არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვა იხსნის გასაჭირში მყოფთ

იეჰოვა იხსნის გასაჭირში მყოფთ

იეჰოვა იხსნის გასაჭირში მყოფთ

„მრავალი სიავე ხვდება მართალს; და ყველაფრისგან იხსნის უფალი“ (ფსალმუნები 33:20).

1, 2. რა პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ერთი ერთგული ქრისტიანი და რატომ შეიძლება მსგავსი გრძნობები ჩვენც დაგვეუფლოს?

ახალგაზრდა ქალი, სახელად კეიკო *, უკვე 20 წელზე მეტია, რაც იეჰოვას მოწმეა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის პიონერად, სრული დროით, მსახურობდა. კეიკო ძალიან აფასებდა მსახურებას. მაგრამ არც ისე დიდი ხნის წინ, მას უიმედობა და მარტოობის გრძნობა დაეუფლა. „სულ მეტირებოდა“, — იხსენებს ის. უარყოფითი გრძნობები რომ დაეძლია, მან მეტი დრო დაუთმო პირად შესწავლას. „მიუხედავად ამისა, მდგომარეობიდან ვერ გამოვდიოდი. იმდენად სასოწარკვეთილი ვიყავი, რომ სიკვდილს ვნატრობდი“, — ამბობს ის.

2 თქვენც ხომ არ ებრძვით მსგავს გრძნობებს? როგორც იეჰოვას მოწმეებს, სიხარულის უამრავი მიზეზი გვაქვს. ბიბლიაში ნათქვამია: „ღვთისადმი ერთგულება . . . გვპირდება სიცოცხლეს, როგორც ახლა, ისე მომავალში“ (1 ტიმოთე 4:8). დღეს ჩვენ სულიერ სამოთხეში ვიმყოფებით! ნიშნავს ეს იმას, რომ ყველანაირი გასაჭირისგან ვართ დაცულნი? რასაკვირველია, არა. ბიბლია ამბობს: „მრავალი სიავე ხვდება მართალს“ (ფსალმუნები 33:20). ეს არც არის გასაკვირი, რადგან „მთელი ქვეყნიერება ბოროტის [სატანა ეშმაკის] ძალაუფლებაშია“ (1 იოანე 5:19). ამიტომ ვერც ერთი ჩვენგანი ვერ გაექცევა ამ რეალობას (ეფესოელები 6:12).

მძიმე მდგომარეობის შედეგები

3. მოიყვანეთ ღვთის იმ მსახურთა მაგალითები, რომლებსაც ძლიერი სევდა ეუფლებოდათ.

3 ხანგრძლივმა განსაცდელმა შეიძლება სასოწარკვეთილებაში ჩაგვაგდოს (იგავები 15:15). დავფიქრდეთ მართალი იობის მაგალითზე. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფმა იობმა თქვა: „ადამიანი, ქალის ნაშობი, დღემოკლეა და სავსეა ურვით“ (იობი 14:1). იობმა სიხარული დაკარგა. რაღაც მომენტში მან ისიც კი გაიფიქრა, რომ იეჰოვამ მიატოვა (იობი 29:1—5). იობი არ იყო ღვთის ერთადერთი მსახური, რომელიც ძლიერ სულიერ ტანჯვას განიცდიდა. მაგალითად, ბიბლიაში ხანას შესახებ ნათქვამია, რომ მას ‘სული ჰქონდა გამწარებული’ იმის გამო, რომ შვილი არ ჰყავდა (1 მეფეთა 1:9—11). ოჯახური მდგომარეობით გულდამძიმებულმა რებეკამ თქვა: „მომბეზრდა სიცოცხლე“ (დაბადება 27:46). დავითი კი დაშვებულ შეცდომებზე ფიქრისას ამბობდა: „მთელ დღეს ნაღვლიანი დავიარები“ (ფსალმუნები 37:7). ეს მაგალითები თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ ქრისტიანობამდე მცხოვრებ მამაკაცებსა და ქალებს ჰქონდათ ისეთი პერიოდები, როდესაც ძლიერ იყვნენ დამწუხრებულნი.

4. რატომ არ არის გასაკვირი, თუ დღეს ზოგი ქრისტიანი ‘სულით დამწუხრებულია’?

4 რა შეიძლება ითქვას ქრისტიანებზე? მოციქულმა პავლემ საჭიროდ ჩათვალა, თესალონიკელებისთვის მიეწერა, რომ ‘ენუგეშებინათ დამწუხრებული სულები’ (1 თესალონიკელები 5:14). ერთი ცნობარის თანახმად, „დამწუხრებულ სულებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა შეიძლება იმ ადამიანებს გულისხმობდეს, „რომლებიც სირთულეების გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში დამწუხრებულები არიან“. პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რომ თესალონიკეს კრებაში ზოგი სულით ცხებული გულდამძიმებული იყო. დღეს შეიძლება ზოგი ქრისტიანიც მსგავს მდგომარეობაშია. რატომ? განვიხილოთ სამი ძირითადი მიზეზი.

არასრულყოფილება

5, 6. როგორ გვანუგეშებს რომაელების 7:22—25–ში ჩაწერილი სიტყვები?

5 იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც „ყველანაირად ზნედაცემულნი“ არიან, ჭეშმარიტი ქრისტიანები წუხან თავიანთი ცოდვილი მიდრეკილებების გამო (ეფესოელები 4:19). ისინი, შესაძლოა, იმავეს გრძნობენ, რასაც პავლე მოციქული გრძნობდა. მან დაწერა: „შინაგანად მართლაც სიამოვნებას მგვრის ღვთის კანონი, მაგრამ ჩემი სხეულის ნაწილებში სხვა კანონს ვხედავ, რომელიც ებრძვის ჩემი გონების კანონს და ჩემი სხეულის ნაწილებში მყოფი ცოდვის კანონის ტყვედ მაქცევს“. მან გულისტკივილით თქვა: „საწყალი ადამიანი ვარ!“ (რომაელები 7:22—24).

6 ოდესმე თუ გქონიათ მსგავსი გრძნობა? კარგია, თუ ათვითცნობიერებთ, რომ არასრულყოფილები ხართ და ცოდვა ღრმად არის თქვენში ფესვგადგმული. ეს დაგეხმარებათ, უფრო ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიოთ ცოდვილ მიდრეკილებებს. არ დაუშვათ, რომ არასრულყოფილებით გამოწვეულმა მწუხარებამ გშთანთქათ. გულისტკივილის მიუხედავად, პავლე დასძენს: „ვმადლობ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით!“ (რომაელები 7:25). პავლე დარწმუნებული იყო, რომ ქრისტეს სისხლს შეეძლო გაეთავისუფლებინა ის მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისგან (რომაელები 5:18).

7. რა დაეხმარება ადამიანს, რომ ცოდვილი მიდრეკილებების გამო მეტისმეტად არ დამწუხრდეს?

7 თუ ცოდვილი მიდრეკილებების გამო მეტისმეტად წუხხართ, იოანე მოციქულის სიტყვები განუგეშებთ: „თუ ვინმე . . . შესცოდავს, გვყავს დამხმარე მამასთან, მართალი იესო ქრისტე. ის შერიგების მსხვერპლია ჩვენი ცოდვებისთვის და არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნიერების ცოდვებისთვის“ (1 იოანე 2:1, 2). თუ სევდა დაგეუფლებათ, გახსოვდეთ, რომ იესო ცოდვილი ადამიანებისთვის მოკვდა და არა სრულყოფილებისთვის. სინამდვილეში, „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელები 3:23).

8, 9. რატომ არ უნდა დავადანაშაულოთ საკუთარი თავი?

8 დავუშვათ, წარსულში მძიმე ცოდვა ჩაიდინეთ. უეჭველია, ამის შესახებ ხშირად გადაუშლიდით გულს იეჰოვას ლოცვაში. ალბათ, უხუცესებიც აღმოგიჩენდნენ დახმარებას (იაკობი 5:14, 15). შესაძლოა გულწრფელად მოინანიეთ და კვლავაც ქრისტიანული კრების წევრი ხართ. ან დროებით ღვთის ორგანიზაციის დატოვება მოგიწიათ, მაგრამ მოგვიანებით მოინანიეთ და კვლავ ბიბლიური ნორმებით დაიწყეთ ცხოვრება. შესაძლოა დროდადრო წარსულში ჩადენილმა ცოდვამ თავი შეგახსენოთ და სევდა მოგეძალოთ. თუ ასეა, გახსოვდეთ, რომ იეჰოვა პატიობს მას, ვინც გულწრფელად ინანიებს, ვინაიდან ის „მრავლის მიმტევებელია“ (ესაია 55:7). უფრო მეტიც, იეჰოვას არ სურს, რომ თქვენ საკუთარ თავს მსჯავრი დასდოთ; ამით სატანა თავის მიზანს აღწევს (2 კორინთელები 2:7, 10, 11). ეშმაკი განადგურდება, რადგან ის ამას იმსახურებს. სატანას სურს, დაგაჯეროთ იმაში, რომ თქვენც იმავე განაჩენს იმსახურებთ (გამოცხადება 20:10). არ მისცეთ სატანა ეშმაკს თქვენი რწმენის დანგრევის საშუალება (ეფესოელები 6:11). ნაცვლად ამისა, „წინ აღუდექით მას“ ისე, როგორც სხვა შემთხვევაში მოიქცეოდით (1 პეტრე 5:9).

9 გამოცხადების 12:10–ში ნათქვამია, რომ სატანა „ჩვენი ძმების [ცხებულების] ბრალმდებელია“. ის „ბრალს სდებს მათ ჩვენი ღვთის წინაშე დღე და ღამე“. ამ მუხლზე ფიქრი დაგეხმარებათ იმის დანახვაში, რომ სატანას, ცრუ ბრალმდებელს, უხარია, როცა საკუთარ თავს ადანაშაულებთ; თუმცა იეჰოვა მსჯავრს არ გდებთ (1 იოანე 3:19—22). რატომ უნდა გშთანთქათ დარდმა იმდენად, რომ უიმედობას მიეცეთ? არ დართოთ სატანას ნება, რომ იეჰოვასთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. არასოდეს დაუშვათ, რომ სატანამ ეჭვი შეგატანინოთ იმაში, რომ იეჰოვა „შემბრალე და მოწყალე, სულგრძელი და დიდად მოწყალეა“ (გამოსვლა 34:6).

შეზღუდული შესაძლებლობები

10. რატომ შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობების გამო გულგატეხილობა დაგეუფლოთ?

10 ზოგ ქრისტიანს შეიძლება გულგატეხილობა დაეუფლოს, რადგან შეზღუდული შესაძლებლობების გამო სათანადოდ ვერ ემსახურება ღმერთს. თქვენც მსგავს მდგომარეობაში ხომ არ ხართ? შესაძლოა სერიოზული ავადმყოფობის, ასაკის ან სხვა მიზეზის გამო იმდენს ვერ აკეთებთ იეჰოვას მსახურებაში, რამდენსაც ადრე აკეთებდით. ქრისტიანებმა ღვთის მსახურებისთვის დრო უნდა გამოისყიდონ (ეფესოელები 5:15, 16). მაგრამ, რის გაკეთება გმართებთ, თუ შეზღუდული შესაძლებლობების გამო იმდენ დროს ვერ უთმობთ მსახურებას, რამდენსაც ადრე უთმობდით, და იმედგაცრუება გეუფლებათ?

11. რა სარგებლობას მოგვიტანს გალატელების 6:4–ში ჩაწერილი რჩევის გათვალისწინება?

11 ბიბლია მოგვიწოდებს, ‘არ გავზარმაცდეთ, არამედ მივბაძოთ მათ, რომლებიც რწმენითა და მოთმინებით იმკვიდრებენ ყველა დანაპირებს’ (ებრაელები 6:12). ამის გაკეთებას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ღვთის ერთგული მსახურების მაგალითებზე დავფიქრდებით და მსგავსი რწმენის გამოვლენას შევეცდებით. არ იქნება სწორი, თუ საკუთარ თავს სხვებს შევადარებთ და დავასკვნით, რომ ისე ვერ ვემსახურებით იეჰოვას, როგორც საჭიროა. ამიტომ გონივრულია, თუ გავითვალისწინებთ პავლეს რჩევას: „თითოეულმა თავისი საქმე გამოსცადოს და მხოლოდ მაშინ ექნება დიდი სიხარულის მიზეზი თავისით და არა საკუთარი თავის სხვასთან შედარებით“ (გალატელები 6:4).

12. რატომ გვაქვს იეჰოვას მსახურებს სიხარულის მიზეზი?

12 ქრისტიანებს მაშინაც კი აქვთ სიხარულის მიზეზი, როცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების გამო სათანადოდ ვერ ემსახურებიან იეჰოვას. ბიბლია გვარწმუნებს: „ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ“ (ებრაელები 6:10). შესაძლოა თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ისე ვერ ემსახურებით ღმერთს, როგორც უწინ. მაგრამ იეჰოვას დახმარებით შეძლებთ მსახურების ისეთ ფორმებში მიიღოთ სრული მონაწილეობა, როგორიცაა ტელეფონით და წერილებით დამოწმება. დარწმუნებულები იყავით, რომ იეჰოვა გაკურთხებთ მთელი გულით შესრულებული მსახურებისთვის და იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ღვთისა და ადამიანების მიმართ ავლენთ (მათე 22:36—40).

ძნელად ასატანი დრო“

13, 14. ა) რა სირთულეებს გვიქმნის „ძნელად ასატანი დრო“? ბ) რა ცხადყოფს იმას, რომ დღეს ადამიანები თბილ გრძნობებს არიან მოკლებულნი?

13 მართალია ჩვენ ახალ, სამართლიან ქვეყნიერებას ველით, მაგრამ ამჟამად „ძნელად ასატან დროში“ გვიწევს ცხოვრება (2 ტიმოთე 3:1). დღეს არსებული მძიმე მდგომარეობა იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი ხსნა ახლოსაა, რაც ნუგეშის მომგვრელია. მაგრამ ჯერჯერობით თავს ვერ ავარიდებთ არსებულ მდგომარეობას. რა შეიძლება ითქვას ისეთ შემთხვევაზე, როცა უმუშევრები ხართ? შესაძლოა სამსახურის ძებნაში თვეები გადის და ფიქრობთ: „ნეტავ თუ ხედავს იეჰოვა ჩემს პრობლემას? თუ ესმის მას ჩემი ლოცვები?“ შესაძლოა დისკრიმინაციის ან სხვა უსამართლობის მსხვერპლნი ხართ. როდესაც გაზეთში სტატიის სათაურებს კითხულობთ, შესაძლოა იგივე გრძნობა გეუფლებათ, რაც მართალ ლოტს. ის „გაწამებული“ იყო გარშემომყოფთა თავაშვებულობით (2 პეტრე 2:7).

14 ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით ბოლო დღეებისთვის დამახასიათებელ სერიოზულ პრობლემას. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ადამიანები იქნებოდნენ „თბილ გრძნობებს მოკლებულები“ (2 ტიმოთე 3:3). დღეს მართლაც ბევრი ოჯახია მოკლებული თბილ გრძნობებს. «ფაქტები ცხადყოფს, რომ მკვლელობა, ფიზიკური შეურაცხყოფა, ემოციური ჭრილობის მიყენება და სექსუალური ძალადობა ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრების მხრიდან ხდება, — ნათქვამია წიგნში „ძალადობა ოჯახში“. — გარემო, სადაც ბავშვები ყველაზე მეტად უნდა უყვარდეთ და, სადაც ისინი უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ თავს, ყველაზე საშიში გახდა». არაჯანსაღ გარემოში აღზრდილ ბავშვს წლების შემდგომ იმედგაცრუება და მტანჯველი გრძნობები ეუფლება. თქვენც იმავეს ხომ არ განიცდით?

15. რამდენად აღემატება იეჰოვას სიყვარული ადამიანისას?

15 ფსალმუნმომღერალი დავითი წერდა: „დამაგდო ჩემმა დედ–მამამ; ხოლო უფალი მიმიღებს მე“ (ფსალმუნები 26:10). რაოდენ მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვას სიყვარული ნებისმიერი მშობლის სიყვარულს აღემატება! მტკივნეულია, როცა მშობლები ცუდად გეპყრობიან ან უარგყოფენ. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ იეჰოვა მთელი გულით ზრუნავს თქვენზე (რომაელები 8:38, 39). გახსოვდეთ, რომ იეჰოვა ახლოსაა მათთან, ვისაც უყვარს ის (იოანე 3:16; 6:44). როგორც უნდა გეპყრობოდნენ ადამიანები, იცოდეთ, რომ თქვენ უყვარხართ ზეციერ მამას!

გულგატეხილობის დაძლევის საშუალებები

16, 17. როგორ შეუძლია ადამიანს გულგატეხილობის დაძლევა და სულიერი ძალების შენარჩუნება?

16 თქვენ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ იმედგაცრუებას. აქტიურად ჩაებით ქრისტიანულ მსახურებაში. იფიქრეთ ღვთის სიტყვაზე განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სევდა შეგიპყრობთ. ფსალმუნმომღერალი წერს: «თუ ვთქვი: „მომიცურდა ფეხი“, შენი წყალობა, უფალო, გამამაგრებს. როცა ზრუნვით ამევსება გული, შენი ნუგეში მიამებს სულს» (ფსალმუნები 93:18, 19). ბიბლიის რეგულარულად კითხვა დაგეხმარებათ, გონება მანუგეშებელი და გამამხნევებელი აზრებით კვებოთ.

17 ლოცვაც ძალიან მნიშვნელოვანია. იეჰოვა მაშინაც კი ხვდება, რისი თქმა გსურთ, როცა სიტყვებით ვერ გამოხატავთ თქვენს განცდებსა და გრძნობებს (რომაელები 8:26, 27). ფსალმუნმომღერალი გვარწმუნებს: „მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდის წაბორძიკებას“ (ფსალმუნები 54:23).

18. რა ზომებს უნდა მიმართოს სასოწარკვეთილმა ადამიანმა?

18 ზოგი ღრმა დეპრესიის * გამოა სასოწარკვეთილი. თუ ასეთ მდგომარეობაში ხართ, შეეცადეთ, იფიქროთ ღვთის ახალ ქვეყნიერებაზე და იმ დროზე, როდესაც «არ იტყვის მკვიდრი: „ავადა ვარ“» (ესაია 33:24). თუ სასოწარკვეთილებას დიდი ხნის მანძილზე ვერ სძლევთ, გონივრული იქნება, დახმარებისთვის ექიმს მიმართოთ (მათე 9:12). აგრეთვე, აუცილებელია იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. სწორი კვება და ფიზიკური ვარჯიში შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს. საკმარისად დაისვენეთ; გვიანობამდე არ უყუროთ ტელევიზორს, მოერიდეთ გართობის ისეთ სახეობებს, რომლებიც ფიზიკურად და ემოციურად გამოგფიტავთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განაგრძეთ ღვთისთვის მოსაწონი საქმეების კეთება! ჯერ არ დამდგარა ის დრო, როცა იეჰოვა ადამიანებს „მოსწმენდს . . . ყოველ ცრემლს თვალებიდან“. მაგრამ დარწმუნებულები იყავით, რომ ღმერთი დაგეხმარებათ სირთულეების ატანაში (გამოცხადება 21:4; 1 კორინთელები 10:13).

„ღვთის ძლევამოსილი ხელის ქვეშ“ ცხოვრება

19. რას ჰპირდება იეჰოვა გასაჭირში მყოფთ?

19 ბიბლია გვარწმუნებს, რომ მართალს, თუმცა ბევრი უბედურება ხვდება, „ყველაფრისაგან იხსნის უფალი“ (ფსალმუნები 33:20). როგორ? პავლე არაერთხელ სთხოვდა ღმერთს ლოცვაში, რომ მოეშორებინა მისგან „სხეულში ეკალი“. მაგრამ იეჰოვამ უთხრა: „სისუსტეში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა“ (2  კორინთელები 12:7—9). რას დაჰპირდა იეჰოვა პავლეს და რას გპირდებათ თქვენ? ღმერთი არ გვპირდება, რომ დღესვე გაგვათავისუფლებს პრობლემებისგან, მაგრამ ის ძალას მოგვცემს მათ ასატანად.

20. რაში გვარწმუნებს 1 პეტრეს 5:6, 7–ში ჩაწერილი სიტყვები?

20 პეტრე მოციქულმა დაწერა: „დაიმდაბლეთ თავი ღვთის ძლევამოსილი ხელის ქვეშ, რათა თავის დროზე აგამაღლოთ, და ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:6, 7). იეჰოვა არასოდეს მიგატოვებთ. ის ნებისმიერი სირთულის დროს თქვენ გვერდით იქნება. გახსოვდეთ, რომ ერთგული ქრისტიანები „ღვთის ძლევამოსილი ხელის ქვეშ“ არიან. როცა იეჰოვას ვემსახურებით, ის ძალას გვაძლევს პრობლემების ასატანად. თუ მისი ერთგულები ვართ, ვერაფერი მოგვაყენებს მუდმივ ზიანს. ამიტომ, მოდი ბოლომდე დავრჩეთ იეჰოვას ერთგული, რათა ვიხილოთ ის დღე, როდესაც იეჰოვა ერთხელ და სამუდამოდ იხსნის გაჭირვებაში მყოფთ, და შევძლოთ ღვთის მიერ დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაში მარადიულად ცხოვრება!

[სქოლიოები]

^ აბზ. 1 სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 18 ღრმა დეპრესია უფრო მეტია, ვიდრე გულგატეხილობა. ეს არის სერიოზული დაავადება, რომელიც ადვილად არ იკურნება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 1989 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 18—22 (რუს.); 1989 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 20—23 (რუს.) და 1996 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 30, 31 (რუს.).

გახსოვთ?

• რატომ ახდენს გავლენას დღევანდელი მძიმე მდგომარეობა იეჰოვას მსახურებზე?

• რა მიზეზების გამო ვარდება ღვთის ზოგი მსახური სასოწარკვეთილებაში?

• როგორ გვეხმარება იეჰოვა სირთულეებით გამოწვეული მწუხარების დაძლევაში?

• რა გაგებით ვართ „ღვთის ძლევამოსილი ხელის ქვეშ“?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 25 გვერდზე]

სირთულეების მიუხედავად, იეჰოვას მსახურებს სიხარულის უამრავი მიზეზი აქვთ.

[სურათი 28 გვერდზე]

ტელეფონით დამოწმება იეჰოვას განდიდების ერთ-ერთი საშუალებაა.