მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ფსალმუნები“ (ნაწილი 5)
იეჰოვას სიტყვა ცოცხალია
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ფსალმუნები“ (ნაწილი 5)
მდიდრები შეიძლება ამბობენ: „ჩვენი ძეები გაზრდილი ნერგებივით არიან, ჩვენი ქალიშვილები — სასახლის თლილი კუთხეებივით, ჩვენი ბეღლები სავსეა . . . ჩვენი ცხვრის ფარები ათასჯერ . . . მრავლდებიან“. უფრო მეტიც, მათ შესაძლოა თქვან: „ბედნიერია ხალხი, რომელსაც ასე მისდის საქმე!“ მათგან განსხვავებით, ფსალმუნმომღერალი ამბობს: „ბედნიერია ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა!“ (ფსალმუნი 144:12—15). განა შეიძლება ეს სხვაგვარად იყოს? იეჰოვა ბედნიერი ღმერთია და ბედნიერნი არიან მისი თაყვანისმცემლები (1 ტიმოთე 1:11). ეს რომ ნადვილად ასეა, აშკარად ჩანს ღვთის შთაგონებით წარმოთქმული ფსალმუნების ბოლო ნაწილიდან, კერძოდ კი 107—150-ე ფსალმუნებიდან.
„ფსალმუნების“ წიგნის მეხუთე ნაწილი აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს ღვთის შეუდარებელ თვისებებზე, მათ შორის სიკეთეზე, ჭეშმარიტებასა და ყოველივე კარგზე. რაც უფრო მეტად ვეცნობით იეჰოვას პიროვნებას, მით უფრო გვივითარდება მისადმი სიყვარულისა და შიშის გრძნობა. ამას კი ჩვენთვის ბედნიერება მოაქვს. მართლაც მნიშვნელოვანი ცნობაა მოცემული „ფსალმუნების“ ბოლო, მეხუთე, ნაწილში! (ებრაელები 4:12).
იეჰოვას სიკეთის გამო ბედნიერნი
„მადლობდეს ხალხი იეჰოვას მისი სიკეთისთვის და ადამიანთა ძეებისთვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის“, — მღერიან ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებული იუდეველები (ფსალმუნი 107:8, 15, 21, 31). დავითი ხოტბას ასხამს იეჰოვას და მღერის: ‘შენი ჭეშმარიტება ღრუბლებს’ სწვდება (ფსალმუნი 108:4). შემდეგ ფსალმუნში ის ლოცულობს: „დამეხმარე, იეჰოვა, ჩემო ღმერთო, მიხსენი შენი სიკეთისამებრ“ (ფსალმუნი 109:18, 19, 26). 110-ე ფსალმუნი მესიის მმართველობაზე წინასწარმეტყველებს. ფსალმუნის 111:10-ში ნათქვამია: „იეჰოვას შიში სიბრძნის სათავეა“. მომდევნო ფსალმუნის თანახმად, „ბედნიერია იეჰოვას მოშიში კაცი“ (ფსალმუნი 112:1).
განმადიდებელი სიმღერები ეწოდება 113—118 ფსალმუნებს, რადგან მათში რამდენჯერმე მეორდება გამოთქმა „ალილუია“, ანუ „ადიდეთ იაჰი“. მიშნას, მესამე საუკუნის ნაშრომის, თანახმად, რომელშიც ჩაწერილი იყო ადრე ზეპირსიტყვიერად არსებული ტრადიციები, იუდეველები ამ სიმღერებს პასექისა და სამი ყოველწლიური დღესასწაულის აღნიშვნისას მღეროდნენ. 119-ე ფსალმუნი, როგორც ფსალმუნებში წიგნში, ისე მთლიან ბიბლიაში, ყველაზე დიდი თავია; ეს ფსალმუნი იეჰოვას სიტყვას განადიდებს.
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
109:23. რას გულისხმობდა დავითი, როდესაც ამბობდა: „იძულებული ვარ წავიდე, როგორც გადახრილი ჩრდილი“? დავითი პოეტურად აღწერდა იმას, რასაც გრძნობდა — სიკვდილის მოახლოებას (ფსალმუნი 102:11).
110:1, 2. რას აკეთებდა „[დავითის] უფალი“, იესო ქრისტე, როდესაც ღვთის მარჯვნივ იჯდა? იესო მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ზეცაში ავიდა, ღვთის მარჯვნივ დაჯდა და 1914 წლამდე იცდიდა, რათა ღვთის სამეფოს მეფე გამხდარიყო. მანამდე ის მმართველობდა თავის ცხებულ მიმდევრებზე — ხელმძღვანელობას უწევდა მოწაფეების მომზადების საქმიანობაში და თავისი სამეფოს მმართველებად ამზადებდა მათ (მათე 24:14; 28:18—20; ლუკა 22:28—30).
110:4. რა ‘დაიფიცა იეჰოვამ და არ ნანობს’? ეს ფიცი არის შეთანხმება, რომელიც იეჰოვამ იესო ქრისტესთან დადო, რომ ის იქნებოდა მეფე და მღვდელმთავარი (ლუკა 22:29).
113:3. რა გაგებით არის იეჰოვას სახელი ქებული „მზის ამოსავლიდან მის ჩასავლამდე“? აქ მხოლოდ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ ღვთის ყოველდღიურად თაყვანისცემაზე არ არის საუბარი. მზის „ამოსავლიდან“, აღმოსავლეთიდან, მზის „ჩასავლამდე“, დასავლეთამდე, სხივები მთელ დედამიწას ეფინება. მსგავსად, იეჰოვა ‘ქებული’ უნდა იყოს მთელ დედამიწაზე. ამის გაკეთება შეუძლებელია ორგანიზებული ძალისხმევის გარეშე. ჩვენ, იეჰოვას მოწმეებს, ბრწყინვალე შესაძლებლობა გვაქვს, ვაქოთ ღმერთი და გულმოდგინედ მივიღოთ მონაწილეობა სამეფოს შესახებ ცნობის გაცხადებაში.
116:15. რამდენად ‘უმძიმს იეჰოვას თავის ერთგულთა სიკვდილი’? იეჰოვას იმდენად უმძიმს თავის თაყვანისმცემელთა სიკვდილი, რომ ის არ დაუშვებს მათი, როგორც ჯგუფის, სიკვდილს. იეჰოვას ეს რომ დაეშვა, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ მისი მტრები მასზე ძლიერები არიან. გარდა ამისა, დედამიწაზე აღარავინ დარჩებოდა და ვეღარავინ შექმნიდა ახალი ქვეყნიერების ბირთვს.
119:71. რა შეიძლება იყოს კარგი ტანჯვაში? გაჭირვებამ შეიძლება მეტად გვასწავლოს იეჰოვაზე სრული მინდობა, მხურვალედ ლოცვა, ბიბლიის გულმოდგინედ შესწავლა და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება. გარდა ამისა, გაჭირვებაზე ჩვენმა რეაქციამ შეიძლება გამოააშკარაოს ჩვენი ნაკლოვანებები, რომელთა გამოსწორებაც შესაძლებელია. ტანჯვა არ დაგვბოღმავს, თუ მას ჩვენი პიროვნების დასახვეწად გამოვიყენებთ.
119:96. რას ნიშნავს „ყველანაირი სრულყოფილების დასასრული“? აქ ფსალმუნმომღერალი სრულყოფილებაზე ადამიანური თვალსაზრისიდან გამომდინარე ლაპარაკობს. ალბათ, მას მხედველობაში ის ჰქონდა, რომ ადამიანის შეხედულება სრულყოფილებაზე შეზღუდულია. ამის საპირისპიროდ, ღვთის მითითებები არ არის ამგვარად შეზღუდული. ღვთის მითითებები ცხოვრების ყველა სფეროს ეხება. «ყოველგვარ სრულყოფილებაში ზღვარს ვხედავ, — ნათქვამია „ახალ საერთაშორისო თარგმანში“, — მაგრამ შენი მითითებები უსაზღვროა».
119:164. რას ნიშნავს „დღეში შვიდჯერ“ ღვთის განდიდება? ციფრი „შვიდი“ ხშირად სრულყოფილებაზე მიანიშნებს. აქედან გამომდინარე, ფსალმუნმომღერალი ამბობს, რომ იეჰოვა იმსახურებს ყოველგვარ განდიდებას.
რას ვსწავლობთ:
107:27—31. ამ ქვეყნიერების სიბრძნე ‘აირევა’, როდესაც არმაგედონი დაიწყება (გამოცხადება 16:14, 16). ეს სიბრძნე განადგურებისგან ვერავის დაიხსნის. გადარჩებიან მხოლოდ ისინი, რომლებიც იეჰოვასგან მოელიან ხსნას, რათა ‘მადლობდნენ მას სიკეთისთვის’.
109:30, 31; 110:5. მეომარს, რომელსაც მარჯვენა ხელში ხმალი ეკავა, ხოლო მარცხენაში — ფარი, ჩვეულებრივ, მარჯვენა მხარე დაუცველი ჰქონდა. ფიგურალურად რომ ვთქვათ, იეჰოვა ‘მარჯვნივ უდგას’ თავის მსახურებს და მათთვის იბრძვის. ამგვარად, ის გვიცავს და გვეხმარება, რაც იმის მიზეზს გვაძლევს, რომ ‘ხოტბა შევასხათ’ მას.
113:4—9. იეჰოვა ამაღლებულია, ამიტომ ის იხრება და „დაჰყურებს . . . მიწას“. ის თანაუგრძნობს საწყალს, ღარიბს და უშვილო ქალს. უზენაესი უფალი იეჰოვა თავმდაბალია და სურს, რომ მისი თაყვანისმცემლებიც ავლენდნენ ამ თვისებას (იაკობი 4:6).
114:3—7. ჩვენზე ძალიან უნდა იმოქმედოს, როცა იმ დიდებული საქმეების შესახებ ვიგებთ, რომლებიც იეჰოვამ თავისი ხალხის სასარგებლოდ წითელ ზღვასთან, მდინარე იორდანესთან და სინას მთასთან მოიმოქმედა. კაცობრიობა, რომელიც „მიწით“ არის წარმოდგენილი, უფლის გამო შიშმა უნდა მოიცვას ანუ, გადატანითი მნიშვნელობით, „მწვავე ტკივილებმა“ შეიპყროს.
119:97—101. ღვთის სიტყვიდან მომდინარე სიბრძნე, ასევე, წვდომისა და გაგების უნარი, სულიერი ზიანისგან გვიცავს.
119:105. ღვთის სიტყვა ლამპარია ჩვენი ფეხისთვის, რადგან ის პრობლემების გადაჭრაში გვეხმარება. გადატანითი მნიშვნელობით, ის აგრეთვე სინათლეა ჩვენი სავალისთვის, რადგან მომავლის შესახებ ღვთის განზრახვას გვამცნობს.
სირთულეების მიუხედავად ბედნიერნი
როგორ შეგვიძლია სირთულეებთან გამკლავება? 120—134-ე ფსალმუნები პასუხს გვცემს ამ კითხვაზე. თუ იეჰოვას მივმართავთ დახმარებისთვის, სირთულეებს გავუმკლავდებით და სიხარულს შევინარჩუნებთ. ამ ფსალმუნებს, რომლებსაც აღსავალი სიმღერები ეწოდა, ისრაელები, როგორც ჩანს, მაშინ მღეროდნენ, როდესაც ყოველწლიური დღესასწაულების აღსანიშნავად იერუსალიმში მიდიოდნენ.
135-ე და 136-ე ფსალმუნები იეჰოვას წარმოგვიდგენს ღმერთად, რომელიც უმწეო კერპებისგან განსხვავებით, აკეთებს ყველაფერს, რისი გაკეთებაც სურს. 136-ე ფსალმუნი ისეა შედგენილი, რომ თითოეული მუხლის მეორე ნაწილში პირველი ნაწილის მიზეზია მოყვანილი. შემდეგი ფსალმუნი აღწერს, თუ რა გულდამძიმებულები იყვნენ ბაბილონში გადასახლებული იუდეველები, რომლებსაც სიონში სურდათ იეჰოვას თაყვანისცემა. 138—145 ფსალმუნები დავითს ეკუთვნის. მას სურს, ‘მთელი გულით შეასხას ხოტბა’ იეჰოვას. რატომ? „რადგან შიშს მინერგავს ის, თუ რა საოცრად ვარ შექმნილი“, — ამბობს დავითი (ფსალმუნი 138:1; 139:14). მომდევნო ხუთ ფსალმუნში დავითი ლოცულობს, რომ ღმერთმა ბოროტი ხალხისგან იხსნას ის, შეაგონოს, მდევნელებისგან დაიხსნას და უხელმძღვანელოს. დავითი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იეჰოვას ხალხი ბედნიერია (ფსალმუნი 144:15). ის ლაპარაკობს ღვთის დიდებულებასა და სიკარგეზე და დასძენს: „ჩემი პირი ილაპარაკებს იეჰოვას ქებას. ყოველმა ხორციელმა აკურთხოს მისი წმინდა სახელი მარადიულად, სამუდამოდ“ (ფსალმუნი 145:21).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
122:3. რა გაგებით იყო იერუსალიმი „როგორც ერთი მთლიანი ქალაქი“? ძველ დროს ქალაქებში სახლები, ჩვეულებრივ, ახლო-ახლო შენდებოდა. ქალაქი კომპაქტურად იყო დასახლებული, რაც მის დაცვას აადვილებდა. გარდა ამისა, სახლების ამგვარი განლაგება მოსახლეობას საშუალებას აძლევდა, რომ დახმარებისთვის ერთმანეთისთვის მიემართათ და ერთმანეთი დაეცვათ. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ თაყვანსაცემად შეკრებილი ისრაელის 12 ტომი გაერთიანებული იყო.
123:2. რა აზრია ჩადებული იმაში, რომ „მსახურები შეჰყურებენ თავიანთ ბატონს“? მსახურები ორი მიზეზის გამო შეჰყურებენ თავიანთ ბატონებსა თუ ქალბატონებს. პირველი ის არის, რომ გაიგონ, რა სურთ მათ, ხოლო მეორე — მათ მიერ იყვნენ დაცულნი და საარსებო საშუალებები მიიღონ. მსგავსად ამისა, ჩვენ იეჰოვას შევყურებთ იმისათვის, რომ გავიგოთ, რა არის მისი ნება და მისი კეთილგანწყობა მოვიპოვოთ.
131:1—3. როგორ ‘ამშვიდებდა და აწყნარებდა დავითი თავის სულს, როგორც ძუძუს მოწყვეტილს — დედის კალთაში’? როგორც ძუძუს მოწყვეტილი ბავშვი სწავლობს დედის მკლავებში სიმშვიდისა და კმაყოფილების პოვნას, ისე დავითმა ისწავლა დამშვიდება და თავისი სულის დაწყნარება. როგორ? ის არ იყო ქედმაღალი და ამპარტავანი; არც მეტისმეტს ეძებდა თავისთვის. პირიქით, მას შეგნებული ჰქონდა თავისი შეზღუდული შესაძლებლობები, რადგან თავმდაბალი იყო. გონივრულია, მივბაძოთ დავითს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრებაში პასუხისმგებლობებისკენ ვისწრაფვით.
რას ვსწავლობთ:
120:1, 2, 6, 7. ცილისწამება და სარკაზმი ადამიანს აუტანელ ემოციურ ტკივილს აყენებს. თუ ენას კონტროლს გავუწევთ, ამით ‘მშვიდობას დავუჭერთ მხარს’.
120:3, 4. თუ ‘მზაკვარი ენა’ ტკივილს გვაყენებს, შეგვიძლია თავი იმით ვინუგეშოთ, რომ თავის დროზე იეჰოვა ყველაფერს მოაგვარებს. ცილისმწამებელი ‘ძლიერი კაცისგან’ დაისჯება. მას თავს დაატყდებათ იეჰოვას ცეცხლოვანი განაჩენი, რომელიც სიმბოლურად ‘ბუჩქის მოგიზგიზე ნაკვერჩხლით’ არის ნაჩვენები.
127:1, 2. რის გაკეთებასაც უნდა ვცდილობდეთ, ხელმძღვანელობისთვის ყოველთვის იეჰოვას უნდა მივმართოთ.
133:1—3. იეჰოვას ხალხს შორის არსებული ერთიანობა დამამშვიდებელი, ჯანსაღი და გამომაცოცხლებელია. ეს ერთიანობა არ უნდა დავარღვიოთ ერთმანეთში ნაკლის ძებნით, კამათით ან უკმაყოფილების გამოხატვით.
137:1, 5, 6. იეჰოვას თაყვანისმცემლებს, რომლებიც გადასახლებაში იყვნენ, გული მიუწევდათ სიონისკენ, რომელიც იმ დროს ღვთის ორგანიზაციას განასახიერებდა. რა შეიძლება ითქვას ჩვენზე? განვივითარეთ მსგავსი ერთგულება იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელსაც დღეს იეჰოვა იყენებს?
138:2. იეჰოვა იმ გაგებით ‘განადიდებს თავის სიტყვას თავის სახელზე მეტად’, რომ ყველაფერს, რასაც თავისი სახელით გვპირდება, ისე შეასრულებს, რომ შედეგი ჩვენს მოლოდინს გადააჭარბებს. მართლაც, წინ დიდებული მომავალი გველის.
139:1—6, 15, 16. იეჰოვამ იცის, რას ვაკეთებთ, რას ვფიქრობთ და ისიც იცის, რის თქმას ვაპირებთ. ის ჩანასახიდან ანუ იმ დროიდან გვიცნობს, ვიდრე სხეულის ცალკეული ნაწილები განგვივითარდებოდა. ის, თუ რამდენად კარგად გვიცნობს ღმერთი თითოეულ ჩვენგანს, „მეტისმეტად გასაოცარია“. როგორი მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა არა მარტო ჩვენს განსაცდელებს ხედავს, არამედ იმასაც, თუ რა გავლენას ახდენს ისინი ჩვენზე!
139:7—12. სადაც უნდა ვიყოთ, ღმერთს ჩვენი გაძლიერება ძალუძს.
139:17, 18. არის ჩვენთვის იეჰოვას შესახებ ცოდნის მიღება სასიამოვნო? (იგავები 2:10). თუ დიახ, მაშინ ასეთი ცოდნის უშრეტი წყარო გვაქვს. იეჰოვას აზრები ‘ქვიშის მარცვალზე მეტია’. ყოველთვის ბევრი გვექნება იეჰოვას შესახებ გასაგები.
139:23, 24. უნდა გვინდოდეს, რომ იეჰოვამ გამოიკვლიოს ჩვენი შინაგანი პიროვნება, რათა დაგვანახვოს ჩვენი ‘სატკივარი’ — არასწორი ფიქრები, სურვილები თუ მიდრეკილებები — და დაგვეხმაროს მათ აღმოფხვრაში.
143:4—7. როგორ შეგვიძლია მძიმე განსაცდელებსაც კი გავუძლოთ? ფსალმუნმომღერალი გვირჩევს, რომ ვიფიქროთ იეჰოვას ნამოქმედარზე, მის ნახელავზე, და ლოცვაში დახმარება ვთხოვოთ მას.
„ადიდეთ იაჰი“
ფსალმუნების ოთხ ნაწილში თითოეული ნაწილის ბოლო წინადადება იეჰოვას ასხამს ხოტბას (ფსალმუნი 41:13; 72:19, 20; 89:52; 106:48). გამონაკლისი არც ბოლო ნაწილია. 150-ე ფსალმუნის მე-6 მუხლი ამბობს: „ყოველმა სულდგმულმა ადიდოს იაჰი. ადიდეთ იაჰი!“. ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ეს რეალობად იქცევა.
ამ კურთხევების მოლოდინში არაერთი მიზეზი გვაქვს, განვადიდოთ ჭეშმარიტი ღმერთი და ხოტბა შევასხათ მის სახელს. როდესაც იმ სიხარულზე ვფიქრობთ, რომელიც იეჰოვას შესახებ ცოდნასა და მასთან კარგ ურთიერთობას მოაქვს, განა მადლიერიებით სავსე გული არ აღგვძრავს, ხოტბა შევასხათ მას?
[სურათი 15 გვერდზე]
იეჰოვას დიდებული საქმეები მოწიწების შთამნერგავია.
[სურათი 16 გვერდზე]
იეჰოვას აზრები ‘ქვიშის მარცვალზე მეტია’.