თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას
თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას
„ვფიქრობ, ბუნება შეიცვლება და განახლდება . . . მაგრამ ხვალ დილით კი არა, დიდი ხნის შემდეგ, როცა ახალი ცა და ახალი დედამიწა იქნება“ (ჟან-მარი პელტი, სპეციალისტი გარემოს დაცვის დარგში, საფრანგეთი).
დედამიწაზე არსებული მძიმე ეკოლოგიური და სოციალური მდგომარეობის გამო ბევრი ადამიანი ისურვებდა, რომ ჩვენი პლანეტა სამოთხედ ქცეული ეხილა. თუმცა ეს მხოლოდ 21-ე საუკუნეში მცხოვრები ხალხის ოცნება არ არის. ბიბლიაში დიდი ხნის წინათ ჩაიწერა დაპირება, რომ დედამიწაზე სამოთხე აღდგებოდა. იესოს განაცხადი, რომ „თვინიერნი . . . დაიმკვიდრებენ ქვეყანას“ და „იყოს შენი [ღვთის] ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“, ყველაზე მეტად ცნობილი ბიბლიური მუხლებია (მათე 5:5, კს; 6:10). მიუხედავად ამისა, დღეს მრავალს არ სწამს, რომ თვინიერნი დაიმკვიდრებენ სამოთხეს დედამიწაზე. ბევრისთვის, ვინც თავს ქრისტიანად აცხადებს, სამოთხის შესახებ ცნება აღარ არსებობს.
საფრანგეთში გამომავალ ყოველკვირეულ გაზეთში აღნიშნულია, თუ რატომ გაქრა კათოლიკური ეკლესიის სწავლებებიდან რწმენა სამოთხის შესახებ — იქნება ეს დედამიწაზე თუ ზეცაში. მასში ნათქვამია: „[ცნება] სამოთხის შესახებ, რომელიც დაახლოებით 19 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში კათოლიკური ეკლესიის ძირითად სწავლებად ითვლებოდა, აღარ მოიხსენიება მონასტრებში, კატეხიზმოს შემსწავლელ კლასებში, წირვებზე და ღვთისმეტყველების სწავლებისას“ (La Vie). შეიძლება ითქვას, რომ სიტყვა „სამოთხე“ „საიდუმლოებით მოცული და დამაბნეველი გახდა“. ზოგი მღვდელი შეგნებულად არ იყენებს ამ სიტყვას, რადგან ის „ბევრ კითხვას წამოჭრის დედამიწაზე ბედნიერი ცხოვრების შესახებ“.
სოციოლოგ ფრედერიკ ლენუარისთვის, რომელიც რელიგიის საკითხებს იკვლევს, ცნება სამოთხის შესახებ „სტერეოტიპულ წარმოდგენად“ იქცა. ისტორიკოსი და მწერალი ჟან დელიუმო, რომელმაც არაერთი წიგნი მიუძღვნა ამ თემას, ფიქრობს, რომ სამოთხის შესახებ ბიბლიური დანაპირები, ძირითადად, სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს. ის წერს: «კითხვას, „რა არის სამოთხე?“, ქრისტიანული მოძღვრება შემდეგ პასუხს სცემს: ჩვენი მხსნელის მკვდრეთით აღდგომის წყალობით, ერთ დღესაც ყველანი ხელს ჩავკიდებთ ერთმანეთს და საკუთარი თვალით ვიხილავთ ჩვენი ოცნებების ახდენას».
კვლავაც მნიშვნელოვანია დედამიწაზე სამოთხის შესახებ ცნობა? სინამდვილეში, რა მომავალი ელის ჩვენს პლანეტას? ამბობს ბიბლია რამეს ამის შესახებ, თუ ეს საკითხი ბურუსითაა მოცული? ეს კითხვები შემდეგ სტატიაში იქნება განხილული.
[საავტორო უფლებები დაცულია 2 გვერდზე]
COVER: Emma Lee/Life File/Getty Images