არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„თქვენ გსმენიათ იობის მოთმინებაზე“

„თქვენ გსმენიათ იობის მოთმინებაზე“

„თქვენ გსმენიათ იობის მოთმინებაზე“

„თქვენ გსმენიათ იობის მოთმინებაზე და გინახავთ, რა გააკეთა იეჰოვამ მისთვის ბოლოს, რა სათუთი გრძნობები აქვს იეჰოვას და რა გულმოწყალეა“ (იაკობი 5:11).

1, 2. რა განსაცდელს შეხვდა ერთი პოლონელი ცოლ–ქმარი?

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, რაც ჰაროლდ აპტი იეჰოვას მოწმე გახდა, ჰიტლერის ჯარმა ჩრდილოეთ პოლონეთში მდებარე ქალაქი დანციგი (ამჟამად გდანსკი) აიღო. ჭეშმარიტი ქრისტიანები საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. გესტაპო აიძულებდა ჰაროლდს, ხელი მოეწერა დოკუმენტზე რწმენის უარყოფის შესახებ, რაზეც იგი არ თანხმდებოდა. ის დააპატიმრეს და რამდენიმე კვირის შემდეგ ციხიდან ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, სადაც გამუდმებით ემუქრებოდნენ და სცემდნენ. ერთმა ოფიცერმა ჰაროლდი კრემატორიუმის საკვამურისკენ გაახედა და უთხრა: „თუ რწმენას არ უარყოფ, 14 დღეში შენს იეჰოვასთან ახვალ“.

2 როდესაც ჰაროლდი დააპატიმრეს, მისი მეუღლე ელზა ათი თვის გოგონასთან ერთად მარტო დარჩა. გესტაპოს რისხვას ვერც ელზამ დააღწია თავი. მალე ის ბავშვს დააცილეს და ოსვენციმში, „მასობრივი მოსპობის კომბინატში“ გაგზავნეს. ყველაფრის მიუხედავად, ელზა და ჰაროლდი გადაურჩნენ იმ მძიმე წლებს. 1980 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკიდან“ (ინგლ.) შეგიძლიათ უფრო მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ როგორ შეძლეს მათ განსაცდელის გადატანა. ჰაროლდი წერს: „ჩემი რწმენის გამო საკონცენტრაციო ბანაკებსა და ციხეებში 14 წელი გავატარე. ჩემთვის არაერთხელ უკითხავთ, რა მხრივ მიჭერდა მხარს ჩემი მეუღლე სირთულეების ატანაში. ელზა ჩემთვის დიდი მხარდაჭერის წყარო იყო. იმის ცოდნა, რომ ის არასდროს დათმობდა რწმენას, მაძლიერებდა. ვიცოდი, რომ მისთვის უმჯობესი იქნებოდა, მკვდარი ვენახე, ვიდრე რწმენის უარყოფის გამო გათავისუფლებული . . . იმ წლებში გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში ელზამ არაერთი განსაცდელი გადაიტანა“.

3, 4. ა) ვისი მაგალითები ეხმარება ქრისტიანებს მოთმინების გამოვლენაში? ბ) რატომ მოგვიწოდებს ბიბლია იობის მაგალითზე დაფიქრებისკენ?

3 იეჰოვას ბევრმა მოწმემ საკუთარი გამოცდილებიდან იცის, რომ ნამდვილად არ არის ადვილი უსამართლოდ ტანჯვა. ამიტომ ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს: „ძმებო, გაუძელით ბოროტებას და მოითმინეთ, იმ წინასწარმეტყველების მსგავსად, რომლებიც იეჰოვას სახელით ლაპარაკობდნენ“ (იაკობი 5:10). საუკუნეების მანძილზე ღვთის მრავალ მსახურს უსამართლოდ დევნიდნენ. „მოწმეთა ასეთ დიდ ღრუბელს“ შეუძლია გაგვაძლიეროს, რათა მოთმინებით განვაგრძოთ ქრისტიანულ გზაზე სიარული (ებრაელები 11:32—38; 12:1).

4 მოთმინების შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს იობი. იაკობმა დაწერა: „ჩვენ ბედნიერებს ვუწოდებთ მათ, ვინც მოითმინა. თქვენ გსმენიათ იობის მოთმინებაზე და გინახავთ, რა გააკეთა იეჰოვამ მისთვის ბოლოს, რა სათუთი გრძნობები აქვს იეჰოვას და რა გულმოწყალეა“ (იაკობი 5:11). იობის მაგალითით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ იეჰოვას ერთგულ მსახურებს მომავალში ჯილდო ელით. რაც უფრო მნიშვნელოვანია, იობის შემთხვევიდან ვხედავთ, თუ რა დაგვეხმარება გასაჭირის დროს. წიგნი „იობი“ პასუხს გვცემს შემდეგ კითხვებზე: რატომ უნდა ვცდილობდეთ ჩვენს განსაცდელთან დაკავშირებული საკამათო საკითხების დანახვას? რომელი თვისებები და როგორი განწყობა დაგვეხმარება მოთმინების გამოვლენაში? როგორ შეგვიძლია განვამტკიცოთ გასაჭირში მყოფი თანაქრისტიანები?

დავინახოთ მთლიანი სურათი

5. რომელი მნიშვნელოვანი საკამათო საკითხი უნდა გვახსოვდეს, როდესაც განსაცდელებისა და ცდუნებების წინაშე ვდგავართ?

5 სირთულეების დროს სულიერი წონასწორობის შესანარჩუნებლად აუცილებელია საერთო სურათის დანახვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემებმა შეიძლება დაგვაკარგვინოს სულიერი ხედვა. ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთისადმი ერთგულებასთან დაკავშირებული საკამათო საკითხია. ჩვენ გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ ჩვენი ზეციერი მამის მოწოდება: „შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე, რომ პასუხი გავცე ჩემს დამცინავს“ (იგავები 27:11, აქ). ეს მართლაც დიდი პატივია! სისუსტეებისა და არასრულყოფილების მიუხედავად, შეგვიძლია გული გავუხაროთ ჩვენს შემოქმედს. იეჰოვასადმი სიყვარული გვეხმარება განსაცდელებისა და ცდუნებების ატანაში. ეს კი გულს უხარებს ღმერთს. ჭეშმარიტ ქრისტიანულ სიყვარულს ყველაფრის ატანა შეუძლია. სიყვარული არასდროს მთავრდება (1 კორინთელები 13:7, 8).

6. როგორ დასცინის სატანა იეჰოვას?

6 წიგნში „იობი“ აშკარად ჩანს, რომ იეჰოვას დამცინავი სატანაა. ამ წიგნიდან აგრეთვე ვხედავთ ამ უხილავი მტრის ბოროტ ბუნებას და მის ძლიერ სურვილს, დაგვაკარგვინოს იეჰოვასთან ურთიერთობა. როგორც იობის შემთხვევა გვიჩვენებს, სატანა, ფაქტობრივად, იეჰოვას ყველა მსახურზე ამბობს, რომ ეგოისტური მოტივები ამოძრავებთ. ის ცდილობს დაამტკიცოს, რომ მათ შეიძლება გაუნელდეთ ღვთისადმი სიყვარული. უკვე ათასობით წელია, რაც სატანა დამცინავის როლს ასრულებს. როდესაც სატანა ზეციდან იქნა გადმოგდებული, „ციდან დიდმა ხმამ“ მას უწოდა „ჩვენი ძმების ბრალმდებელი“ და თქვა, რომ ის „ბრალს სდებს მათ ჩვენი ღვთის წინაშე დღე და ღამე“ (გამოცხადება 12:10). თუ მოთმინების გამოვლენით ერთგულებას შევინარჩუნებთ, ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ეშმაკის ბრალდებები უსაფუძვლოა.

7. რით უნდა შევავსოთ ფიზიკური სისუსტე?

7 ეშმაკი ცდილობს, ნებისმიერი ჩვენი პრობლემა გამოიყენოს იმისათვის, რომ იეჰოვას ჩამოგვაშოროს. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. როდის შეეცადა ის იესოს ცდუნებას? მაშინ, როდესაც იესოს მრავალი დღის მანძილზე არაფერი ჰქონდა ნაჭამი და შიოდა (ლუკა 4:1—3). მაგრამ სულიერი სიმტკიცის წყალობით იესომ შეძლო ეშმაკისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ფიზიკური — მაგალითად, ავადმყოფობით ან ასაკით გამოწვეული — სისუსტე სულიერი სიძლიერით შევავსოთ! მიუხედავად იმისა, რომ „ჩვენი გარეგანი კაცი ჭკნება“, სულით არ ვეცემით, რადგან „შინაგანი დღითი დღე ახლდება“ (2 კორინთელები 4:16).

8. ა) როგორ შეიძლება ზიანი მოგვაყენოს უარყოფითმა ემოციებმა? ბ) როგორი განწყობა ჰქონდა იესოს?

8 გარდა ამისა, ადამიანის სულიერობას შეიძლება ზიანი მიაყენოს უარყოფითმა ემოციებმა. ადამიანს შეიძლება დაებადოს კითხვა: „რატომ უშვებს იეჰოვა ამას?“ მან, ვისაც ცუდად ეპყრობიან, შეიძლება იფიქროს: „რატომ უნდა მექცეოდეს ასე თანაქრისტიანი?“ უარყოფითმა გრძნობებმა შეიძლება მთლიანად საკუთარ მდგომარეობაზე გადაგვატანინოს ყურადღება და მხედველობიდან გამოგვრჩეს მნიშვნელოვანი საკამათო საკითხები. ავადმყოფობამ იობს ფიზიკური ზიანი მიაყენა, სამი მეგობრის არასწორმა აზროვნებამ კი ის იმედგაცრუებამდე მიიყვანა და ემოციურად გაანადგურა (იობი 16:20; 19:2). მოციქული პავლე ამბობს, რომ გულში წყენის ჩატოვებით შეიძლება ‘ადგილი [ანუ შესაძლებლობა] მივცეთ ეშმაკს’ (ეფესოელები 4:26, 27). რისხვისა და წყენის აშკარად გამოვლენის ან უსამართლობაზე ყურადღების ზედმეტად გამახვილების ნაცვლად, უკეთესი იქნება, თუ ქრისტიანი მიჰბაძავს ქრისტეს და ‘ჩააბარებს თავს [იეჰოვა ღმერთს], რომელიც სიმართლით ასამართლებს’ (1 პეტრე 2:21—23). სატანის თავდასხმებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება ქრისტეს ‘განწყობით აღჭურვაა’ (1 პეტრე 4:1).

9. რას გვპირდება ღმერთი სირთულეებისა თუ ცდუნებების წინაშე დგომისას?

9 რაც ყველაზე მთავარია, არასდროს უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი პრობლემები ღვთის უკმაყოფილების შედეგია. როცა ცრუმანუგეშებლებმა იობზე სიტყვიერი იერიში მიიტანეს, ამგვარმა არასწორმა თვალსაზრისმა მას დიდი ტკივილი მიაყენა (იობი 19:21, 22). ბიბლია გვარწმუნებს: „შეუძლებელია ღვთის გამოცდა ბოროტებით და თავადაც არავის სცდის“ (იაკობი 1:13). ამის საპირისპიროდ, იეჰოვა გვპირდება, რომ დაგვეხმარება ნებისმიერი ტვირთის ტარებაში და მოგვცემს გამოსავალს ნებისმიერი ცდუნების დროს (ფსალმუნები 54:23; 1 კორინთელები 10:13). განსაცდელების დროს ღმერთთან დაახლოებით ობიექტურ თვალსაზრისს შევინარჩუნებთ და შევძლებთ ეშმაკისთვის წინააღმდეგობის გაწევას (იაკობი 4:7, 8).

რა დაგვეხმარება მოთმინებაში?

10, 11. ა) რა დაეხმარა იობს მოთმინების გამოვლენაში? ბ) როგორ ეხმარებოდა იობს სუფთა სინდისი?

10 უმძიმესმა მდგომარეობამ, მათ შორის „მანუგეშებლების“ სიტყვებმა და იმის არცოდნამ, თუ რატომ დაატყდა თავს უბედურება, იობს ერთგულება ვერ შეურყია. რისი სწავლა შეგვიძლია მის მოთმინებაზე დაფიქრებით? უდავოა, რომ უმთავრესი მიზეზი, რაც იობს განსაცდელის გადატანაში დაეხმარა, იყო იეჰოვასადმი ერთგულება. ის „ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული“ იყო (იობი 1:1). ასე განვლო მან მთელი თავისი ცხოვრება. იობმა არ აქცია ზურგი იეჰოვას მაშინაც კი, როცა არ ესმოდა, რატომ მოხდა მოულოდნელად მის ცხოვრებაში ასეთი ცვლილებები. ის თვლიდა, რომ ნებისმიერ ვითარებაში, ლხინსა თუ ჭირში, უნდა ემსახურა ღვთისთვის (იობი 1:21; 2:10).

11 იობს ნუგეშს ჰგვრიდა სუფთა სინდისი. როდესაც სიკვდილს თვალებში უყურებდა, მას ანუგეშებდა იმის ცოდნა, რომ სხვებს შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა, იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობდა და ყოველგვარი ცრუთაყვანისმცემლობისგან შორს იყო (იობი 31:4—11, 26—28).

12. როგორ გამოეხმაურა იობი ელიჰუს რჩევას?

12 ცხადია, ზოგიერთ საკითხში იობს სჭირდებოდა თვალსაზრისის შეცვლა. ამ მხრივ მან თავმდაბლურად მიიღო დახმარება და განსაცდელის ატანაში ესეც დაეხმარა. იობი პატივისცემით მოეკიდა ელიჰუს გონივრულ რჩევას და, ამგვარად, მიიღო იეჰოვას შეგონება. მან აღიარა: «ვლაპარაკობდი და არ გამეგებოდა . . . მძულს ჩემი თავი [„უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები“, აქ] და ვინანიებ მტვერსა და ნაცარში» (იობი 42:3, 6). მართალია, იობი ჯერ კიდევ იტანჯებოდა დაავადებით, მაგრამ კმაყოფილი იყო, რომ თვალსაზრისის შეცვლამ ის ღმერთთან უფრო დააახლოვა. იობმა თქვა: „ახლა ვიცი, რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია“ (იობი 42:2, აქ). იეჰოვას დიდების თვალსაჩინოდ დანახვის წყალობით, იობმა გაცილებით უკეთესად დაინახა, შემოქმედთან შედარებით რა მდგომარეობა ეკავა.

13. როგორ დაეხმარა იობს გულმოწყალების გამოვლენა?

13 ყველაფერთან ერთად, იობი გულმოწყალების კარგ მაგალითს გვაძლევს. ცრუმანუგეშებლებმა მას გული ატკინეს; მაგრამ იობმა ილოცა მათთვის, როცა იეჰოვამ მოუწოდა ამისკენ. ამის შემდეგ იეჰოვამ იობი გამოაჯანმრთელა (იობი 42:8, 10). დიახ, გულისწყრომა ვერ დაგვეხმარება განსაცდელის ატანაში, სიყვარულსა და გულმოწყალებას კი დიდი ძალა აქვს. გულისწყრომისგან გათავისუფლება სულიერ ძალებს შეგვმატებს და იეჰოვას კურთხევებს მოგვიტანს (მარკოზი 11:25).

გონივრული რჩევები გვეხმარება მოთმინებაში

14, 15. ა) რა თვისებები დაგვეხმარება სხვებისთვის სასარგებლო რჩევების მიცემაში? ბ) ახსენით, რატომ იყო ელიჰუს რჩევები იობისთვის დამხმარე?

14 იობის შემთხვევიდან აგრეთვე ვხედავთ, რამდენად სასარგებლოა სწორი რჩევები. ასეთი რჩევების მიღება შეგვიძლია „გასაჭირისთვის . . . შობილი“ ძმებისგან (იგავები 17:17). თუმცა, როგორც იობის გამოცდილება გვიჩვენებს, ზოგმა მრჩეველმა დახმარების ნაცვლად შეიძლება ტკივილი მოგვაყენოს. ელიჰუს მსგავსად, კარგი მრჩეველი თანაგრძნობას, პატივისცემასა და თავაზიანობას ავლენს. ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს, რომ უხუცესებმა და სხვა მოწიფულმა ქრისტიანებმა დახმარება გაუწიონ პრობლემებით დამძიმებულ ძმებს თვალსაზრისის შეცვლაში. ასეთ მრჩევლებს ბევრის სწავლა შეუძლიათ წიგნიდან „იობი“ (გალატელები 6:1; ებრაელები 12:12, 13).

15 ელიჰუს მაგალითი მრავალმხრივ არის დამხმარე. სანამ თავის აზრს გამოთქვამდა, ის მოთმინებით ისმენდა იობის სამი მეგობრის მცდარ შეხედულებებს (იობი 32:11; იგავები 18:13). ელიჰუმ იობს, როგორც მეგობარს, სახელით მიმართა (იობი 33:1). სამი ცრუნუგეშისმცემლისგან განსხვავებით, ის საკუთარ თავს იობზე მაღლა არ აყენებდა. „მეც თიხისგან ვარ გამოძერწილი“, — თქვა მან. ელიჰუს არ სურდა, რომ დაუფიქრებელი სიტყვებით იობისთვის უფრო მეტი ტკივილი მიეყენებინა (იობი 33:6, 7; იგავები 12:18). ელიჰუმ არ გააკრიტიკა იობის წარსული; პირიქით, შეაქო იმისთვის, რომ ალალ–მართალი ადამიანი იყო (იობი 33:32). რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ელიჰუ საკითხებს ღვთის თვალსაზრისით უყურებდა. მან იობს ყურადღება იმაზე გაამახვილებინა, რომ შეუძლებელი იყო, იეჰოვა უსამართლოდ მოქცეულიყო (იობი 34:10—12). ელიჰუმ იობს ურჩია, დალოდებოდა იეჰოვას, ნაცვლად იმისა, რომ თავისი სიმართლე დაემტკიცებინა (იობი 35:2; 37:14, 23). ელიჰუს მაგალითი, მართლაც, სასარგებლოა როგორც უხუცესებისთვის, ისე სხვებისთვის.

16. როგორ იქცა იობის სამი მეგობარი სატანის იარაღად?

16 ელიჰუს რჩევებისგან სრულიად განსხვავდებოდა ელიფაზის, ბილდადისა და ცოფარის გულსატკენი სიტყვები. იეჰოვამ მათ უთხრა: „წრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე“ (იობი 42:7). ეს მამაკაცები შეიძლება თვლიდნენ, რომ კეთილი განზრახვები ჰქონდათ, მაგრამ ისინი სატანის იარაღი აღმოჩნდნენ და არა ერთგული მეგობრები. სამივე ვარაუდობდა, რომ იობმა საკუთარი საქციელით დაიმსახურა თავს დატეხილი უბედურება (იობი 4:7, 8; 8:6; 20:22, 29). ელიფაზი ამბობდა, რომ ღმერთი არ ენდობოდა თავის მსახურებს და მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, მართლები იყვნენ ისინი თუ არა (იობი 15:15; 22:2, 3). მან ისეთ ცოდვებშიც კი დაადანაშაულა იობი, რაც მას სინამდვილეში არ ჩაუდენია (იობი 22:5, 9). მისგან განსხვავებით, ელიჰუ იობს სულიერი წონასწორობის აღდგენაში დაეხმარა. რჩევების მიცემისას ყოველთვის ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი.

17. რა უნდა გვახსოვდეს განსაცდელის წინაშე დგომისას?

17 მოთმინებასთან დაკავშირებით წიგნიდან „იობი“ კიდევ ერთი რამის სწავლა შეგვიძლია: ჩვენი მოსიყვარულე მამა აკვირდება სიტუაციას და მას აქვს სურვილი და ძალა, სხვადასხვა გზით აღმოგვიჩინოს დახმარება. სტატიის დასაწყისში ჩვენ მოვიხსენიეთ ელზა აპტის შემთხვევა. ყურადღება მიაქციეთ, რა ასწავლა მას გადატანილმა სირთულეებმა: „სანამ დამაპატიმრებდნენ, ერთი დის წერილი წავიკითხე. მისი სიტყვების თანახმად, დიდი განსაცდელის წინაშე დგომისას იეჰოვას სულის დახმარებით ადამიანი საოცარ სიმშვიდეს გრძნობს. ვფიქრობდი, რომ ის აზვიადებდა. მაგრამ, როცა თავად დავდექი განსაცდელების წინაშე, დავრწმუნდი მისი სიტყვების ჭეშმარიტებაში. ეს ნამდვილად ასეა. რთულია ამის წარმოდგენა, თუ საკუთარ თავზე არ გამოცდი. დიახ, ასეთ დროს იეჰოვა გვეხმარება“. ელზა, უბრალოდ, იეჰოვას შესაძლებლობებზე არ ლაპარაკობდა. მას არც იობის დღეები ჰქონდა მხედველობაში. ელზა გულისხმობდა ჩვენს დროს, როდესაც თქვა: „იეჰოვა გვეხმარება!“

ბედნიერია ის, ვინც მოთმინებას ავლენს

18. რა კურთხევა მოუტანა იობს მოთმინების გამოვლენამ?

18 ცოტა თუ შევხვდებით ისეთ სერიოზულ განსაცდელებს, როგორიც იობს ჰქონდა. მაგრამ, რა განსაცდელის წინაშეც უნდა მოგვიწიოს ამ ქვეყნიერებაში დგომა, ჩვენ ყოველგვარი მიზეზი გვაქვს, იობის მსგავსად, ერთგულება შევინარჩუნოთ. თავისდა საკეთილდღეოდ, იობმა მოთმინებას ‘დაასრულებინა თავისი საქმე, რათა ყოფილიყო სრულყოფილი’ (იაკობი 1:2—4). მოთმინების გამოვლენამ ის უფრო დააახლოვა იეჰოვასთან. იობმა თქვა: „ყურმოკვრით მქონდა გაგონილი შენზე, ახლა კი ჩემმა თვალმა გიხილა შენ“ (იობი 42:5). სატანა მატყუარა აღმოჩნდა, მან ვერ შეარყია იობის ერთგულება. საუკუნეების შემდეგ იეჰოვამ ალალ–მართალი იობი სამაგალითო მსახურად მოიხსენია (ეზეკიელი 14:14). მისი ერთგულება და მოთმინება დღესაც ამხნევებს ღვთის ხალხს.

19. თქვენი აზრით, რატომ ღირს მოთმინების გამოვლენა?

19 პირველ საუკუნეში ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში იაკობმა ყურადღება გაამახვილა სიხარულზე, რომელიც მოთმინებას მოაქვს. მან იობის მაგალითის მოყვანით ქრისტიანებს შეახსენა, რომ იეჰოვა აკურთხებს თავის ერთგულ მსახურებს (იაკობი 5:11). იობის 42:12–ში ვკითხულობთ: „აკურთხა ღმერთმა იობის უკანასკნელი დღეები პირვანდელზე მეტად“. ღმერთმა იობს ყველაფერი ორმაგად აუნაზღაურა, და ის დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდა (იობი 42:16, 17). ნებისმიერი ტკივილი და ტანჯვა, რომლის ატანაც ამ ბოლო დღეებში გვიწევს, ღვთის ახალ ქვეყნიერებაში დავიწყებას მიეცემა (ესაია 65:17; გამოცხადება 21:4). ‘ჩვენ გვსმენია იობის მოთმინებაზე’ და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, იეჰოვას დახმარებით მივბაძოთ იობს. ბიბლია გვპირდება: „ბედნიერია ის, ვინც განსაცდელს უძლებს, რადგან მოწონებას დაიმსახურებს და მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელსაც იეჰოვა თავის მოყვარულებს დაჰპირდა“ (იაკობი 1:12).

როგორ უპასუხებთ?

• როგორ შეგვიძლია იეჰოვას გული გავუხაროთ?

• რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ პრობლემებს ღვთის უკმაყოფილების გამო ვხვდებით?

• რა დაეხმარა იობს განსაცდელის ატანაში?

• როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ელიჰუს, როცა თანამორწმუნეების გაძლიერებას ვცდილობთ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 28 გვერდზე]

კარგი მრჩეველი თანაგრძნობას, პატივისცემასა და თავაზიანობას ავლენს.

[სურათები 29 გვერდზე]

ელზა და ჰაროლდ აპტები.