არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როდესაც ოჯახის წევრი ტოვებს იეჰოვას

როდესაც ოჯახის წევრი ტოვებს იეჰოვას

როდესაც ოჯახის წევრი ტოვებს იეჰოვას

მარკი და ლუიზი იეჰოვას მოწმეები არიან *. ისინი სიყვარულით ასწავლიდნენ შვილებს ღვთის სიტყვას, როგორც ამისკენ ბიბლია მოუწოდებს ქრისტიან მშობლებს (იგავები 22:6; 2 ტიმოთე 3:15). მათი შვილები უკვე გაიზარდნენ, მაგრამ მათგან, სამწუხაროდ, დღეს ყველა არ ემსახურება იეჰოვას. ლუიზი ამბობს: „ძალიან მტკივა გული მათ გამო. როგორ დავმალო, რომ ეს ყოველდღიურად დიდ ტკივილს მაყენებს? როდესაც სხვები თავიანთ შვილებზე ლაპარაკობენ, ცრემლებს ძლივს ვიკავებ“.

დიახ, ღვთის ერთგული მსახურები დიდ ტკივილს განიცდიან, როდესაც მათი ოჯახის წევრი ტოვებს იეჰოვას და წყვეტს ბიბლიის თანახმად ცხოვრებას. „მე ძალიან მიყვარს ჩემი და, — ამბობს ირენი. — ყველაფერს გავაკეთებდი იმისათვის, რომ ის კვლავ დაუბრუნდეს იეჰოვას“. მარია, რომლის ძმამაც ზურგი აქცია იეჰოვას და უზნეო ცხოვრება დაიწყო, ამბობს: „ეს ჩემთვის მძიმე ასატანია, რადგან ჩემი ძმა სხვა მხრივ შესანიშნავი ადამიანია. ის ძალიან მაკლია ოჯახური შეკრებების დროს“.

რატომ არის ეს ასე რთული?

რატომ განიცდიან ღვთის ერთგული მსახურები დიდ ტკივილს, როცა მათი შვილი ან ოჯახის სხვა წევრი წყვეტს იეჰოვას მსახურებას? მათ იციან, რომ ბიბლიის დაპირებისამებრ, დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად მხოლოდ ისინი იცხოვრებენ, ვინც ბოლომდე უერთგულებს იეჰოვას (ფსალმუნი 37:29; 2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:3—5). მათ სურთ, რომ ასეთი ბედნიერება განიცადონ მეუღლეებთან, შვილებთან, მშობლებთან, დედმამიშვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. რაოდენ გულსატკენია იმაზე ფიქრი, რომ ოჯახის წევრი, რომელმაც მიატოვა იეჰოვა, შეიძლება მათ გვერდით არ აღმოჩნდეს. ქრისტიანებს ესმით, რომ იეჰოვას კანონები და პრინციპები დღევანდელ ცხოვრებაშიც კი მათ კეთილდღეობას ემსახურება. ამიტომ ქრისტიანებისთვის მძიმე ასატანია იმის დანახვა, რომ მათი ოჯახის წევრები ირჩევენ არასწორ გზას, რის გამოც მწარე შედეგებს მოიმკიან (ესაია 48:17, 18; გალატელები 6:7, 8).

ადამიანისთვის, რომელსაც არასოდეს განუცდია მსგავსი დანაკარგი, რთულია იმის წარმოდგენა, თუ რამდენად გამანადგურებელია ეს. ასეთი ტკივილი ცხოვრების თითქმის ყველა მხარეზე ახდენს გავლენას. ლუიზი ამბობს: „რაც დრო გადის, მით უფრო მიჭირს ქრისტიანულ შეხვედრებზე ყოფნა და იმის დანახვა, თუ როგორ უღიმიან და ესაუბრებიან მშობლები შვილებს. ნებისმიერი სასიხარულო შემთხვევის დროს სიცარიელეს ვგრძნობ, რადგან ჩემი შვილები არ არიან ჩემ გვერდით“. ერთი ქრისტიანი უხუცესი იხსენებს, თუ რას განიცდიდა ოთხი წლის განმავლობაში, როდესაც მისმა შვილობილმა გაწყვიტა მათთან ურთიერთობა: „ხშირად ბედნიერი წუთებიც კი რთული ასატანი იყო. როდესაც ცოლს რამეს ვჩუქნიდი ან შაბათ-კვირით სადმე გავდიოდით, მას ცრემლები ცვიოდა იმის გახსენებაზე, რომ მისი ქალიშვილი ჩვენს ბედნიერებას ვერ იზიარებდა“.

მეტისმეტად ახლოს ხომ არ მიაქვთ გულთან ეს პრობლემა ასეთ ქრისტიანებს? არა. გარკვეულწილად ისინი შეიძლება იმავეს გრძნობენ, რასაც იეჰოვა გრძნობს, რადგან ადამიანი მის ანარეკლად არის შექმნილი (დაბადება 1:26, 27). რას ნიშნავს ეს? რას გრძნობდა იეჰოვა, როდესაც ისრაელები განუდგნენ მას? 78-ე ფსალმუნის 38—41 მუხლებიდან ვიგებთ, რომ ეს იეჰოვას ტკივილს აყენებდა. მიუხედავად ამისა, ის მოთმინებით აფრთხილებდა მათ, გამოსწორების მიზნით სჯიდა და მონანიების შემთხვევაში პატიობდა. ცხადია, იეჰოვას უყვარს თავისი „ხელის ქმნილება“, და ადვილად ვერ ელევა მათ (იობი 14:15; იონა 4:10, 11). მან ადამიანებსაც მისცა ერთგულებისა და სიყვარულის უნარი. ასეთი გრძნობები განსაკუთრებით ძლიერია ოჯახის წევრებს შორის. ამიტომ გასაკვირი არ არის, თუ ადამიანი დამწუხრებულია, როცა საყვარელი ოჯახის წევრი ტოვებს იეჰოვას.

ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი განსაცდელი, რომელსაც ჭეშმარიტი ქრისტიანი შეიძლება შეხვდეს (საქმეები 14:22). იესომ თქვა, რომ მისი სწავლებების აღიარება ზოგ ოჯახში განხეთქილებას გამოიწვევდა (მათე 10:34—38). ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიბლიური სწავლებები იწვევს ოჯახურ განხეთქილებებს. ამის მიზეზი ხდება ოჯახის ის წევრი, რომელიც არ არის მორწმუნე ან ღვთის ერთგული და, რომელიც უარყოფს, ტოვებს ან ეწინააღმდეგება ქრისტიანობას. ჩვენ მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა განსაცდელების პირისპირ დგომისას დახმარების გარეშე არ ტოვებს თავის ერთგულ მსახურებს. თუ ამჟამად დამწუხრებულნი ხართ იმის გამო, რომ ოჯახის წევრმა მიატოვა ჭეშმარიტება, რომელი ბიბლიური პრინციპები დაგეხმარებათ ტკივილის ატანაში და სიხარულის გარკვეულწილად დაბრუნებაში?

როგორ გავუმკლავდეთ?

„აღაშენეთ საკუთარი თავი . . . დარჩით ღვთის სიყვარულში“ (იუდა 20, 21). თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება ამჟამად არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ ოჯახის წევრის დასახმარებლად, რომელმაც შეწყვიტა იეჰოვასადმი მსახურება. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თავისა და ოჯახის სხვა ერთგული წევრების „აღშენება“. ამის გაკეთება აუცილებელია. ვერონიკას სამი ვაჟი ჰყავს. ორმა მათგანმა მიატოვა ჭეშმარიტება. ვერონიკა ამბობს: „მე და ჩემს ქმარს გვირჩიეს, რომ საუკეთესოდ მხოლოდ მაშინ შევძლებდით უკან დაბრუნებული შვილების დახმარებას, თუ სულიერად ძლიერები დავრჩებოდით. რა დაემართებოდა გზასაცდენილ შვილს, მამამისს რომ არ შეძლებოდა მისი დახმარება?

სულიერი სიმტკიცის შესანარჩუნებლად აქტიურად მიიღეთ მონაწილეობა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში. რეგულარულად იქონიეთ ბიბლიის საფუძვლიანი შესწავლა და დაესწარით ქრისტიანულ შეხვედრებს. თქვენი მდგომარეობის შესაბამისად, გამოავლინეთ მზადყოფნა კრების წევრების დასახმარებლად. თავიდან ეს შეიძლება ადვილი არ იყოს. ვერონიკა იხსენებს: „თავიდან დაჭრილი ცხოველივით ვიყავი, ყველასგან განცალკევება მსურდა. მაგრამ ჩემი ქმარი ამბობდა, რომ უნდა გაგვეგრძელებინა აქტიურად მსახურება. ის ყველაფერს აკეთებდა, რომ შეხვედრები არ გაგვეცდინა. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ კონგრესზე წავსულიყავი და ხალხთან ურთიერთობა მქონოდა. მაგრამ კონგრესის პროგრამამ უფრო დაგვაახლოვა იეჰოვასთან. კონგრესი განსაკუთრებით გამამხნევებელი იყო ჩვენი შვილისთვის, რომელიც იეჰოვას ერთგული დარჩა“.

მარიას, რომელიც დასაწყისში მოვიხსენიეთ, განსაკუთრებით ის ეხმარება, რომ სამქადაგებლო მსახურებით არის დაკავებული და ამჟამად ოთხ ადამიანს ასწავლის ბიბლიას. კიდევ ერთი მაგალითია ლაურას შემთხვევა. ის ამბობს: „ყოველდღე ვტირივარ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა მშობლების მსგავსად არ გამიმართლა შვილების აღზრდაში, მაინც ვემადლიერები იეჰოვას, რადგან შემიძლია ბიბლიის საშუალებით დავეხმარო ოჯახებს ამ ბოლო დღეებში“. კენი და ელეონორა, რომელთა შვილებმაც მიატოვეს კრება, საცხოვრებლად გადავიდნენ იქ, სადაც სამეფოს მაუწყებლებზე მეტი მოთხოვნილებაა, და სრული დროით მსახურობენ. ეს მათ ეხმარება იმაში, რომ რეალურად უყურონ სიტუაციას და მწუხარებას არ მიეცნენ.

ნუ დაკარგავთ იმედს. სიყვარულს „ყველაფრის იმედი აქვს“ (1 კორინთელები 13:7). კენი ამბობს: „როდესაც შვილებმა ჭეშმარიტება მიატოვეს, ეს ჩემთვის მათი სიკვდილის ტოლფასი იყო. მაგრამ ჩემი დის სიკვდილის შემდეგ აზრი შევიცვალე. მადლიერი ვარ, რომ შვილები ცოცხლები არიან და იეჰოვა კვლავაც არის მზად მათ მისაღებად“. გამოცდილება ცხადყოფს, რომ ბევრი, მართლაც, დაუბრუნდა ჭეშმარიტებას (ლუკა 15:11—24).

ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს. ჩვეულებრივ, ასეთ დროს მშობლები წარსულს იხსენებენ და ნანობენ, რომ ამა თუ იმ სიტუაციაში სხვანაირად არ მოიქცნენ. მაგრამ, ეზეკიელის 18:20-ში ჩაწერილი სიტყვების თანახმად, იეჰოვა ცოდვილს სთხოვს პასუხს არასწორი არჩევნის გაკეთების გამო, და არა მის მშობელს. იგავებში ბევრი რჩევაა მოცემული იმასთან დაკავშირებით, რომ მშობლები მოვალენი არიან, სწორად აღზარდონ შვილები. მაგრამ ეს წიგნი ოთხჯერ მეტ რჩევას აძლევს ახალგაზრდებს, რომ მოუსმინონ მშობლებს და დაემორჩილონ. დიახ, შვილებს პასუხისმგებლობა აკისრიათ, სათანადოდ გამოეხმაურონ არასრულყოფილი მშობლების მცდელობას, აღზარდონ ისინი ბიბლიური პრინციპებით. თქვენ, ალბათ, ყველაფერს აკეთებდით, რაც შეგეძლოთ. მაგრამ, თუ ფიქრობთ, რომ შეცდომები დაუშვით და აშკარად ხართ დამნაშავე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი შეცდომების გამო მიატოვა ოჯახის წევრმა ჭეშმარიტება. როგორც უნდა იყოს, საკუთარი თავის დადანაშაულებით მდგომარეობას ვერ გამოასწორებთ. ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე, ნუღარ გაიმეორებთ მათ და სთხოვეთ იეჰოვას პატიება (ფსალმუნი 103:8—14; ესაია 55:7). შემდეგ კი იყურეთ მომავლისკენ და არა წარსულისკენ.

იყავით მომთმენნი სხვების მიმართ. შესაძლოა ზოგისთვის რთული იყოს თქვენი გამხნევება და ნუგეშისცემა, განსაკუთრებით მაშინ, თუ არასდროს განუცდიათ მსგავსი რამ. გარდა ამისა, სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა რამეს მიიჩნევს გამხნევებად და ნუგეშისცემად. ამიტომ, თუ ზოგჯერ ვინმე გულს გატკენთ, გაიხსენეთ პავლე მოციქულის რჩევა კოლოსელების 3:13-დან: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ“.

სწორი თვალსაზრისი იქონიეთ იეჰოვასგან მომდინარე აღმზრდელობით ზომებზე. თუ თქვენი ოჯახის წევრის მიმართ კრებაში გამოსასწორებელი ზომები მიიღეს, გახსოვდეთ, რომ ეს იეჰოვასგან მომდინარეობს და სასარგებლოა ყველასთვის, მათ შორის შემცოდველისთვის (ებრაელები 12:11). ამიტომ, ნუ შეეცდებით უხუცესების ან მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაკრიტიკებას. გახსოვდეთ, რომ საუკეთესო შედეგები იეჰოვას ხელმძღვანელობას მიყოლას მოაქვს, მისგან მომდინარე ზომებისთვის წინააღმდეგობის გაწევა კი მხოლოდ დამატებით პრობლემებს ქმნის.

ეგვიპტიდან ისრაელების გათავისუფლების შემდეგ მოსე მსაჯულად მსახურობდა (გამოსვლა 18:13—16). ვინაიდან ერთი ადამიანის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება მეორე მხარისთვის არასასურველი ყოფილიყო, ცხადია, ზოგი უკმაყოფილო იქნებოდა მოსეს გადაწყვეტილებებით. ალბათ, მოსეს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაკრიტიკებამაც განაპირობა ის, რომ რამდენიმე შემთხვევისას ზოგი ისრაელი მისი მეთაურობის წინააღმდეგ გამოვიდა. იეჰოვა მოსეს იყენებდა თავისი ხალხის წინამძღოლად. ამიტომ მან მოსე კი არ დასაჯა, არამედ მეამბოხეები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც მხარს უჭერდნენ მათ (რიცხვები 16:31—35). ეს ჩვენთვის მაგალითია. უნდა ვეცადოთ, პატივი ვცეთ მათ გადაწყვეტილებებს, ვისაც დღეს თეოკრატიული ხელმძღვანელობა აკისრია, და მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად ვიმოქმედოთ.

დილორესი იხსენებს, თუ როგორ გაუჭირდა მას გაწონასწორებული თვალსაზრისის შენარჩუნება, როდესაც მისი ქალიშვილის მიმართ კრებაში გამოსასწორებელი ზომა იქნა მიღებული. ის ამბობს: „კვლავ და კვლავ ვკითხულობდი თემებს იმის შესახებ, რომ იეჰოვასგან მომდინარე ზომები ყოველთვის სასარგებლოა, და ეს ძალიან დამეხმარა. მოხსენებებიდან და სტატიებიდან ცალკე რვეულში ვიწერდი აზრებს, რომლებიც სიმტკიცის შენარჩუნებასა და იეჰოვასადმი მსახურების გაგრძელებაში დამეხმარებოდა“. განვიხილოთ კიდევ ერთი საშუალება, რომელიც დაგვეხმარება ტკივილთან გამკლავებაში.

გამოხატეთ თქვენი გრძნობები. მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ, თუ ერთ ან ორ მეგობარს, რომელსაც ენდობით, გაუზიარებთ თქვენს გრძნობებს. მიმართეთ ისეთ მეგობარს, რომელიც დაგეხმარებათ დადებითი განწყობის შენარჩუნებაში. ყველაზე მეტად კი ის დაგეხმარებათ, თუ „გულს გადმოუღვრით“ იეჰოვას ლოცვებში * (ფსალმუნი 62:7, 8). რატომ? მას ბოლომდე ესმის, თუ რას გრძნობთ. მაგალითად, შეიძლება ფიქრობთ, რომ უსამართლოდ განიცდით ასეთ ემოციურ ტკივილს. მაგრამ თქვენ ხომ არ მიგიტოვებიათ იეჰოვა?! გაანდეთ იეჰოვას თქვენი გრძნობები და სთხოვეთ დახმარება, რომ სიტუაციას სხვა თვალით შეხედოთ და ნაკლებად განიცადოთ ტკივილი (ფსალმუნი 37:5).

რაც დრო გავა, ალბათ, უკეთესად შეძლებთ საკუთარ გრძნობებთან გამკლავებას. კვლავაც ეცადეთ, ასიამოვნოთ თქვენს ზეციერ მამას და არასდროს იფიქროთ, რომ თქვენი ძალისხმევა ფუჭია (გალატელები 6:9). გახსოვდეთ, თუ იეჰოვას მიატოვებთ, ამით პრობლემებს ვერ გაექცევით. იეჰოვა დაგეხმარებათ განსაცდელთან გამკლავებაში, თუ მისადმი ერთგულებას შეინარჩუნებთ. დარწმუნებულნი იყავით, რომ იეჰოვას ესმის თქვენი მდგომარეობა და მძიმე წუთებში ის კვლავაც მოგცემთ საჭირო ძალებს (2 კორინთელები 4:7; ფილიპელები 4:13; ებრაელები 4:16).

[სქოლიოები]

^ აბზ. 1 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 19 იმასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა გარიცხული ოჯახის წევრისთვის ლოცვა, იხილეთ 2001 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 30, 31.

[ჩარჩო 19 გვერდზე]

როგორ გავუმკლავდეთ?

◆ „აღაშენეთ საკუთარი თავი . . . დარჩით ღვთის სიყვარულში“ (იუდა 20, 21).

◆ ნუ დაკარგავთ იმედს (1 კორინთელები 13:7).

◆ ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს (ეზეკიელი 18:20).

◆ იყავით მომთმენნი სხვების მიმართ (კოლოსელები 3:13).

◆ სწორი თვალსაზრისი იქონიეთ იეჰოვასგან მომდინარე აღმზრდელობით ზომებზე (ებრაელები 12:11).

◆ გამოხატეთ თქვენი გრძნობები (ფსალმუნი 62:7, 8).

[ჩარჩო⁄სურათი 21 გვერდზე]

თუ თქვენ მიატოვეთ იეჰოვა . . .

რაც უნდა იყოს ამის მიზეზი, თქვენს მარადიულ მომავალს და იეჰოვასთან ურთიერთობას საფრთხე ემუქრება. შესაძლოა აპირებთ იეჰოვასთან დაბრუნებას. ახმართ უკვე ძალისხმევას ამ მიზნის მიღწევას? თუ „შესაფერის დროს“ ელოდებით? გახსოვდეთ, არმაგედონი კარს არის მომდგარი. გარდა ამისა, ცხოვრება ხანმოკლეა და არ ვიცით, რა მოგველის. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, ვიქნებით თუ არა ხვალ ცოცხლები (ფსალმუნი 102:3; იაკობი 4:13, 14). ერთმა მამაკაცმა, რომელიც განუკურნებელი დაავადებით იტანჯებოდა, სიკვდილის წინ თქვა: „როცა დავავადდი, იეჰოვას სრული დროით ვემსახურებოდი და არანაირი სირცხვილის გრძნობა არ მაქვს. მე ეს მანუგეშებს“. წარმოიდგინეთ, რა გრძნობა დაეუფლებოდა მას, თუ იმ დროს იეჰოვა მიტოვებული ეყოლებოდა. ასე რომ, თუ მიატოვეთ იეჰოვა, ახლაა დაბრუნების დრო.

[სურათები 18 გვერდზე]

სულიერ საქმეებში აქტიურობა დაგეხმარებათ სწორი თვალსაზრისის შენარჩუნებაში.