„ახლა კი მჯერა, რომ არსებობს ღმერთი“
„ახლა კი მჯერა, რომ არსებობს ღმერთი“
ალექსანდრა, რომელიც წარმოშობით უკრაინელია და პრაღაში (ჩეხეთი) ცხოვრობს, სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. გაჩერებაზე მან შენიშნა ძირს დაგდებული პატარა ხელჩანთა. როცა ჩანთა ხელში აიღო და გახსნა, თვალებს არ დაუჯერა. მასში 5 000–იანი კუპიურების (კრონა) შეკვრა იყო. გარშემო ჩანთას არავინ ეძებდა. ალექსანდრასთვის, როგორც უცხოელისთვის, ადვილი არ იყო თავის რჩენა ჩეხეთში. როგორ მოიქცა ის?
სახლში დაბრუნებისას ალექსანდრამ ხელჩანთა თავის ქალიშვილს, ვიქტორიას, აჩვენა. მათ ჩანთაში ვერ იპოვეს პატრონის მონაცემები და მისამართი. ჩანთაში იდო ფურცელი, რომლის ერთ მხარეზეც ეწერა საბანკო ანგარიშის ნომერი, მეორეზე კი რაღაც ციფრები. ჩანთაში ასევე იყო ადგილობრივი ბანკის მისამართი და 330 000 კრონის (დაახლოებით 10 000 დოლარი) გაცემის საბუთი. ჩანთაში სწორედ ეს თანხა იდო.
ფურცელზე დაწერილი ციფრები ტელეფონის ნომრების შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ ალექსანდრამ დიდი მცდელობის მიუხედავად ბანკთან დაკავშირება ვერ შეძლო. მან და მისმა ქალიშვილმა ბანკში წასვლა გადაწყვიტეს. მათ მომსახურე პერსონალს ჰკითხეს, ეკუთვნოდა თუ არა ფურცელზე დაწერილი საბანკო ანგარიში მათ რომელიმე კლიენტს. ასეთი ანგარიშის ნომერი მათ ბანკში არავის ჰქონდა. მომდევნო დღეს ალექსანდრა კვლავ მივიდა ბანკში სხვა ციფრების საჩვენებლად. ბანკს მართლაც აღმოაჩნდა კლიენტი ამ მონაცემებით. ალექსანდრა და ვიქტორია დაუკავშირდნენ ქალბატონს და ჰკითხეს, ნამდვილად დაკარგა თუ არა მან ხელჩანთა. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. აღფრთოვანებულმა ქალბატონმა მათ დიდი მადლობა გადაუხადა და ჰკითხა: „რა თანხას ითხოვთ საჩუქრად?“
ვიქტორიამ უპასუხა: „ჩვენ სანაცვლოდ არაფერს ვთხოულობთ. ფული რომ გვდომებოდა, არ დაგიკავშირდებოდით“. შემდეგ დამტვრეული ჩეხურით მიუგო: „ფულს იმიტომ გიბრუნებთ, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ. ბიბლიით განსწავლული სინდისი არ გვრთავს იმის ნებას, რომ მივითვისოთ ის, რაც ჩვენ არ გვეკუთვნის“ (ებრაელები 13:18). აღფრთოვანებულმა ქალბატონმა თქვა: „ახლა კი მჯერა, რომ არსებობს ღმერთი“.