არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისინი ღვთის რჩეული ერის შვილებად დაიბადნენ

ისინი ღვთის რჩეული ერის შვილებად დაიბადნენ

ისინი ღვთის რჩეული ერის შვილებად დაიბადნენ

„შენ ამოგირჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ იყოთ მისთვის . . . ხალხად“ (მეორე რჯული 7:6).

1, 2. რა ძლევამოსილი საქმეები მოიმოქმედა იეჰოვამ თავისი ხალხის სასარგებლოდ და რა ურთიერთობა დამყარდა ისრაელებსა და ღმერთს შორის?

ძველი წელთაღრიცხვით 1513 წელს იეჰოვამ დედამიწაზე თავის მსახურებთან ახალი სახით დაიწყო ურთიერთობა. იმ წელს მან დაამცირა მაშინდელი მსოფლიო მპყრობელი და ისრაელები მისი მონობიდან გაათავისუფლა. ამგვარად მოქმედებით ის ისრაელების მხსნელი და პატრონი გახდა. სანამ მოქმედებას დაიწყებდა, ღმერთმა მოსეს უთხრა: „უთხარი ისრაელის ძეთ: ‘მე ვარ უფალი და მე გამოგიყვანთ თქვენ ეგვიპტელთა უღლიდან, და გადაგარჩენთ მათი მსახურებისაგან, და გიხსნით გამოწვდილი მკლავით და დიდი სასჯელებით. აგიყვანთ ჩემს ხალხად და მე ვიქნები თქვენთვის ღმერთი“ (გამოსვლა 6:6, 7; 15:1—7, 11).

2 ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, მალევე, ისრაელებთან მათმა ღმერთმა, იეჰოვამ, შეთანხმება დადო. ამის შემდეგ, ცალკეულ პიროვნებებთან, ოჯახებთან თუ საგვარეულოებთან ურთიერთობის ნაცვლად, იეჰოვას დედამიწაზე ეყოლებოდა ორგანიზებული ხალხი, ერი (გამოსვლა 19:5, 6; 24:7). ღმერთმა თავის ხალხს მისცა კანონები, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელმძღვანელობას გაუწევდა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, თაყვანისმცემლობაში უხელმძღვანელებდა. მოსემ ისრაელებს უთხრა: „რომელი დიდი ერია, რომელთანაც ისე ახლოს იყვნენ (მისი) ღმერთები, როგორც ახლოსაა ჩვენთან უფალი, ჩვენი ღმერთია ჩვენთან როცა კი ვუხმობთ მას? და რომელი დიდი ერია, რომელსაც ჰქონდეს ისეთი სამართლიანი წესები და სამართალნი, როგორც მთელი ეს რჯულია, რომელსაც მე გაძლევთ თქვენ დღეს?“ (მეორე რჯული 4:7, 8).

მოწმე ერის შვილად დაბადება

3, 4. რა მნიშვნელოვანი მიზეზის გამო არსებობდა ისრაელი, როგორც ერი?

3 საუკუნეების შემდეგ წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით იეჰოვამ ისრაელებს შეახსენა იმ მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რის გამოც ისინი, როგორც ერი, არსებობდნენ. ესაიამ თქვა: «ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: „ნუ გეშინიათ, რადგან გამოგისყიდეთ, მოგიწოდეთ თქვენი სახელით; ჩემი ხართ თქვენ. რადგან მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი, ისრაელის წმიდა, თქვენი მხსნელი . . . მოიყვანე ჩემი ძენი შორიდან და ჩემი ასულნი — ქვეყნის კიდიდან, ყოველი, ჩემი სახელით წოდებული, ვინც ჩემი დიდებისათვის გავაჩინე; ვინც გამოვსახე და შევქმენი!“ „თქვენ ჩემი მოწმენი ხართ!“ — ამბობს უფალი, — „და ჩემი მორჩილი, რომელიც მე ამოვარჩიე . . . ერი, რომელიც ჩემთვის გამოვსახე. გამოაცხადებს ჩემს დიდებას“» (ესაია 43:1, 3, 6, 7, 10, 21).

4 ვინაიდან ისრაელები იეჰოვას სახელით იწოდებოდნენ, ისინი ერებს იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების შესახებ დაუმოწმებდნენ. ისინი იეჰოვას ‘დიდებისთვის იყვნენ გაჩენილნი’. ისრაელებს იეჰოვას ‘დიდება უნდა გამოეცხადებინათ’ ანუ ხალხებისთვის მოეთხროთ ღვთის მიერ მათი სასწაულებრივი გათავისუფლების შესახებ და, ამგვარად, მისი წმინდა სახელი განედიდებინათ. მოკლედ რომ ვთქვათ, ისრაელი იეჰოვას შესახებ დამმოწმებელი ერი უნდა ყოფილიყო.

5. რა მხრივ იყო ისრაელი ღვთისთვის მიძღვნილი ერი?

5 ძველი წელთაღრიცხვით XI საუკუნეში მეფე სოლომონმა აღნიშნა, რომ ისრაელი იეჰოვას მიერ სხვა ერებისგან გამოყოფილი ერი იყო. იეჰოვასადმი ლოცვაში მან თქვა: „შენ განიკუთვნე ისინი შენს სამკვიდროდ დედამიწის ყველა ერისგან“ (3 მეფეთა 8:53). თითოეულ ისრაელსაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვასთან. ადრე მოსემ მათ უთხრა: „თქვენ ხართ ძენი უფლისა . . . რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლისათვის, შენი ღმერთისათვის“ (მეორე რჯული 14:1, 2). ამიტომ ისრაელთა ახალ თაობას არ სჭირდებოდა იეჰოვასთვის თავის მიძღვნა. ისინი ღვთისადმი მიძღვნილი ერის შვილებად იბადებოდნენ (ფსალმუნები 78:13; 94:7). ახალ თაობას ასწავლიდნენ ღვთის კანონებს და იეჰოვასა და ისრაელს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, ისინი ვალდებულნი იყვნენ დაეცვათ ეს კანონები (მეორე რჯული 11:18, 19).

მათ ჰქონდათ არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა

6. რა არჩევანი უნდა გაეკეთებინა თითოეულ ისრაელს?

6 ისრაელი ღვთისადმი მიძღვნილი ერი იყო, მაგრამ თითოეულ პიროვნებას თავად უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ემსახურა თუ არა ღვთისთვის. აღთქმულ მიწაზე შესვლამდე მოსემ ისრაელებს უთხრა: „მოწმედ მოვუწოდებ დღეს თქვენს წინაშე ცასა და მიწას: სიცოცხლე და სიკვდილი, კურთხევა და წყევლა დაგიდევი წინაშე. ამოირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო შენ და შენმა შთამომავლობამ, რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, რათა ისმინო მისი ხმა და მიეწებო მას. რადგან იგია შენი სიცოცხლე და შენი დღეგრძელობა, რათა იცხოვრო იმ მიწაზე, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამებს — აბრაამს, ისაკსა და იაკობს, მათთვის მისაცემად“ (მეორე რჯული 30:19, 20). ამგვარად, თითოეულ ისრაელს თავად უნდა აერჩია, ეყვარებოდა თუ არა ღმერთი, მოუსმენდა და მიეწებებოდა თუ არა მას. რადგან ისრაელებს ნების თავისუფლება ჰქონდათ, ისინი საკუთარი არჩევნის შედეგებს მოიმკიდნენ (მეორე რჯული 30:16—18).

7. რა მოხდა იესო ნავეს ძის თაობის გარდაცვალების შემდეგ?

7 მსაჯულთა პერიოდი შესანიშნავად გვიჩვენებს იმ შედეგებს, რომლებიც ერთგულებასა თუ ორგულობას მოჰყვებოდა. ამ პერიოდამდე ისრაელები იესო ნავეს ძეს კარგ მაგალითს ბაძავდნენ და კურთხევებსაც იმკიდნენ. „უფალს ემსახურებოდა ხალხი იესოს მთელი სიცოცხლის მანძილზე და უხუცესთა მთელი სიცოცხლის მანძილზე, რომელნიც იესოს მერე ცხოვრობდნენ და რომელთაც ნანახი ჰქონდათ უფლის დიადი საქმე, რაც მან ისრაელისათვის მოიმოქმედა“. მაგრამ იესო ნავეს ძის სიკვდილის შემდეგ „მოვიდა სხვა თაობა, რომელიც არ იცნობდა უფალს და იმ საქმეს, რაც მოიმოქმედა ისრაელისათვის, მაშინ ბოროტებას სჩადიოდნენ ისრაელის ძენი უფლის თვალში“ (მსაჯულთა 2:7, 10, 11). როგორც ჩანს, ახალი, გამოუცდელი თაობა არ აფასებდა თავის მემკვიდრეობას, ყოფილიყო ღვთისთვის მიძღვნილი ხალხის წევრი; ხალხისა, რომელთა სასარგებლოდაც მათმა ღმერთმა, იეჰოვამ, წარსულში ძლევამოსილი საქმეები მოიმოქმედა (ფსალმუნები 77:3—7, 10, 11).

მიძღვნის თანახმად ცხოვრება

8, 9. ა) რა აძლევდა ისრაელებს საშუალებას, ცხადი გაეხადათ, რომ იეჰოვასადმი მიძღვნილები იყვნენ? ბ) რას იღებდნენ ნებაყოფლობითი შესაწირავების გამღებნი?

8 იეჰოვამ თავის ხალხს მისცა შესაძლებლობა, ეცხოვრა როგორც მისადმი მიძღვნილ ერს. მაგალითად, მისი კანონის თანახმად მოითხოვებოდა შესაწირავები, რომელთაგან ზოგი სავალდებულო იყო და ზოგიც ნებაყოფლობითი (ებრაელები 8:3). ასეთ შესაწირავებში შედიოდა ყველა ნებაყოფლობითი შესაწირავი, — მთლიანად დასაწვავი მსხვერპლი, მარცვლეულის შესაწირავი და სამშვიდობო შესაწირავი, — რომელთაც იეჰოვას კეთილგანწყობის მისაღებად და მისადმი მადლიერების გამოსახატავად სწირავდნენ (ლევიანები 7:11—13).

9 იეჰოვას სიამოვნებდა ამ ნებაყოფლობითი შესაწირავების მიღება. ბიბლიაში ნათქვამია, რომ მთლიანად დასაწვავი მსხვერპლი და მარცვლეულის შესაწირავი იეჰოვასთვის ‘კეთილსურნელება’ იყო (ლევიანები 1:9; 2:2). სამშვიდობო შესაწირავის გაღებისას ცხოველის სისხლი და ქონი იეჰოვასთვის აღევლინებოდა. ხორცის ნაწილს კი მღვდლები და შემწირველი ჭამდნენ, რაც სიმბოლურად იეჰოვასთან მშვიდობიანი ურთიერთობის მაჩვენებელი იყო. კანონში ეწერა: „თუ მშვიდობის მსხვერპლს შესწირავთ იეჰოვას, შესწირეთ ის მოწონების მოსაპოვებლად“ (ლევიანები 19:5, აქ). თუმცა ყველა ისრაელი დაბადებიდანვე იეჰოვასადმი მიძღვნილი იყო, ისინი, რომლებიც ნებაყოფლობითი შესაწირავის აღვლენით პირადად ავლენდნენ ამ მიძღვნის თანახმად ცხოვრების სურვილს, ‘მის მოწონებასა’ და უხვ კურთხევებს იღებდნენ (მალაქია 3:10).

10. როგორ გამოხატა იეჰოვამ უკმაყოფილება ესაიასა და მალაქიას დღეებში?

10 მაგრამ ხშირად ღვთისთვის მიძღვნილი ისრაელი ერი იეჰოვასადმი ორგულობას ავლენდა. ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით იეჰოვამ მათ უთხრა: «არ მოგიყვანია ჩემთვის ბატკანი შენი სრულადდასაწველისა და შენი მსხვერპლთშეწირვით არ მომაგებდი მე პატივს. ძღვნით არ გამსახურებდი [„არ დამიძალებია, რომ ძღვნით გემსახურა ჩემთვის“, აქ]» (ესაია 43:23). გარდა ამისა, იეჰოვას თვალში არავითარი ფასი არ ჰქონდა შესაწირავებს, რომლებიც ხალისით და სიყვარულით არ იყო გაღებული. მაგალითად, ესაიას დროიდან სამი საუკუნის შემდეგ, წინასწარმეტყველ მალაქიას დღეებში, ისრაელები ნაკლიან ცხოველებს სწირავდნენ. ამიტომ მალაქიამ მათ უთხრა: „არ მეთნევით, — ამბობს ცაბაოთ უფალი, — და არ მეამება თქვენი ხელით მორთმეული ძღვენი . . . მოგყავთ ნატაცები, კოჭლი და სნეული. ძღვენიც ასეთივე მოგაქვთ — როგორ მეამოს მისი მიღება თქვენი ხელიდან? — ამბობს უფალი“ (მალაქია 1:10, 13; ამოსი 5:22).

ერი კარგავს პრივილეგიას

11. რა შესაძლებლობა ჰქონდა ისრაელ ერს?

11 მაშინ, როდესაც ისრაელი მიძღვნილი ერი გახდა, იეჰოვა მათ დაჰპირდა: „თუ მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ამოგარჩევთ ჩემს საკუთრებად ყველა ხალხიდან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა. და თქვენ იქნებით ჩემთვის მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად“ (გამოსვლა 19:5, 6). აღთქმული მესია ამ ერიდან მოვიდოდა და პირველ რიგში მათ მიეცემოდათ ღვთის სამეფოში მმართველებად გახდომის შესაძლებლობა (დაბადება 22:17, 18; 49:10; 2 მეფეთა 7:12, 16; ლუკა 1:31—33; რომაელები 9:4, 5). მაგრამ ისრაელების უმრავლესობამ არ განაგრძო მიძღვნის თანახმად ცხოვრება (მათე 22:14). მათ არ მიიღეს მესია და, ბოლოს, მოკლეს კიდეც ის (საქმეები 7:51—53).

12. რა თქვა იესომ, საიდანაც ჩანს, რომ იეჰოვამ უარყო ისრაელი, როგორც მისადმი მიძღვნილი ერი?

12 სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე იესომ იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს უთხრა: «ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ წმინდა წერილებში: „მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა მთავარ ქვაკუთხედად იქცა; ეს იეჰოვამ მოახდინა და ჩვენს თვალში საოცრებაა“? სწორედ ამიტომ გეუბნებით: წაგერთმევათ ღვთის სამეფო და მიეცემა ერს, რომელიც მის ნაყოფს გამოიღებს» (მათე 21:42, 43). იმის დასანახვებლად, რომ იეჰოვამ უარყო ისრაელი, როგორც მისადმი მიძღვნილი ერი, იესომ თქვა: „იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო და შენთან გამოგზავნილთა ჩამქოლავო, რამდენჯერ მოვინდომე შენი შვილების შეკრება, როგორც კრუხი იკრებს ფრთებქვეშ თავის წიწილებს, მაგრამ არ ინდომეთ. აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად“ (მათე 23:37, 38).

იეჰოვასადმი მიძღვნილი ახალი ერი

13. რა წინასწარმეტყველური სიტყვები წარმოთქვა იეჰოვამ იერემიას დღეებში?

13 წინასწარმეტყველ იერემიას დროს იეჰოვამ თავის ხალხთან დაკავშირებით რაღაც ახალი იწინასწარმეტყველა. ბიბლიაში ვკითხულობთ: «აჰა, მოდის დღეები, — სიტყვა უფლისა, — „და დავუდებ მე ისრაელის სახლსა და იუდას სახლს ახალ აღთქმას, არა ისეთ აღთქმას, რომელიც დავუდე მათ მამებს იმ დღეს, როდესაც ხელი მოვკიდე მათ, რომ გამომეყვანა ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან, ჩემი აღთქმა, რომელიც მათ დაარღვიეს, მე კი ვპატრონობდი მათ,“ — სიტყვა უფლისა. — „რადგან ეს არის აღთქმა, რომელსაც დავუდებ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ,“ — სიტყვა უფლისა, — „მივცემ მათ ჩემს რჯულს და მათ გულებზე დავწერ ამას, და მე ვეყოლები მათ ღმერთად და ისინი მეყოლებიან მე ერად“» (იერემია 31:31—33).

14. როდის და რის საფუძველზე დაიბადა იეჰოვასადმი მიძღვნილი ახალი ერი? აღწერეთ ეს ახალი ერი.

14 ამ ახალ აღთქმას, ანუ შეთანხმებას, საფუძველი მაშინ ჩაეყარა, როდესაც ახ. წ. 33 წელს იესო მოკვდა და თავისი სისხლის საფასური მამას წარუდგინა (ლუკა 22:20; ებრაელები 9:15, 24—26). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე კი წმინდა სულის გადმოსვლითა და ახალი ერის, „ღვთის ისრაელის“, დაბადებით ახალი შეთანხმება ძალაში შევიდა (გალატელები 6:16; რომაელები 2:28, 29; 9:6; 11:25, 26). ცხებული ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში მოციქულმა პეტრემ თქვა: «თქვენ . . . „რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება, რომ ყველგან აუწყოთ მისი აღმატებულობის შესახებ“, ვინც სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში გამოგიხმოთ. ოდესღაც ხალხი არ იყავით, ახლა კი ღვთის ხალხი ხართ“» (1 პეტრე 2:9, 10). იეჰოვასა და ხორციელ ისრაელს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა დასრულდა. ახ. წ. 33 წელს იეჰოვას კეთილგანწყობა ხორციელი ისრაელიდან სულიერ ისრაელზე, ქრისტიანულ კრებაზე, მესიანური სამეფოს ‘ნაყოფის გამომღებ ერზე’, გადავიდა (მათე 21:43).

პირადი მიძღვნა

15. ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, რა ნათლობისკენ მოუწოდა პეტრემ მსმენელებს?

15 ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ თითოეულ ისრაელსა თუ უცხოტომელს პირადად უნდა მიეძღვნა თავი ღვთისთვის და მონათლულიყო „მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით“ * (მათე 28:19). ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოციქულმა პეტრემ სასიხარულო ცნობისადმი კეთილად განწყობილ იუდეველებსა და პროზელიტებს უთხრა: „მოინანიეთ და მოინათლეთ იესო ქრისტეს სახელით, რათა ცოდვები მოგეტევოთ, და მიიღებთ უანგარო ძღვენს — წმინდა სულს“ (საქმეები 2:38). ამ იუდეველებსა და პროზელიტებს თავიანთი ნათლობით არა მარტო ის უნდა ეჩვენებინათ, რომ იეჰოვას უძღვნიდნენ სიცოცხლეს, არამედ ისიც, რომ იესოს მიიჩნევდნენ საშუალებად, რომლის დახმარებითაც იეჰოვა მათ ცოდვებს მიუტევებდა. მათ იესო იეჰოვას მიერ დანიშნულ მღვდელმთავრად და თავიანთ წინამძღოლად, ქრისტიანული კრების თავად, უნდა ეღიარებინათ (კოლოსელები 1:13, 14, 18).

16. როგორ გახდნენ პავლეს დღეებში სწორად განწყობილი ადამიანები — იუდეველები თუ არაიუდეველები — სულიერი ისრაელის ნაწილი?

16 წლების შემდეგ მოციქულმა პავლემ თქვა: „წავედი დამასკოში, შემდეგ იერუსალიმში, მთელი იუდეის ქვეყანაში და უცხოტომელებთან და ვაცნობე ყველას, რომ უნდა მოენანიებინათ, მონანიების დამამტკიცებელი საქმეები ეკეთებინათ და ღვთისკენ მოქცეულიყვნენ“ (საქმეები 26:20). ხალხის — ებრაელებისა თუ არაებრაელების — დარწმუნების შემდეგ, რომ იესო იყო ქრისტე ანუ მესია, პავლე მათ დაეხმარა, ღვთისადმი თავი მიეძღვნათ და მონათლულიყვნენ (საქმეები 16:14, 15, 31—33; 17:3, 4; 18:8). ღვთისკენ მოქცევით ეს ახალი მოწაფეები სულიერი ისრაელის წევრები გახდნენ.

17. რა ბეჭდის დასმა უახლოვდება დასასრულს და რა სხვა საქმიანობა მიმდინარეობს სწრაფად?

17 დღეს სულიერი ისრაელის დარჩენილი ნაწილისთვის ბეჭდის საბოლოო დასმა დასასრულს უახლოვდება. როდესაც ეს დასრულდება, „ოთხ ანგელოზს“, რომლებიც „დიდი გასაჭირის“ ქარებს აკავებენ, ნება მიეცემათ, გაუშვან ისინი. ამასობაში სწრაფად მიმდინარეობს „უამრავი ხალხის“ ანუ იმ ადამიანების შეკრება, რომლებსაც დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ. ეს „სხვა ცხვრები“ ნებაყოფლობით ირჩევენ ‘კრავის მიერ დაღვრილი სისხლისადმი’ რწმენის გამოვლენას და იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად ინათლებიან (გამოცხადება 7:1—4, 9—15; 22:17; იოანე 10:16; მათე 28:19, 20). მათ შორის არის მრავალი ახალგაზრდაც, რომლებიც ქრისტიანულ ოჯახებში აღიზარდნენ. თუ თქვენც ერთ–ერთი მათგანი ხართ, ალბათ, დაგაინტერესებთ მომდევნო სტატიის წაკითხვა.

[სქოლიოები]

^ აბზ. 15 იხილეთ 2003 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 30, 31.

გამეორებისთვის

• რატომ არ უნდა მიეძღვნა პირადად თავი იეჰოვასთვის ისრაელთა ახალ თაობას?

• როგორ შეეძლოთ ისრაელებს ეჩვენებინათ, რომ თავიანთი მიძღვნის თანახმად ცხოვრობდნენ?

• რატომ უარყო იეჰოვამ ისრაელი, როგორც მისადმი მიძღვნილი ერი, და როგორ მოხდა მისი სხვა ერით შეცვლა?

• ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან რა უნდა გაეკეთებინათ როგორც იუდეველებს, ისე არაიუდეველებს იმისათვის, რომ სულიერი ისრაელის წევრები გამხდარიყვნენ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 21 გვერდზე]

ისრაელის ახალი თაობის წარმომადგენლები ღვთის რჩეული ერის შვილებად იბადებოდნენ.

[სურათი 23 გვერდზე]

თითოეულ ისრაელს პირადად უნდა გადაეწყვიტა, ემსახურებოდა თუ არა ღმერთს.

[სურათი 23 გვერდზე]

ნებაყოფლობითი შესაწირავები ისრაელებს საშუალებას აძლევდა, იეჰოვასადმი თავიანთი სიყვარული გამოევლინათ.

[სურათი 25 გვერდზე]

ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ ქრისტეს მიმდევრებს პირადად უნდა მიეძღვნათ თავი ღვთისთვის და ამის ნიშნად მონათლულიყვნენ.