რა სიკეთე მოაქვს რელიგიას?
რა სიკეთე მოაქვს რელიგიას?
„სულაც არ არის საჭირო რელიგია იმისათვის, რომ კარგი ადამიანი იყო“. ასე ფიქრობს ბევრი. მრავალ პატიოსან, თანამგრძნობ და სანდო ადამიანს არ იზიდავს რელიგია. მაგალითად, დასავლეთ ევროპაში უმრავლესობა ამბობს, რომ სწამთ ღმერთი, თუმცა ცოტა თუ დადის ეკლესიაში რეგულარულად *. ლათინურ ამერიკაშიც კი კათოლიკეების მხოლოდ 15—20 პროცენტი დადის ეკლესიაში.
მრავალი ადამიანის მსგავსად, შესაძლოა თქვენც ფიქრობთ, რომ რელიგია ვერ მოგიტანთ უკეთეს ცხოვრებას. ალბათ, თქვენთვის ცნობილია, რომ ათწლეულების წინ ადამიანები უფრო მეტად იყვნენ რელიგიურები, ვიდრე დღეს. რატომ კარგავს ხალხი ინტერესს რელიგიის მიმართ? მაინცდამაინც მორწმუნე უნდა იყოს კარგი ადამიანი? არსებობს რელიგია, რომელსაც სიკეთის მოტანა შეუძლია თქვენთვის?
რატომ აქცია ბევრმა ზურგი რელიგიას?
საუკუნეების განმავლობაში ბევრს, ვინც თავს ქრისტიანად თვლიდა, სწამდა, რომ ღმერთი მორჩილებას მოითხოვდა. ისინი დადიოდნენ ეკლესიაში, რათა ღვთის მოწონება დაემსახურებინათ რიტუალების შესრულებით ან მღვდლის ქადაგების მოსმენით. ცხადია, ბევრი ხედავდა რელიგიურ თვალთმაქცობას. ხალხისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ რელიგია აქტიურად მონაწილეობდა ომებში და ზოგი სასულიერო პირი უზნეობასაც კი ჩადიოდა. მაგრამ უმრავლესობა მაინც ფიქრობდა, რომ თავად რელიგიაში არაფერი იყო ცუდი. სხვებს მოსწონდათ მისტიკური ატმოსფერო, ტრადიციები და მუსიკა; ზოგს მარადიულ ცეცხლში მოხვედრის შიში ჰქონდა, თუმცა სწავლება ჯოჯოხეთის შესახებ ბიბლიას ეწინააღმდეგება. მოგვიანებით განვითარებულმა მოვლენებმა ბევრს შეუცვალა თვალსაზრისი რელიგიაზე.
თანდათანობით პოპულარული გახდა ევოლუციური თეორია. ზოგმა დაიჯერა, რომ სიცოცხლე შემთხვევით, ღვთისგან დამოუკიდებლად გაჩნდა. რელიგიების უმეტესობა ხალხს არ სთავაზობდა იმის დამადასტურებელ არგუმენტებს, რომ ღმერთი იყო სიცოცხლის წყარო (ფსალმუნი 36:9). ტექნიკის წინსვლასთან ერთად, არნახულმა მიღწევებმა მედიცინაში, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სფეროებში, ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, რომ მეცნიერება ნებისმიერი პრობლემის გადაჭრას შეძლებდა. გარდა ამისა, სოციოლოგთა და ფსიქოლოგთა რჩევები ხალხისთვის უფრო მისაღები გახდა, ვიდრე სასულიერო პირთა ქადაგება. ეკლესიები, თავის მხრივ, არაფრით ცხადყოფდნენ იმას, რომ ღვთის კანონების მიყოლა ცხოვრების საუკეთესო გზაა (იაკობი 1:25).
ამ ტენდენციაზე პასუხად მრავალმა ეკლესიამ განსხვავებულად დაიწყო ქადაგება. სასულიერო პირებმა შეწყვიტეს იმის სწავლება, რომ ღმერთი მორჩილებას მოითხოვდა. მათგან ბევრი ამბობდა, რომ თითოეულ ადამიანს თავად უნდა გადაეწყვიტა, თუ რა იყო სწორი და რა — არასწორი. პოპულარობის მოპოვების სურვილით ზოგი სასულიერო პირი აცხადებდა, რომ ღვთისთვის მნიშვნელობა არა აქვს, როგორ ცხოვრობს მისი თაყვანისმცემელი. ეს გვახსენებს ბიბლიის ერთ წინასწარმეტყველებას: „დადგება დრო, როცა ადამიანებისთვის 2 ტიმოთე 4:3).
აუტანელი გახდება ჯანსაღი სწავლება და საკუთარი სურვილით თავს მოუყრიან მასწავლებლებს ყურის საამებლად“ (იმის მაგივრად, რომ ასეთი დამოკიდებულებით ხალხი ეკლესიაში დაებრუნებინათ, უფრო ჩამოიშორეს ისინი. ზოგს ებადებოდა კითხვები: „თუ თავად ეპარებათ ეჭვი ღვთის ძალასა და სიბრძნეში, მე რა სარგებლობა უნდა მომიტანოს ეკლესიაში სიარულმა? რაში უნდა გამოადგეთ ჩემს შვილებს რელიგია?“ ადამიანები, რომლებსაც სურდათ პატიოსნად ცხოვრება, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ რელიგია უსარგებლო იყო. მათ მიატოვეს ეკლესიაში სიარული და რელიგია მეტად აღარ იყო მათთვის მნიშვნელოვანი. რამ განაპირობა ის, რომ რელიგიამ, რომელსაც სიკეთე უნდა მოეტანა, ხალხს იმედი გაუცრუა? ამ კითხვაზე ბიბლია დამაჯერებელ პასუხს იძლევა.
ბოროტების იარაღად ქცეული
პირველ საუკუნეში მოციქულმა პავლემ ქრისტიანები გააფრთხილა, რომ ზოგი ქრისტიანობას ბოროტი მიზნებისთვის გამოიყენებდა. მან თქვა: „შემოგეჭრებიან ულმობელი მგლები და არ დაინდობენ სამწყსოს; თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები“ (საქმეები 20:29, 30). ერთ-ერთი მათგანი, ვინც „უკუღმართად ლაპარაკობდა“, კათოლიკე ღვთისმეტყველი ავგუსტინე იყო. იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, რომ სხვები ბიბლიის საფუძველზე, მსჯელობით უნდა დაერწმუნებინათ. მაგრამ ავგუსტინემ დაამახინჯა იესოს სიტყვების მნიშვნელობა, რომლებიც ჩაწერილია ლუკას 14:23-ში: „ძალით წამოიყვანე ხალხი“. მისი განმარტებით, ადამიანების იძულებით მოქცევა სარწმუნოებაზე გამართლებული იყო (მათე 28:19, 20; საქმეები 28:23, 24). ავგუსტინე რელიგიას ხალხის სამართავად იყენებდა.
რელიგიის ბოროტად გამოყენების მოთავე სატანა, ღვთის მოწინააღმდეგე ანგელოზია. ის მორწმუნე მამაკაცებს იყენებდა იმისათვის, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებებს პირვანდელი სახე დაეკარგა. ამ მამაკაცების შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „ასეთები ცრუმოციქულები არიან, ცბიერი მუშები, რომლებიც ქრისტეს მოციქულთა სახეს იღებენ; თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. ამიტომ, რა დიდი ამბავია, თუ მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ“ (2 კორინთელები 11:13—15).
სატანა დღესაც იყენებს რელიგიას იმისათვის, რომ ხალხმა მისი — და არა ღვთის — ნორმებით იცხოვროს. ამ მიზნის მისაღწევად ის სარგებლობს რელიგიებით, რომლებიც ერთი შეხედვით ქრისტიანულია და ხალხის განათლებას და ზნეობრივი ნორმების დამკვიდრებას ემსახურება (ლუკა 4:5—7). ალბათ, ხედავთ, რომ ბევრი სასულიერო პირი რელიგიას მაღალი წოდებების მოსაპოვებლად და მრევლისგან ფულის მისაღებად იყენებს. მთავრობები რელიგიას აგრეთვე იმისთვის იყენებენ, რომ მოქალაქეები საომრად აღძრან.
ეშმაკისთვის რელიგია გაცილებით ძლიერი იარაღია, ვიდრე ეს უმრავლესობას წარმოუდგენია. თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ სატანის ინტერესებს მხოლოდ ზოგიერთი რელიგიური ექსტრემისტი ემსახურება. მაგრამ ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სატანა ეშმაკს „შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“. ბიბლიაში ასევე წერია: „მთელი ქვეყნიერება . . . ბოროტის ხელშია“ (გამოცხადება 12:9; 1 იოანე 5:19). როგორ უყურებს ღმერთი რელიგიებს, რომლებსაც რელიგიური წინამძღოლები თუ პოლიტიკოსები ხალხის სამართავად იყენებენ?
„რად მინდა?!“
თუ აღშფოთებული ხართ ზოგიერთი სასულიერო პირის საქციელით, არ იფიქროთ, რომ ყოვლადძლიერ ღმერთს სიამოვნებს მათი ქმედებები. ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ღმერთი მათთანაა. იმავეს ამბობდნენ ძველ დროში მცხოვრები ისრაელები. ისრაელების მსგავსად, ქრისტიანული სამყაროს საქმეები ცხადყოფს, რომ ის არ არის ღვთის ერთგული. ამიტომ სიტყვები, რომლებიც იეჰოვამ წარმოთქვა ისრაელების შესახებ, ეხება დღევანდელ ქრისტიანულ სამყაროსაც: „ყურადღებას არ აქცევდნენ ჩემს სიტყვებს და ჩემს კანონს უარყოფდნენ. რად მინდა შებადან თქვენი მოტანილი გუნდრუკი?!. არ მსიამოვნებს თქვენი მთლიანად დასაწვავი შესაწირავები“ (იერემია 6:19, 20). ღვთისთვის მიუღებელი იყო თვალთმაქცური თაყვანისმცემლობა. ის ყურადღებას არ აქცევდა მათ რიტუალებსა და ლოცვებს. მან ისრაელებს უთხრა: „თქვენი . . . ზეიმები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად დამაწვა, დავიღალე მათი ზიდვით. ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ“ (ესაია 1:14, 15).
იწონებს იეჰოვა ისეთ დღესასწაულებს, რომლებიც ერთი შეხედვით ქრისტიანულად არის წარმოდგენილი, მაგრამ თავდაპირველად ცრუღვთაებების განსადიდებლად აღინიშნებოდა? ისმენს ის იმ სასულიერო პირთა ლოცვებს, რომლებიც ქრისტეს სწავლებებს ამახინჯებენ? მისაღებია ღვთისთვის რელიგია, რომელიც არ ითვალისწინებს მის კანონებს? შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ დღეს ღმერთს ისეთივე დამოკიდებულება აქვს საეკლესიო წეს-ჩვეულებების მიმართ, როგორიც ისრაელების მიერ შეწირული მსხვერპლისადმი ჰქონდა, რომელთა შესახებაც თქვა: „რად მინდა?!“
ამისგან განსხვავებით, იეჰოვა ღმერთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გულწრფელი ადამიანების ჭეშმარიტ თაყვანისცემას. ღმერთს სიამოვნებს, როდესაც ადამიანი მადლიერებას გამოხატავს ყველაფრისთვის, რასაც მისგან იღებს (მალაქია 3:16, 17). აუცილებელია ღვთის თაყვანისცემა იმისათვის, რომ კარგი ადამიანი იყოთ? განა ჩავთვლიდით კარგ ადამიანად მას, ვინც არაფერს აკეთებს მზრუნველი მშობლებისთვის? ცხადია, არა. მაშ, რა შეიძლება ითქვას იმ ადამიანზე, რომელიც არაფერს აკეთებს ღვთისთვის? მართლაც გონივრულია, მთელი გულით დავინტერესდეთ ჭეშმარიტი ღმერთით, რომელიც სიცოცხლის წყაროა. შემდეგ სტატიაში განვიხილავთ, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მხოლოდ ღვთის განდიდებას არ ემსახურება. მას ჩვენთვისაც მოაქვს სიკეთე.
[სქოლიოები]
^ აბზ. 1 „გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მრავალ ქვეყანაში დაიწყო რელიგიური კულტურის რღვევა“ („ქრისტიანობის დაკნინება დასავლეთ ევროპაში“, 1750—2000).
[სურათი 4 გვერდზე]
სთავაზობენ ეკლესიები ხალხს იმის დამადასტურებელ არგუმენტებს, რომ ღმერთმა შექმნა ყოველივე?
[სურათი 4, 5 გვერდებზე]
შეჰფერის ღვთის წარმომადგენელს ასეთი საქციელი?
[სურათი 5 გვერდზე]
როგორ უყურებს ღმერთი ამგვარ დღესასწაულებს?
[საავტორო უფლება]
AP Photo/Georgy Abdaladze