არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩვენი ოჯახი როგორც იქნა გაერთიანდა!

ჩვენი ოჯახი როგორც იქნა გაერთიანდა!

ბიოგრაფია

ჩვენი ოჯახი როგორც იქნა გაერთიანდა!

მოგვითხრო სუმიკო ჰირანომ

ცხოვრების საუკეთესო გზა ვიპოვე და მინდოდა ჩემს ქმარსაც ამ გზით ევლო. ეს სურვილი მხოლოდ 42 წლის შემდეგ შემისრულდა.

ჩვენ 1951 წელს დავქორწინდით. მაშინ 21 წლის ვიყავი. ოთხ წელიწადში ორი ვაჟი შეგვეძინა და ვთვლიდი, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი.

ერთხელ, 1957 წელს, ჩემმა უფროსმა დამ მითხრა, რომ სახლში აკითხავდა მისიონერი, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო. მართალია ჩემი და ბუდისტი იყო, მაგრამ ის ბიბლიას სწავლობდა მისიონერთან და მეუბნებოდა, რომ მეც მესწავლა ბიბლია. მე დავთანხმდი. პროტესტანტულ ეკლესიაში დავდიოდი და გადავწყვიტე, იეჰოვას მოწმეებისთვის დამემტკიცებინა, რომ მათი სწავლებები მცდარი იყო.

მალე მივხვდი, რომ თითქმის არ მცოდნია ბიბლია. იძულებული გავხდი, მისიონერისთვის მეკითხა: „ვინ არის იეჰოვა?“ ეკლესიაში, სადაც დავდიოდი, ეს სახელი არასოდეს მსმენია. მისიონერმა, დაფნი კუკმა (მოგვიანებით პეტიტმა), ესაიას 42:8 წამიკითხა, სადაც ეწერა, რომ იეჰოვა ყოვლისშემძლე ღმერთის სახელია. დაფნიმ ყველა შეკითხვაზე პასუხი ბიბლიიდან გამცა.

იგივე შეკითხვები ჩემს მოძღვარსაც დავუსვი. მან მითხრა: „კითხვების დასმა ცოდვაა. ირწმუნე ის, რასაც გეუბნებიან“. მართალია არ დავიჯერე, რომ კითხვების დასმა ცოდვად ითვლებოდა, მაგრამ ექვსი თვის მანძილზე მაინც დავდიოდი ეკლესიაში ყოველ კვირა დილას, შუადღეს კი იეჰოვას მოწმეთა კრებებს ვესწრებოდი.

ოჯახში პრობლემები მექმნება

ბიბლიიდან ნასწავლი იმდენად შეეხო ჩემს გულს, რომ არ შემეძლო ჩემი მეუღლისთვის, კაცუჰიკოსთვის, არ გამეზიარებინა. ყოველი შესწავლისა და კრების შეხვედრის შემდეგ მას ყველაფერს ვუყვებოდი, რასაც იქ ვიგებდი. შედეგად, ჩვენი ურთიერთობა ნელ–ნელა გაცივდა. მას არ სურდა, იეჰოვას მოწმე გავმხდარიყავი. მაგრამ ბიბლიის შესწავლა იმხელა სიხარულს მანიჭებდა, რომ შესწავლა და იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობა არ მიმიტოვებია.

საღამოობით, როცა კრების შეხვედრაზე უნდა წავსულიყავი, კაცუჰიკოს საყვარელ კერძს ვუმზადებდი, მაგრამ ის რესტორანში ვახშმობდა. კრებიდან რომ ვბრუნდებოდი, კაცუჰიკო ცუდ ხასიათზე მხვდებოდა და არ მელაპარაკებოდა. ორ–სამ დღეში ხასიათზე მოდიოდა, მაგრამ ისევ კრებაზე წასვლის დრო დგებოდა.

იმ პერიოდში ტუბერკულოზით დავავადდი. ამ დაავადებით ჩემი ქმრის რამდენიმე ნათესავი დაიღუპა. კაცუჰიკო ძალიან შეშინდა ჩემი ავადმყოფობით და მითხრა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ არაფერს დამიშლიდა. ჩემი ერთადერთი სათხოვარი ის იყო, რომ კრებებზე სიარული არ დაეშალა. ის დამთანხმდა.

ჩემმა ავადმყოფობამ ექვს თვეს გასტანა. ამ ხნის მანძილზე ინტენსიურად ვსწავლობდი ბიბლიას. მოწმეების სწავლებებში შეუსაბამობებს ვეძებდი და ერთიც რომ აღმომეჩინა, მაშინვე შევწყვეტდი შესწავლას. მაგრამ ვერც ერთი ვერ აღმოვაჩინე. პირიქით, ბიბლიის შესწავლამ პროტესტანტული ეკლესიის ცრუ სწავლებები დამანახვა. გავიგე, რომ იეჰოვა მოსიყვარულე და სამართლიანი ღმერთია და დავინახე, რა კურთხევები მოჰქონდა ღვთის კანონების თანახმად ცხოვრებას.

გამოჯანმრთელების შემდეგ ჩემმა მეუღლემ შეასრულა თავისი პირობა და კრებებზე დასწრებას აღარ მიშლიდა. სულიერად გავიზარდე, 1958 წლის მაისში კი მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი. ვნატრობდი, რომ ჩემი ოჯახის წევრებიც ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები გამხდარიყვნენ.

შვილებს სულიერ ფასეულობებს ვუნერგავ

შვილები ყოველთვის დამყავდა ქრისტიანულ შეხვედრებსა და სამქადაგებლო მსახურებაში. ერთი შემთხვევის დროს დავრწმუნდი, რომ მათ უკვე ბევრი რამ იცოდნენ ბიბლიიდან. ერთხელ ჩემი ექვსი წლის ვაჟი, მასაჰიკო, ეზოში თამაშობდა. უცბად ხმაური და ვიღაცის კივილი შემომესმა. სახლში მეზობელი შემოვარდა და აღელვებული ხმით მითხრა, რომ ბავშვს მანქანა დაეჯახა. იმ წუთას თავში აზრმა გამიელვა: „ხომ არ მოკვდა ბავშვი?“ თავს ძალა დავატანე, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა და გარეთ გავვარდი. როცა დაჭეჭყილი ველოსიპედი დავინახე, ტანში გამცრა, მაგრამ უცბად ჩემკენ მომავალ ბავშვს მოვკარი თვალი — მას მხოლოდ უმნიშვნელო ნაკაწრები ჰქონდა. ის ჩამეხუტა და მითხრა: „დედიკო, იეჰოვამ გადამარჩინა, არა?“ როცა ბავშვი ცოცხალი დავინახე და მისი გულში ჩამწვდომი სიტყვები მოვისმინე, ცრემლები წამსკდა.

მეორე დღეს, მსახურებაში ყოფნისას ერთმა მოხუცმა კაცმა მიყვირა: „რატომ აძალებ ამ ბავშვს საქადაგოდ სიარულს? არ გეცოდება?“ სანამ მე რამეს ვეტყოდი, ჩემმა რვა წლის ბიჭმა, ტომოიოშიმ, უთხრა: „ბაბუ, დედა სულაც არ მაძალებს ქადაგებას. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მინდა იეჰოვას ვემსახურო“. მოხუცებული კაცი გაოგნდა და ვეღარაფერი თქვა.

სულიერი გაგებით, ჩემი ვაჟები ობლები იყვნენ, რადგან ჩემი ქმარი ჩვენს რწმენას არ იზიარებდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ბევრი რამ არ ვიცოდი, მე მიწევდა მათთვის ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლება. დროთა განმავლობაში იეჰოვასადმი სიყვარული და რწმენა გამიძლიერდა და უფრო გულმოდგინედ დავიწყე ქადაგება. ვცდილობდი შვილებისთვის კარგი მაგალითი მიმეცა. ყოველდღე ბავშვების თანდასწრებით ხმამაღლა ვლოცულობდი და მადლობას ვეუბნებოდი იეჰოვას. შვილებს მსახურებაში მომხდარ შემთხვევებს ვუყვებოდი. ეს მათ ძალიან ამხნევებდა. როცა მოგვიანებით ჰკითხეს, რამ აღძრა ისინი პიონერული მსახურებისკენ, მათ უპასუხეს: „ვხედავდით, რა დიდ სიხარულს ანიჭებდა დედას პიონერული მსახურება და გვინდოდა ეს სიხარული ჩვენც განგვეცადა“.

ძალიან ვცდილობდი უარყოფითად არ მელაპარაკა ჩემს მეუღლეზე ან კრების რომელიმე წევრზე. ვიცოდი, რომ უარყოფითი საუბრები ბავშვებზე ცუდად იმოქმედებდა. მათ შეიძლებოდა წარმოდგენა შეეცვალათ არა მარტო მასზე, ვისაც ცუდად დაახასიათებდნენ, არამედ იმ ადამიანზეც, ვინც სხვებზე უარყოფითად ილაპარაკებდა.

დაბრკოლებების გადალახვა და სულიერი ზრდა

1963 წელს მეუღლის სამსახურის გამო ტაივანში მოგვიწია საცხოვრებლად გადასვლა. მან მითხრა, რომ იაპონელებთან თუ ვიქადაგებდი, არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით — უკან დაგვაბრუნებდნენ იაპონიაში და მის კომპანიასაც პრობლემები შეექმნებოდა. მეუღლეს სურდა, რომ მოწმეებთან ურთიერთობა შეგვეწყვიტა.

ტაივანში, სადაც ყველა კრება ჩინურ ენაზე ტარდებოდა, მოწმეებმა გულთბილად მიგვიღეს. გადავწყვიტე, ჩინური ენა მესწავლა, რათა იაპონელების ნაცვლად ჩინელებთან მექადაგა. ამგვარად თავიდან ავირიდებდით პრობლემებს, რომელთა შესახებაც ჩემი მეუღლე წუხდა.

ტაივანელ მოწმეებთან ურთიერთობა ძალებს გვმატებდა. ერთმა მისიონერმა წყვილმა, ჰარვი და ქეით ლოგანებმა, დიდი დახმარება აღმოგვიჩინეს. ძმა ლოგანი ჩემს შვილებს სულიერ მამობას უწევდა. მან დაანახვა მათ, რომ იეჰოვას მსახურება უსიხარულო და მოსაწყენი არ იყო. დარწმუნებული ვარ, სწორედ ტაივანში მიიღეს ჩემმა შვილებმა გადაწყვეტილება, იეჰოვასთვის ემსახურათ.

ტომოიოშიმ და მასაჰიკომ ტაივანში ამერიკულ სკოლაში განაგრძეს სწავლა, სადაც ინგლისურის გარდა, ჩინურსაც დაეუფლნენ. აქ მიღებული განათლება შემდგომში დიდად დაეხმარა მათ ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვას, მსახურებაში. ძალიან მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ ტაივანში ჩვენს გადასვლას ხანგრძლივი კურთხევები მოჰყვა, თუმცა ვფიქრობდით, რომ სერიოზული პრობლემები შეგვექმნებოდა. სამ წელიწად–ნახევრის შემდეგ ტაივანიდან იაპონიაში დავბრუნდით.

იმ დროისთვის ბიჭები წამოიზარდნენ და მეტ თავისუფლებას ითხოვდნენ. საათობით ვმსჯელობდი მათთან ბიბლიურ პრინციპებზე. იეჰოვას დახმარებით ჩვენ თავი გავართვით ამ რთულ პერიოდს. სკოლის დამთავრების შემდეგ ტომოიოშიმ პიონერად დაიწყო მსახურება. პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში ის ოთხ ადამიანს დაეხმარა, თავი მიეძღვნათ იეჰოვასთვის და მონათლულიყვნენ. მასაჰიკომ თავის ძმას მიჰბაძა და პიონერად დაიწყო მსახურება სკოლის დამთავრების შემდეგ. პირველი ოთხი წლის განმავლობაში ისიც ოთხ ახალგაზრდას დაეხმარა იეჰოვას მსახურად გახდომაში.

იეჰოვამ უფრო მეტად აკურთხა ჩემი შვილები. ტომოიოშიმ ბიბლია შეასწავლა მამაკაცს, რომლის ცოლსაც მე დავეხმარე ჭეშმარიტების მიღებაში. მათი ორი ქალიშვილიც იეჰოვას მოწმე გახდა. მოგვიანებით ტომოიოში უფროს ქალიშვილზე, ნობუკოზე, დაქორწინდა, ხოლო მასაჰიკომ უმცროსი ქალიშვილი, მასაკო, მოიყვანა ცოლად. ტომოიოში და ნობუკო დღეს ბრუკლინში (ნიუ–იორკი) იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში მსახურობენ. მასაჰიკო და მასაკო კი მისიონერები არიან პარაგვაიში.

ჩემი მეუღლე ნელ-ნელა იცვლება

ჩემს მეუღლეს, კაცუჰიკოს, თავდაპირველად გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენი რწმენის მიმართ, მაგრამ ვხედავდით, რომ ის თანდათანობით იცვლებოდა. წინააღმდეგობების დროს კაცუჰიკო ხშირად იცავდა ჩემს რწმენას, რითაც თავისდა უნებურად მხარს უჭერდა ბიბლიურ ჭეშმარიტებას. ის მატერიალურად ეხმარებოდა გაჭირვებაში მყოფ მოწმეებს. ჩვენი ერთ–ერთი ვაჟის ქორწილში მან თქვა: „ადამიანებისთვის ცხოვრების სწორი გზის სწავლება შესანიშნავი საქმეა, თუმცა ამის კეთება საკმაოდ რთულია. ჩემმა ვაჟებმა და მათმა მეუღლეებმა სწორედ ეს რთული გზა აირჩიეს ცხოვრებაში. გთხოვთ, მხარში ამოუდექით მათ“. ასეთმა შემთხვევებმა დამარწმუნა, რომ ის აუცილებლად შემოგვიერთდებოდა იეჰოვას მსახურებაში.

ზოგჯერ სახლში თანამორწმუნეებს ვეპატიჟებოდი, რათა ჩემს მეუღლესთან ურთიერთობა ჰქონოდათ. კაცუჰიკოს ვეუბნებოდი, ჩემთან ერთად წამოსულიყო ქრისტიანულ შეხვედრებზე, კონგრესებსა და ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე. სამსახურიდან თუ თავისუფალი იყო, ის ესწრებოდა ასეთ შეხვედრებს, თუმცა უხალისოდ. ბევრჯერ ვიფიქრე, რომ ის მზად იყო ბიბლიის შესწავლის დასაწყებად და უხუცესებს ვიწვევდი სახლში. მაგრამ ის შესწავლაზე უარს ამბობდა. არ მესმოდა, სად ვუშვებდი შეცდომას.

გამახსენდა მოციქულ პეტრეს სიტყვები: „თქვენც, ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, ვინც სიტყვას არ ემორჩილებიან, უსიტყვოდ იქნენ მოპოვებულნი ცოლების საქციელით, როცა დაინახავენ, რომ სუფთად იქცევით და დიდ პატივისცემას ავლენთ“ (1 პეტრე 3:1, 2). მივხვდი, რომ ამ რჩევას ყოველთვის არ ვითვალისწინებდი. საჭირო იყო, უფრო მეტად მემუშავა ქრისტიანულ თვისებებზე.

1970 წელს პიონერად დავიწყე მსახურება და მიზნად დავისახე, სულიერად გავზრდილიყავი. გავიდა ათი წელი, შემდეგ — ოცი, მაგრამ ჩემს მეუღლეში ვერავითარ სულიერ ცვლილებას ვერ ვხედავდი. ერთხელ ერთმა დაინტერესებულმა, რომელსაც ბიბლიას ვასწავლიდი მითხრა: „ალბათ, რთულია სხვებს დაეხმარო, როცა საკუთარ ქმარს ვერ ეხმარები“. ამ სიტყვებმა გული მატკინა, მაგრამ ფარ–ხმალი არ დამიყრია.

1980–იანი წლების მიწურულს მშობლები დაგვეღუპა. მათზე ზრუნვამ და სახლის საქმეებმა ძალიან გამომფიტა. ისინი წლების განმავლობაში მეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ მე ყოველთვის სიყვარულით ვეპყრობოდი მათ. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, დედამ, რომელიც იმ დროს, 96 წლის იყო, მითხრა: „სუმიკო, თუ აღვდგები, შენს ღმერთს ვირწმუნებ“. მივხვდი, რომ ჩემს ძალისხმევას უშედეგოდ არ ჩაუვლია.

ჩემს მეუღლეს შეუმჩნეველი არ დარჩენია, რასაც მოხუცებისთვის ვაკეთებდი. ჩემდამი მადლიერება მან იმით გამოხატა, რომ რეგულარულად დაიწყო კრებებზე სიარული. წლები გავიდა, მაგრამ სულიერ წინსვლას არ აკეთებდა. მე კვლავ ვცდილობდი, მისთვის მესიამოვნებინა. მის მეგობრებსა და უცხოელ ბიზნეს–პარტნიორებს სადილზე ვეპატიჟებოდი. ხოლო როდესაც მეუღლე მიდიოდა სტუმრად, მეც თან დავყვებოდი. როცა პიონერული მსახურების საათები შემცირდა, ქმარს უფრო მეტ დროს ვუთმობდი.

პენსიაზე გასვლას ცვლილებები მოჰყვება

1993 წელს ჩემი მეუღლე პენსიაზე გავიდა. ვიფიქრე, რომ ახლა ნამდვილად დაიწყებდა ბიბლიის შესწავლას. მაგრამ მან მითხრა, მკრეხელობა იქნებოდა, თუ ღვთის თაყვანისცემას მხოლოდ იმის გამო დაიწყებდა, რომ ბევრი დრო ჰქონდა. ამას მაშინ გააკეთებდა, როცა გული უკარნახებდა და მითხრა, რომ დაძალებით ვერაფერს მივაღწევდი.

ერთხელ კაცუჰიკომ მკითხა, შემეძლო თუ არა უფრო მეტი დრო დამეთმო მისთვის. ამან გული მატკინა, რადგან მას ახლა უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევდი, ვიდრე მაშინ, როცა დავქორწინდით. ძალიან ვცდილობდი, ბედნიერი ყოფილიყო, მაგრამ ის ფიქრობდა, რომ იეჰოვას მსახურებას უფრო მეტ დროს ვუთმობდი, ვიდრე მას. ავუხსენი, რომ, რაც შემეძლო, მისთვის ყველაფერს ვაკეთებდი. მაგრამ თუ ღვთის მსახურებაში შემომიერთდებოდა, უკეთეს ცხოვრებას დავიწყებდით, რაც რამდენიმე წელი კი არა, მარადიულად გაგრძელდებოდა. რამდენიმე დღე მან არაფერი მიპასუხა. ბოლოს მკითხა: „შემასწავლი ბიბლიას?“ ყოველთვის, როცა ამ სიტყვებს ვიხსენებ, გული სიხარულით მევსება.

თავდაპირველად, კრების უხუცესს ვთხოვე, შესწავლა დაეწყო ჩემს ქმართან, მაგრამ კაცუჰიკომ მითხრა: „შენ გარდა არავინ მინდა“. ასე რომ, შესწავლას ყოველდღე ვატარებდით, თანაც ჩინურ ენაზე, რადგან ჩინურ კრებაში დავდიოდით და ამ ენაზე ჩემი ქმარიც თავისუფლად ლაპარაკობდა. ჩვენ აგრეთვე ერთად წავიკითხეთ მთელი ბიბლია ერთ წელზე ნაკლებ დროში.

კრებიდან ერთმა წყვილმა გულწრფელი ინტერესი გამოავლინა ჩვენდამი. მართალია ისინი ჩვენს შვილებზე უმცროსები იყვნენ, მაგრამ ჩვენი ნამდვილი მეგობრები გახდნენ. სხვა მოწმეებიც განსაკუთრებულ ყურადღებას ავლენდნენ ჩემი ქმრის მიმართ. ისინი სტუმრად გვეპატიჟებოდნენ და კაცუჰიკოს ისე ესაუბრებოდნენ, როგორც საკუთარ მამას. ეს მას ძალიან სიამოვნებდა.

ერთხელ სახლში ჩემი ქმრის სახელზე ქორწილში მოსაწვევი მოგვივიდა. ჩემს მეუღლეზე ძალიან იმოქმედა იმან, რომ პატივი სცეს როგორც ოჯახისთავს და მოსაწვევი მის სახელზე გამოგზავნეს. მან გადაწყვიტა, წასულიყო ქორწილში. ამის შემდეგ ის მალე დაუმეგობრდა მოწმეებს და ერთ–ერთ უხუცესთან ბიბლიის შესწავლა განაგრძო. ბიბლიის შესწავლა, კრებებზე დასწრება და თანამორწმუნეების მიერ გამოვლენილი სიყვარული დაეხმარა მას სულიერ წინსვლაში.

ჩვენი ოჯახი როგორც იქნა გაერთიანდა!

2000 წლის დეკემბერში ჩემი მეუღლე იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მოინათლა. ამ „თანამედროვე სასწაულის“ სანახავად ჩემი შვილებიც ჩამოვიდნენ. 42 წელი დასჭირდა იმას, რომ ჩვენი ოჯახი გაერთიანებულიყო.

ახლა მე და ჩემი მეუღლე ყოველ დილით ერთად განვიხილავთ ყოველდღიურ მუხლს და ბიბლიას ვკითხულობთ. ყოველდღე სულიერ თემებზე ვსაუბრობთ და მსახურებაში დავდივართ. დღეს ჩემი ქმარი კრებაში მომსახურედ მსახურობს და ახლახან ჩინურ ენაზე საჯარო მოხსენება წაიკითხა. ძალიან მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ ასე გაგვაერთიანა. ყველა ახლობელ და ძვირფას ადამიანთან ერთად ველი იმ დროს, როცა მარადიულად განდიდდება იეჰოვას სახელი და მისი უზენაესობა.

[რუკა 13 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ჩინეთი

კორეის სახალხო–დემოკრატიული რესპუბლიკა

სამხრეთი კორეა

იაპონიის ზღვა

იაპონია

ტოკიო

აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა

ტაივანი

ტაიბეი

[სურათი 12 გვერდზე]

ჩემს ოჯახთან ერთად 1958 წელს, ჩემი ნათლობიდან ერთი წლის შემდეგ.

[სურათები 13 გვერდზე]

ჰარვი და ქეით ლოგანები სულიერ მხარდაჭერას გვიწევდნენ, როცა საცხოვრებლად ტოკიოდან ტაიბეიში გადავედით.

[სურათი 15 გვერდზე]

დღეს მთელი ჩემი ოჯახი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაშია გაერთიანებული.