მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
შესაძლებელია, რომ საბოლოო გამოცდის შემდეგ, რომელიც ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დასასრულს იქნება, ადამიანმა შესცოდოს და მოკვდეს?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება ორი მუხლი „გამოცხადებიდან“: „სიკვდილი და ჰადესი ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში; ცეცხლის ტბა მეორე სიკვდილს ნიშნავს“ (გამოცხადება 20:14); „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4).
ყურადღება მიაქციეთ, რა დროზეა აქ ლაპარაკი. „სიკვდილი და ჰადესი“ ცეცხლის ტბაში ჩაიყრება მას შემდეგ, რაც არმაგედონს გადარჩენილები, მკვდრეთით აღდგენილები და არმაგედონის შემდეგ დაბადებულები გასამართლდებიან „გრაგნილებში ჩაწერილის“ ანუ იეჰოვას მოთხოვნების მიხედვით, რომლებიც ათასი წლის განმავლობაში იარსებებს (გამოცხადება 20:12, 13). მოციქული იოანე „გამოცხადების“ 21–ე თავში წერს კიდევ ერთი ხილვის შესახებ, რომელიც შესრულდება იესო ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის განმავლობაში. თუმცა ის საბოლოოდ ათასწლიანი „სასამართლოს დღის“ დასრულებისას შესრულდება. ამის შემდეგ, როცა იესო თავის მამას გადასცემს სამეფოს, იეჰოვა სრულად ‘დამკვიდრდება ადამიანებთან’ ყოველგვარი შუამავლის გარეშე. იეჰოვა სიმბოლური გაგებით დამკვიდრდება სამუდამოდ თავის ხალხთან. როცა ქრისტეს გამოსასყიდის საფუძველზე ადამიანები სრულყოფილებას მიაღწევენ, სიკვდილი „აღარ იქნება“ აბსოლუტური გაგებით (გამოცხადება 21:3, 4).
ამგვარად, ზემოთ მოყვანილ მუხლებში იგულისხმება ადამისგან გადმოცემული სიკვდილი, რომელიც ქრისტეს გამოსასყიდის წყალობით სამუდამოდ მოისპობა (რომაელები 5:12—21). პირველი მამაკაცისგან მემკვიდრეობით მიღებული სიკვდილის გაუქმების შემდეგ ადამიანები იქნებიან ისეთები, როგორიც ადამი იყო, როცა ის იეჰოვამ შექმნა. მაშინ ადამი სრულყოფილი იყო, თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას, რომ მისი სიკვდილის შესაძლებლობა არ არსებობდა. იეჰოვამ ადამი გააფრთხილა, არ ეჭამა „კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან“, და უთხრა: „რა დღესაც შეჭამ ამ ხის ნაყოფს, სიკვდილით მოკვდები“ (დაბადება 2:17). სიკვდილი იყო შეგნებულად ჩადენილი ცოდვის შედეგი. საბოლოო გამოცდის შემდეგ, რომელიც ათასწლიანი მმართველობის დასასრულს იქნება, ადამიანებს კვლავ ექნებათ ნების თავისუფლება (გამოცხადება 20:7—10). მათ მაშინაც ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ თავად გადაწყვიტონ, განაგრძონ იეჰოვას მსახურება თუ არა. ჩვენ გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ არც ერთი ადამიანი არ შეაქცევს იეჰოვას ზურგს, როგორც ეს ადამმა გააკეთა.
რა დაემართება მას, ვინც საბოლოო გამოცდის შემდეგ განუდგება ღმერთს? მაშინ ხომ აღარ იქნება სიკვდილი ან ჰადესი?! იმ დროისთვის აღარ იარსებებს ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული სიკვდილი. აგრეთვე აღარ იარსებებს ჰადესი, კაცობრიობის საერთო სამარე, საიდანაც შესაძლებელია აღდგენა. იეჰოვას შეუძლია გაანადგუროს ცეცხლის ტბაში ნებისმიერი, ვინც მას განუდგება, და მათთვის აღარ იარსებებს აღდგომის იმედი. ისინი არ განადგურდებიან ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული სიკვდილით. ეს იქნება ისეთივე სიკვდილი, როგორითაც ადამი და ევა მოკვდნენ.
მაგრამ ჩვენ არანაირი საფუძველი არ გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ასეთი რამ მოხდება. ისინი, რომლებიც გადაიტანენ საბოლოო გამოცდას, ადამისგან ერთი მნიშვნელოვანი რამით იქნებიან განსხვავებულნი — ისინი სრულად იქნებიან გამოცდილნი. ჩვენ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ საბოლოო გამოცდის წუნდაუდებლობაში, რადგან იეჰოვამ იცის, როგორ შეაფასოს ადამიანი. საბოლოო გამოცდისას განადგურდება ყველა, ვინც ბოროტად გამოიყენებს ნების თავისუფლებას. ამგვარად, შესაძლებელია, რომ ის, ვინც გადაიტანს საბოლოო გამოცდას, განუდგეს იეჰოვას და განადგურდეს; მაგრამ ნაკლებად სარწმუნოა, რომ ასეთი რამ მოხდება.
[სურათი 31 გვერდზე]
რა გაგებით იქნებიან ადამიანები ადამის მსგავსნი საბოლოო გამოცდის შემდეგ?