არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გახსოვდეთ ყოველივე კარგი, რაც იეჰოვას ორგანიზაციაშია

გახსოვდეთ ყოველივე კარგი, რაც იეჰოვას ორგანიზაციაშია

გახსოვდეთ ყოველივე კარგი, რაც იეჰოვას ორგანიზაციაშია

„დავკმაყოფილდებით იმ ყოველივე კარგით, რაც შენს სახლშია“ (ფსალმუნები 65:4, აქ [64:5]).

1, 2. ა) რა გავლენას იქონიებდა ღვთის ხალხზე ტაძრის აგება? ბ) როგორ დაუჭირა მხარი დავითმა ტაძრის მშენებლობას?

დავითი ებრაულ წერილებში მოხსენიებული ერთ–ერთი ცნობილი ადამიანია. ის იყო მწყემსი, მუსიკოსი, წინასწარმეტყველი და მეფე, რომელიც ყველაფერში იეჰოვა ღმერთს ენდობოდა. დავითს იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და ძალიან სურდა, მისთვის სახლი აეშენებინა. ღვთის სახლი ანუ ტაძარი ისრაელში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრი გახდებოდა. დავითს ესმოდა, რომ ყველაფერი, რაც ტაძართან იქნებოდა დაკავშირებული, ღვთის ხალხს სიხარულსა და კურთხევებს მოუტანდა. ამიტომ ის მღეროდა: „ბედნიერია ის, ვისაც აირჩევ და დაიახლოებ, რათა შენს ეზოებში დამკვიდრდეს. დავკმაყოფილდებით იმ ყოველივე კარგით, რაც შენს სახლშია, შენი ტაძრის წმინდა ადგილით“ (ფსალმუნები 65:4, აქ [64:5]).

2 დავითს არ მიეცა იეჰოვას სახლის აგების ნება. ეს პატივი მის ძეს, სოლომონს ხვდა წილად. დავითს არ დაუწყია დრტვინვა იმის გამო, რომ სხვას მიეცა ტაძრის აშენების შესაძლებლობა, რის გაკეთებაც თავად მას ძალიან სურდა. დავითისთვის მთავარი ის იყო, რომ ტაძარი აგებულიყო. მან მთელი გულით დაუჭირა მხარი ტაძრის მშენებლობას და სოლომონს გადასცა სამშენებლო გეგმა, რომელიც იეჰოვასგან ჰქონდა მიღებული. გარდა ამისა, დავითმა ათასობით ლევიანი ჯგუფებად დაჰყო სხვადასხვა დავალების შესასრულებლად და ტაძრის ასაგებად დიდი რაოდენობით ოქრო-ვერცხლი გაიღო (1 ნეშტთა 17:1, 4, 11, 12; 23:3—6; 28:11, 12; 29:1—5).

3. როგორი განწყობა აქვთ ღვთის მსახურებს იმის მიმართ, რაც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობასთან არის დაკავშირებული?

3 ერთგული ისრაელები მხარს უჭერდნენ ღვთის სახლში ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას. დღეს იეჰოვას მსახურები მსგავსად ვუჭერთ მხარს ყველაფერს, რაც გათვალისწინებულია თაყვანისმცემლობისთვის იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერ ნაწილში. ამგვარად ჩვენ ცხადვყოფთ, რომ ისეთივე განწყობა გვაქვს, როგორიც დავითს ჰქონდა. არც ჩვენ ვავლენთ უკმაყოფილების სულს. ნაცვლად ამისა, ვაფასებთ ყოველივე კარგს, რაც ღვთის ორგანიზაციაშია. ფიქრობთ იმ მრავალ სიკეთეზე, რისთვისაც ნამდვილად უნდა ვიყოთ მადლიერნი? განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

ვაფასებთ მათ, ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია

4, 5. ა) როგორ ასრულებს „ერთგული და გონიერი მონა“ თავის დავალებას? ბ) როგორი დამოკიდებულება აქვს ზოგ იეჰოვას მოწმეს სულიერი საზრდოს მიმართ?

4 ჩვენ ნამდვილად გვაქვს მიზეზი, მადლიერნი ვიყოთ იმისათვის, რომ იესო ქრისტემ მთელი თავისი ქონება დედამიწაზე „ერთგულ და გონიერ მონას“ ჩააბარა. ეს „მონა“, რომელიც სულით ცხებული ქრისტიანებისგან შედგება, ხელმძღვანელობას უწევს სამქადაგებლო საქმიანობას, თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი შეხვედრების ორგანიზებას და 400–ზე მეტ ენაზე ბიბლიური ლიტერატურის გამოცემას. მთელ დედამიწაზე მილიონობით ადამიანი მადლიერებით იღებს ამგვარად მოწოდებულ ‘დროულ საზრდოს’ (მათე 24:45—47). დრტვინვის მიზეზი ნამდვილად არ გვაქვს.

5 „ერთგული და გონიერი მონის“ პუბლიკაციებში მოცემული რჩევების გამოყენება წლების მანძილზე ანუგეშებს და დახმარებას უწევს ალფის, რომელსაც იეჰოვას მსახურებაში მრავალი წელი აქვს გატარებული. უდიდესი მადლიერების გრძნობით ალფი ამბობს: „რა უნდა მექნა იეჰოვას ორგანიზაციის გარეშე?“ პიტერი და ირმგარდიც ათწლეულებია, რაც იეჰოვას ემსახურებიან. ირმგარდი მადლიერია ყველა პუბლიკაციისთვის, რომლებსაც „იეჰოვას მზრუნველი ორგანიზაციისგან“ იღებს. ეს პუბლიკაციები მზადდება ყველასთვის, მათ შორის მათთვის, ვისაც მხედველობა ან სმენა აქვს დაქვეითებული.

6, 7. ა) როგორ ხდება მთელ მსოფლიოში კრების საქმიანობისთვის ხელმძღვანელობის გაწევა? ბ) რას ამბობს ზოგი ქრისტიანი იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერ ნაწილზე?

6 „ერთგული და გონიერი მონის“ წარმომადგენელია იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო, სულით ცხებულ ქრისტიანთა პატარა ჯგუფი, რომელიც მსახურობს იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში ბრუკლინში (ნიუ–იორკი). ხელმძღვანელი საბჭო ფილიალებში მსახურებისთვის იეჰოვას გამოცდილ მსახურებს ნიშნავს. ფილიალები ზედამხედველობას უწევენ მთელ მსოფლიოში 98 000–ზე მეტი კრების საქმიანობას. მამაკაცები, რომლებიც შეესაბამებიან ბიბლიურ მოთხოვნებს, კრებებში უხუცესებად და მომსახურეებად ინიშნებიან (1 ტიმოთე 3:1—9, 12, 13). უხუცესები ხელმძღვანელობას უწევენ სამწყსოს და სიყვარულით ზრუნავენ მასზე. მართლაც უდიდესი კურთხევაა ამ სამწყსოში ყოფნა და იმ სიყვარულისა და ერთობის განცდა, რომელიც „მთელ საძმოში“ არსებობს! (1 პეტრე 2:17; 5:2, 3).

7 უკმაყოფილების ნაცვლად კრების წევრები ხშირად გამოხატავენ მადლიერებას უხუცესების მიერ სიყვარულით გაწეული ხელმძღვანელობისთვის. ერთი ქრისტიანი ქალი, ბირგითი, რომელიც ახლა 30 წელს გადაცილებულია, მოზარდობის პერიოდში ცუდ წრეში მოხვდა და კინაღამ სერიოზული ცოდვა ჩაიდინა. მაგრამ უხუცესების მიერ მიცემული ბიბლიური რჩევებითა და თანამორწმუნეების თანადგომით მან თავს დროულად უშველა. დღეს ბირგითი ამბობს: „საოცრად მადლიერი ვარ, რომ კვლავაც იეჰოვას შესანიშნავ ორგანიზაციაში ვიმყოფები“. ანდრეასი, რომელიც 17 წლისაა, აღნიშნავს: „ეს ნამდვილად იეჰოვას ორგანიზაციაა. მსოფლიოში არ არსებობს მსგავსი ორგანიზაცია“. განა არ უნდა ვიყოთ მადლიერნი ყოველივე კარგისთვის, რაც იეჰოვას ორგანიზაციაშია?

ისინი, ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია, არასრულყოფილები არიან

8, 9. როგორ ავლენდა დავითის ზოგი თანამედროვე ორგულობას და როგორი რეაქცია ჰქონდა ამაზე დავითს?

8 ცხადია, ისინი, ვისაც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში ხელმძღვანელობა აკისრია, არასრულყოფილები არიან. ყველა უშვებს შეცდომებს და ზოგ მათგანს გამუდმებით უწევს ბრძოლა სისუსტეებთან. უნდა გავღიზიანდეთ ამის გამო? არა. ძველ ისრაელში სერიოზულ შეცდომებს ისინიც კი უშვებდნენ, რომელთაც სერიოზული პასუხისმგებლობები ჰქონდათ. მაგალითად, დავითი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, როცა მეფე საულთან მიიყვანეს, რათა მის დასამშვიდებლად ქნარზე დაეკრა. მაგრამ მოგვიანებით საული დავითის მოკვლას ცდილობდა. დავითი იძულებული იყო, გაქცეულიყო (1 მეფეთა 16:14—23; 18:10—12; 19:18; 20:32, 33; 22:1—5).

9 ზოგი ისრაელი ორგულობასაც კი ავლენდა. მაგალითად, დავითის მხედართმთავარმა იოაბმა მოკლა საულის ნათესავი აბნერი. სამეფო ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით აბესალომმა შეთქმულება მოაწყო მამამისის, დავითის, წინააღმდეგ. დავითს უღალატა ახითოფელმა, სანდო მრჩეველმა (2 მეფეთა 3:22—30; 15:1—17, 31; 16:15, 21). ყველაფრის მიუხედავად, დავითს დრტვინვა არ დაუწყია და არც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მიუტოვებია. მას სრულიად განსხვავებული რეაქცია ჰქონდა. გაჭირვებამ დავითი უფრო დააახლოვა იეჰოვასთან. როდესაც საულს გაურბოდა, ის შესანიშნავ განწყობას ინარჩუნებდა და მღეროდა: „შემიწყალე, ღმერთო, შემიწყალე, რადგან შენ მოგენდო ჩემი სული და შენი ფრთების ჩრდილქვეშ შევაფარებ თავს, ვიდრე გაჭირვება გადაივლიდეს“ (ფსალმუნები 56:2).

10, 11. რა პრობლემას შეხვდა ახალგაზრდობაში გერტრუდი და რა თქვა მან თანამორწმუნეთა არასრულყოფილების შესახებ?

10 ჩვენ დღეს ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ღვთის ორგანიზაციაში ასეთ ორგულობას აქვს ადგილი. არც იეჰოვა, არც ანგელოზები და არც სულიერი მწყემსები არ დაუშვებენ ქრისტიანულ კრებაში ასეთი ორგული და ბოროტი ადამიანების ყოფნას. და მაინც, თითოეული ჩვენგანი ვხვდებით როგორც საკუთარ, ისე ღვთის სხვა მსახურთა არასრულყოფილებას.

11 იეჰოვას ერთი მსახური, გერტრუდი, ახალგაზრდობაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს იმაში, რომ არ შეეფერებოდა სრული დროით მსახურების მოთხოვნებს. როგორ მოიქცა ის? დაიწყო მან დრტვინვა? არა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 2003 წელს, როცა 91 წლის იყო, მან თქვა: „ამ და სხვა შემთხვევებმა მასწავლა, რომ ადამიანთა შეცდომების მიუხედავად იეჰოვა მაინც წარმართავს თავის დიდებულ საქმეს და ამისათვის არასრულყოფილ ადამიანებს იყენებს“. როდესაც ღვთის სხვა მსახურთა არასრულყოფილებას ხვდებოდა, გერტრუდი მთელი გულით მიმართავდა იეჰოვას ლოცვით.

12. ა) როგორ იქცეოდა ზოგი ქრისტიანი პირველ საუკუნეში? ბ) რაზე უნდა გადავიტანოთ მთელი ყურადღება?

12 ვინაიდან ყველაზე ერთგული და გულმოდგინე ქრისტიანებიც კი არასრულყოფილები არიან, მოდი ყველაფერი უდრტვინველად გავაკეთოთ, როდესაც შეცდომას უშვებს ის, ვისაც ღვთის ორგანიზაციაში პასუხისმგებლობა აკისრია (ფილიპელები 2:14). სამწუხარო იქნებოდა, თუ პირველი საუკუნის კრების ზოგი წევრის ცუდ საქციელს მივბაძავდით! მოწაფე იუდამ თქვა, რომ იმდროინდელი ცრუმასწავლებლები ‘არაფრად აგდებდნენ მმართველობას და შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებდნენ დიდებით მოსილთ’. ისინი ‘მუდამ ბუზღუნებდნენ [დრტვინავდნენ] და თავიანთ ხვედრს უჩიოდნენ’ (იუდა 8, 16). დაე არასოდეს მივბაძოთ ამ მდრტვინავებს და მთელი ყურადღება გადავიტანოთ ყოველივე კარგზე, რასაც „ერთგული და გონიერი მონისგან“ ვიღებთ. დავაფასოთ ყოველივე კარგი იეჰოვას ორგანიზაციაში და ყველაფერი უდრტვინველად გავაკეთოთ.

„რა აღმაშფოთებელი სიტყვებია“

13. როგორი რეაქცია ჰქონდა ზოგს იესო ქრისტეს სწავლებებზე?

13 მაშინ როცა პირველ საუკუნეში ქრისტიანულ კრებაში ზოგი დანიშნულ მსახურებზე დრტვინავდა, სხვები იესოს სწავლებებით იყვნენ უკმაყოფილონი. ამის შესახებ შეგვიძლია წავიკითხოთ იოანეს 6:48—69–ში. იესომ თქვა: „ვინც ჩემს ხორცს ჭამს და ჩემს სისხლს სვამს, მარადიული სიცოცხლე აქვს“. ამ სიტყვების მოსმენაზე «ბევრმა მისმა მოწაფემ თქვა: „რა აღმაშფოთებელი სიტყვებია. განა შეიძლება ამის მოსმენა?“ იესომ იცოდა, რომ მისი მოწაფეები ამაზე ბუზღუნებდნენ [დრტვინავდნენ]». ამის შემდეგ „ბევრი მისი მოწაფე ადრინდელ საქმეებს დაუბრუნდა და აღარ დადიოდა მასთან“. მაგრამ ყველა მოწაფე როდი დრტვინავდა. როცა იესომ 12 მოციქულს ჰკითხა: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“, პეტრემ უპასუხა: „უფალო, ვისთან უნდა წავიდეთ? შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები. ჩვენ ვირწმუნეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ღვთის წმინდა“.

14, 15. ა) რატომ ავლენს ზოგი უკმაყოფილების სულს ქრისტიანულ სწავლებებთან დაკავშირებით? ბ) რისი სწავლა შეგვიძლია ემანუელის შემთხვევიდან?

14 თანამედროვე პერიოდშიც ავლენს ზოგი უკმაყოფილების სულს ქრისტიანულ სწავლებებთან დაკავშირებით. ისინი დრტვინვას იწყებენ იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერ ნაწილზე. რატომ ხდება ეს? დრტვინვის მიზეზი ხშირად ის არის, რომ ადამიანს ბოლომდე არ ესმის, როგორ მოქმედებს ღმერთი. შემოქმედი თავის ხალხს ჭეშმარიტებას თანდათანობით უმჟღავნებს. აქედან გამომდინარე, დროდადრო საჭიროა იმ ცვლილებებთან შეგუება, რომლებიც ბიბლიის გაგებაში გვეხმარება. იეჰოვას მსახურთა უმრავლესობა სიხარულით ხვდება ასეთ ცვლილებებს. ზოგიერთები კი, რომელთა რიცხვიც საკმაოდ მცირეა, „მეტისმეტად მართლები“ ხდებიან და ვერ ეგუებიან ცვლილებებს (ეკლესიასტე 7:16, აქ). სიამაყის გამო ზოგს დამოუკიდებლობის სული უვითარდება. რაც უნდა იყოს მიზეზი, ასეთი დრტვინვა სახიფათოა, რადგან ამან შეიძლება კვლავ ქვეყნიერებაში დაგვაბრუნოს.

15 მაგალითად მოვიყვანოთ ერთი იეჰოვას მოწმის, ემანუელის, შემთხვევა. ის „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებულ პუბლიკაციებში განხილულ ზოგ საკითხს აკრიტიკებდა (მათე 24:45). მან შეწყვიტა ქრისტიანული ლიტერატურის კითხვა და ბოლოს ადგილობრივი კრების უხუცესებს განუცხადა, რომ აღარ სურდა იეჰოვას მოწმედ ყოფნა. მაგრამ ემანუელი მალევე მიხვდა, რომ იეჰოვას ორგანიზაციის სწავლებები ნამდვილად ჭეშმარიტება იყო. იგი დაუკავშირდა კრებას, აღიარა შეცდომა და ისევ გახდა იეჰოვას მოწმე. შედეგად, ის კვლავაც ისეთი ბედნიერი იყო, როგორც უწინ.

16. რა დაგვეხმარება, თუ ეჭვი გვეპარება რომელიმე ქრისტიანულ სწავლებასთან დაკავშირებით?

16 როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ეჭვი გვეპარება იეჰოვას ორგანიზაციის რომელიმე სწავლებაში? ნუ გამოვავლენთ მოუთმენლობას. „ერთგულმა და გონიერმა მონამ“ დროთა განმავლობაში შესაძლოა გამოაქვეყნოს სტატია, რომელიც უპასუხებს ჩვენს კითხვებს და გაგვიქარწყლებს ეჭვებს. გონივრული იქნება, თუ დახმარებისთვის ქრისტიან უხუცესებს მივმართავთ (იუდა 22, 23). ლოცვა, პირადი შესწავლა და მოწიფულ თანამორწმუნეებთან ურთიერთობაც დაგვეხმარება ეჭვების გაფანტვაში. ეს აგრეთვე გაგვიღრმავებს მადლიერების გრძნობას რწმენის განმამტკიცებელი ბიბლიური სწავლებებისადმი, რომლებსაც იეჰოვასგან მისი ორგანიზაციის საშუალებით ვიღებთ.

შეინარჩუნეთ დადებითი განწყობა

17, 18. როგორი განწყობა უნდა გვქონდეს და რატომ?

17 უნდა აღვნიშნოთ, რომ არასრულყოფილი ადამიანი მიდრეკილია ცოდვისკენ და ზოგს შეიძლება უკმაყოფილების ხმამაღლა გამოხატვის ძლიერი ცდუნებაც ჰქონდეს (დაბადება 8:21; რომაელები 5:12). მაგრამ, თუ დრტვინვა ჩვევაში გადაგვეზრდება, ეს საფრთხეს შეუქმნის იეჰოვა ღმერთთან ჩვენს ურთიერთობას. ამიტომ უნდა ვაკონტროლოთ უკმაყოფილების გამოხატვის ნებისმიერი მიდრეკილება.

18 კრებაში დრტვინვის დაწყების ნაცვლად, დადებითი განწყობა უნდა გვქონდეს და დავკავდეთ კრების საქმიანობით. ამის დახმარებით შევინარჩუნებთ სიხარულს, სულიერ სიჯანსაღეს, გაწონასწორებულობას და ჯეროვან დამოკიდებულებას ყველაფრისა და ყველას მიმართ (1 კორინთელები 15:58; ტიტე 2:1—5). იეჰოვა აკონტროლებს ყველაფერს, რაც მის ორგანიზაციაში ხდება. ისევე როგორც პირველ საუკუნეში, იესომ დღესაც იცის, თუ რა ხდება თითოეულ კრებაში (გამოცხადება 1:10, 11). მოთმინებით დაელოდეთ ღმერთს და კრების თავს, ქრისტეს. მათ შეიძლება პასუხისმგებელი მწყემსები გამოიყენონ იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელია მდგომარეობის გამოსწორება (ფსალმუნები 42:5; კოლოსელები 1:18; ტიტე 1:5).

19. რაზე უნდა გადავიტანოთ მთელი ყურადღება, სანამ ღვთის სამეფო მთელ კაცობრიობას უხელმძღვანელებს?

19 მალე ამ ბოროტ ქვეყნიერებას ბოლო მოეღება და მთელ კაცობრიობას ღვთის სამეფო უხელმძღვანელებს. სანამ ეს დრო დადგება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დადებითი განწყობა შევინარჩუნოთ! ეს დაგვეხმარება, მთელი ყურადღება გადავიტანოთ თანამორწმუნეთა ღირსებებზე და არა ნაკლოვანებებზე. მათ დადებით თვისებებზე ფიქრი ჩვენს ბედნიერებასაც შეუწყობს ხელს. ჩვენ არ ვიქნებით დრტვინვისგან ემოციურად გამოფიტულნი. თანამორწმუნეებთან ურთიერთობა ძალებს შეგვმატებს და სულიერად განგვამტკიცებს.

20. რაში დაგვეხმარება დადებითი განწყობის შენარჩუნება?

20 დადებითი განწყობა იმაშიც დაგვეხმარება, რომ გვახსოვდეს მრავალი კურთხევა, რომლებსაც ვიღებთ იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერ ნაწილთან ურთიერთობით. ეს არის ერთადერთი ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს სამყაროს უზენაესს. რას გრძნობთ პირადად თქვენ იმის გამო, რომ გაქვთ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვას, თაყვანისცემის შესაძლებლობა? დაე ისეთივე განწყობა გვქონდეს, როგორიც დავითს ჰქონდა: „ლოცვების მომსმენო, შენთან მოვა ყოველი ხორციელი. ბედნიერია ის, ვისაც აირჩევ და დაიახლოებ, რათა შენს ეზოებში დამკვიდრდეს. დავკმაყოფილდებით იმ ყოველივე კარგით, რაც შენს სახლშია“ (ფსალმუნები 65:2, 4, აქ [64:3, 5]).

გახსოვთ?

• რატომ უნდა ვიყოთ მადლიერნი მათდამი, ვისაც კრებაში ხელმძღვანელობა აკისრია?

• როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს პასუხისმგებელი ძმების შეცდომებზე?

• როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს იმ ცვლილებების მიმართ, რომლებიც ბიბლიის გაგებაში გვეხმარება?

• რა დაეხმარება ქრისტიანს ეჭვების გაფანტვაში?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 20 გვერდზე]

დავითმა სოლომონს ტაძრის სამშენებლო გეგმა მისცა. ის მთელი გულით უჭერდა მხარს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას.

[სურათი 23 გვერდზე]

ქრისტიანი უხუცესები სიხარულით ეხმარებიან სხვებს სულიერად.