ცოდნის წყურვილი
ცოდნის წყურვილი
„არცოდნა ცოდნას ვერასდროს აჯობებს“, — ეს სიტყვები ეკუთვნის სახელგანთქმული ფიზიკოსის ენრიკო ფერმის მეუღლეს ლორა ფერმის. ზოგი შეიძლება არ დაეთანხმოს მის ნათქვამს და თავის გასამართლებლად ცნობილი გამონათქვამი მოიყვანოს: „არცოდნა არცოდვაა“. მაგრამ ბევრის აზრით, ლორა ფერმის სიტყვები გამართლებულია არა მარტო მეცნიერებაში, არამედ ცხოვრების ნებისმიერ მხარეში. არცოდნის ანუ ჭეშმარიტების უცოდინარობის გამო საუკუნეების განმავლობაში მრავალი ადამიანი გონებრივ, ზნეობრივ და სულიერ სიბნელეში მოექცა (ეფესოელები 4:18).
ამიტომაც მოაზროვნე ადამიანები ყოველთვის ისწრაფოდნენ ჭეშმარიტების შეცნობისკენ. მათ სურდათ სცოდნოდათ, თუ რატომ ვარსებობთ და საით მივდივართ. პასუხების ძიებამ ისინი სხვადასხვა მიმართულებით წაიყვანა. მოკლედ შევეხოთ ზოგ მათგანს.
ცოდნის ძიება რელიგიური მიმართულებით
ბუდისტური ტრადიციის თანახმად, ბუდიზმის დამაარსებელ სიდჰართა გაუტამას ძალიან აინტერესებდა ადამიანთა ტანჯვისა და სიკვდილის მიზეზი. ის ინდუისტ სასულიერო პირებს სთხოვდა, დახმარებოდნენ ჭეშმარიტების ძიებაში. ზოგმა ურჩია, იოგის მოძღვრებას მიჰყოლოდა და ასკეტური ცხოვრება დაეწყო. საბოლოოდ გაუტამამ ამჯობინა, ჭეშმარიტება მედიტაციის საშუალებით შეეცნო.
სხვები ჭეშმარიტების შესაცნობად გამაბრუებელ საშუალებებს იყენებდნენ. მაგალითად, ადგილობრივი ამერიკული ეკლესიის წევრები „დაფარული ცოდნის შეცნობის“ საშუალებად მიიჩნევენ „ლოფოფორა უილიამსას“ — კაქტუსს, რომელიც გამაბრუებელ ნივთიერებას შეიცავს.
მეთვრამეტე საუკუნის ფრანგ ფილოსოფოსს ჟან ჟაკ რუსოს სწამდა, რომ ცოდნის ყველა გულწრფელ მაძიებელს შეეძლო ღვთისგან სულიერი გამოცხადების მიღება. როგორ იყო ეს შესაძლებელი? იმის მოსმენით, „რასაც ღმერთი გულს გაუცხადებდა“. შემდეგ კი ამა თუ იმ საკითხისადმი დამოკიდებულება — ის, რასაც შეიგრძნობ და რასაც გკარნახობს სინდისი — ხდება „უფრო საიმედო მეგზური ადამიანთა იდეების უსასრულო ლაბირინთში“, — თქვა რუსომ წიგნში „დასავლური ფილოსოფიის ისტორია“.
ცოდნის ძიება გონების ძალით
რუსოს ბევრი თანამედროვე არ ეთანხმებოდა იმ აზრს, რომ ჭეშმარიტების შეცნობის გზა რელიგია იყო. მაგალითად, ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი ფრანსუა ვოლტერი რელიგიას არ მიიჩნევდა ცოდნის შეძენის საშუალებად. პირიქით, მისი აზრით, სწორედ რელიგიის გამო იყო, რომ ევროპა უმეცრების, ცრურწმენისა და შეუწყნარებლობის მორევში იყო ჩაძირული საუკუნეების მანძილზე — პერიოდში, რომელსაც ისტორიკოსები „ბნელ ეპოქას“ უწოდებენ.
ვოლტერი შეუერთდა ევროპის რაციონალისტურ მოძრაობას, რომელიც
„განმანათლებლობის“ სახელით იყო ცნობილი. ამ მიმდინარეობის წევრები მხარს უჭერდნენ ძველ ბერძენ მოაზროვნეთა შეხედულებებს, კერძოდ კი იმას, რომ მსჯელობა და მეცნიერული კვლევა მიიყვანდა ადამიანს ჭეშმარიტ ცოდნამდე. რაციონალისტური მოძრაობის სხვა წევრის, ბერნარ დე ფონტენელის აზრით, გონების ძალა მიიყვანდა ადამიანს „იმ საუკუნემდე, როდესაც ცოდნა დღითი დღე მოიმატებდა და გარდასული საუკუნეები უმეცრების პერიოდად ჩაითვლებოდა“ (ენციკლოპედია „ბრიტანიკა“).ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ საპირისპირო შეხედულებებიდან, რომლებიც ცოდნის შეძენის სხვადასხვა გზას გვთავაზობს. არსებობს სინამდვილეში „საიმედო მეგზური“, რომელიც ჭეშმარიტი ცოდნის შეძენაში დაგვეხმარება? წაიკითხეთ მომდევნო სტატია, სადაც საუბარი იქნება ცოდნის შეძენის საიმედო წყაროზე.
[სურათი 3 გვერდზე]
გაუტამა (ბუდა), რუსო და ვოლტერი ჭეშმარიტებას სხვადასხვა მიმართულებით ეძებდნენ.