არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იყავით ბრძენნი და ღვთისა გეშინოდეთ!

იყავით ბრძენნი და ღვთისა გეშინოდეთ!

იყავით ბრძენნი და ღვთისა გეშინოდეთ!

„სიბრძნის დასაბამი უფლის შიშია“ (იგავები 9:10).

1. რატომ არის იდეა ღვთისმოშიშების შესახებ ბევრისთვის ძნელად გასაგები?

ადრე ვინმეზე რომ ეთქვათ, ღვთისმოშიშიაო, კომპლიმენტად ჩაითვლებოდა. დღეს მრავლისთვის იდეა ღვთისმოშიშების შესახებ ძველმოდური და ძნელად გასაგებია. ისინი შეიძლება სვამენ კითხვას: „თუ ღმერთი სიყვარულია, რატომ უნდა მეშინოდეს მისი?“ მათთვის შიში უარყოფითი და დამთრგუნველი გრძნობაც კია. მაგრამ ღვთისადმი ნამდვილი შიში უფრო მეტის მომცველია და, როგორც დავინახავთ, ის არ არის, უბრალოდ, გრძნობა თუ ემოცია.

2, 3. რას ნიშნავს ნამდვილი ღვთისმოშიშება?

2 ბიბლიაში ღვთისმოშიშება დადებითი მნიშვნელობით არის გამოყენებული (ესაია 11:3). ეს არის ღვთისადმი დიდი მოკრძალებისა და ღრმა პატივისცემის გრძნობა — ძლიერი სურვილი იმისა, ღმერთს არ ვაწყენინოთ (ფსალმუნები 113:19). ღვთისმოშიშება მოიცავს ღვთის ზნეობრივი ნორმების აღიარებას, მტკიცედ დაცვას და იმის სურვილს, რომ ღვთის სიტყვების შესაბამისად ვიცხოვროთ. ერთი ნაშრომის თანახმად, ასეთი ჯანსაღი შიშით ვლინდება „ღვთის მიმართ ადამიანის დამოკიდებულება, რომელსაც შედეგად გონივრული ქმედება და ყოველგვარი ბოროტებისთვის თავის არიდება მოჰყვება“. ღვთის სიტყვა მართებულად აღნიშნავს: „სიბრძნის დასაბამი უფლის შიშია“ (იგავები 9:10).

3 მართლაც, ღვთისმოშიშება ადამიანის ცხოვრების მრავალ სფეროს მოიცავს. ის დაკავშირებულია არა მარტო სიბრძნესთან, არამედ სიხარულსა თუ მშვიდობასთან, კეთილდღეობასა თუ დღეგრძელობასთან, იმედსა თუ ნდობასთან და დაჯერებულობასთან (ფსალმუნები 2:11; იგავები 1:7; 10:27; 14:26; 22:4; 23:17, 18; საქმეები 9:31). ის მჭიდროდ არის დაკავშირებული რწმენასა და სიყვარულთან. ღვთისმოშიშება გავლენას ახდენს ღმერთთან და სხვებთან ჩვენს ურთიერთობაზე (მეორე რჯული 10:12; იობი 6:14; ებრაელები 11:7). ღვთისმოშიში ადამიანი ღრმად არის დარწმუნებული, რომ ზეციერი მამა ზრუნავს მასზე და მზად არის ცოდვების მისატევებლად (ფსალმუნები 129:4). მხოლოდ მოუნანიებელ შემცოდველებს აქვს საფუძველი, ძრწოდნენ ღვთის წინაშე * (ებრაელები 10:26—31).

იეჰოვასადმი შიშის სწავლა

4. რა დაგვეხმარება, ‘ვისწავლოთ შიში უფლისა’?

4 ვინაიდან ღვთისმოშიშება მნიშვნელოვანია როგორც სწორი გადაწყვეტილებების, ისე ღვთისგან კურთხევების მისაღებად, როგორ შეგვიძლია ‘ვისწავლოთ შიში უფლისა’? (მეორე რჯული 17:19). წმინდა წერილებში მრავალი ღვთისმოშიში ადამიანის მაგალითი ‘ჩვენს სასწავლებლად ჩაიწერა’ (რომაელები 15:4). უკეთესად რომ გავიგოთ, რას ნიშნავს სინამდვილეში ღვთის შიში, მოდი დავფიქრდეთ ძველი ისრაელის მეფე დავითის მაგალითზე.

5. როგორ დაეხმარა ცხვრის მწყემსვა დავითს იეჰოვასადმი შიშის სწავლაში?

5 იეჰოვამ უარყო ისრაელის პირველი მეფე საული, რადგან მას ხალხისა ეშინოდა, ღვთის შიში კი არ ჰქონდა (1 მეფეთა 15:24—26). მეორე მხრივ, დავითის ცხოვრება და იეჰოვასთან მისი ახლო ურთიერთობა ცხადყოფს, რომ ის ნამდვილად ღვთისმოშიში კაცი იყო. ჯერ კიდევ ბავშვობიდან დავითი ხშირად მწყემსავდა მამის ცხვარს (1 მეფეთა 16:11). ცხვრის მწყემსვისას დავითს არაერთი ღამე გაუტარებია ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, რაც დაეხმარებოდა, გაეგო, რას ნიშნავს იეჰოვასადმი შიში. თუმცა დავითს უკიდეგანო სამყაროს შესახებ მხოლოდ მწირი ცოდნა ჰქონდა, ის სწორ დასკვნამდე მივიდა — ღმერთი იმსახურებს ჩვენს პატივისცემასა და თაყვანისცემას. მოგვიანებით ის წერდა: „როცა შევხედავ შენს ცას — შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე: რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?“ (ფსალმუნები 8:4, 5).

6. რა გრძნობა დაეუფლა დავითს, როდესაც იეჰოვას დიდებულებას ჩასწვდა?

6 დავითი ხედავდა, თუ რა პატარა იყო თვითონ ვარსკვლავებით მოჭედილ უზარმაზარ ცასთან შედარებით, რაც მას მოწიწების გრძნობას ჰგვრიდა. ამის გაცნობიერებამ დავითი კი არ შეაშინა, არამედ აღძრა, განედიდებინა იეჰოვა და ეთქვა: „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო“ (ფსალმუნები 18:2). ღვთისადმი ასეთმა მოკრძალებამ დავითი უფრო დაახლოვა იეჰოვასთან და იმის სურვილი გაუჩინა, რომ მისი სრულყოფილი გზების შესახებ მეტი გაეგო და მიჰყოლოდა მათ. წარმოიდგინეთ, რას გრძნობდა დავითი, როდესაც იეჰოვას უმღეროდა: „დიდი და სასწაულთმოქმედი ხარ, შენ ხარ ერთი ღმერთი. დამაყენე, უფალო, შენს გზაზე, რათა ვიარო შენი ჭეშმარიტებით. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით“ (ფსალმუნები 85:10, 11).

7. როგორ დაეხმარა ღვთისმოშიშება დავითს გოლიათთან ბრძოლაში?

7 როდესაც ფილისტიმელებმა ისრაელებს შეუტიეს, დაახლოებით სამმეტრიანი გოლიათი ისრაელებს დასცინოდა და, ფაქტობრივად, ეუბნებოდა: ‘გამომიყვანეთ ვინმე, რომ პირისპირ შემებრძოლოს! თუ ის გაიმარჯვებს, ჩვენ თქვენი მსახურნი ვიქნებით’ (1 მეფეთა 17:4—10). საული და ყველა მისი მეომარი შიშმა აიტანა, მაგრამ დავითი — არა. მან იცოდა, რომ მხოლოდ იეჰოვას შიში უნდა ჰქონოდა და არა — ადამიანის, როგორი ძლიერიც უნდა ყოფილიყო იგი. „მე . . . ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით გამოვდივარ, — უთხრა დავითმა გოლიათს, — და შეიტყობს მთელი ქვეყანა, რომ ჰყავს ისრაელს ღმერთი. და შეიტყობს მთელი ქვეყანა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, რომ უფლის ნებაზეა ომი“. იეჰოვას დახმარებით, დავითმა შურდულითა და ერთ ქვით გოლიათი მოკლა (1 მეფეთა 17:45—47).

8. რას გვასწავლის ბიბლიაში მოხსენიებულ ღვთისმოშიშ ადამიანთა მაგალითები?

8 დავითის მსგავსად ჩვენც შეიძლება რთული დაბრკოლებებისა და ძლიერი მტრების წინაშე აღმოვჩნდეთ. რის გაკეთება შეგვიძლია ამ დროს? დავითისა და ძველი დროის სხვა ერთგული მსახურების მსგავსად, ღვთისმოშიშება უნდა გამოვავლინოთ. ღვთისადმი შიში ადამიანებისადმი შიშზე ძლიერია. ღვთის ერთგული მსახური ნეემია მტრებისგან შევიწროებულ თანამემამულეებს მოუწოდებდა: „ნუ გეშინიათ მათი, გაიხსენეთ უფალი, დიდი და საშინელი“ (ნეემია 4:14). იეჰოვას დახმარებით დავითმა, ნეემიამ და ღვთის სხვა ერთგულმა მსახურებმა წარმატებით შეასრულეს მათთვის დაკისრებული დავალება. თუ ღვთისმოშიშებას გამოვავლენთ, ჩვენც ვიქნებით წარმატებულნი.

რთულ სიტუაციებში ღვთისმოშიშების გამოვლენა

9. რა სიტუაციებში ცხადყო დავითმა, რომ ღვთისმოშიში კაცი იყო?

9 გოლიათის დამარცხების შემდეგ იეჰოვამ დავითს სხვა გამარჯვებებიც მოუტანა. მაგრამ შურით აღძრული საული თავიდან იმპულსურად და შემდეგ ვერაგულად შეეცადა დავითის მოკვლას; ბოლოს ჯარი შეკრიბა და ისე სცადა თავისი მიზნის განხორციელება. იეჰოვამ დავითი დაარწმუნა, რომ მეფე გახდებოდა, მაგრამ ღვთის ეს ერთგული მსახური წლების განმავლობაში დევნილი უნდა ყოფილიყო, ებრძოლა და დალოდებოდა დროს, როდესაც იეჰოვა გაამეფებდა. ამ განსაცდელების გადატანით დავითმა ცხადყო, რომ ჭეშმარიტი ღვთის შიში ჰქონდა (1 მეფეთა 18:9, 11, 17; 24:2).

10. როგორ გამოავლინა დავითმა ღვთისმოშიშება რთულ სიტუაციაში?

10 ერთხელ დავითმა თავი შეაფარა ფილისტიმის ქალაქ გათს, რომელიც გოლიათის სამშობლო იყო და სადაც აქიში მეფობდა (1 მეფეთა 21:11—16). მეფის მსახურებმა დავითი ერის მტრად გამოაცხადეს. როგორ მოიქცა დავითი? მან მხურვალე ლოცვით მიმართა იეჰოვას (ფსალმუნები 55:2—5, 12—14). თუმცა დავითმა თავი მოიგიჟიანა, მან იცოდა, რომ, სინამდვილეში, იეჰოვამ იხსნა იგი და აკურთხა მისი მცდელობა. დავითი მთელი გულით იყო იეჰოვაზე მინდობილი და სჯეროდა მისი, რითაც ცხადყო, რომ ნამდვილად ღვთისმოშიში იყო (ფსალმუნები 33:5—7, 10—12).

11. როგორ შეგვიძლია განსაცდელების დროს ცხადვყოთ, რომ, დავითის მსგავსად, ღვთისმოშიშები ვართ?

11 პრობლემებთან გამკლავებისას დავითის მსგავსად ჩვენც შეგვიძლია ღვთისადმი შიშის გამოვლენა, თუ ვენდობით იეჰოვას და გვჯერა მისი დანაპირების. „მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს“, — თქვა დავითმა (ფსალმუნები 36:5). ეს იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვას, უბრალოდ, ვეტყვით ჩვენი პრობლემის შესახებ, თავად კი არაფერს გავაკეთებთ მის მოსაგვარებლად და დაველოდებით, რას გააკეთებს ჩვენს სასარგებლოდ. დავითი მხოლოდ იმით არ დაკმაყოფილებულა, რომ ლოცვაში ღმერთს დახმარება სთხოვა. მან იეჰოვასგან ბოძებული ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები პრობლემებთან გასამკლავებლად გამოიყენა. და მაინც, დავითმა იცოდა, რომ წარმატებისთვის მხოლოდ ადამიანის ძალისხმევა არ კმარა. ასეთივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ჩვენც. მას შემდეგ, რაც ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ, დანარჩენი იეჰოვას უნდა მივანდოთ. ხშირად არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია და მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, იეჰოვას მივენდოთ. სწორედ ასეთ დროს ჩანს, თუ რამდენად ღვთისმოშიშები ვართ. ჩვენთვის მანუგეშებელია დავითის სიტყვები: „იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა მის მოშიშებს აქვთ“ (ფსალმუნები 25:14, აქ [24:14]).

12. რატომ უნდა მოვეკიდოთ ჩვენს ლოცვებს სერიოზულად და როგორ აზროვნებას უნდა მოვერიდოთ?

12 სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ლოცვებსა და ღმერთთან ურთიერთობას. როდესაც იეჰოვას ვუახლოვდებით, ‘უნდა გვწამდეს, რომ ის არსებობს და თავის გულმოდგინედ მძებნელს აჯილდოებს’ (ებრაელები 11:6; იაკობი 1:5—8). როცა ის გვეხმარება, „მადლიერნი“ უნდა ვიყოთ, როგორც ამას მოციქული პავლე გვირჩევს (კოლოსელები 3:15, 17). არ უნდა დავემსგავსოთ მათ, რომელთა შესახებაც ერთი ცხებული ქრისტიანი წერდა: «ისინი ფიქრობენ, რომ თითქოს ღმერთი „ზეციერი ოფიციანტია“. როცა თვითონ რამე სჭირდებათ, მაშინვე უნდათ, რომ მოვიდეს. როგორც კი ის სურვილს აუსრულებს, უკვე აღარ სჭირდებათ იგი». ასეთი დამოკიდებულება იმაზე მეტყველებს, რომ მათ ღვთის შიში არა აქვთ.

ღვთისადმი შიშის დაკარგვა

13. როდის არ გამოავლინა დავითმა ღვთის კანონისადმი პატივისცემა?

13 გაჭირვების დროს იეჰოვასგან დახმარების მიღებამ დავითს ღვთისადმი შიში გაუღრმავა და ნდობა განუმტკიცა (ფსალმუნები 30:23—25). მაგრამ სამ მნიშვნელოვან შემთხვევაში დავითმა ღვთისმოშიშება არ გამოავლინა, რამაც სერიოზული შედეგები მოუტანა. პირველ შემთხვევაში, ნაცვლად იმისა, რომ ღვთის კანონის თანახმად, იეჰოვას შეთანხმების კიდობანი ლევიანებს მხრებით გადაეტანათ იერუსალიმში, იგი ურემზე დადეს. როდესაც ყუზამ ხელი შეაშველა კიდობანს, რომ არ გადმოვარდნილიყო, ღმერთმა მაშინვე მოკლა ის ამ „უპატივცემულო საქციელისთვის“ (აქ). ნამდვილად, ყუზამ სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ, ფაქტობრივად, დავითმა არ გამოავლინა ღვთის კანონისადმი სათანადო პატივისცემა, რასაც ტრაგიკული შედეგი მოჰყვა. ღვთისადმი შიშის გამოვლენა მისი ნების თანახმად ცხოვრებას ნიშნავს (2 მეფეთა 6:2—9; რიცხვნი 4:15; 7:9).

14. რა შედეგი მოჰყვა დავითის მიერ ისრაელების აღრიცხვას?

14 მოგვიანებით, სატანის მიერ აღძრულმა დავითმა ისრაელის მეომრები აღრიცხა (1 ნეშტთა 21:1). ამგვარი მოქმედებით დავითმა არ გამოავლინა ღვთისადმი შიში, რასაც 70 000 ისრაელის სიკვდილი მოჰყვა. მართალია, დავითმა იეჰოვას წინაშე მოინანია, მაგრამ მისმა გადაწყვეტილებამ სავალალო შედეგები მოუტანა როგორც მას, ისე ხალხს (2 მეფეთა 24:1—16).

15. რატომ ჩაიდინა დავითმა უზნეობა?

15 დავითმა კიდევ ერთ შემთხვევაში არ გამოავლინა ღვთისადმი შიში, როცა ბათშებაყთან, ურიას ცოლთან, უზნეობა ჩაიდინა. დავითმა იცოდა, რომ მრუშობა ან სხვისი ცოლის ნდომაც კი არასწორი იყო (გამოსვლა 20:14, 17). ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მეფემ თვალი მოჰკრა მობანავე ბათშებაყს. ღვთისადმი სათანადო შიშს დავითი მაშინვე უნდა აღეძრა, რომ თვალი მოერიდებინა ბათშებაყისთვის და ფიქრები სხვა რამეზე გადაეტანა. ნაცვლად ამისა დავითი, როგორც ჩანს, განაგრძობდა ყურებას მანამ, სანამ ვნებამ ღვთისადმი შიში არ სძლია (მათე 5:28; 2 მეფეთა 11:1—4). დავითს იმ მომენტში დაავიწყდა, თუ რა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა იეჰოვა მის ცხოვრებაში (ფსალმუნები 138:1—7).

16. რა შედეგები მოიმკა დავითმა თავისი არასწორი მოქმედებისთვის?

16 ბათშებაყთან მრუშობის შედეგად დავითს ვაჟი შეეძინა. ცოტა ხანში იეჰოვამ წინასწარმეტყველი ნათანი მიუგზავნა დავითს, რომელმაც ის ცოდვაში ამხილა. მას შემდეგ, რაც გონს მოეგო, დავითს ღვთისადმი შიში დაუბრუნდა, და მან მოინანია. დავითი იეჰოვას შეევედრა, ზურგი არ ექცია და წმინდა სული არ წაერთმია მისთვის (ფსალმუნები 50:9, 13). იეჰოვამ მიუტევა დავითს და სასჯელი შეუმსუბუქა, მაგრამ მისი მოქმედების ცუდი შედეგებისგან არ დაუცვია იგი. დავითს ვაჟი მოუკვდა და, მას შემდეგ, მის ოჯახს მწუხარება და უბედურება არ მოშორებია. რა ძვირად დაუჯდა დავითს ღვთისადმი შიშის უგულებელყოფა! (2 მეფეთა 12:10—14; 13:10—14; 15:14).

17. მოიყვანეთ იმის მაგალითი, თუ რა მტკივნეული შედეგები მოაქვს ცოდვილ ქმედებებს.

17 დღესაც ზნეობრივ საკითხებში ღვთის შიშის უგულებელყოფამ შეიძლება სერიოზული ზიანი მოგვაყენოს. წარმოიდგინეთ, რამხელა ტკივილს იგრძნობდა ერთი ახალგაზრდა ქალი, როცა გაიგო, რომ ქრისტიანმა მეუღლემ, რომელიც სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა, უღალატა. გაოგნებულმა და გულმოკლულმა სახეზე ხელები აიფარა და აქვითინდა. რამდენი ხანი დასჭირდებოდა მის ქმარს, რომ კვლავ მოეპოვებინა ცოლის ნდობა და პატივისცემა? ღვთისადმი ნამდვილი შიში ასეთი სამწუხარო შედეგებისგან დაიცავს ადამიანს (1 კორინთელები 6:18).

ღვთისადმი შიში ცოდვის ჩადენისგან გვიცავს

18. ვინ არის სატანის სამიზნე და რა მეთოდებს იყენებს თავისი მიზნის მისაღწევად?

18 სატანის გავლენით ქვეყნიერებაში ზნეობრივი ფასეულობები სწრაფად ეცემა; განსაკუთრებით სატანას ჭეშმარიტი ქრისტიანების გახრწნა სურს. ამ მიზნის მისაღწევად ის ჩვენს თვალებსა და ყურებს იყენებს, რათა გრძნობებზე იმოქმედოს და ამგვარად გულსა და გონებაში შეაღწიოს (ეფესოელები 4:17—19). როგორ რეაგირებთ, როცა მოულოდნელად ამორალურ სურათებს ხედავთ, უწმაწური სიტყვები გესმით ან უზნეო ადამიანებს აწყდებით?

19. როგორ დაეხმარა ღვთისადმი შიში ერთ ქრისტიანს ცდუნების დაძლევაში?

19 განვიხილოთ ანდრეს * მაგალითი, რომელიც ქრისტიანი უხუცესი და მამაა; ის ევროპაში მუშაობს ექიმად. საავადმყოფოში ღამით მორიგეობისას ანდრეს თანამშრომელი ქალები ბალიშზე გულებით მოხატულ სასიყვარულო ბარათებს უდებდნენ და სქესობრივ ურთიერთობას სთავაზობდნენ. ანდრე მტკიცე უარს ამბობდა მათ წინადადებაზე. უფრო მეტიც, ამ ცუდ გარემოს რომ გასცლოდა, სამუშაოდ ის სხვაგან გადავიდა. ღვთისმოშიშების გამოვლენა გონივრული აღმოჩნდა და კურთხევები მოუტანა — დღეს ის თავის ქვეყანაში იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მსახურობს დროდარო.

20, 21. ა) როგორ დაგვეხმარება ღვთისადმი შიში, არ შევცოდოთ? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

20 თუ ადამიანი გამუდმებით იმაზე ფიქრობს, რაც ღვთის თვალში არასწორია, ამან შეიძლება მას ღმერთთან ძვირფასი ურთიერთობა გაუფუჭოს — გააკეთოს ის, რისი გაკეთების უფლებაც არა აქვს (იაკობი 1:14, 15). მეორე მხრივ, თუ იეჰოვასი გვეშინია, გავერიდებით ისეთ ხალხს, ადგილებს, მოქმედებებსა და გართობებს, რომლებიც ზნეობრივ საკითხებთან დაკავშირებით სიფხიზლეს მოგვიდუნებდა (იგავები 22:3). როგორ უხერხულ მდგომარეობაშიც უნდა აღმოვჩნდეთ და რა მსხვერპლის გაღებაც უნდა მოგვიწიოს, ეს არაფერია იეჰოვას კეთილგანწყობის დაკარგვასთან შედარებით (მათე 5:29, 30). ვიყოთ ღვთისმოშიშნი ნიშნავს, შეგნებულად ავარიდოთ თავი ნებისმიერ უზნეობას, მათ შორის ყოველგვარ პორნოგრაფიას, და ‘მოვარიდოთ თვალი ამაოების ცქერას’. თუ ასე ვიქცევით, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა ‘გვაცოცხლებს’ და მოგვცემს ყველაფერს, რაც ნამდვილად გვჭირდება (ფსალმუნები 83:12; 118:37).

21 მართლაც, ღვთისადმი ნამდვილი შიშის გამოვლენა ყოველთვის გონივრულია. ღვთისმოშიშებას აგრეთვე ჭეშმარიტი ბედნიერება მოაქვს (ფსალმუნები 33:10). ამას უფრო ნათლად მომდევნო სტატია დაგვანახვებს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 იხილეთ 1998 წლის 8 იანვრის „გამოიღვიძეთ!“–ში „ბიბლიის თვალსაზრისი — როგორ შეგიძლია გეშინოდეს სიყვარულის ღმერთის?“ გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 19 სახელი შეცვლილია.

შეგიძლიათ ახსნათ?

• რომელ ქრისტიანულ თვისებებთან არის დაკავშირებული ღვთისმოშიშება?

• როგორ მოქმედებს ღვთისადმი შიში ადამიანებისადმი შიშზე?

• როგორ ცხადვყოფთ, რომ სათანადოდ ვეკიდებით ლოცვას?

• როგორ გვიცავს ღვთის შიში ცოდვის ჩადენისგან?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 23 გვერდზე]

იეჰოვას შემოქმედების ნაყოფზე დაკვირვებით დავითმა ღვთისმოშიშება ისწავლა.

[სურათები 24 გვერდზე]

როგორ რეაგირებას მოახდენთ, როდესაც მოულოდნელად ცდუნების წინაშე აღმოჩნდებით?