება გამოუსწოროს და მოსალოდნელი საშიშროებების დანახვაში დაეხმაროს?
8. რამ ‘დაარწმუნა’ ტიმოთე, ერწმუნა ჭეშმარიტება და ქრისტიანი გამხდარიყო?
8 პავლე მოციქულმა ახალგაზრდა ტიმოთეს მისწერა: „შენ კი კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებულხარ, რადგან იცი, რა ხალხისგან ისწავლე, თანაც ჩვილობიდანვე იცი წმინდა წერილები, რომლებსაც ქრისტე იესოში რწმენით შეუძლია შენი დაბრძენება გადასარჩენად“ (2 ტიმოთე 3:14, 15). დედამ და ბებიამ ტიმოთეს ჩვილობიდანვე ჩაუნერგეს წმინდა წერილების საფუძველზე ღვთისადმი რწმენა (საქმეები 16:1; 2 ტიმოთე 1:5). როდესაც ისინი ქრისტიანები გახდნენ, არ აიძულეს ტიმოთე, ერწმუნა ჭეშმარიტება და ქრისტიანი გამხდარიყო. ამაში ტიმოთე დედისა და ბებიის საფუძვლიანმა მსჯელობამ ‘დაარწმუნა’, რაც წმინდა წერილებზე იყო დაფუძნებული.
იეჰოვა არჩევნის საშუალებას გაძლევს
9. ა) რა უბოძა იეჰოვამ ადამიანებს და რატომ? ბ) როგორ გამოიყენა ღვთის მხოლოდშობილმა ძემ ნების თავისუფლება?
9 იეჰოვამ რობოტებად არ შექმნა ადამიანები, რომლებიც მისი ნების შესასრულებლად დაპროგრამებულები იქნებოდნენ და არჩევნის საშუალება არ ექნებოდათ. ნაცვლად ამისა, იეჰოვამ მათ ნების თავისუფლება უბოძა. ღმერთს სურს, რომ ნებაყოფლობით ვემორჩილებოდეთ. მას ძალიან ახარებს, როცა ახალგაზრდა თუ ხანდაზმული სიყვარულით ემსახურება. ამ მხრივ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა ღვთის მხოლოდშობილმა ძემ, რომლის შესახებაც იეჰოვამ განაცხადა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“ (მათე 3:17). მხოლოდშობილმა ძემ კი თავის ზეციერ მამაზე თქვა: „შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო, და ჩემშია შენი კანონი“ (ფსალმუნები 40:8, აქ [39:8]; ებრაელები 10:9, 10).
10. რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენი მსახურება მოსაწონი იყოს იეჰოვასთვის?
10 იეჰოვა მოელის, რომ ისინი, რომლებიც მისი ძის მეშვეობით ემსახურებიან მას, იესოს მსგავსად, ნებაყოფლობით გამოავლენენ მორჩილებას. ფსალმუნმომღერალმა იწინასწარმეტყველა: „შენი ხალხი მოხალისედ წამოვა შენი გალაშქრების ჟამს; წმიდა ბრწყინვალებით, განთიადის საშოდან გშობე, ვითარცა ცვარი“ (ფსალმუნები 109:3). იეჰოვას ორგანიზაციაში, რომელიც ზეციერი და მიწიერი ნაწილისგან შედგება, ყველა სიყვარულით ემორჩილება იეჰოვას. სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს ღვთის ორგანიზაცია.
11. რა არჩევანი უნდა გააკეთონ ახალგაზრდებმა, რომლებიც ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდნენ?
11 ამიტომ ახალგაზრდებო, თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ვერც მშობლები და ვერც ქრისტიანი უხუცესები ვერ გაიძულებენ მონათვლას. თქვენ თავად უნდა გსურდეთ იეჰოვასთვის მსახურება. იესო ნავეს ძემ ისრაელებს უთხრა: „ემსახურეთ მას [იეჰოვას] წრფელად და ერთგულად . . . აირჩიეთ დღეს, ვის ემსახუროთ“ (იესო ნავეს ძე 24:14—22). ასე რომ, საკუთარი ნებით უნდა მიუძღვნათ თავი იეჰოვას და მისი ნება შეასრულოთ.
პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება
12. ა) რას ვერ გააკეთებენ მშობლები შვილების ნაცვლად? ბ) როდის შეუძლია მოზარდს, პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე და აირჩიოს იეჰოვას მსახურება?
12 დადგება დრო, როცა თქვენ, ახალგაზრდებო, მშობლებისგან დამოუკიდებლად მოგიწევთ გადაწყვეტილებების მიღება (1 კორინთელები 7:14). მოწაფე იაკობმა დაწერა: „ვინც იცის, რა არის სწორი, მაგრამ არ აკეთებს, ცოდვად ეთვლება“ (იაკობი 4:17). მშობლებს არ შეუძლიათ შვილების ნაცვლად ემსახურონ იეჰოვას და არც შვილებს — მშობლების ნაცვლად (ეზეკიელი 18:20). გაეცანი იეჰოვას განზრახვებს? გაძლევს ასაკი იმის საშუალებას, რომ ჩასწვდე ნასწავლს და პირადი ურთიერთობა განივითარო იეჰოვასთან? განა გონივრული არ იქნებოდა, გეფიქრა, რომ ღმერთი გთვლის ისეთ პიროვნებად, რომელსაც შეუძლია მისთვის მსახურება?
13. რა კითხვები უნდა დაუსვას მოუნათლავმა მოზარდმა საკუთარ თავს?
13 ხარ მოუნათლავი მაუწყებელი, რომელსაც ქრისტიანი მშობლები ზრდიან? ესწრები ქრისტიანულ შეხვედრებს? უზიარებ ადამიანებს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას? თუ ასეა, რომაელები 12:2).
გულახდილად ჰკითხე საკუთარ თავს: „რატომ ვაკეთებ ამას?“, „იმიტომ ხომ არა, რომ მშობლები მოელიან ამას ჩემგან?“, „თუ მე მინდა, ვასიამოვნო იეჰოვას?“. „დავრწმუნდი, ‘რომ ღვთის ნება კარგი, მოსაწონი და სრულყოფილია’?“ (რატომ არ უნდა დააყოვნო მონათვლა?
14. რომელი ბიბლიური მაგალითებიდან ჩანს, რომ უმიზეზოდ არ უნდა დააყოვნოთ ნათლობა?
14 „რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?“. ასეთი კითხვა დაუსვა მქადაგებელ ფილიპეს ეთიოპმა საჭურისმა, რომელსაც ახალი გაგებული ჰქონდა იესოს, როგორც მესიის, შესახებ. ეს საკმარისი აღმოჩნდა საჭურისისთვის, არ დაეყოვნებინა ნათლობა. მან საჯაროდ განაცხადა, რომ სურდა ქრისტიანული კრების წევრად გახდომა და იეჰოვასთვის მსახურება, რადგან ეს სიხარულს მოუტანდა (საქმეები 8:26—39). ერთ ქალს, ლიდიას, ღმერთმა „გული გაუხსნა, რომ ყურადღებით მოესმინა პავლეს ნათქვამი“. ის ოჯახთან ერთად დაუყოვნებლივ მოინათლა (საქმეები 16:14, 15). ფილიპეში მცხოვრებმა ზედამხედველმაც მოუსმინა პავლესა და სილას, როდესაც „იეჰოვას სიტყვა აუწყეს მას“ და „ის და ყველა მისიანი დაუყოვნებლივ მოინათლნენ“ (საქმეები 16:25—34). ასე რომ, თუ იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ საფუძვლიანი ცოდნა გაქვს მიღებული, გულწრფელად გსურს მისი ნების შესრულება, კარგი რეპუტაციით სარგებლობ ქრისტიანულ კრებაში, რეგულარულად ესწრები შეხვედრებს და ქადაგებ სამეფოს შესახებ, რატომ უნდა დააყოვნო მონათვლა? (მათე 28:19, 20).
15, 16. ა) რატომ იკავებს თავს ზოგი ახალგაზრდა მონათვლისგან? ბ) როგორ იცავს ახალგაზრდებს იეჰოვასადმი თავის მიძღვნა და მონათვლა?
15 იმიტომ ხომ არ აყოვნებ ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას, რომ არასწორი საქციელის ჩადენის გეშინია? დაფიქრდი: ნუთუ უარს იტყოდი მართვის უფლების აღებაზე მხოლოდ იმიტომ, რომ გეშინია ავარიაში მოხვედრის? რა თქმა უნდა, არა. მსგავსად, თუ ნათლობისთვის მზად ხარ, ნუ დააყოვნებ ამ ნაბიჯის გადადგმას. თუ თავს მიუძღვნი იეჰოვას და მზად იქნები მისი ნების შესასრულებლად, ყველაფერს გააკეთებ იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიო ცოდვილ მიდრეკილებებს (ფილიპელები 4:13). ძვირფასო ახალგაზრდებო, ნუ ფიქრობთ, თუ გადადებთ ნათლობას, ამით თავს აარიდებთ პასუხისმგებლობას! იმის მიუხედავად, მოინათლებით თუ არა, იეჰოვას წინაშე მაინც იქნებით პასუხისმგებელნი თქვენს მოქმედებებზე (რომაელები 14:11, 12).
16 მთელ მსოფლიოში უამრავ მოწმეს შეუძლია თქვას, რომ მოზარდობის ასაკში ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამ დიდი დახმარება გაუწია მათ. დავფიქრდეთ დასავლეთ ევროპაში მცხოვრები 23 წლის ქრისტიანის მაგალითზე. ის ამბობს, რომ 13 წლის ასაკში 2 ტიმოთე 2:22). მან სრული დროით მსახურება მოზარდობის ასაკში დაიწყო. დღეს ის სიხარულით მსახურობს იეჰოვას მოწმეების ერთ–ერთ ფილიალში. ახალგაზრდებო, იეჰოვა უხვად გაკურთხებთ, თუ მის მსახურებას აირჩევთ.
მონათვლა დაეხმარა, გაქცეოდა „ახალგაზრდულ სურვილებს“ (17. ცხოვრების კიდევ რომელ სფეროებშია საჭირო, ‘ჩასწვდეთ, რა არის იეჰოვას ნება’?
17 მიძღვნა და ნათლობა ახალი ცხოვრების დასაწყისია. ეს არის ეტაპი, როდესაც ცხოვრების ყველა სფეროში იეჰოვას ნებას ითვალისწინებ. იეჰოვასთვის თავის მიძღვნა გულისხმობს ‘დროის გამოსყიდვას’. როგორ არის ეს შესაძლებელი? ნაცვლად იმისა, რომ დრო ფუჭი საქმეებისთვის დავხარჯოთ, ის ბიბლიის საგულდაგულო შესწავლას, შეხვედრებზე რეგულარულად დასწრებასა და, შეძლებისდაგვარად, „სასიხარულო ცნობის“ ქადაგებას უნდა მივუძღვნათ (ეფესოელები 5:15, 16; მათე 24:14). მიძღვნა და იეჰოვას ნების შესრულების სურვილი დადებით გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროზე; ამაში შეიძლება იგულისხმებოდეს ის, თუ როგორ ვისვენებთ, რამდენად ვავლენთ ზომიერებას ჭამისა და სმის დროს და როგორ მუსიკას ვუსმენთ. რატომ არ აირჩევთ უკვე დღეს გართობისა და დასვენების ისეთ სახეობებს, რაც მთელი მარადიულობის მანძილზე მოგიტანთ სიამოვნებას? დღეს ათასობით ახალგაზრდა მოწმეს შეუძლია გაგიზიაროთ, როგორ ერთობიან. ეს სასარგებლო გართობის სახეობებია, რადგან „იეჰოვას ნებას“ შეესაბამება (ეფესოელები 5:17—19).
„თქვენთან წამოვალთ“
18. რა კითხვა უნდა დაუსვან მოზარდებმა საკუთარ თავს?
18 ძვ. წ. 1513 წლიდან ახ. წ. 33 წლამდე, ორმოცდამეათე წლის დღესასწაულამდე, იეჰოვას დედამიწაზე არჩეული ჰყავდა ერი. ისინი ღვთის მოწმეები იყვნენ და თაყვანს სცემდნენ მას (ესაია 43:12). ეს ისრაელი ერი იყო. ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან მოყოლებული იეჰოვას დედამიწაზე ახალი „ერი“ ჰყავს — სულიერი ისრაელი — „ხალხი თავისი სახელისთვის“ (1 პეტრე 2:9, 10; საქმეები 15:14; გალატელები 6:16). მოციქულმა პავლემ განაცხადა, რომ ქრისტემ ‘თავის საკუთრებად განწმინდა ერი, კარგი საქმეების მოშურნე’ (ტიტე 2:14). თქვენ, ახალგაზრდებო, თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომელია ეს ერი. ვინ არიან დღეს „რწმენის დამცველი მართალი ერის“ წარმომადგენლები, რომლებიც ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრობენ, იეჰოვას ერთგული მოწმეები არიან და სამეფოს, კაცობრიობის ერთადერთი იმედის, შესახებ ქადაგებენ? (ესაია 26:2—4). დაუკვირდით ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებსა და სხვა რელიგიებს, და დაფიქრდით, რამდენად შეესაბამება მათი საქციელი ბიბლიურ მოთხოვნებს.
19. რაში დარწმუნდა მილიონობით ადამიანი?
19 მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი, მათ შორის ბევრი ახალგაზრდა, დარწმუნდა, რომ სულით ცხებულთა დარჩენილი ნაწილი წარმოადგენს „მართალ ერს“. ეს ადამიანები სულიერ ისრაელს ეუბნებიან: „თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი“ (ზაქარია 8:23). ჩვენ ვიმედოვნებთ და ვლოცულობთ, რომ თქვენ, ახალგაზრდებო, გადაწყვეტთ იეჰოვას ხალხს შორის ყოფნას და ამგვარად, ‘აირჩევთ სიცოცხლეს’ — მარადიულ სიცოცხლეს იეჰოვას მიერ დამყარებულ ახალ ქვეყნიერებაში (მეორე რჯული 30:15—20; 2 პეტრე 3:11—13).
გამეორება
• რას ნიშნავს „დარიგება“?
• როგორ მსახურებას იწონებს იეჰოვა?
• რა არჩევნის წინაშე დგანან ახალგაზრდები, რომლებიც ქრისტიანულ ოჯახებში იზრდებიან?
• უმიზეზოდ რატომ არ უნდა გადადოთ ნათლობა?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 26 გვერდზე]
ვის უსმენ?
[სურათი 28 გვერდზე]
როგორ დაგიცავს იეჰოვასადმი თავის მიძღვნა და ნათლობა?
[სურათი 29 გვერდზე]
რა გიშლის ხელს, რომ მოინათლო?