არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ადამიანის ღირსება უფლება, რომელიც ხშირად ილახება

ადამიანის ღირსება უფლება, რომელიც ხშირად ილახება

ადამიანის ღირსება უფლება, რომელიც ხშირად ილახება

„საკონცენტრაციო ბანაკში ყველაფერი დამამცირებელი და ღირსების შემლახველი იყო“. (მაგდალენა კუსეროვ–როიტერი, ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი პატიმარი).

რაოდენ შემაძრწუნებელიც არ უნდა იყოს, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში არსებული სისასტიკე ადამიანთა ღირსების შელახვის არც პირველი შემთხვევა ყოფილა და არც უკანასკნელი. წარსულში თუ თანამედროვე დროში მომხდარ საშინელებებზე დაფიქრებას ერთ დასკვნამდე მივყავართ: დამცირებასა და ღირსების შელახვას ღრმად აქვს ფესვები გადგმული კაცობრიობის ისტორიაში.

ადამიანის ღირსების ხელყოფა არ შემოიფარგლება ისტორიის სამარცხვინო ფურცლებზე შემონახული ბარბაროსული ქმედებებით. ხშირ შემთხვევაში ღირსება სხვა გზით ილახება. მაგალითად, დაფიქრდით ბავშვებზე, რომლებსაც დასცინიან ფიზიკური ნაკლოვანებების გამო; ან ემიგრანტებზე, რომლებიც დაცინვის ობიექტები „უცნაური“ ჩვეულებების გამო ხდებიან; ან თუნდაც მათზე, რომლებიც დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან კანის ფერისა თუ ეროვნების გამო. ის, რაც დამცინავებისთვის ხუმრობაა, სულაც არაა სასაცილო მათი სამიზნეებისთვის, რომლებიც ტკივილს გრძნობენ და შეურაცხყოფილნი არიან (იგავები 26:18, 19).

რა არის ადამიანის ღირსება?

ერთი ლექსიკონის მიხედვით, ღირსება „მაღალი ადამიანური ღირებულება, დაფასებული და პატივდებული მდგომარეობაა“. ამგვარად, ადამიანს ღირსება რომ ჰქონდეს, საჭიროა, აფასებდეს საკუთარ თავს და სხვების მხრიდანაც იყოს დაფასებული. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუ როგორი წარმოდგენა გვექნება საკუთარ თავზე. თუმცა საკუთარი ღირსების გრძნობაზე უდიდეს გავლენას ის ახდენს, თუ როგორ გვეპყრობიან ყოველდღიურად სხვები.

ნებისმიერ საზოგადოებაში არიან ღარიბი და დაუცველი ადამიანები. თუმცა ადამიანის ღირსებას, უბრალოდ, ასეთ პირობებში ყოფნა კი არ ამცირებს, არამედ სხვების დამოკიდებულება. ჩვენ მწარე რეალობის მოწმენი ვართ: მსგავს არასახარბიელო პირობებში, ჩვეულებრივ, სწორედ ისინი არიან, რომელთა ღირსების გრძნობასაც არაფრად აგდებენ და ფეხქვეშ თელავენ. ხანდაზმულებთან, ღარიბებთან და გონებრივად თუ ფიზიკურად შეზღუდულ ადამიანებთან მიმართებაში ხშირად გვესმის ისეთი სიტყვები, როგორიცაა „არაფრის მაქნისი“, „უვარგისი“, „წყალწაღებული“.

რატომ ამცირებენ ადამიანები ერთმანეთს? დადგება დრო, როცა აღარ შეილახება ადამიანთა ღირსება — მათი ერთ–ერთი ძირითადი უფლება? მომდევნო სტატია ამ კითხვებზე ღვთის სიტყვიდან, ბიბლიიდან, გაგვცემს დამაკმაყოფილებელ პასუხს.