როგორ მივუახლოვდეთ „ლოცვების მომსმენს“?
როგორ მივუახლოვდეთ „ლოცვების მომსმენს“?
„ლოცვების მომსმენო, შენთან მოვა ყოველი ხორციელი“ (ფსალმუნი 65:2).
1. ცხოველებისგან განსხვავებით, რა მოთხოვნილებით არის შექმნილი ადამიანი და რის შესაძლებლობას გვაძლევს ეს?
დედამიწაზე არსებული ათასობით ცოცხალი ქმნილებიდან მხოლოდ ადამიანებს აქვთ იმის უნარი, რომ შემოქმედს სცენ თაყვანი. მხოლოდ ადამიანებს აქვთ სულიერი მოთხოვნილებები და მხოლოდ ისინი გრძნობენ, რომ აუცილებელია მათი დაკმაყოფილება. ეს შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს, ახლო ურთიერთობა გვქონდეს ჩვენს ზეციერ მამასთან.
2. ადამის შთამომავლების შემოქმედთან ურთიერთობაზე რა უარყოფითი გავლენა მოახდინა ცოდვამ?
2 ღმერთმა ადამიანი იმ უნარით შექმნა, რომ ურთიერთობა ჰქონოდა თავის შემოქმედთან. პირველი ადამიანები, ადამი და ევა, უცოდველები იყვნენ. ამიტომ მათ შეეძლოთ ღმერთს ისევე თავისუფლად მიახლოებოდნენ, როგორც ბავშვი — თავის მამას. მაგრამ ცოდვის ჩადენის შემდეგ მათ აღარ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა. ადამმა და ევამ ღვთისადმი დაუმორჩილებლობა გამოავლინეს და დაკარგეს მასთან ახლო ურთიერთობა (დაბადება 3:8—13, 17—24). ნიშნავდა ეს იმას, რომ ადამის არასრულყოფილი შთამომავლობა ვერ შეძლებდა ღმერთთან ურთიერთობას? არა. მიუხედავად ყველაფრისა, იეჰოვა ნებას რთავს ადამიანებს, დაუახლოვდნენ მას, თუმცა ამისთვის გარკვეული მოთხოვნების შესრულებაა საჭირო. რომელია ეს მოთხოვნები?
მოთხოვნები ღმერთთან მისაახლოებლად
3. რა მოეთხოვებოდათ ცოდვილ ადამიანებს ღმერთთან მისაახლოებლად და რომელი მაგალითიდან ჩანს ეს?
3 ადამის ორი ვაჟის მაგალითიდან შეგვიძლია იმის დანახვა, თუ რას მოითხოვს ღმერთი არასრულყოფილი ადამიანებისგან, რომელთაც მასთან მიახლოება სურთ. კაენმა და აბელმა ღმერთს მსხვერპლი შესწირეს, რაც იმაზე მოწმობს, რომ ისინი ცდილობდნენ მასთან მიახლოებას. აბელის შესაწირავი მოიწონა ღმერთმა, კაენის კი — არა (დაბადება 4:3—5). რატომ? ებრაელების 11:4-ში ვკითხულობთ: „რწმენით აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი შესწირა და რწმენითვე მიიღო დამოწმება, რომ მართალი იყო“. აქედან ნათლად ჩანს, რომ ღმერთთან მისაახლოებლად პირველი მოთხოვნა რწმენის გამოვლენაა. მეორე მოთხოვნა იეჰოვას მიერ კაენისთვის ნათქვამი სიტყვებიდან ჩანს: „თუ კარგს გააკეთებ, განა არ მიგიღებ?!“ დიახ, კაენის მსხვერპლი მისაღები იქნებოდა ღვთისთვის, თუ ის კარგ საქმეებს გააკეთებდა. სამწუხაროდ, კაენმა არ გაითვალისწინა ღვთის რჩევა და მოკლა აბელი; შედეგად, სიცოცხლის ბოლომდე განდევნილი იყო (დაბადება 4:7—12). ამგვარად, კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდანვე ცხადი გახდა, რომ ღმერთთან მისაახლოებლად აუცილებელი იყო რწმენის გამოვლენა და კარგი საქმეების კეთება.
4. რა უნდა გვესმოდეს ღმერთთან მიახლოებისას?
4 ღმერთთან მისაახლოებლად მნიშვნელოვანია, გვესმოდეს ჩვენი ცოდვილი მდგომარეობა. ყველა ადამიანი ცოდვილია. სწორედ ცოდვა უშლის ადამიანს ხელს, ღმერთს მიუახლოვდეს. წინასწარმეტყველმა იერემიამ ისრაელის შესახებ დაწერა: „შევცოდეთ . . . ღრუბლებით კეტავ შენთან მოსასვლელს, ლოცვებმა რომ ვერ გამოაღწიონ მათში“ (იერემიას გოდება 3:42, 44). მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ცოდვილები არიან, კაცობრიობის არსებობის მანძილზე ღმერთი ისმენდა მათ ლოცვებს, ვინც რწმენით უახლოვდებოდა მას, ჰქონდა გულის სწორი მოტივები და იცავდა მის მცნებებს (ფსალმუნი 119:145). ვინ იყო ზოგი მათგანი და რას ვსწავლობთ მათი ლოცვებიდან?
5, 6. როგორი ურთიერთობა ჰქონდა აბრაამს ღმერთთან და რას ვსწავლობთ აქედან?
5 ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც ღმერთს მისთვის მოსაწონი სახით უახლოვდებოდა, იყო აბრაამი. ღმერთმა აბრაამს „მეგობარი“ უწოდა (ესაია 41:8). რის სწავლა შეგვიძლია აბრაამის მაგალითიდან? ამ ერთგულმა პატრიარქმა მემკვიდრესთან დაკავშირებით იეჰოვას უთხრა: „რას მომცემ? შვილი არა მყავს“ (დაბადება 15:2, 3; 17:18). სხვა დროს, როცა ღმერთი სოდომისა და გომორას განადგურებას აპირებდა, შეწუხებულმა აბრაამმა ჰკითხა ღმერთს, ვინ გადარჩებოდა (დაბადება 18:23—33). აბრაამი სხვებისთვისაც ლოცულობდა (დაბადება 20:7, 17). აბელის მსგავსად, აბრაამიც უახლოვდებოდა იეჰოვას; ზოგჯერ ის შესაწირავის მეშვეობით აკეთებდა ამას (დაბადება 22:9—14).
6 ამ შემთხვევებიდან ჩანს, რომ აბრაამი თავისუფლად ესაუბრებოდა იეჰოვას. მაგრამ მის ლაპარაკში მოწიწება ჩანდა. ყურადღება მიაქციეთ დაბადების 18:27-ში ჩაწერილ მის მოკრძალებულ სიტყვებს: „გავბედე იეჰოვასთან დალაპარაკება, თუმცა მტვერი და ნაცარი ვარ“. აბრაამის შესანიშნავი თვალსაზრისი მართლაც რომ მისაბაძია!
7. რა საკითხებთან დაკავშირებით მიმართავდნენ ლოცვით იეჰოვას პატრიარქები?
7 სხვა პატრიარქები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ლოცულობდნენ. იეჰოვა მათ ლოცვებსაც ისმენდა. იაკობმა ლოცვაში აღთქმა დადო. მას შემდეგ, რაც მხარდაჭერა ითხოვა, მან ღმერთს აღუთქვა: „მოგცემ იმ ყველაფრის მეათედს, რასაც შენ მომცემ“ (დაბადება 28:20—22). მოგვიანებით, როცა თავის ძმას უნდა შეხვედროდა, იაკობი ლოცულობდა: „გევედრები, მიხსენი ჩემი ძმის, ესავის ხელიდან, რადგან მეშინია“ (დაბადება 32:9—12). პატრიარქი იობი თავისი ოჯახისთვის ლოცულობდა და იეჰოვას მათ გამო მსხვერპლს სწირავდა. როდესაც იობის სამმა მეგობარმა სიტყვით შესცოდა, იობმა ილოცა მათთვის და „იეჰოვამ მოუსმინა იობს“ (იობი 1:5; 42:7—9). ამ შემთხვევებიდან ვიგებთ, თუ რის შესახებ შეგვიძლია ვილოცოთ. ასევე ვხედავთ, რომ იეჰოვა მზად არის, მოისმინოს მათი ლოცვები, რომელთაც სწორი აღძვრები აქვთ.
კანონის შეთანხმებით ღმერთთან მიახლოება
8. კანონის შეთანხმებით, ვისი მეშვეობით შეეძლო ხალხს იეჰოვასთან მიახლოება?
8 ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, იეჰოვამ ისრაელ ერს კანონის საფუძველზე შეთანხმება დაუდო. კანონის თანახმად, ადამიანი ღმერთს უნდა მიახლოებოდა დანიშნული მღვდლის მეშვეობით. მღვდლებად ლევიანები ინიშნებოდნენ. როდესაც ეროვნული საკითხები წყდებოდა, ერის წარმომადგენელი — მეფე ან წინასწარმეტყველი 1 სამუელი 8:21, 22; 14:36—41; იერემია 42:1—3). მაგალითად, ტაძრის მიძღვნისას მეფე სოლომონმა გულწრფელი ლოცვა წარმოთქვა. იმის ნიშნად, რომ იეჰოვამ ისმინა სოლომონის ლოცვა, ტაძარი ღვთის დიდებით აივსო. იეჰოვამ თქვა: „ყური [მექნება] მიპყრობილი ამ ადგილზე წარმოთქმული ლოცვისკენ“ (2 მატიანე 6:12—7:3, 15).
— მიმართავდა ღმერთს ლოცვით (9. რა მოითხოვებოდა იმისათვის, რომ საწმინდარში მსახურება იეჰოვასთვის მისაღები ყოფილიყო?
9 ისრაელისთვის მიცემულ კანონში ეწერა, თუ რა მოითხოვებოდა საწმინდარში ღმერთთან მისაახლოებლად. რა მოთხოვნა იყო ეს? ყოველ დილა-საღამოს ცხოველური შესაწირავის გარდა, მღვდელმთავარს სურნელოვანი საკმეველი უნდა ეკმია იეჰოვას წინაშე. მოგვიანებით, მღვდლებსაც მიეცათ ასეთი მსახურების შესრულების შესაძლებლობა, თუმცა „გამოსყიდვის დღეს“ ეკრძალებოდათ ამის გაკეთება. თუ მღვდლები მოკრძალებით არ შეასრულებდნენ ამ მსახურებას, იეჰოვა არ მოიწონებდა მას (გამოსვლა 30:7, 8; 2 მატიანე 13:11).
10, 11. რა ცხადყოფს, რომ იეჰოვა ისმენდა თითოეული პიროვნების ლოცვას?
10 მხოლოდ დანიშნული წარმომადგენლის მეშვეობით იყო შესაძლებელი ძველ ისრაელში ღმერთთან მიახლოება? არა. ბიბლიიდან ჩანს, რომ ღმერთი პირად ლოცვებსაც იწონებდა. ტაძრის მიძღვნის დროს წარმოთქმულ ლოცვაში სოლომონი ევედრებოდა იეჰოვას: „ყოველი ლოცვა და სათხოვარი წყალობის მისაღებად, რომლითაც მოგმართავს ერთი კაცი ან მთელი შენი ხალხი, ისრაელი . . . და გამოიწვდიან ხელებს ამ სახლისკენ, ისმინე ზეციდან“ (2 მატიანე 6:29, 30). ლუკას სახარებაში ვკითხულობთ, რომ, როცა იოანე ნათლისმცემლის მამა, ზაქარია, საწმინდარში საკმეველს აკმევდა, იეჰოვას უამრავი თაყვანისმცემელი, რომლებიც მღვდლები არ იყვნენ, ‘გარეთ ლოცულობდნენ’. როგორც ჩანს, ხალხისთვის ჩვეულებად იქცა, საწმინდრის გარეთ შეკრებილიყვნენ მაშინ, როცა მღვდელი ოქროს სამსხვერპლოზე საკმეველს აკმევდა (ლუკა 1:8—10).
11 ასე რომ, როცა იეჰოვას მისთვის მოსაწონი სახით უახლოვდებოდნენ, ის სიამოვნებით ისმენდა როგორც მთელი ერის სახელით წარმოთქმულ ლოცვებს, ისე თითოეული პიროვნების ლოცვას. დღეს ჩვენ აღარ ვცხოვრობთ კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმებით. მიუხედავად ამისა, ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ იქიდან, თუ როგორ უახლოვდებოდნენ ძველ დროში მცხოვრები ისრაელები ღმერთს ლოცვით.
ღმერთთან მიახლოება ქრისტიანთათვის
12. როგორ უახლოვდებიან ქრისტიანები იეჰოვას?
12 როგორც ქრისტიანები, დღეს ჩვენ არ ვექვემდებარებით მოსეს კანონს. ფიზიკური ტაძარი, სადაც მღვდლები ღვთის ხალხისთვის მსახურებას შეასრულებდნენ ან ჩვენ შეგვეძლებოდა ღვთისადმი ლოცვა, მეტად აღარ არსებობს. მიუხედავად ამისა, იეჰოვამ სხვა საშუალებაზე იზრუნა, რომ მისთვის მიგვემართა ლოცვით. რა არის ეს? სულიერმა ტაძარმა ფუნქციონირება დაიწყო მას შემდეგ, რაც ახ. წ. 29 წელს იესო ცხებული გახდა და მღვდელმთავრად დაინიშნა *. სულიერი ტაძარი იეჰოვასთან დაახლოების ახალი საშუალება იყო, რაც შესაძლებელი გახდა იესო ქრისტეს შესარიგებელი მსხვერპლის საფუძველზე (ებრაელები 9:11, 12).
13. რა პარალელი არსებობს ლოცვასთან დაკავშირებით იერუსალიმის ტაძარსა და სულიერ ტაძარს შორის?
13 სულიერ ტაძარში თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული მრავალი რამ, მათ შორის ლოცვა, ძალიან ჰგავს იმას, რაც იერუსალიმის ტაძარში ხდებოდა (ებრაელები 9:1—10). მაგალითად, რა არის წარმოდგენილი საკმევლით, რომელსაც ყოველ დილა-საღამოს ტაძრის წმინდა ადგილას საკმევლის სამსხვერპლოზე აკმევდნენ? წიგნ „გამოცხადების“ თანახმად, „საკმეველი წმინდათა ლოცვებს ნიშნავს“ (გამოცხადება 5:8; 8:3, 4). დავითმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „საკმეველივით მომზადდეს ჩემი ლოცვა შენ წინაშე“ (ფსალმუნი 141:2). ამგვარად, ქრისტიანობაში სურნელოვანი საკმეველი ნიშნავს იეჰოვასთვის მისაღებ ლოცვებსა და მისთვის ხოტბის შესხმას (1 თესალონიკელები 3:10; 1 პეტრე 2:20, 21).
14, 15. ა) როგორ უახლოვდებიან ღმერთს ცხებული ქრისტიანები? ბ) რის თქმა შეიძლება „სხვა ცხვარზე“?
14 ვის შეუძლია ამ სულიერ ტაძარში ღმერთთან მიახლოება? ფიზიკურ ტაძარში მღვდლები და ლევიანები შიდა ეზოში მსახურობდნენ, მაგრამ წმინდაში მხოლოდ მღვდლებს შეეძლოთ შესვლა. ზეციერი იმედის მქონე ცხებულ ქრისტიანებს განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობა აქვთ, რისი სიმბოლოც შიდა ეზო და წმინდა იყო; ეს მათ შესაძლებლობას აძლევს, აღავლინონ ლოცვები და განადიდონ ღმერთი.
15 რის თქმა შეიძლება მიწიერი იმედის მქონე „სხვა ცხვარზე“? (იოანე 10:16). ესაია წინასწარმეტყველებდა, რომ „უკანასკნელ დღეებში“ მრავალი ეროვნების ადამიანი დაიწყებდა იეჰოვას თაყვანისცემას (ესაია 2:2, 3). ის აგრეთვე წერდა, რომ ‘უცხოელებიც შეუერთდებოდნენ იეჰოვას, რათა მისთვის ემსახურათ’. იმის დასანახვებლად, რომ მოიწონებდა მათ თაყვანისცემას, ღმერთმა თქვა: „გავახარებ [მათ] ჩემს სამლოცველო სახლში“ (ესაია 56:6, 7). გამოცხადების 7:9—15-ში აღწერილია, რომ სულიერი ტაძრის გარეთა ეზოში იკრიბება „სხვა ცხვარი“ „ყველა ერიდან“, რათა „დღე და ღამე“ თაყვანი სცენ ღმერთს და ილოცონ. რა მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ დღეს ღვთის თითოეულ მსახურს შეუძლია თავისუფლად მიუახლოვდეს ღმერთს და დარწმუნებული იყოს, რომ ის უსმენს მას!
როგორი ლოცვებია ღვთისთვის მისაღები?
16. რის სწავლა შეგვიძლია პირველი საუკუნის ქრისტიანების ლოცვებიდან?
16 პირველი საუკუნის ქრისტიანები ხშირად ლოცულობდნენ. რის შესახებ ლოცულობდნენ ისინი? ქრისტიანი უხუცესები სთხოვდნენ ღმერთს, ხელმძღვანელობა გაეწია მათთვის, როცა ისინი მამაკაცებს ირჩევდნენ ორგანიზაციული პასუხისმგებლობების შესასრულებლად (საქმეები 1:24, 25; 6:5, 6). ეპაფრა თანამორწმუნეებისთვის ლოცულობდა (კოლოსელები 4:12). იერუსალიმის კრების წევრები პატიმრობაში მყოფი პეტრესთვის ლოცულობდნენ (საქმეები 12:5). პირველი საუკუნის ქრისტიანები სთხოვდნენ ღმერთს, რომ წინააღმდეგობის დროს გამბედაობა მიეცა მათთვის. ისინი ამბობდნენ: „იეჰოვა, დაინახე მათი მუქარა და ძალა მიეცი შენს მონებს, შენი სიტყვა მთელი გამბედაობით ილაპარაკონ“ (საქმეები 4:23—30). მოწაფე იაკობი მოუწოდებდა ქრისტიანებს, განსაცდელის დროს ელოცათ, რომ ღმერთს სიბრძნე მიეცა მათთვის (იაკობი 1:5). თქვენც ლოცულობთ მსგავს საკითხებზე?
17. ვის ლოცვებს ისმენს იეჰოვა?
17 ღმერთი არ ისმენს ყველა ლოცვას. მაშ, როგორ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ღვთისთვის მისაღებია ჩვენი ლოცვები? ღმერთი ისმენდა ძველ დროში მცხოვრებ იმ ერთგულ მსახურთა ლოცვებს, რომლებიც გულწრფელები იყვნენ და სწორი მოტივები ჰქონდათ. ისინი აგრეთვე კარგი საქმეებით ცხადყოფდნენ თავიანთ რწმენას. შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა იმ ადამიანებსაც მოუსმენს, ვინც ძველ დროში მცხოვრები ერთგული მსახურების მსგავსად მიუახლოვდება მას.
18. რა მოეთხოვებათ ქრისტიანებს, თუ სურთ, ღმერთმა მოისმინოს მათი ლოცვები?
18 ქრისტიანებს სხვა რამეც მოეთხოვებათ. ამასთან დაკავშირებით პავლე მოციქულმა თქვა: „მისი მეშვეობით ჩვენ . . . გვაქვს მისასვლელი მამასთან ერთი სულით“. ვის გულისხმობდა პავლე, როცა წერდა „მისი მეშვეობით“? იესო ქრისტეს (ეფესოელები 2:13, 18). დიახ, ჩვენ მხოლოდ იესოს მეშვეობით შეგვიძლია თავისუფლად მივუახლოვდეთ მამას, იეჰოვა ღმერთს (იოანე 14:6; 15:16; 16:23, 24).
19. ა) როდის იყო იეჰოვასთვის საძულველი ისრაელების მიერ საკმევლის კმევა? ბ) რა არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენი ლოცვები იეჰოვასთვის სურნელოვანი საკმევლის მსგავსი იყოს?
19 როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, ისრაელი მღვდლების მიერ საკმევლის კმევით წარმოდგენილია ღვთის ერთგულ მსახურთა ლოცვები. მაგრამ ზოგჯერ ისრაელების მიერ საკმევლის კმევა იეჰოვას თვალში სისაძაგლე იყო. ეს მაშინ ხდებოდა, როცა ისრაელები იეჰოვას ტაძარში აკმევდნენ საკმეველს, მაგრამ, ამავე დროს, კერპებს ეთაყვანებოდნენ (ეზეკიელი 8:10, 11). მსგავსად ამისა, იეჰოვასთვის დღესაც საძულველია მათი ლოცვები, ვინც მის მსახურად აცხადებს თავს, მაგრამ ისეთ საქმეებს აკეთებს, რაც ღვთის კანონს ეწინააღმდეგება (იგავები 15:8). ამიტომ, მოდი ცხოვრების ყველა სფეროში შევინარჩუნოთ სიწმინდე, რათა ჩვენი ლოცვები ღვთისთვის სურნელოვანი საკმევლის მსგავსი იყოს. იეჰოვას სიამოვნებას ანიჭებს მათი ლოცვები, რომლებიც მისი სამართლიანი გზებით დადიან (იოანე 9:31). მაგრამ იბადება შემდეგი კითხვები: როგორ უნდა ვილოცოთ? რის შესახებ შეგვიძლია ვილოცოთ? როგორ პასუხობს ღმერთი ჩვენს ლოცვებს? ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს შემდეგი სტატიიდან გავიგებთ.
[სქოლიოები]
^ აბზ. 12 იხილეთ 2001 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 27.
შეგიძლიათ ახსნათ?
• როგორ შეუძლიათ არასრულყოფილ ადამიანებს ღმერთს მოსაწონი სახით მიუახლოვდნენ?
• როგორ შეგვიძლია ლოცვისას მივბაძოთ ძველ დროში მცხოვრებ პატრიარქებს?
• რას ვსწავლობთ პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანების ლოცვებიდან?
• როდის არის ჩვენი ლოცვები ღვთისთვის სურნელოვანი საკმევლის მსგავსი?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 23 გვერდზე]
რატომ მოიწონა ღმერთმა აბელის მსხვერპლი, კაენის კი — არა?
[სურათი 24 გვერდზე]
„მტვერი და ნაცარი ვარ“.
[სურათი 25 გვერდზე]
„მოგცემ . . . ყველაფრის მეათედს“.
[სურათი 26 გვერდზე]
არის თქვენი ლოცვები იეჰოვასთვის სურნელოვანი საკმევლის მსგავსი?