არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყველა ადამიანის ღირსების დაფასება შესაძლებელია

ყველა ადამიანის ღირსების დაფასება შესაძლებელია

ყველა ადამიანის ღირსების დაფასება შესაძლებელია

„ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი — გაცილებით უკეთესი — მსოფლიო, რომელშიც ადამიანის ღირსება მარადიულად დაფასდება“ (აშშ–ის პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი, სან–ფრანცისკო, კალიფორნიის შტატი, 1945 წლის 25 აპრილი).

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სხვა მრავალი ადამიანის მსგავსად, პრეზიდენტ ტრუმანს სჯეროდა, რომ წარსულის გაკვეთილი ადამიანებს დაანახვებდა „ახალი მსოფლიოს“ შექმნის აუცილებლობას, სადაც ყველას ღირსება დაფასდებოდა. სამწუხაროდ, თანამედროვე ისტორია სრულიად განსხვავებულ სურათს გვთავაზობს. ადამიანის ღირსება კვლავაც ითელება, რადგან ამ პრობლემის მთავარი მიზეზი ადამიანი კი არ არის, არამედ — ადამიანის უდიდესი მტერი.

პრობლემის მთავარი მიზეზი

ბიბლიის თანახმად, ეს მტერი სატანა ეშმაკია, ბოროტი სულიერი ქმნილება, რომელმაც კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდანვე ეჭვქვეშ დააყენა ღვთის მმართველობის უფლება. სატანა ედემის ბაღში ევას იმ მიზნით დაელაპარაკა, რომ ადამიანები შემოქმედისგან ჩამოეშორებინა (დაბადება 3:1—5). ადამი და ევა ეშმაკის სიტყვებისამებრ მოიქცნენ, რამაც მათ დამღუპველი შედეგები მოუტანა. მას შემდეგ, რაც არ დაემორჩილნენ ღვთის კანონს და აკრძალული ნაყოფი შეჭამეს, ისინი „დაემალნენ . . . უფალ ღმერთს“. რატომ? ადამმა აღიარა: „შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ, და დავიმალე“ (დაბადება 3:8—10). ადამს საკუთარ თავზე წარმოდგენა შეეცვალა და ზეციერ მამასთან მისმა ურთიერთობამაც სხვა სახე მიიღო. მას შერცხვა და მეტად აღარ გრძნობდა თავს მშვიდად იეჰოვას წინაშე.

რატომ სურდა ეშმაკს ადამის ღირსების შელახვა? მიზეზი ის არის, რომ ადამიანი ღვთის ხატად ანუ ანარეკლად არის შექმნილი. სატანას სურს, ისე იმოქმედოს ადამიანმა, რომ ღვთის დიდების ანარეკლი დამახინჯდეს (დაბადება 1:27; რომაელები 3:23). ეს გვეხმარება იმის დანახვაში, თუ რატომ ითელებოდა ყოველთვის ისტორიის განმავლობაში ადამიანთა ღირსება. სატანა, როგორც „ამ სისტემის ღმერთი“, ხელს უწყობს ადამიანის ღირსების შემლახველი სულისკვეთების გავრცელებას და, შედეგად, „ადამიანი ბატონობს ადამიანზე მის საბოროტოდ“ (2  კორინთელები 4:4; ეკლესიასტე 8:9; 1 იოანე 5:19). ნიშნავს ეს იმას, რომ ადამიანთა ღირსება ყოველთვის შელახული იქნება?

იეჰოვა აფასებს თავისი ქმნილებების ღირსებას

კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, თუ რა პირობებში ცხოვრობდნენ ადამი და ევა ცოდვის ჩადენამდე. მათ ჰქონდათ მრავალფეროვანი საკვები, სასიამოვნო სამუშაო და სრულყოფილი ჯანმრთელობა. როგორც ადამსა და ევას, ისე მათ შთამომავლებს, შეეძლოთ უსასრულოდ ეცხოვრათ (დაბადება 1:28). ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ ღმერთს უყვარდა ისინი და მათთან დაკავშირებით დიდებული განზრახვა ჰქონდა.

გაუფასურდა ადამიანის ღირსება იეჰოვას თვალში, როდესაც ადამმა და ევამ შესცოდეს? არა. ღმერთმა გაითვალისწინა მათი გრძნობები, როდესაც სიშიშვლის გამო შერცხვათ. მან სიყვარულით მისცა ადამსა და ევას „ტყავის სამოსელი“ ლეღვის ფოთლების ნაცვლად, რომლებითაც თავად „გაიკეთეს გარშემოსარტყლები“ (დაბადება 3:7, 21). ადამისა და ევას სირცხვილის გრძნობის გასაქარწყლებლად ღმერთი პატივისცემით მოეპყრო მათ.

ისრაელ ერთან ურთიერთობის პერიოდში იეჰოვა თანაგრძნობას ავლენდა ქვრივ–ობლებისა და უცხოტომელების მიმართ — სწორედ მათ მიმართ, რომელთა ღირსებაც ყველაზე ხშირად ილახება საზოგადოებაში (ფსალმუნები 71:13). მაგალითად, ღმერთმა ისრაელებს უთხრა, რომ მარცვლეულის, ზეთისხილისა და ყურძნის აღებისას არ დაბრუნებულიყვნენ უკან მორჩენილი მოსავლის წასაღებად. ღვთის მითითების თანახმად, დარჩენილი მოსავალი მათ „ხიზნის, ობლისა და ქვრივისათვის“ უნდა დაეტოვებინათ (მეორე რჯული 24:19—21). ღვთის ამ კანონების გათვალისწინების შედეგად, აღარავინ იმათხოვრებდა და უკიდურეს სიღარიბეში მყოფთაც კი შესაფერისი სამუშაო ექნებოდათ.

იესო პატივს სცემდა სხვების ღირსებას

დედამიწაზე ყოფნისას ღვთის ძე, იესო ქრისტე, პატივისცემით ეკიდებოდა სხვების ღირსებას. მაგალითად, გალილეაში მასთან მივიდა მამაკაცი, რომელსაც მთელ სხეულზე კეთრი ჰქონდა მოდებული. მოსეს კანონის მიხედვით, ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად კეთროვანს უნდა ეყვირა: „უწმიდური! უწმიდური!“ (ლევიანები 13:45). იესოსთან მისვლით ამ კაცმა დაარღვია კანონი. ის იესოს წინაშე დაემხო და შეევედრა: „უფალო, თუკი გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა“ (ლუკა 5:12). როგორი რეაქცია ჰქონდა იესოს? მან არ გაკიცხა ის კანონის დარღვევის გამო და არ აერიდა მასთან ურთიერთობას. პირიქით, იგი პატივისცემით მოეპყრო კეთროვანს, შეეხო და უთხრა: „მსურს, განიწმინდე!“ (ლუკა 5:13).

იყო შემთხვევები, როდესაც იესო შეხების გარეშე — ზოგჯერ შორი მანძილიდანაც კი — კურნავდა ავადმყოფებს. თუმცა ამჯერად მან გადაწყვიტა, შეხებოდა კეთროვან მამაკაცს (მათე 15:21—28; მარკოზი 10:51, 52; ლუკა 7:1—10). ვინაიდან ამ მამაკაცს კეთრი „მთელ სხეულზე“ ჰქონდა მოდებული, უეჭველია, დიდი ხნის მანძილზე მას არავინ შეეხებოდა. რაოდენ მანუგეშებელი იქნებოდა მისთვის, რომ ამდენი ხნის შემდეგ მას ვიღაც შეეხო! ცხადია, კეთროვანი იესოსგან მხოლოდ განკურნებას ელოდა. მაგრამ იესომ მას დაუბრუნა არა მხოლოდ ჯანმრთელობა, არამედ უფრო მნიშვნელოვანი რამ — ღირსების გრძნობა. შესაძლებელია სხვების ღირსების ამგვარად დაფასება დღევანდელ საზოგადოებაშიც? თუ ეს შესაძლებელია, როგორ?

სხვების ღირსების დაფასების გასაღები

ბევრი თვლის, რომ ადამიანთა ურთიერთობის საკითხში ყველაზე მნიშვნელოვანი იესოს შემდეგი სიტყვების გათვალისწინებაა: „ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12). ეს პრინციპი, რომელსაც ხშირად „ოქროს წესს“ უწოდებენ, ადამიანებს ურთიერთპატივისცემისკენ აღძრავს.

ისტორია ცხადყოფს, რომ ამ პრინციპის გამოყენება ადვილი არ არის — ხშირ შემთხვევაში საკმაოდ რთულიც კია. ერთი მამაკაცი, ვუწოდოთ მას ჰაროლდი, ამბობს: „ადრე სხვების დამცირება სიამოვნებას მანიჭებდა. სულ რაღაც რამდენიმე სიტყვით შემეძლო ადამიანების შეცბუნება, უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება და ზოგჯერ ცრემლებამდე მიყვანაც კი“. მაგრამ ჰაროლდის ცხოვრებაში მოხდა გარდატეხა, რის შემდეგაც მან სხვების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ის განაგრძობს: „რამდენჯერმე დამირეკეს იეჰოვას მოწმეებმა. როცა მახსენდება, რას ვეუბნებოდი და როგორ ვეპყრობოდი მათ, სირცხვილის გრძნობა მეუფლება. ისინი განაგრძობდნენ ჩემთან ურთიერთობას. თანდათანობით ბიბლიური ჭეშმარიტება შეეხო ჩემს გულს, რამაც საკუთარ თავში ცვლილებების მოხდენისკენ აღმძრა“. დღეს ჰაროლდი უხუცესად მსახურობს ქრისტიანულ კრებაში.

ჰაროლდის შემთხვევა გვიჩვენებს, რომ „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი, ნებისმიერ ორლესულ მახვილზე ბასრი და აღწევს ხორცისა და სულის, სახსრებისა და ძვლის ტვინის გაყოფის ადგილამდე და არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრაელები 4:12). ღვთის სიტყვას აქვს ადამიანის გულამდე მიღწევის და აზროვნებისა თუ საქციელის შეცვლის ძალა. ადამიანის ღირსების დასაფასებლად აუცილებელია გვქონდეს გულწრფელი სურვილი იმისა, რომ სხვებს დავეხმაროთ და გული არ ვატკინოთ, პატივი ვცეთ და არ დავამციროთ (საქმეები 20:35; რომაელები 12:10).

როცა ყველას ღირსება დაფასდება

სწორედ ეს სურვილი აღძრავს იეჰოვას მოწმეებს, სხვებს ბიბლიური იმედის შესახებ ესაუბრონ (საქმეები 5:42). სხვების პატივისცემისა და ღირსების დაფასების საუკეთესო გზა „უკეთესობის“ შესახებ სასიხარულო ცნობის გაცხადებაა (ესაია 52:7, აქ). „უკეთესობა“ გულისხმობს „ახალი პიროვნებით“ შემოსვას, რომელშიც ჩაკლულია სხვების დამცირების „მავნებელი სურვილები“ (კოლოსელები 3:5—10). მასში აგრეთვე იგულისხმება იეჰოვას განზრახვა, რომლის თანახმადაც მალე წარსულს ჩაჰბარდება ადამიანის ღირსების შემლახველი პირობები და დამოკიდებულება. ამასთანავე, ბოლო მოეღება სატანა ეშმაკს, რომელიც ყოველივე ამის სულისჩამდგმელია (დანიელი 2:44; მათე 6:9, 10; გამოცხადება 20:1, 2, 10). საბოლოოდ, ყველას ღირსება მხოლოდ მაშინ დაფასდება, როდესაც „აივსება მიწა უფლის ცოდნით“ (ესაია 11:9, სსგ).

თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ შესანიშნავ იმედს. იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობა დაგანახვებთ, რომ ბიბლიური პრინციპების გამოყენება ხელს უწყობს სხვების ღირსების პატივისცემას. ასევე გაიგებთ, როგორ დაამყარებს ღვთის სამეფო „ახალ — გაცილებით უკეთეს — მსოფლიოს“, რომელშიც ადამიანთა ღირსება აღარასოდეს შეილახება და ყველასგან დაფასებული იქნება.

[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]

ერთგულებამ მათ ღირსება შეუნარჩუნა

მეორე მსოფლიო ომის დროს 2 000–ზე მეტი იეჰოვას მოწმე რწმენის გამო ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვდა. რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი პატიმარი გემა ლა გუარდია გლუკი თავის წიგნში „ჩემი ბიოგრაფია“ მოგვითხრობს, როგორ ავლენდნენ იეჰოვას მოწმეები ერთგულებას. ის წერს: „ერთხელ გესტაპომ გამოაცხადა, რომ ნებისმიერი ბიბლიის მკვლევარი, რომელიც უარს იტყოდა თავის რწმენაზე და ხელის მოწერით დაადასტურებდა ამას, გათავისუფლდებოდა და აღარ იქნებოდა დევნის ობიექტი“. იმ მოწმეების შესახებ, რომლებმაც უარი თქვეს ხელის მოწერაზე, იგი ამბობს: „მათ არჩიეს, კვლავ ეტანჯათ და მოთმინებით დალოდებოდნენ ხსნის დღეს“. რატომ დაიკავეს იეჰოვას მოწმეებმა ასეთი პოზიცია? პირველი სტატიის დასაწყისში მოხსენიებული მაგდალენა, რომელიც დღეს 80 წელს არის გადაცილებული, აღნიშნავს: „იეჰოვასადმი ერთგულება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ნებისმიერ ფასად სიცოცხლის შენარჩუნება. ერთგულება ჩვენთვის ღირსების შენარჩუნებას ნიშნავდა“ *.

[სქოლიოები]

^ აბზ. 23 კუსეროვების ოჯახის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ 1985 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 10—15 (ინგლ.).

[სურათი 5 გვერდზე]

იესო პატივს სცემდა მათ ღირსებას, ვისაც კურნავდა.

[სურათი 7 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეები სხვებს სასიხარულო ცნობას უზიარებენ, რითაც პატივს სცემენ მათ ღირსებას.