არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნუ იდრტვინებთ!

ნუ იდრტვინებთ!

ნუ იდრტვინებთ!

„ყველაფერი ბუზღუნის . . . გარეშე [უდრტვინველად] აკეთეთ“ (ფილიპელები 2:14).

1, 2. რა რჩევა მისცა პავლე მოციქულმა ფილიპელ და კორინთელ ქრისტიანებს, და რატომ?

პირველ საუკუნეში, ქალაქ ფილიპეში არსებულ ქრისტიანულ კრებას მოციქულმა პავლემ ღვთისგან შთაგონებული წერილი გაუგზავნა. პავლემ შეაქო თანამორწმუნეები გულუხვობისა და გულმოდგინებისთვის და კმაყოფილება გამოთქვა მათი კარგი საქმეების გამო. მიუხედავად ამისა, პავლემ შეახსენა ფილიპელებს, ყველაფერი უდრტვინველად გაეკეთებინათ (ფილიპელები 2:14). რატომ მისცა პავლემ მათ ეს რჩევა?

2 პავლეს კარგად ესმოდა, რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა დრტვინვას. რამდენიმე წლით ადრე მან კორინთის კრებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, თუ რა სახიფათო იყო უკმაყოფილების სულის გამოხატვა. პავლემ მაგალითად მოიყვანა ისრაელების შემთხვევა, რომლებმაც უდაბნოში არაერთხელ განარისხეს იეჰოვა. ამის მიზეზი იყო არასწორი სურვილები, კერპთაყვანისმცემლობა, მეძაობა და ის, რომ სცდიდნენ იეჰოვას და დრტვინავდნენ. პავლე კორინთელებს მოუწოდებდა, ესწავლათ ისრაელების შეცდომებზე. მან დაწერა: „ნურც ვიბუზღუნებთ [ვიდრტვინებთ], როგორც ზოგიერთი ბუზღუნებდა [დრტვინავდა] და შემმუსვრელისგან დაიღუპნენ“ (1 კორინთელები 10:6—11).

3. რატომ იქნება ჩვენთვის სასარგებლო მსჯელობა დრტვინვასთან დაკავშირებით?

3 იეჰოვას მსახურები დღესაც ვავლენთ ისეთივე სულს, როგორსაც ფილიპეში მცხოვრები ქრისტიანები ავლენდნენ. ჩვენ გულმოდგინედ ვცდილობთ სიკეთის კეთებას და ურთიერთსიყვარულით გამოვირჩევით (იოანე 13:34, 35). თუმცა, როდესაც ვფიქრობთ, თუ რა სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა დრტვინვამ წარსულში ღვთის მსახურები, ჩვენც გვსურს, გულთან ახლოს მივიტანოთ რჩევა: „ყველაფერი ბუზღუნის . . . გარეშე [უდრტვინველად] აკეთეთ“. უპირველესად განვიხილავთ რამდენიმე ბიბლიურ მაგალითს. შემდეგ კი ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ დრტვინვის საზიანო შედეგები.

ბოროტი კრებული დრტვინავს იეჰოვას წინააღმდეგ

4. როგორ დრტვინავდნენ ისრაელები უდაბნოში?

4 ებრაული სიტყვა, რომელიც ნიშნავს „დრტვინვას, ბუზღუნს, ჩივილს ან წუწუნს“, ბიბლიაში გვხვდება იმ მონაკვეთში, სადაც აღწერილია უდაბნოში ისრაელების 40–წლიანი მოგზაურობა. ისრაელები უკმაყოფილოები იყვნენ თავიანთი მდგომარეობით და ამის გამო დრტვინავდნენ. მაგალითად, ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლების შემდეგ მხოლოდ რამდენიმე კვირა იყო გასული, რომ „დაიწყო დრტვინვა ისრაელის ძეების მთელმა კრებულმა უდაბნოში მოსესა და აარონის წინააღმდეგ“ (აქ). ისრაელები უკმაყოფილებას საკვების გამო გამოხატავდნენ და ამბობდნენ: „ნეტა უფლის ხელით გავმწყდარიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ვუსხედით ჩვენს ხორცის ქვაბებს, და ძღომაზე ვჭამდით პურს. აჰა, გამოგვიყვანეთ ამ უდაბნოში, რომ მთელი ეს კრებული შიმშილით გაწყვიტოთ“ (გამოსვლა 16:1—3).

5. სინამდვილეში ვის მიმართ გამოხატავდნენ ისრაელები უკმაყოფილებას?

5 სინამდვილეში იეჰოვა ზრუნავდა ისრაელებზე და სიყვარულით აძლევდა მათ უდაბნოში ყველაფერს, რაც სჭირდებოდათ, მათ შორის საკვებსა და წყალს. ისრაელებს ნამდვილად არ ემუქრებოდათ უდაბნოში შიმშილით სიკვდილი. მაგრამ მათ დრტვინვა დაიწყეს, რადგან უკმაყოფილების სული ჰქონდათ და აზვიადებდნენ მდგომარეობას. მართალია, ისინი მოსესა და აარონის მიმართ გამოხატავდნენ უკმაყოფილებას, მაგრამ იეჰოვას თვალსაზრისით ეს უკმაყოფილება მის მიმართ იყო გამოთქმული. მოსემ ისრაელებს უთხრა: „ისმინა უფალმა თქვენი დრტვინვა, მასზე რომ დრტვინავდით. ხოლო ჩვენ ვინ ვართ? ჩვენზე კი არ დრტვინავთ, არამედ უფალზე“ (გამოსვლა 16:4—8).

6, 7. როგორც რიცხვნის 14:1—3–დან ვიგებთ, როგორ შეიცვალეს ისრაელებმა აზროვნება?

6 ამ ამბიდან არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ ისრაელებმა კვლავ დაიწყეს დრტვინვა. მოსემ 12 კაცი აღთქმული მიწის დასაზვერად გაგზავნა. მათგან 10 ცუდი ამბით დაბრუნდა. რა მოჰყვა ამას შედეგად? «დრტვინავდა ყოველი ისრაელის ძე მოსეზე და აარონზე, და უთხრა მათ მთელმა თემმა: „ნეტავ დავხოცილიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, ან ნეტავი ამ უდაბნოში დავხოცილიყავით! რად შეჰყავს ჩვენი თავი უფალს ამ ქვეყანაში [ქანაანში], მახვილით რომ დავეცეთ? ჩვენი ცოლები და ჩვენი ბავშვები ნადავლად იქცევიან. განა უკეთესი არ იქნება ჩვენთვის ეგვიპტეში დაბრუნება?“» (რიცხვნი 14:1—3).

7 რა მალე შეიცვალეს ისრაელებმა აზროვნება! ეგვიპტიდან გათავისუფლებისა და წითელი ზღვის გადაკვეთის შემდეგ მადლიერების ნიშნად მათ იეჰოვას საგალობელი უმღერეს (გამოსვლა 15:1—21). მაგრამ უდაბნოში არსებული არასასურველი პირობებისა და ქანაანელების შიშის გამო მადლიერების ადგილი უკმაყოფილების სულმა დაიკავა. ნაცვლად იმისა, რომ თავისუფლებისთვის ღვთის მადლიერნი ყოფილიყვნენ, ისინი ადანაშაულებდნენ მას, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი აკლდათ. ისრაელების დრტვინვა იმაზე მეტყველებდა, რომ ისინი სათანადოდ არ აფასებდნენ იმას, რასაც იეჰოვა მათთვის აკეთებდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვამ მათზე თქვა: „როდემდე უნდა დრტვინავდეს ეს ბოროტი თემი ჩემზე?“ (რიცხვნი 14:27; 21:5).

დრტვინვის მაგალითები პირველი საუკუნიდან

8, 9. დრტვინვასთან დაკავშირებულ რომელ მაგალითებს ვხვდებით ბერძნულ წერილებში?

8 ქვემოთ მოყვანილი მაგალითები უკავშირდება ადამიანებს, რომლებიც, როგორც ჩანს, ხმამაღლა გამოთქვამდნენ თავიანთ უკმაყოფილებას. როდესაც იესო ქრისტე ახ. წ. 32 წელს იერუსალიმში კარვობის დღესასწაულზე ავიდა, „ხალხში დიდი მითქმა-მოთქმა იყო მასზე“ (იოანე 7:12, 13, 32). ისინი ლაპარაკობდნენ იესოზე; ზოგი კარგს ამბობდა მასზე, ზოგი — ცუდს.

9 როდესაც იესო და მისი მოწაფეები გადასახადების ამკრეფ ლევისთან, იგივე მათესთან, მივიდნენ სტუმრად, ფარისევლები და მწიგნობრები დრტვინავდნენ მათზე და ამბობდნენ: „რატომ ჭამთ და სვამთ გადასახადების ამკრეფებთან და ცოდვილებთან?“ (ლუკა 5:27—30). მოგვიანებით, გალილეაში „იუდეველებმა ბუზღუნი [დრტვინვა] დაიწყეს მის [იესოს] ნათქვამზე“, რადგან მან თქვა „ზეციდან ჩამოსული პური ვარო“. იესოს ზოგი მოწაფეც კი უკმაყოფილო იყო მისი ნათქვამით, რის გამოც დრტვინვა დაიწყეს (იოანე 6:41, 60, 61).

10, 11. რატომ გამოხატეს უკმაყოფილება ბერძნულენოვანმა იუდეველებმა და რის სწავლა შეუძლიათ უხუცესებს მოციქულების მოქმედებიდან?

10 უკმაყოფილების გამოხატვის კიდევ ერთი — თუმცა განსხვავებული შედეგის მქონე — მაგალითია ის, რაც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან მალევე მოხდა. იუდეაში მცხოვრები მორწმუნეები სტუმართმოყვარეობას ავლენდნენ მრავალი ახალი მოწაფის მიმართ, რომლებიც ისრაელის გარეთ ცხოვრობდნენ. მაგრამ საკვების განაწილებასთან დაკავშირებით პრობლემა წარმოიშვა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „გაბერძნებულმა იუდეველებმა ბუზღუნი [დრტვინვა] დაიწყეს იმის გამო, რომ ებრაულენოვან იუდეველებს საკვების ყოველდღიური განაწილების დროს მხედველობიდან რჩებოდათ მათი ქვრივები“ (საქმეები 6:1).

11 ამ მორწმუნეების შემთხვევა განსხვავდებოდა უდაბნოში ისრაელების დრტვინვისგან. ბერძნულენოვანი იუდეველების უკმაყოფილება ეგოისტური სურვილებით არ ყოფილა განპირობებული. მათი უკმაყოფილების მიზეზი ის იყო, რომ სათანადო ყურადღება არ ექცეოდა ზოგიერთი ქვრივის საჭიროებას. გარდა ამისა, ეს იუდეველები შფოთს არ ტეხდნენ და არ ადანაშაულებდნენ იეჰოვას. მათ უკმაყოფილება გამოთქვეს მოციქულებთან, რომლებმაც დაუყოვნებლივ მიიღეს ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად, რადგან ჩივილის მიზეზი სამართლიანი იყო. მოციქულების მოქმედება შესანიშნავი მაგალითია ქრისტიანი უხუცესებისთვის დღეს! ეს სულიერი მწყემსები ცდილობენ, ‘არ დაიხშონ ყური ღარიბთა ჩივილზე’ (იგავები 21:13, აქ; საქმეები 6:2—6).

დრტვინვას დამღუპველი გავლენა აქვს

12, 13. ა) მაგალითის საფუძველზე ახსენით, რა გავლენა შეიძლება იქონიოს დრტვინვამ. ბ) რამ შეიძლება უბიძგოს ადამიანს დრტვინვისკენ?

12 ზემოთ განხილული ბიბლიური მაგალითების უმეტესობამ დაგვანახვა, რომ წარსულში დრტვინვამ დამღუპველი გავლენა იქონია ღვთის ხალხზე. ამიტომ დღესაც სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ საზიანო გავლენაზე, რომელიც მას შეიძლება ჰქონდეს. მოვიყვანოთ მაგალითი. ბევრი ლითონი იჟანგება. თუ ჟანგვის თავდაპირველ ნიშნებს უგულებელვყოფთ, ლითონი შეიძლება ისე დაიჟანგოს, რომ თავისი თვისებები დაკარგოს. უამრავი ავტომანქანა გამოუსადეგარი ხდება, რისი მიზეზიც არის არა სამართი მექანიზმების მწყობრიდან გამოსვლა, არამედ ის, რომ კოროზიის გამო მათი მართვა სახიფათოა. რა კავშირია ამ მაგალითსა და დრტვინვას შორის?

13 ზოგიერთი ლითონი ჟანგვისკენ არის მიდრეკილი, არასრულყოფილი ადამიანი კი — უკმაყოფილების გამოხატვისკენ. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ მხედველობიდან არ გამოგვრჩეს ამის პირველი ნიშნები. როგორც ტენიანი ჰაერი აჩქარებს ჟანგვის პროცესს, ისე სირთულეებმა შეიძლება უფრო მეტად გვიბიძგოს დრტვინვისკენ. სტრესის დროს მცირე გაღიზიანებაც კი შეიძლება სერიოზულ უკმაყოფილებაში გადაიზარდოს. რაც უფრო გაუარესდება მდგომარეობა ბოლო დღეებში, უნდა მოველოდეთ, რომ მით უფრო მეტად იქნება ისეთი ფაქტორები, რომლებიც შეიძლება ჩვენი უკმაყოფილების მიზეზი გახდეს (2 ტიმოთე 3:1—5). შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ იეჰოვას ერთმა მსახურმა მეორის წინააღმდეგ დაიწყოს დრტვინვა. და ამის მიზეზი შეიძლება უმნიშვნელო რამ იყოს, მაგალითად სხვისი სისუსტე, უნარი ან რაიმე პასუხისმგებლობა ღვთის ორგანიზაციაში.

14, 15. რატომ უნდა ვაკონტროლებდეთ საკუთარ თავს უკმაყოფილების გამოვლენის ნიშნების დანახვისთანავე?

14 რაც უნდა იყოს ჩვენი უკმაყოფილების მიზეზი, თუ საკუთარ თავს არ გავაკონტროლებთ, დრტვინვა შეიძლება ჩვევად გვექცეს. დიახ, დრტვინვის გავლენამ — სულიერმა „კოროზიამ“ — შეიძლება დამღუპველ შედეგებამდე მიგვიყვანოს. როდესაც ისრაელები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ უდაბნოში თავიანთი ხვედრის გამო, ისინი იქამდეც კი მივიდნენ, რომ იეჰოვას გაკრიტიკება დაიწყეს (გამოსვლა 16:8). დაე არასოდეს დაგვემართოს მსგავსი რამ!

15 ჟანგვის შესაჩერებლად ლითონის ზედაპირს ფარავენ საღებავით და ჟანგის თითოეულ წერტილს სასწრაფოდ აცილებენ. მსგავსად ამისა, თუ ვამჩნევთ, რომ გვაქვს უკმაყოფილებისკენ მიდრეკილება, საჭიროა სასწრაფოდ რეაგირება — ლოცვა და მის თანახმად მოქმედება. რა დაგვეხმარება ამაში?

შეხედეთ საკითხებს იეჰოვას თვალით

16. რა დაგვეხმარება დრტვინვისკენ მიდრეკილების დაძლევაში?

16 დრტვინვის დროს ადამიანს მთელი ყურადღება საკუთარ თავზე და პრობლემებზე გადააქვს და ავიწყდება კურთხევები, რომლებიც აქვს მას, როგორც იეჰოვას მსახურს. დრტვინვისკენ მიდრეკილების დასაძლევად საჭიროა შევახსენოთ საკუთარ თავს ეს კურთხევები. მაგალითად, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ღვთის სახელის ტარების უდიდესი პატივი (ესაია 43:10). შეგვიძლია ახლო ურთიერთობა განვავითაროთ ღმერთთან და ნებისმიერ დროს ვესაუბროთ ‘ლოცვების მომსმენს’ (ფსალმუნები 64:3; იაკობი 4:8). ჩვენს ცხოვრებას აქვს აზრი, რადგან ვიცით ღვთის უზენაესობასთან დაკავშირებული საკამათო საკითხი და ის, რომ ერთგულების გამოვლენით შეგვიძლია მისი მხარე დავიკავოთ (იგავები 27:11). ასევე გვაქვს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგების შესაძლებლობა (მათე 24:14). იესო ქრისტეს გამოსასყიდისადმი რწმენის გამოვლენის საფუძველზე ვინარჩუნებთ სუფთა სინდისს (იოანე 3:16). ეს არის კურთხევები, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი ვიღებთ იმისდა მიუხედავად, თუ რის ატანა გვიწევს.

17. რატომ უნდა ვეცადოთ, საკითხებს იეჰოვას თვალით შევხედოთ მაშინაც კი, თუ ნამდვილად გვაქვს უკმაყოფილების მიზეზი?

17 უნდა ვეცადოთ, რომ საკითხებს იეჰოვას თვალით ვუყუროთ და არა მხოლოდ — ჩვენი თვალსაზრისით. ფსალმუნმომღერალი დავითი მღეროდა: „შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი“ (ფსალმუნები 24:4). თუ ნამდვილად გაქვთ უკმაყოფილების მიზეზი, ეს იეჰოვას შეუმჩნეველი არ დარჩება. მას შეუძლია დაუყოვნებლივ გამოასწოროს სიტუაცია. მაგრამ რატომ უშვებს ის ზოგჯერ სირთულეებს, რომლებიც გარკვეული პერიოდი გრძელდება? იმ მიზნით, რომ დაგვეხმაროს ისეთი შესანიშნავი თვისებების განვითარებაში, როგორიცაა მოთმინება, სიმტკიცე, რწმენა და სულგრძელობა (იაკობი 1:2—4).

18, 19. რა შედეგები მოჰყვება არასასურველი პირობების ატანას უკმაყოფილების გამოხატვის გარეშე? მოიყვანეთ მაგალითი.

18 უკმაყოფილების გამოხატვის გარეშე არასასურველი პირობების ატანა არა მარტო ჩვენ გვეხმარება ქრისტიანული თვისებების გამომუშავებაში, არამედ ეს სხვებზეც ახდენს დადებით შთაბეჭდილებას. 2003 წელს იეჰოვას მოწმეები ავტობუსით გერმანიიდან უნგრეთში კონგრესზე დასასწრებად მიდიოდნენ. ავტობუსის მძღოლი არ იყო იეჰოვას მოწმე და ის უხალისოდ დათანხმდა მათ ათდღიან მომსახურებაზე. მაგრამ მგზავრობის დასრულების შემდეგ მას აბსოლუტურად განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდა იეჰოვას მოწმეებზე. რა გახდა ამის მიზეზი?

19 გზაში რამდენჯერმე შეიქმნა ისეთი სიტუაცია, როცა მგზავრებს არასასურველი პირობები შეექმნათ. მაგრამ იეჰოვას მოწმეებს უკმაყოფილება არ გამოუთქვამთ. მძღოლმა თქვა, რომ ასეთი მგზავრები არასოდეს ჰყოლია! მან აღნიშნა, რომ, როდესაც იეჰოვას მოწმეები მიაკითხავდნენ, სახლში შეიპატიჟებდა მათ და ყურადღებით მოუსმენდა. დიახ, მგზავრებმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვეს მძღოლზე, რადგან ყველაფერი უდრტვინველად გააკეთეს!

პატიება ხელს უწყობს ერთიანობას

20. რატომ უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს?

20 დავუშვათ, უკმაყოფილო ვართ თანამორწმუნის მოქმედების გამო. თუ საკითხი სერიოზულია, უნდა გამოვიყენოთ იესოს მიერ მოცემული პრინციპი, რომელიც მათეს 18:15—17–შია ჩაწერილი. თუმცა ასე მოქცევა ყოველთვის არ არის საჭირო, რადგან ხშირად უკმაყოფილების მიზეზი უმნიშვნელოა. ამ დროს პატიების კარგი შესაძლებლობა გვეძლევა. პავლემ დაწერა: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს მთელი გულით. გარდა ამისა, შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლოსელები 3:13, 14). ვართ მზად, მთელი გულით ვაპატიოთ? განა არა აქვს იეჰოვას მიზეზი, უკმაყოფილო იყოს ჩვენით? მიუხედავად ამისა, ის კვლავ და კვლავ გვპატიობს და ავლენს თანაგრძნობას.

21. როგორ შეიძლება იმოქმედოს ჩვენი მხრიდან უკმაყოფილების გამოხატვამ სხვებზე?

21 რაც უნდა იყოს ჩვენი გაღიზიანების მიზეზი, დრტვინვით პრობლემას ვერ გადავჭრით. ებრაული სიტყვა, რომელიც „დრტვინვად“ ითარგმნება, ასევე ნიშნავს „ბუზღუნს“. ალბათ, ჩვენთვის სასიამოვნო არ იქნება ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც გამუდმებით ბუზღუნებს და შევეცდებით მისგან შორს ყოფნას. თუ ჩვენ ვბუზღუნებთ, ანუ უკმაყოფილებას ვავლენთ, შეიძლება ჩვენს მსმენელებსაც იგივე გრძნობა ჰქონდეთ. ისინი შეიძლება იმდენად შეწუხდნენ, რომ ჩვენგან თავი შორს დაიჭირონ. უკმაყოფილების გამოხატვით შეიძლება ვინმეს ყურადღება მივიპყროთ, მაგრამ მის გულს ვერასდროს მოვიგებთ.

22. რა თქვა ერთმა ახალგაზრდამ იეჰოვას მოწმეებზე?

22 პატიება ხელს უწყობს ერთიანობას, რაც ასე ძვირფასია იეჰოვას ხალხისთვის (ფსალმუნები 132:1—3). ევროპის ერთ ქვეყანაში 17 წლის კათოლიკე გოგონამ იეჰოვას მოწმეების ფილიალს მისწერა წერილი, რომელშიც აღნიშნა, რომ მოხიბლული იყო იეჰოვას მოწმეებით. მან თქვა: „ეს ერთადერთი ორგანიზაციაა, სადაც სიძულვილი, სიხარბე, შეუწყნარებლობა, ეგოიზმი და უთანხმოება ხელს ვერ უშლის მის წევრთა ერთიანობას“.

23. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

23 მადლიერება ყველა კურთხევისთვის, რასაც ვიღებთ ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვას, თაყვანისმცემლები, დაგვეხმარება ხელი შევუწყოთ ერთიანობას და მოვერიდოთ დრტვინვას. მომდევნო სტატიაში დავინახავთ, როგორ დაგვიცავს ღვთიური თვისებების გამოვლენა დრტვინვის უფრო საშიში ფორმისგან — იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერი ნაწილის წინააღმდეგ დრტვინვისგან.

გახსოვთ?

• რა იგულისხმება დრტვინვაში?

• როგორ აღწერდით დრტვინვის დამღუპველ გავლენას?

• რა დაგვეხმარება დრტვინვისკენ მიდრეკილების გაკონტროლებაში?

• როგორ გვიცავს პატიება უკმაყოფილების გამოხატვისგან?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 14 გვერდზე]

ისრაელები სინამდვილეში იეჰოვას წინააღმდეგ დრტვინავდნენ.

[სურათი 17 გვერდზე]

ცდილობთ, საკითხებს იეჰოვას თვალით უყუროთ?

[სურათები 18 გვერდზე]

პატიება ხელს უწყობს ქრისტიანულ ერთიანობას.