არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თაყვანისმცემლობა, რომელიც თქვენს კეთილდღეობას ემსახურება

თაყვანისმცემლობა, რომელიც თქვენს კეთილდღეობას ემსახურება

თაყვანისმცემლობა, რომელიც თქვენს კეთილდღეობას ემსახურება

„ჩემთვის კარგია ღმერთთან დაახლოება“, — თქვა ფსალმუნმომღერალმა ასაფმა. მას ჰქონდა პერიოდი, როცა ფიქრობდა, რომ უკეთესი იქნებოდა მიებაძა მათთვის, ვინც კარგი ცხოვრების ძიებაში ღმერთი დაივიწყა. მაგრამ საბოლოოდ ასაფმა ღმერთთან სიახლოვე ამჯობინა, რადგან დაფიქრდა სასიკეთო შედეგებზე, რომლებიც ასეთ ურთიერთობას მოაქვს (ფსალმუნი 73:2, 3, 12, 28). მოგიტანთ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა სიკეთეს პირადად თქვენ? თუ ეს ასეა, რა მხრივ?

ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ამდიდრებს ადამიანის ცხოვრებას და ეხმარება მას, საკუთარ თავზე არ იყოს კონცენტრირებული. ის, ვინც მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავს, ვერასდროს იქნება ბედნიერი, რადგან „სიყვარულის ღმერთს“ ამისთვის არ შევუქმნივართ (2 კორინთელები 13:11). ადამიანის ბუნების შესახებ ძირითადი ჭეშმარიტება იესომ ამგვარად ჩამოაყალიბა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). სწორედ ამიტომ გვანიჭებს სიამოვნებას მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის სიკეთის კეთება. თუმცა უდიდესი ბედნიერება ღვთის ნება-სურვილის შესრულებას მოაქვს. ის ყველაზე მეტად იმსახურებს ჩვენს სიყვარულს. მილიონები, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ ფენას მიეკუთვნებიან, ხედავენ, რომ ღვთის თაყვანისცემას, მისი მოთხოვნების თანახმად ცხოვრებას, ნამდვილი კმაყოფილება მოაქვს (1 იოანე 5:3).

სიცოცხლის აზრის შეძენა

ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა იმ მხრივაც არის სასიკეთო, რომ ცხოვრებას აზრს სძენს. ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ბედნიერად ხშირად მაშინ ვგრძნობთ თავს, როცა რაიმე ღირებულ მიზანს ვაღწევთ. უმრავლესობას აქვს ცხოვრებაში თავისი მიზანი, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ოჯახთან, მეგობრებთან, სამსახურთან ან რაიმე გატაცებასთან. მაგრამ ცხოვრების არასტაბილურობის გამო ეს ყველაფერი ხშირად ვერ ანიჭებთ მათ ნამდვილ ბედნიერებას (ეკლესიასტე 9:11). ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა კი გვეხმარება უფრო ღირებული მიზნისკენ სწრაფვაში, რომელიც მაშინაც კი გვანიჭებს სიამოვნებას, როცა ცხოვრების სხვა სფეროებში იმედი გვიცრუვდება.

ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის საჭიროა, ვიცნობდეთ იეჰოვას და ერთგულად ვემსახურებოდეთ მას. ასეთი თაყვანისმცემლობა გვეხმარება ღმერთთან დაახლოებაში (ეკლესიასტე 12:13; იოანე 4:23; იაკობი 4:8). შეიძლება წარმოუდგენლად მიგაჩნიათ, იმდენად კარგად გაიცნოთ ღმერთი, რომ ის თქვენთვის მეგობარი იყოს. მაგრამ თქვენ შეძლებთ ღვთის სხვადასხვა თვისების დანახვას, თუ იფიქრებთ მის შემოქმედებაზე და ადამიანებთან მის ურთიერთობაზე, რის შესახებაც ბიბლია მოგვითხრობს (რომაელები 1:20). გარდა ამისა, ბიბლიის კითხვა დაგანახვებთ, თუ რა არის დედამიწაზე ჩვენი ყოფნის მიზანი, რატომ უშვებს ღმერთი უბედურებებს, როგორ მოუღებს ის ბოლოს ადამიანთა ­ტანჯვას და — ალბათ, რაც ყველაზე საინტერესოა — როგორ შევძლებთ ჩვენი წვლილის შეტანას ღვთის განზრახვაში (ესაია 43:10; 1 კორინთელები 3:9). ყოველივე ამის ცოდნა აზრს შემატებს თქვენს ცხოვრებას!

უკეთეს პიროვნებად ჩამოყალიბება

ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა სასიკეთოა იმიტომაც, რომ უკეთეს პიროვნებად ჩამოყალიბებაში გვეხმარება. ამ დროს ჩვენ ვავითარებთ ისეთ თვისებებს, რომელთა წყალობითაც სხვებთან უფრო სასიამოვნო ურთიერთობა გვაქვს. ღვთისა და მისი ძისგან ვსწავლობთ, რომ უნდა ვიყოთ პატიოსნები, თავაზიანები და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონენი (ეფესოელები 4:20—5:5). როდესაც ღმერთს იმდენად კარგად ვეცნობით, რომ მისადმი სიყვარულს ვგრძნობთ, სურვილი გვიჩნდება, მივბაძოთ მას. ბიბლია ამბობს: „მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა და იარეთ სიყვარულში“ (ეფესოელები 5:1, 2).

განა სასიამოვნო არ არის ისეთ ადამიანთა გარემოცვაში ყოფნა, რომლებიც ბაძავენ ღმერთს სიყვარულის გამოვლენაში? საბედნიეროდ, ღვთისადმი თაყვანისცემისას მარტო არ იქნებით. თქვენ გაერთიანდებით მათთან, ვისაც უყვარს სიმართლე და სიკეთის კეთება. რელიგიური გაერთიანების იდეა შეიძლება თავდაპირველად არ მოგეწონოთ. მაგრამ, როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, რელიგიათა უმეტესობის პრობლემა ის კი არ არის, რომ ისინი ორგანიზებულნი არიან, არამედ ის, რომ არასათანადოდ და არასწორი მიზნებისთვის არიან გაერთიანებულნი. ბევრი რელიგია არაქრისტიანულ მიზნებს ემსახურება. ღვთის ხალხი კი კეთილშობილური მიზნისთვის არის ორგანიზებული უშუალოდ იეჰოვას მიერ. ბიბლიაში წერია: „ღმერთი უწესრიგობის კი არა, მშვიდობის ღმერთია“ (1 კორინთელები 14:33). მილიონობით ადამიანის მსგავსად, თქვენც შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ კარგად ორგანიზებულ ქრისტიანებთან ურთიერთობას თქვენზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია.

მომავლის იმედი

როგორც ბიბლიიდან ვხედავთ, ღმერთი აერთიანებს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს იმ მიზნით, რომ გადაურჩნენ ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულს და იცხოვრონ ახალ ქვეყნიერებაში, სადაც „დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:13; გამოცხადება 7:9—17). ამგვარად, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა გვისახავს იმედს, რაც აუცილებელია ბედნიერებისთვის. ზოგი მომავლის იმედს ამყარებს ძლიერ მთავრობაზე, წარმატებულ ბიზნესზე, კარგ ჯანმრთელობაზე და პენსიაზე გასვლის შემდეგ უზრუნველ ცხოვრებაზე. მაგრამ ეს ყოველთვის არ არის ბედნიერი მომავლის გარანტია. პავლე მოციქულმა დაწერა: „ჩვენ ცოცხალი ღვთის იმედი გვაქვს“ (1 ტიმოთე 4:10).

საფუძვლიანი გამოკვლევის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ იმის განსაზღვრა, თუ ვინ არიან ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები. დღევანდელ ქვეყნიერებაში, სადაც ხშირად ვხვდებით განხეთქილებებს, იეჰოვას მოწმეები სიყვარულითა და ერთობით გამოირჩევიან. მათ შორის თითქმის ყველა ერისა და კატეგორიის ადამიანებს შეხვდებით. მათ აერთიანებთ ერთმანეთისა და იეჰოვას სიყვარული (იოანე 13:35). იეჰოვას მოწმეებს სურთ, თქვენც განიცადოთ ის, რასაც თავად გრძნობენ. ასაფმა დაწერა: „ჩემთვის კარგია ღმერთთან დაახლოება“ (ფსალმუნი 73:28).

[სურათი 7 გვერდზე]

თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ღვთის მეგობარი.