„აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს“
„აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს“
„ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს“ (ფილიპელები 4:6).
1. ვისთან საუბრის შესაძლებლობა გვაქვს და რატომ არის ეს საოცარი?
რა პასუხს მიიღებდით, თუ ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრას მოითხოვდით? ალბათ, მისი რომელიმე წარმომადგენელი ზრდილობიანად გაგესაუბრებოდათ, მაგრამ საეჭვოა, ნება დაერთოთ, პირადად გელაპარაკათ პრეზიდენტთან. სამყაროს უზენაესი მმართველი, იეჰოვა ღმერთი კი, სულ სხვაგვარად იქცევა. მასთან მიახლოება ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს შეგვიძლია. ის ყოველთვის ისმენს მართალთა ლოცვებს (იგავები 15:29). ეს მართლაც საოცარია! განა მადლიერებამ არ უნდა აღგვძრას, გამუდმებით მივმართოთ ლოცვით ღმერთს, რომელსაც ბიბლიაში სამართლიანად ეწოდება „ლოცვების მომსმენი“? (ფსალმუნი 65:2).
2. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ღმერთმა ჩვენი ლოცვები მოისმინოს?
2 მიუხედავად ამისა, შეიძლება ვინმემ იკითხოს: „როგორ ლოცვებს ისმენს ღმერთი?“ ბიბლიაში მოხსენიებულია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ღმერთმა მოისმინოს ჩვენი ლოცვები. იქ ნათქვამია: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს, რადგან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებრაელები 11:6). დიახ, როგორც წინა სტატიაში განვიხილეთ, ღმერთთან მისაახლოებლად, უპირველესად, საჭიროა რწმენა. ღმერთი ისმენს მათ ლოცვებს, ვინც რწმენით უახლოვდება და გულწრფელად და სწორი აღძვრებიდან გამომდინარე აკეთებს კარგ საქმეებს.
3. ა) როგორც ძველ დროში მცხოვრები ერთგული მსახურების ლოცვებიდან ჩანს, რის შესახებ შეგვიძლია ვილოცოთ? ბ) როგორი შეიძლება იყოს ლოცვები?
3 პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებს პავლე მოციქული მოუწოდებდა: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს“ (ფილიპელები 4:6, 7). ბიბლია მოგვითხრობს მათ შესახებ, ვინც თავის საზრუნავზე ლოცულობდა. მათ შორის არიან ხანა, ელია, ეზეკია და დანიელი (1 სამუელი 2:1—10; 1 მეფეები 18:36, 37; 2 მეფეები 19:15—19; დანიელი 9:3—21). ჩვენ უნდა მივბაძოთ მათ მაგალითს. ყურადღება მიაქციეთ, რომ პავლეს სიტყვების თანახმად, ლოცვები შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს; მაგალითად, ლოცვა შეიძლება წარმოითქვას მადლიერებით, რომლის დროსაც მადლიერებას გამოვხატავთ იმისათვის, რასაც ღმერთი ჩვენთვის აკეთებს. ამ დროს ღვთის განდიდებაც შეგვიძლია; ვედრებაში იგულისხმება მოკრძალებითა და ხვეწნა-მუდარით წარმოთქმული ლოცვა. ჩვენ შეგვიძლია ლოცვაში რაიმე კონკრეტული სათხოვარიც ჩავრთოთ (ლუკა 11:2, 3). ჩვენი ზეციერი მამა სიამოვნებით ისმენს ასეთ ლოცვებს.
4. რატომ უნდა მივმართოთ იეჰოვას თხოვნით, მიუხედავად იმისა, რომ მან იცის, რა გვჭირდება?
4 ზოგმა შეიძლება იკითხოს: „განა არ იცის იეჰოვამ, რა გვჭირდება?“ რა თქმა უნდა, იცის (მათე 6:8, 32). მაშ, რატომ სურს, რომ თხოვნით მივმართოთ? მოდი განვიხილოთ ასეთი მაგალითი: შეიძლება მაღაზიის მფლობელმა გადაწყვიტოს, რომ ზოგიერთ მყიდველს რაიმე აჩუქოს. ამ საჩუქრის მისაღებად მყიდველმა მაღაზიის მფლობელს უნდა მიმართოს. ვინც არ მიაკითხავს, ცხადყოფს, რომ არ აფასებს საჩუქარს. მსგავსად ამისა, თუ ლოცვაში თხოვნით არ მივმართავთ ღმერთს, ცხადვყოფთ, რომ არ ვაფასებთ იმას, რასაც იეჰოვა აკეთებს ჩვენთვის. იესომ თქვა: „ითხოვეთ და მიიღებთ“ (იოანე 16:24). ასეთი სახით ვაჩვენებთ, რომ ვენდობით ღმერთს.
როგორ უნდა მივუახლოვდეთ ღმერთს?
5. რატომ უნდა ვილოცოთ იესოს სახელით?
5 იეჰოვა მკაცრ წესებს არ ადგენს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვილოცოთ. მიუხედავად ამისა, საჭიროა ვიცოდეთ, როგორ მივუახლოვდეთ ღმერთს სათანადოდ, რის შესახებაც ბიბლიიდან ვიგებთ. მაგალითად, იესო ასწავლიდა თავის მიმდევრებს: „რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, ის მოგცემთ“ (იოანე 16:23). მაშასადამე, ჩვენ უნდა ვილოცოთ იესოს სახელით და ვაღიაროთ, რომ ღმერთი მხოლოდ მისი მეშვეობით აკურთხებს ადამიანებს.
6. უნდა გვეკავოს ლოცვის დროს რაიმე განსაზღვრული მდგომარეობა?
6 უნდა გვეკავოს ლოცვის დროს რაიმე განსაზღვრული მდგომარეობა? არა. ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ განსაზღვრულ მდგომარეობაში უნდა ვილოცოთ, რათა ჩვენი ლოცვები შესმენილ იქნეს (1 მეფეები 8:22; ნეემია 8:6; მარკოზი 11:25; ლუკა 22:41). მნიშვნელოვანია, რომ გულწრფელად და სწორი აღძვრებიდან გამომდინარე მივმართოთ ღმერთს ლოცვით (იოელი 2:12, 13).
7. ა) რას ნიშნავს სიტყვა „ამინ“? ბ) რა დანიშნულება აქვს მას ლოცვის დროს?
7 რა შეიძლება ითქვას სიტყვა „ამინ“-ის გამოყენებაზე? ბიბლიიდან ჩანს, რომ ეს სიტყვა, ჩვეულებრივ, ლოცვის დასასრულს წარმოითქმება, განსაკუთრებით კი საჯაროდ ლოცვისას (ფსალმუნი 72:19; 89:52). ებრაული სიტყვის „ამინ“-ის ძირითადი მნიშვნელობაა „ჭეშმარიტად“. „მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში“ ნათქვამია, რომ ლოცვის დასკვნითი სიტყვა „ამინ“ არის „მანამდე ნათქვამი სიტყვების დადასტურება და თხოვნა, რომ ლოცვა შესრულდეს“. ამგვარად, როდესაც ადამიანი მთელი გულით ამბობს „ამინ“, ცხადყოფს, რომ ლოცვისას გულწრფელი იყო. როდესაც ქრისტიანი კრებაში წარმოთქვამს ლოცვას, მსმენელებს შეუძლიათ გულში თქვან „ამინ“ ან ხმამაღლა დაემოწმონ ნათქვამს (1 კორინთელები 14:16).
8. როგორ შეგვიძლია ვილოცოთ იაკობისა და აბრაამის მსგავსად და რას ცხადყოფს ეს ჩვენზე?
8 ზოგჯერ ღმერთმა შეიძლება იმის შესაძლებლობა მოგვცეს, რომ გამოვავლინოთ, რამდენად სერიოზულად გვაწუხებს ესა თუ ის საკითხი, რაზეც ვლოცულობთ. შეიძლება საჭირო იყოს, მივბაძოთ ძველ დროში მცხოვრებ იაკობს, რომელიც მთელი ღამე ებრძოდა ანგელოზს, რათა კურთხევა მიეღო (დაბადება 32:24—26). ან ზოგჯერ შეიძლება აბრაამის მსგავს მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, რომელიც არაერთხელ შეევედრა იეჰოვას, ეხსნა ლოტი და სხვა მართალი ადამიანები, რომლებიც შესაძლოა სოდომში ცხოვრობდნენ (დაბადება 18:22—33). ჩვენც შეგვიძლია ვევედროთ იეჰოვას ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მისი სამართლიანობის, სიკეთისა და გულმოწყალების საფუძველზე.
რის შესახებ შეგვიძლია ვილოცოთ?
9. უპირველესად, რის შესახებ უნდა ვილოცოთ?
9 გაიხსენეთ პავლეს სიტყვები: „მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს“ (ფილიპელები 4:6). აქედან გამომდინარე, პირად ლოცვებში შეგვიძლია ჩავრთოთ ცხოვრების ნებისმიერ სფეროსთან დაკავშირებული საკითხები. მაგრამ, უპირველესად, იეჰოვას ნების შესრულებაზე უნდა ვილოცოთ. ამ მხრივ დანიელმა შესანიშნავი მაგალითი მოგვცა. როდესაც ისრაელს ცოდვების გამო ღვთის სასჯელი დაატყდა, დანიელმა თხოვნით მიმართა იეჰოვას, გამოეჩინა გულმოწყალება. მან თქვა: „ნუ დააყოვნებ შენი გულისთვის, ჩემო ღმერთო, რადგან შენი სახელით იწოდება შენი ქალაქი და შენი ხალხი“ (დანიელი 9:15—19). ვლოცულობთ ჩვენც უპირველესად იეჰოვას სახელის გაწმენდასა და მისი ნების შესრულებაზე?
10. საიდან ვიცით, რომ პირად საკითხებზეც შეგვიძლია ვილოცოთ?
10 გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, პირად საკითხებზეც ვილოცოთ. მაგალითად, შეგვიძლია ფსალმუნმომღერლის მსგავსად ვთხოვოთ ღმერთს, დაგვეხმაროს სულიერი საკითხების უკეთ გაგებაში. ფსალმუნმომღერალმა თქვა: „გამაგებინე, რომ დავიცვა შენი კანონი და მთელი გულით შევასრულო“ (ფსალმუნი 119:33, 34; კოლოსელები 1:9, 10). იესომ „ძლიერი ღაღადითა და ცრემლებით შესწირა ვედრება და თხოვნა მას, ვისაც სიკვდილისგან მისი ხსნა შეეძლო“ (ებრაელები 5:7). ამგვარად იესომ დაგვანახვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, საფრთხის ან განსაცდელის დროს დახმარებისთვის ღმერთს მივმართოთ. როდესაც მან თავის მოწაფეებს ლოცვის ნიმუში მისცა, მასში ისეთი საკითხებიც მოიხსენია, როგორიცაა შეცდომების პატიება და ყოველდღიური საზრდო.
11. როგორ დაგვეხმარება ლოცვები ცდუნების დროს?
11 ლოცვის ნიმუშში იესომ შემდეგი თხოვნაც ჩართო: „ნუ შეგვიყვან ცდუნებაში, არამედ გვიხსენი ბოროტისგან“ (მათე 6:9—13). მოგვიანებით მან თავის მოწაფეებს ურჩია: „იფხიზლეთ და განუწყვეტლივ ილოცეთ, რომ არ ცდუნდეთ“ (მათე 26:41). როდესაც ცდუნების წინაშე ვდგავართ, მნიშვნელოვანია ვილოცოთ. სამსახურში ან სკოლაში შეიძლება ცდუნების წინაშე დავდგეთ, რომ ბიბლიური პრინციპები დავარღვიოთ. შეიძლება ისეთ საქმიანობებში მონაწილეობის მიღება გვთხოვონ, რომლებიც საეჭვოა ან ზნეობრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ასეთ სიტუაციებში კარგად მოვიქცევით, თუ მივყვებით იესოს რჩევას და ვთხოვთ ღმერთს, არ დაუშვას, რომ ვცდუნდეთ. ამის გაკეთება შეგვიძლია როგორც ცდუნების წინაშე ყოფნისას, ისე მანამდე.
12. რა სერიოზული პრობლემების გამო შეგვიძლია ვილოცოთ და რას გააკეთებს იეჰოვა?
12 დღეს ღვთის მსახურები დიდ ზეწოლასა და ცხოვრებისეულ საზრუნავს უმკლავდებიან. მრავალი მათგანი ისეთი სერიოზული პრობლემების წინაშე დგება, როგორიცაა ავადმყოფობა და სტრესი. ჩვენ გარშემო არსებული ძალადობა ცხოვრებას უფრო ართულებს. ამას ემატება ეკონომიკური გაჭირვება. რა მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა უსმენს თავის მსახურებს, რომლებიც ამ საკითხებზე ლოცულობენ! ფსალმუნის
102:17-ში იეჰოვას შესახებ ნათქვამია: „ის შეისმენს გაძარცულთა ლოცვას, მათ ლოცვას არ უგულებელყოფს“.13. ა) რომელ პირად საკითხებზე შეგვიძლია ვილოცოთ? ბ) მოიყვანეთ მაგალითი.
13 ფაქტობრივად, ჩვენ შეგვიძლია ლოცვაში ჩავრთოთ ნებისმიერი რამ, რაც ჩვენს მსახურებას ან იეჰოვასთან ურთიერთობას ეხება (1 იოანე 5:14). თუ გადაწყვეტილებას იღებთ ქორწინებასთან, სამსახურთან ან მსახურების გაფართოებასთან დაკავშირებით, ხელმძღვანელობისთვის თავისუფლად მიმართეთ ღმერთს ლოცვით. მაგალითად, ფილიპინებში მცხოვრებ ერთ ახალგაზრდა ქალს სრული დროით მსახურების დაწყება სურდა. მაგრამ მას სამსახური არ ჰქონდა. ის ამბობს: «ერთ შაბათ დღეს განსაკუთრებით ვილოცე პიონერულ მსახურებასთან დაკავშირებით. იმავე დღეს, მსახურებაში ერთ მოზარდ გოგონას წიგნი შევთავაზე. ჩემდა გასაოცრად, მან მითხრა: „ორშაბათ დილით აუცილებლად მოდით ჩვენთან სკოლაში“. რატომ? — ვკითხე მე. მან ამიხსნა, რომ სკოლაში შემეძლო მუშაობის დაწყება, ოღონდ მალევე უნდა მივსულიყავი. მივედი თუ არა, მაშინვე მიმიღეს სამსახურში. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა». მთელ მსოფლიოში იეჰოვას მრავალ მოწმეს აქვს მსგავსი შემთხვევები. ამგვარად, ნუ დააყოვნებთ და მთელი გულით მიმართეთ ღმერთს ლოცვით!
როგორ მოვიქცეთ, თუ შევცოდეთ?
14, 15. ა) რატომ არ უნდა შეიკავოს თავი შემცოდველმა ლოცვისგან? ბ) პირადად ლოცვის გარდა, კიდევ ვის შეუძლია შემცოდველის დახმარება?
14 თუ ადამიანმა შესცოდა, როგორ დაეხმარება მას ლოცვა? ზოგს შეიძლება ჩადენილი ცოდვის გამო რცხვენია და თავს იკავებს ლოცვისგან. მაგრამ ასე მოქცევა გონივრული არ არის. დავფიქრდეთ შემდეგ მაგალითზე: პილოტმა იცის, რომ კურსი თუ დაკარგა, დახმარებისთვის ავიადისპეტჩერს უნდა დაუკავშირდეს. მაგრამ, რა მოხდება, თუ პილოტს შერცხვება მომხდარის გამო და დისპეტჩერს არ დაუკავშირდება? ეს უბედური შემთხვევის მიზეზი გახდება! მსგავსად ამისა, პიროვნება, რომელსაც ცოდვის გამო რცხვენია, ილოცოს, შეიძლება საშიშროების წინაშე დადგეს. ჩადენილმა ცოდვამ არ უნდა დააბრკოლოს ადამიანი, რომ იეჰოვას ლოცვით მიმართოს. სინამდვილეში, ღმერთი მოუწოდებს შემცოდველებს, ილოცონ. წინასწარმეტყველმა ესაიამ ცოდვილ თანამედროვეებს მოუწოდა, მიემართათ იეჰოვასთვის, „რადგან ის მრავლის მიმტევებელია“ (ესაია 55:6, 7). ადამიანი ‘გულს მოულბობს იეჰოვას’, თუ მთელი გულით მიმართავს მას ლოცვით, აღარ ჩაიდენს ცოდვებს და გულწრფელად მოინანიებს (ფსალმუნი 119:58; დანიელი 9:13).
15 ცოდვის ჩადენის შემთხვევაში, ლოცვა კიდევ ერთი მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი. მოწაფე იაკობი წერდა მათ შესახებ, ვისაც სულიერი დახმარება ესაჭიროებოდა: „მოუხმოს კრების უხუცესებს, მათ კი ილოცონ მასზე . . . იეჰოვა წამოაყენებს მას“ (იაკობი 5:14, 15). დიახ, პიროვნებამ ლოცვაში პირადად უნდა აღიაროს ცოდვები იეჰოვას წინაშე, მაგრამ მას შეუძლია უხუცესებსაც სთხოვოს, რომ მისთვის ილოცონ. ამის წყალობით ის შეძლებს, სულიერად გამოჯანსაღდეს.
პასუხები ლოცვებზე
16, 17. ა) როგორ პასუხობს იეჰოვა ლოცვებს? ბ) რომელი მაგალითები ცხადყოფს, რომ ლოცვა მჭიდროდ არის დაკავშირებული სამქადაგებლო მსახურებასთან?
16 როგორ პასუხობს ღმერთი ჩვენს ლოცვებს? ზოგიერთ ლოცვაზე პასუხი შეიძლება ძალიან მალე მივიღოთ (2 მეფეები 20:1—6). ზოგ ლოცვაზე პასუხის მიღებას კი შეიძლება დრო დასჭირდეს. ამასთანავე, ღვთის პასუხი შესაძლოა ადვილი ამოსაცნობი არ იყოს. იესოს მაგალითში მოყვანილი ქვრივის მსგავსად, რომელიც განუწყვეტლივ დადიოდა მოსამართლესთან, შეიძლება ჩვენთვისაც აუცილებელი იყოს, ღმერთს არაერთხელ მივმართოთ ლოცვით (ლუკა 18:1—8). შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ღვთის ნებასთან შეთანხმებულად თუ ვილოცებთ, იეჰოვა არასოდეს გვეტყვის: „ნუ მაწუხებ“ (ლუკა 11:5—9).
17 იეჰოვას ხალხი არაერთხელ დარწმუნებულა, რომ იეჰოვა პასუხობს ლოცვებს. ეს ხშირად აშკარად ჩანს მსახურების დროს. მაგალითად, ფილიპინებში ორი ქრისტიანი და ბიბლიურ ლიტერატურას ავრცელებდა დაშორებულ ტერიტორიაზე. როდესაც ერთ ქალს მათ ტრაქტატი მისცეს, ქალს თვალზე ცრემლი მოადგა და დებს უთხრა: „წუხელ ღმერთს ვევედრებოდი, ვინმე გამოეგზავნა ჩემთვის, რომ ბიბლია მესწავლა. ვფიქრობ, ჩემს ლოცვაზე პასუხი მივიღე“. ცოტა ხნის შემდეგ ქალმა სამეფო დარბაზში კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ნაწილში ერთ ძმას ძალიან უჭირდა კარგად დაცულ კორპუსებში ქადაგება. მაგრამ მან ლოცვაში სთხოვა იეჰოვას, რომ მისთვის გაბედულება მიეცა და შენობაში შევიდა. მან დააკაკუნა ერთ კარზე. კარი ახალგაზრდა ქალმა გააღო. როდესაც ძმამ თავისი მისვლის მიზეზი აუხსნა, ქალმა ტირილი დაიწყო. მან თქვა, რომ იეჰოვას მოწმეებს ეძებდა და ლოცულობდა, რომ ღმერთი დახმარებოდა მათ პოვნაში. ძმა სიამოვნებით დაეხმარა მას, რომ იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ კრებას დაკავშირებოდა.
18. ა) რა უნდა გავაკეთოთ, როცა ვხედავთ, რომ იეჰოვა პასუხობს ჩვენს ლოცვებს? ბ) რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი, თუ ლოცვისთვის ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ?
18 ლოცვა მართლაც შესანიშნავი საშუალებაა. იეჰოვა მზად არის მოგვისმინოს და გვიპასუხოს ლოცვებზე (ესაია 30:18, 19). მაგრამ დაკვირვება გვმართებს, რომ დავინახოთ, თუ როგორ ასრულებს იეჰოვა ჩვენს ლოცვებს. ისინი შეიძლება ყოველთვის ისე არ შესრულდეს, როგორც ჩვენ გვინდა. და მაინც, როცა ვიგრძნობთ მის ხელმძღვანელობას, არ უნდა დაგვავიწყდეს მადლობის თქმა და მისი განდიდება (1 თესალონიკელები 5:18). გარდა ამისა, ყოველთვის გახსოვდეთ პავლე მოციქულის სიტყვები: „ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს“. დიახ, გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რომ ესაუბროთ იეჰოვას. ასე მოქცევით საკუთარ თავზე გამოსცდით იმ სიტყვების ჭეშმარიტებას, რომლებიც პავლემ მათზე თქვა, ვის ლოცვებსაც ღმერთი პასუხობს. მან თქვა: „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას“ (ფილიპელები 4:6, 7).
შეგიძლიათ უპასუხოთ?
• როგორი შეიძლება იყოს ლოცვები?
• როგორ უნდა ვილოცოთ?
• რა შეგვიძლია ჩავრთოთ ჩვენს ლოცვებში?
• როგორ დაეხმარება ადამიანს ლოცვა, თუ შესცოდა?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 29 გვერდზე]
მთელი გულით ლოცვა დაგვეხმარება, გავუძლოთ ცდუნებებს.
[სურათები 31 გვერდზე]
ლოცვის მეშვეობით ვესაუბრებით ღმერთს ჩვენს საზრუნავზე, მივმართავთ თხოვნით და გამოვხატავთ მადლიერებას.