არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის შიში „სიბრძნეს ასწავლის კაცს“

ღვთის შიში „სიბრძნეს ასწავლის კაცს“

ღვთის შიში „სიბრძნეს ასწავლის კაცს“

ჭეშმარიტმა სიბრძნემ დიდი ნადიმი გამართა. მან «დაგზავნა თავისი მხევალნი, მოუწოდა ქალაქის მაღლობთა წვერიდან: „ვინც ბრიყვია [„გამოუცდელია“, აქ], აქეთ შემოუხვიოს“! უგუნურს უთხრა მან: „მოდით, ჭამეთ ჩემი პური და სვით ღვინო, ჩემი შეზავებული. დატოვეთ სიბრიყვე და იცოცხლეთ და იარეთ გონიერების გზით“» (იგავები 9:1—6).

სიბრძნის მაგიდასთან ნადიმობა არასდროს არის საზიანო. წიგნ იგავებში ჩაწერილი ღვთისგან მომდინარე სიბრძნის მოსმენასა და მისი შეგონების მიღებას მხოლოდ კარგი შედეგი გამოაქვს. ამ მხრივ გამონაკლისს არც იგავების 15:16—33–ში ჩაწერილი ბრძნული გამონათქვამები წარმოადგენს *. მასში მოცემული რჩევების გამოყენება დაგვეხმარება, დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გვაქვს, გავიზარდოთ სულიერად და გავიხაროთ სიცოცხლით. ეს რჩევები აგრეთვე დაგვეხმარება, მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები და სიცოცხლის გზაზე ვიაროთ.

მცირედის ქონა უკეთესია

„სჯობს გქონდეს მცირედი, მაგრამ უფლისადმი შიშით, ვიდრე დიდი საუნჯე და მასთან ერთად შფოთვა“, — თქვა ძველი ისრაელის მეფე სოლომონმა (იგავები 15:16). უგუნურად იქცევა ის, ვინც უარყოფს შემოქმედს და ცხოვრებაში პირველ ადგილზე სიმდიდრეს აყენებს. ასეთი ცხოვრება დამქანცველია და წუხილით აღსავსე. რა სამწუხარო იქნებოდა, თუ ადამიანი სიბერეში აღმოაჩენდა, რომ მისი ცხოვრება ფუჭი იყო! სიმდიდრის დაგროვება და შფოთში ცხოვრება ნამდვილად არაგონივრულია. რამდენად უკეთესია, ვიცოდეთ, როგორ მივაღწიოთ ნამდვილ კმაყოფილებას და ამ ცოდნის თანახმად ვიცხოვროთ! ნამდვილი კმაყოფილება იეჰოვასადმი შიშსა და მასთან ურთიერთობას მოაქვს და არა მატერიალური ნივთების დაგროვებას (1 ტიმოთე 6:6—8).

სოლომონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სხვებთან კარგი ურთიერთობა სიმდიდრეზე ბევრად ძვირფასია. მან თქვა: „სჯობს გქონდეს მწვანილის სადილი და სიყვარული, ვიდრე ნასუქალი ხარი და სიძულვილი მასთან ერთად“ (იგავები 15:17). მართლაც, ოჯახში თბილი ატმოსფერო უფრო სასურველია, ვიდრე საუკეთესო საჭმელები. მარტოხელა მშობლიან ოჯახებს შესაძლოა მცირე შემოსავლით გააქვთ თავი. ზოგ ქვეყანაში ხალხს მხოლოდ უბრალო საკვები აქვს. მიუხედავად ამისა, ოჯახები ბედნიერია იქ, სადაც სიყვარული და თბილი ურთიერთობებია.

და მაინც, დროდადრო პრობლემები იმ ოჯახებშიც შეიძლება წარმოიშვას, სადაც თბილი ურთიერთობებია. შესაძლოა ოჯახის ერთმა წევრმა ისეთი რამე თქვას ან გააკეთოს, რომ მეორე გაანაწყენოს. როგორ უნდა მოიქცეს განაწყენებული პიროვნება? იგავების 15:18–ში ნათქვამია: «ფიცხი კაცი აღვივებს განხეთქილებას, სულგრძელი [„რისხვაში ნელი“, აქ] კი აქრობს შუღლს». რბილად ნათქვამი სიტყვა ხელს უწყობს მშვიდობის შენარჩუნებას. ამ იგავში მოცემული რჩევა შეგვიძლია ასევე გამოვიყენოთ კრებასა და სამქადაგებლო საქმიანობაში.

როდესაც ‘ბილიკი მოსწორებულია’

შემდეგი იგავი ყურადღებას ამახვილებს ორ ადამიანზე, რომელთაგან ერთი ყურად იღებს სიბრძნეს, მეორე კი — არა. ბრძენი მეფე ამბობს: „ზარმაცის გზა ასკილის ღობესავითაა, მართალთა ბილიკი კი მოსწორებულია“ (იგავები 15:19, აქ).

ასკილის ღობე ეკლიანია. ზარმაცი ადამიანი ათასნაირ დაბრკოლებას გამოძებნის თავის გასამართლებლად, რათა საქმე არ გააკეთოს. მეორე მხრივ, მართალს არ აშინებს დაბრკოლებები, რომლებიც შეიძლება შეხვდეს. ის გულმოდგინედ ასრულებს ნებისმიერ საქმეს და წინდახედულია. ამით ის თავიდან ირიდებს „ეკლის“ მსგავს პრობლემებს, რომლებიც შესაძლოა დაუდევრობის შემთხვევაში ჰქონოდა. მისი ‘ბილიკი მოსწორებულია’ ანუ ის წარმატებულია. მართალი იწყებს საქმეს და უხარია, როცა ის წინ მიიწევს.

მაგალითად, ღვთის სიტყვის საფუძვლიანი ცოდნის შეძენასა და სულიერ წინსვლას ძალისხმევა სჭირდება. პიროვნებამ, რომელიც გულმოდგინედ არ იკვლევს ბიბლიას, შეიძლება მოიმიზეზოს, რომ არა აქვს საკმარისი განათლება, უჭირს კითხვა და ვერ იმახსოვრებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცოდნის მიღებისას ასეთი მიზეზები ადამიანმა დაბრკოლებებად არ აქციოს! მაშინაც კი, როცა შეზღუდული შესაძლებლობები გვაქვს, შეგვიძლია ყველანაირად ვეცადოთ, რომ უკეთესად კითხვა ვისწავლოთ, გავაანალიზოთ წაკითხული და საჭიროების შემთხვევაში ლექსიკონიც გამოვიყენოთ. დადებითი განწყობა დაგვეხმარება ცოდნის შეძენასა და სულიერ წინსვლაში.

როდესაც ‘მამა ხარობს’

ისრაელის მეფე ამბობს: „ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვი ადამიანი კი აბუჩად იგდებს თავის დედას“ (იგავები 15:20). განა არ ხარობენ მშობლები, როდესაც მათი შვილები გონივრულად იქცევიან?! ამის მისაღწევად მშობლებმა სწორად უნდა აღზარდონ და დაარიგონ შვილები (იგავები 22:6). მართლაც, ბრძენ ვაჟს მშობლებისთვის დიდი სიხარული მოაქვს, ბრიყვი შვილი კი მუდმივი დარდია.

ბრძენი მეფე შემდეგ ამბობს: „სისულელე სიხარულია ბრიყვისა, გონიერი კაცი კი სწორად მავალია“ (იგავები 15:21). უგუნურს უაზრო სიცილი და გართობა ახარებს, რასაც ნამდვილად არ მოაქვს კმაყოფილება და ბედნიერება. მაგრამ გამჭრიახი ხედავს, რომ უგუნურებაა, იყო ‘სიამოვნებათა მოყვარული, ვიდრე ღვთისა’ (2 ტიმოთე 3:1, 4). ღვთის პრინციპების დაცვა ეხმარება მას, სწორ გზაზე იაროს.

როდესაც „მიზანი მიიღწევა“

ღვთის პრინციპების გამოყენება ცხოვრების სხვა სფეროებშიც გვეხმარება. იგავების 15:22–ში (აქ) ნათქვამია: „გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება; სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა“.

გულახდილი საუბარი ადამიანებს შორის პირად საკითხებზე გულწრფელ საუბარს ნიშნავს. ებრაული სიტყვა, რომელიც იგავების 15:22–ში ნათარგმნია როგორც „გულახდილი საუბარი“, ფსალმუნების 89:7–ში (აქ [88:8]) ითარგმნა როგორც „ახლოს მყოფები“. ის ახლო ურთიერთობაზე მიუთითებს. გულახდილი საუბარი აზრებისა და გრძნობების გულწრფელად გაზიარებას ნიშნავს და არა, უბრალოდ, ზედაპირულ საუბარს. ოჯახში, სადაც თითოეული წევრი ასეთ დამოკიდებულებას ავლენს, მშვიდობა და ერთიანობა სუფევს. მაგრამ ისინი, რომლებიც გულახდილად არ საუბრობენ, იმედგაცრუებულები რჩებიან და ოჯახში პრობლემები აქვთ.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას გონივრულია, გავითვალისწინოთ შემდეგი რჩევა: „სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა“. მაგალითად, განა გონივრული იქნება, მკურნალობის მეთოდის შერჩევისას მხოლოდ ერთი ექიმის აზრით დავკმაყოფილდეთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე სერიოზულ ავადმყოფობას ეხება?

ბევრი მრჩევლის ყოლა სულიერი საკითხების გადაწყვეტის დროსაც მნიშვნელოვანია. როდესაც უხუცესები ერთმანეთს რჩევას ეკითხებიან და ერთად იღებენ ბრძნულ გადაწყვეტილებას, „მიზანიც მიიღწევა“. გარდა ამისა, ახლად დანიშნულმა ზედამხედველებმაც უნდა მიმართონ რჩევისთვის უფროსი ასაკის გამოცდილ უხუცესებს, განსაკუთრებით სერიოზულ საკითხებთან დაკავშირებით.

როდესაც „პასუხი ახარებს“

რა შედეგი გამოაქვს აზრიან საუბარს? ისრაელის მეფე ამბობს: „კაცს თავისი პირით გაცემული პასუხი ახარებს. რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!“ (იგავები 15:23, აქ). განა არ გვიხარია, როცა ჩვენს აზრს ან რჩევას ითვალისწინებენ და კარგი შედეგებიც სახეზეა? მაგრამ ჩვენი რჩევა რომ ეფექტური იყოს, ის ორ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს.

უპირველესად, რჩევა ღვთის სიტყვაზე, ბიბლიაზე, უნდა იყოს დაფუძნებული (ფსალმუნები 118:105; 2 ტიმოთე 3:16, 17). მეორე, ის შესაფერის დროს უნდა იყოს ნათქვამი. რაც უნდა კარგი რჩევა იყოს, თუ დროულად არ იქნება ნათქვამი, ვერ გამოიღებს კარგ შედეგს. მაგალითად, არაგონივრული იქნება, თუ ადამიანს ბოლომდე მოსმენის გარეშე მივცემთ რჩევას. მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენგანი ‘სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვაში’! (იაკობი 1:19).

„ცხოვრების გზა მაღლა მიდის“

იგავების 15:24–ში ნათქვამია: „გონიერის ცხოვრების გზა მაღლა მიდის, რათა დაბლა განერიდოს შავეთს“. ადამიანი, რომელიც წვდომის უნარს ავლენს, არ ადგას შეოლისკენ — საერთო საკაცობრიო სამარისკენ — მიმავალ გზას. ის თავს არიდებს უზნეო ცხოვრებას, ბოროტად არ იყენებს ნარკოტიკებს და არ ლოთობს; ამგვარად თავს იცავს ნაადრევი სიკვდილისგან. ის სიცოცხლის გზით მიდის.

ამის საპირისპიროდ, მათ შესახებ, რომელთაც წვდომის უნარი აკლიათ, იგავებში ნათქვამია: „ამპარტავანთა სახლს აღმოფხვრის უფალი, ქვრივის საზღვარს კი აღადგენს. ბოროტის განზრახვანი უფლისთვის სისაძაგლეა, საამური სიტყვები კი — სუფთა. ის ვინც მომხვეჭელობს, თავის სახლს აუბედურებს, ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს“ (იგავები 15:25—27).

იმის დასანახვებლად, თუ როგორ ავირიდოთ ზედმეტი პრობლემები, ისრაელის მეფე ამბობს: „მართლის გული დაფიქრდება საპასუხოდ, უკეთურთა პირი ბოროტებას ღვრის“ (იგავები 15:28). მართლაც რომ შესანიშნავი რჩევაა! დაუფიქრებელ პასუხს ცუდი შედეგი გამოაქვს. როდესაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფაქტორს ვითვალისწინებთ, მათ შორის სხვა ადამიანების ინტერესებსა და გრძნობებს, ისეთს არაფერს ვიტყვით, რასაც ვინანებთ.

რა სარგებლობა მოაქვს ღვთის შიშსა და მისგან დარიგების მიღებას? ბრძენი მეფე გვპასუხობს: „უფალი შორსაა უკეთურთაგან, მართალთა ლოცვა კი შესმენილ იქნება“ (იგავები 15:29). ჭეშმარიტი ღმერთი შორს არის ბოროტებისგან. ბიბლიაში ნათქვამია: „ვინც რჯულის მოსმენისაგან ყურს გადახრის, მისი ლოცვაც სისაძაგლეა“ (იგავები 28:9). მათ, ვისაც ღვთის შიში აქვთ, და ცდილობენ სწორად მოიქცნენ მის თვალში, შეუძლიათ თავისუფლად მიმართონ ღმერთს და სრულიად დარწმუნებულები იყვნენ, რომ ის მოისმენს მათ ლოცვებს.

ის, რაც „ახარებს გულს“

სოლომონმა გამოიყენა დამაფიქრებელი შედარება: „თვალთა სინათლე ახარებს გულს, კარგი ამბავი კი ძვალს აპოხიერებს“ (იგავები 15:30). ძვლები იმ შემთხვევაშია „პოხიერი“, თუ მათში ძვლის ტვინი საკმარისი რაოდენობით არის. ის ძალას მატებს სხეულს და გულს ახარებს. ადამიანის გაბრწყინებული თვალები იმაზე მეტყველებს, რომ გულს უხარია. ეს კი კარგი ამბავის გაგების შედეგად ხდება!

განა არსებობს იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე იმის გაგება, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლობა მთელ მსოფლიოში წინ მიიწევს? იმის ცოდნა, თუ როგორ სრულდება სამეფოს შესახებ ქადაგება და მოწაფეების მომზადების საქმიანობა, აღგვძრავს, მსახურებაში უფრო მეტად მივიღოთ მონაწილეობა (მათე 24:14; 28:19, 20). გულს სიხარულით გვივსებს მათი შემთხვევები, რომლებიც იეჰოვას მსახურები ხდებიან და ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში ერთიანდებიან. რადგან „კარგი ამბავი შორი ქვეყნიდან“ ასეთ დიდ გავლენას ახდენს, მნიშვნელოვანია, ზუსტად და კეთილსინდისიერად ჩავაბაროთ სამქადაგებლო მსახურების ანგარიში! (იგავები 25:25).

„თავმდაბლობა წინ უსწრებს დიდებას“

ბრძენმა მეფემ ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა დარიგების მიღება. მან თქვა: „სასიცოცხლო შეგონების მომსმენი ყური ბრძენთა შორის არის. ვინც დარიგებას ყურად არ იღებს, საკუთარ სულს უარყოფს, შეგონების მომსმენი კი გულს იძენს“ (იგავები 15:31, 32, აქ). შეგონება ანუ დარიგება ადამიანის გულამდე აღწევს, მოქმედებს მასზე და გონიერს ხდის მას. გასაკვირი არ არის, რომ „აღზრდისას ჯოხის გამოყენება“ ‘ყმაწვილის გულიდან უგუნურებას გამოდევნის’! (იგავები 22:15, აქ). ის, ვინც დარიგებას ისმენს, გულსაც ანუ კეთილ ზრახვებსაც იძენს. მეორე მხრივ, დარიგების უგულებელყოფა სიცოცხლის უარყოფას ნიშნავს.

მართლაც, ბრძნული დარიგების თავმდაბლურად მიღებას კურთხევები მოჰყვება. ასე მოქცევით მივაღწევთ წარმატებასა და მიზანს, დაგვეუფლება კმაყოფილების გრძნობა და სიხარული; და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვექნება დიდება და სიცოცხლე. იგავების მე–15 თავი შემდეგი სიტყვებით მთავრდება: „იეჰოვას შიში სიბრძნეს ასწავლის კაცს, თავმდაბლობა წინ უსწრებს დიდებას“ (იგავები 15:33, აქ).

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 იგავების 15:1—15 დაწვრილებით განხილულია 2006 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 13—16.

[სურათი 17 გვერდზე]

ოჯახში თბილი ატმოსფერო და სიყვარული უფრო სასურველია, ვიდრე საუკეთესო საჭმელები.

[სურათი 18 გვერდზე]

მაშინაც კი, თუ შეზღუდული შესაძლებლობები გვაქვს, დადებითი განწყობა დაგვეხმარება ცოდნის შეძენაში.

[სურათი 19 გვერდზე]

გულახდილი საუბარი აზრებისა და გრძნობების გულწრფელად გაზიარებას ნიშნავს.

[სურათი 20 გვერდზე]

იცით, როგორ ‘აპოხიერებს კარგი ამბავი ძვლებს’?