არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არაბიბლიური წყარო მოიხსენიებს ხალხს, რომელსაც ეწოდებოდა ისრაელი

არაბიბლიური წყარო მოიხსენიებს ხალხს, რომელსაც ეწოდებოდა ისრაელი

არაბიბლიური წყარო მოიხსენიებს ხალხს, რომელსაც ეწოდებოდა ისრაელი

ეგვიპტეში, კაიროს მუზეუმში, დაცული გრანიტის ფილა იუწყება ფარაონ მერნეპტაჰსას გამარჯვებების შესახებ. მეცნიერების აზრით, ის იყო რამსეს II–ის მე–13 ვაჟი, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 1212—1202 წლებში მმართველობდა; ეს ის დროა, როდესაც ძველ ისრაელში მსაჯულთა პერიოდი დასასრულს უახლოვდებოდა. მერნეპტაჰსას ფილაზე გაკეთებული წარწერის ბოლო ორი პწკარი იუწყება: „ქანაანი გავძარცვეთ. აშკელონი ავიღეთ, გეზერი დავიპყარით, იანოამი ავაოხრეთ. ისრაელი მიწასთან გავასწორეთ და არავინ დავტოვეთ ცოცხალი“.

რას ნიშნავს აქ მოხსენიებული „ისრაელი“? იეროგლიფურ დამწერლობაში იყო ზოგი ნიშანი, რომელთაც არ წარმოთქვამდნენ და რომელთაც დეტერმინატივი ეწოდება; მათი საშუალებით ნათელი ხდებოდა, თუ რა კატეგორიას განეკუთვნებოდა სიტყვები. ერთ ნაშრომში (The Rise of Ancient Israel) ნათქვამია: „სამ სიტყვასთან — აშკელონი, გეზერი და იანოამი — დასმულია დეტერმინატივი, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ აქ ლაპარაკია ქალაქებზე . . . ხოლო სიტყვა ისრაელთან დასმული დეტერმინატივი მიუთითებს ხალხზე“ (კურსივი ჩვენია).

რა მნიშვნელობა აქვს ამ წარწერას? ჰერშელ შენსკი, რედაქტორი და მწერალი, ამბობს: „მერნეპტაჰსას ფილა ცხადყოფს, რომ ხალხი, რომელსაც ისრაელი ეწოდებოდა, ცხოვრობდა ძვ. წ. 1212 წელს და ეგვიპტის ფარაონმა არა მარტო იცოდა მათ შესახებ, არამედ ტრაბახობდა კიდეც იმით, რომ ბრძოლაში დაამარცხა ისინი“. ახლო აღმოსავლეთის არქეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი უილიამ დევერი აღნიშნავს: «მერნეპტაჰსას ფილა არაორაზროვნად გვამცნობს: ქანაანში არსებობს ხალხი, რომლებიც საკუთარ თავს „ისრაელს“ უწოდებენ და ამავე სახელით მოიხსენიებდნენ მათ ეგვიპტელებიც, რომლებიც ამას ბიბლიის გავლენით არ გააკეთებდნენ; შეუძლებელია მათ შეეთხზათ ამბავი ისეთ განსაკუთრებულ ხალხზე, როგორიც ისრაელი იყო, და ეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ».

ბიბლიაში ისრაელი პირველად მაშინ მოიხსენიება, როდესაც ღმერთმა პატრიარქ იაკობს ეს სახელი უწოდა. იაკობის 12 ვაჟის შთამომავლები ცნობილნი გახდნენ როგორც „ისრაელიანები“ (დაბადება 32:22—28, 32; 35:9, 10). წლების შემდეგ წინასწარმეტყველი მოსე და ეგვიპტის ფარაონი იყენებდნენ სიტყვა „ისრაელს“, როდესაც იაკობის შთამომავლებზე ლაპარაკობდნენ (გამოსვლა 5:1, 2). მერნეპტაჰსას ფილა არის უძველესი არაბიბლიური წყარო, სადაც მოიხსენიება ხალხი, რომელსაც ისრაელი ეწოდებოდა.

[სურათები 24 გვერდზე]

მერნეპტაჰსას ფილა

ბოლო სამი ნიშნის კომბინაცია (მარჯვნიდან მარცხნივ) — შუბი; კაცი და ქალი, რომლებიც სხედან — მიუთითებს ისრაელზე, როგორც უცხოტომელ ხალხზე.

[საავტორო უფლება]

Egyptian National Museum, Cairo, Egypt/Giraudon/The Bridgeman Art Library